Interviewed

Transition Online – მედიის განვითარების საერთაშორისო, არა-სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ოპერაციებს აწარმოებს 29 პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. სათაო ოფისი მდებარეობს პრაღაში (ჩეხეთი).

მათი მიზანია ამ ქვეყნებში ახალი მედიის პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობისა და გავლენის გაუმჯობესება.

Transition Online Georgia კი არის მათი წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბლოგოსფეროს განვითარებაზე.

3 დღის წინ დამიკავშირდა Transition Online Georgia-ს წარმომადგენელი ჟურნალისტი და ინტერვიუ მთხოვა, როგორც Blog.ge-ს წარმომადგენელს და ბლოგინგის ექსპერტს ( :D ).

ჩემი ინტერვიუ:

1. თქვენი აზრით როგორ არის საქარველოში ბლოგოსფერო განვითარებული?

– როგორც არ უნდა იყოს, სულ მალე უკეთესად იქნება. :)

სულ ასამდე აქტიური ბლოგის ჩამოთვლა შემიძლია და 90%-ს ე.წ. პირადი დღიურის კატეგორიაშია. თუმცა ზოგადად, მთელს მსოფლიოში ასეა, პირადი ბლოგები ძირითადი ბლოგოსფეროს 80-%-ს შეადგენს, რადგან ასეთი ტიპის ბლოგებს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს. დანარჩენი თემატური ბლოგების სეგმენტია.

თუმცა ერთი-ორი წლის წინანდელთან შედარებით ბლოგოსფერო ნამდვილად განვითარებულია.  მაშინ სულ ათიოდე ბლოგერი არსებობდა, ვინც აქტიურად წერდა, თუნდაც კვირაში ერთხელ. ახლა კი დღეში დაახლოებით 50-70 ახალი პოსტი იწერება.

ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ვცდილობდით ფართო მასებისთვის აგვეხსნა, რას წარმოადგენდა ბლოგინგი და რამხელა პერსპექტივები ჰქონდა მას, როგორც მედიის საშუალებას.

2. თუ ნაკლებად რა პერსპექტივები არსებობს მის განსავითარებლად და რა უნდა გაკეთდეს.

– ამაზე უკვე მესამე წელია ვფიქრობ და სულ ვეძებ ახალ იდეებს და ახალ გზებს. ჩვენი ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებელი ერთგვარად მოწყვეტილია ინგლისურენოვან ვირტუალურ სამყაროს. შესაბამისად ბლოგის ინგლისურენოვანი პლატფორმები ნაკლებად პოპულარულია.

ამიტომ პირველი იდეა, რაც თავში მქონდა დიდი ხნის განმავლობაში იყო უფასო ქართული ბლოგ-ჰოსტინგი, სადაც ქართველ მომხმარებელს ქართულ პლატფორმაზე სრულიად უფასოდ და მარტივად შეეძლებოდა ქართული ბლოგის შექმნა.

ამ იდეის ხორცშესხმა მხოლოდ წელს, იანვარში შევძელი ჩემს პარტნიორთან ერთად. საიტი ჯერ ისევ ბეტა ვერსიაა.

აქვე დავამატებ, რომ ჩვენ ამ პროექტს ვუძღვებით საკუთარი სახსრებით და რესურსებით. ამიტომ რაც მეტი ორგანიზაცია თუ ადამიანი დაგვეხმარება და წვლილს შეიტანს მედიის ამ სახეობის განვითარებაში, მით უკეთესი იქნება.

ბლოგ.გე-ს შექმნიდან დღემდე დარეგისტრირებულია 144 ბლოგი და დაწერილია 500-ზე მეტი პოსტი. დღეში საშუალოდ 300-მდე ადამიანი შემოდის. გაითვალისწინეთ, რომ ეს ჯერ მხოლოდ ბეტა ვერსიის პირობებში ხდება…

დარწმუნებული ვარ Blog.ge-ს პროექტი ერთგვარ ბიძგს მისცემს ბლოგოსფეროს განვითარებას და ამ ბაზაზე უამრავი სხვა იდეის ხორცშესხმაც გახდება შესაძლებელი.

3. რატომ შექმენით ბლოგ ჰოსტინგ სისტემა? გარკვეული გეგმები ალბათ გაქვთ, თუ შეგიძლიათ მომიყევით.

– ეს იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ არსებობდნენ ქართველი ბლოგერები (ცოტა, მაგრამ საკმარისი) და არ არსებობდა გარემო. დღემდე ქართული ბლოგოსფერო დანაწევრებული და გაფანტულია უცხოურ უფასო ჰოსტინგებზე. ხანდახან ცხარე დისკუსიებიც კი იმართება იმის თაობაზე, თუ რომელი ჰოსტინგია უფრო მოსახერხებელი და უკეთესი.

სინამდვილეში კი ყველაზე მთავარია, რომ ყველა ქართულენოვანი ბლოგი ერთი სისტემის ქვეშ მოექცეს, რათა მათ რეალურად დაერქვათ ქართული ბლოგოსფერო.

ამის გაკეთება კი ქართული ბლოგ-ჰოსტინგის გარეშე შეუძლებელია.

ჩვენი პირველადი გეგმა არის მაქსიმალურად მივიტანოთ ხალხთან ბლოგინგის არსი.

დანარჩენს უკვე თავად მომხმარებლები შექმნიან.

4. რამდენი ხანია ამ სფეროში საქმიანობთ?

– უკვე მეოთხე წელი დაიწყო. 2005 წლიდან.

5. რას გვეტყვით თქვენს ბლოგზე? თქვენი აზრით პოპულარულია თუ არა?

– ალბათ ჩემს პირად ბლოგს გულისხმობთ? SWEET.GE შეიქმნა 2005 წელს ერთ-ერთ უფასო უცხოურ ბლოგ-ჰოსტინგზე და ეს ერთგვარი გართობა იყო – პირადი დღიური, სადაც ჩემს განცდებს, მოსაზრებებს და ფოტოსურათებს ვაქვეყნებდი.

ნელ-ნელა იგი იმდენად პოპულარული გახდა, რომ გადავწყვიტე სპეციალურად მისთვის შემეძინა დომენი/ჰოსტი და უფრო პროფესიონალურად მივდგომოდი საკითხს.

ჩემი მკითხველების უმეტესობა თავადაც ბლოგერები არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბლოგოსფერო ჩაკეტილი წრეა და ბლოგებს მხოლოდ ბლოგერები კითხულობენ. ხშირად ხდება, რომ სრულიად უცხო ადამიანები (არა ბლოგერები) მწერენ კომენტარებში ან ელექტრონული ფოსტით. გამოხატავენ სიყვარულს და ათასგვარ კეთილ სურვილებს. სურთ ჩემთან დამეგობრება.
რა თქმა უნდა არის ნეგატიური გამოხმაურებებიც, თუმცა ჩემი აზრით, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაც დონეზე პოპულარული ხარ…

ამასწინათ კი ერთი კომპანია დამიკავშირდა და ერთი ძალიან პერსპექტიული ბლოგის კორპორატიული ბლოგერობა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი, რადგან მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა ბლოგოსფეროში, რომ კომპანიას ბლოგერისთვის ჰონორარი გადაეხადოს ბლოგინგში. ამაშიც პიონერი აღმოვჩნდი. ამ ბლოგის ნახვა შეგიძლიათ მისამართზე: WEEKEND.GE

6. ყველაზე მეტად რომელ ბლოგს კითხულობთ?

– ქართული ბლოგების უმეტესობაზე განახლებები მაქვს გამოწერილი და თითქმის ყველა მათგანს ვადევნებ თვალყურს. შედარებით პერსპექტიულ და კარგად წასაკითხ ბლოგებს პირადი ბლოგის ბლოგროლში ვამატებ.

გარდა ამისა აქტიურად ვკითხულობ უცხოურ, განსაკუთრებით აზიურ ბლოგებს. სინგაპურული, ავსტრალიური და მალაიზიური ბლოგოსფეროები ამერიკულის შემდეგ ყველაზე კარგად განვითარებულია. აქ მთელი ინფრასტრუქტურებია შექმნილი.

ამას აქტიურად ხელს უწყობენ ისეთი უფასო ბლოგ-ჰოსტინგ სისტემები, როგორებიცაა blogger.com და wordpress.com და ასევე სპეციალურად ბლოგებისთვის შექმნილი სარეკლამო-შუამავალი კომპანიები.

ინგლისური ვერსია Transition Online-ის ბლოგზე.

13 Comments

      1. მაშინ მე და შენ რომ ვიყავით ყვავასთან, შენს ბლოგზე ხომ დააკომენტე რაღაც და შერჩებოდა შენი მონაცემები :D

  1. ვაა მარუს შენ რა ზნამენიტი გამხდარხარ გოგოუ… :*

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.