Tag Archives: ტყე

საახალწლოდ

გადავწყვიტე რომ ხშირად ვპოსტო. ხშირად = ხშირად. შესაძლოა ზოგჯერ უბრალოდ ერთი ფოტო ან წინადადება დავპოსტო, იმედია არ მიწყენთ :)

სამსახურში ვარ და ველოდები facebook-ზე საკონკურსო ფოტოების ატვირთვას (ვისაც აინტერესებს – დეტალები).

დღეს შუადღისას ბაკურიანში მივდივარ 1 კვირით. ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს. პირდაპირ სამსახურიდან სამარშუტო ტაქსში უნდა ვდურთო თავი. ახალ წელს იქ შევხვდები. ძალიან მიხარია, უზომოდ. ეს პირველი ახალი წელი იქნება რომელსაც ოჯახის გარეშე შევხვდები.

დღეს დილით სამსახურში რომ მოვდიოდი, ტაქსისტმა (როგორც ტაქსისტებს სჩვევიათ) წუწუნი დაიწყო: “ეჰ, ზოგისთვის ახალი წელია, ზოგისთვის კი გაჭირვება და უბედურებაო… ჩემთვის ახალი წელი მაშინაა, როცა ფული მაქვსო…”

ჩემთვის სულაც არ არის ეგრე :( როგორ შეიძლება, ახალი წელს გრძნობდე მხოლოდ მაშინ, როცა ფული გაქვს? ესე იგი ყოველი თვის ბოლოს ხელფასი რომ მერიცხება, ახალი წელი უნდა მქონდეს?

ახალი წელი წელიწადში ერთხელ მაქვს. მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა ფული, გარემო და განწყობა, ახალი წელი ჩემთვის ასოცირდება მომავლის იმედთან და მხნეობასთან. ჭამა–სმა და ღრეობა ჩემთვის ახალი წელი არ არის. ახალი წელი ასევე არ არის ფეირვერკები. არც საახალწლო კონცერტები.

ახალი წელი მინდა სადმე ტყეში, თოვლში. ასეთ ადგილას. ზედმეტი ხმაურისა და ბათქა–ბუთქის გარეშე.

წელს მექნება მხოლოდ 1 ბოთლი ღვინო, თბილი ჩუსტები და სიხარულით სავსე გული. მეტი არაფერი არ მჭირდება ახალი წლის დასახვედრად.

გარეთ თოვლიც თუ იქნება… :love: