Tag Archives: შენი პოსტი

პოსტი შენზე

ეს პოსტი შენზეა.

ხო სწორედ შენზე, ვინც ახლა ამას კითხულობ.

სხვა ყველა პოსტი, რომელიც აქამდე დამიწერია – ყოველ შემთხვევაში, სრული უმრავლესობა – ჩემზე იყო.

შენთვის კი არცერთი პოსტი არასდროს მომიძღვნია.

არასდროს გამომიყვია ადგილი, სადაც შეგეძლო თავი ისე გეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. არასდროს მითქვამს, რომ შენ ისევე მნიშვნელოვანი ხარ ჩემს ცხოვრებაში როგორც გამჭვირვალე სუფთა ჰაერი, ხარბად რომ ჩავისუნთქავ ან ნათელი, მზიანი დღე, გარეთ რომ გავიხედავ და გული სიხარულით ამევსება.

არასდროს მიკითხავს შენთვის, როგორ ხარ, რა გქვია, როდის არის შენი დაბადების დღე, რა გიყვარს, რა გძულს, რით ცოცხლობ, რა გიხარია და რა მიზნები გაქვს ცხოვრებაში.

ალბათ ამიტომაც არასდროს გამოგიჩენია ინიციატივა, შენს შესახებ რამე გეთქვა.

და მაინც შემოდიხარ ყოველ დღე, ჩუმად კითხულობ ჩემს ყოველ ახალ ჩანაწერს და სიტყვის უთქმელად გადიხარ.

მე კი არასდროს მითხოვია შენთვის, ხმა ამოგეღო.

ჰოდა დღეს შენი დღეა!

დღეს გთხოვ, რამე მაინც მითხრა.

შენ, რომელსაც არასდროს დაგიწერია თუნდაც ერთი კომენტარი, მაგრამ ვიცი, რომ მანდ ხარ, ვიცი, რომ გიყვარვარ, ვიცი, რომ რაღაც ძალა ყოველდღიურად გაბრუნებს ამ ბლოგზე.

იცოდე, რომ მე ვგრძნობ შენს არსებობას, მეც მიყვარხარ, მეც მამოძრავებს რაღაც ძალა, ყოველდღე ახალი ჩანაწერი დაგახვედრო!

და მაშინ, როდესაც ყველაზე აქტიური პერიოდი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში უამრავი ახალი რაღაც ხდება, უამრავი თემა მაქვს, რაზეც შემეძლო დღევანდელი პოსტი დამეწერა და თვით საახალწლო რეზოლუციაც კი არ გამომიქვეყნებია, აი ასეთ დროს, შენ გითმობ ასპარეზს!

მომიყევი რამე შენს შესახებ!

მითხარი, რა გქვია, რა გიყვარს, თუნდაც შენი სურათი გამომიგზავნე, ან შენი საყვარელი youtube-ს ვიდეოს ლინკი დაპოსტე, უბრალოდ გამაგებინე რომ აქ ხარ, ჩემს გვერდით.

მე კი ჩუმად გვერდით გავდგები და ისეთი ყურადღებით მოგისმენ, როგორიც არასდროს გამომიხატავს შენს მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ შენ ამას ნამდვილად იმსახურებ.