“ვინ არის ჯონ გალტი?”

ფინალური პოსტი

ხანდახან თითქოს მთელი ცხოვრება ერთ დღეს ელოდები და ხანდახან თითქოს ერთ დღეში ხდება მთელი ცხოვრება.

მარშალის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე პირველი მივედი. მხოლოდ სებასტიანი და ტეილორი დამხვდნენ. ცოტა ხანს საქართველოზე, საბჭოთა კავშირზე და სტალინზე ვისაუბრეთ. მერე გვერდით გავიხმე…

“იკიგაიზე” ველაპარაკე. ვუთხარი რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხადად გაუშალაშინებელი წიგნია, მისი სასიცოცხლო ენერგეტიკა, შემართება, ჟინი, სიმამაცე, გაუტეხლობა, გულწრფელობა, სიმართლე, ერთგულება და მსხვერპლშეწირვა მისი ის საუკეთესო ღირსებებია, რასთანაც მხოლოდ საუკეთესო მკითხველები მოახდენენ დაკავშირებას, თვითიდენტიფიკაციას, დაფასებას.

*

სადღაც გრენლანდიის თავზე, თვითმფრინავში რომ ვიჯექი და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა, თან “იკიგაიდან” ერთ მონაკვეთს ვკითხულობდი, სადაც ის წერს:

მე აღთქმა დავდე – დავიფიცე, “მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩვეულებრივი, საშუალო ვიყო”. ამან მართლა კინაღამ მომკლა. როდესაც “საშუალოობისკენ” მიმავალ ყველა გზას მოიჭრი და ყველა ნავს დაწვავ შენს უკან, უეცრად რუკაზე ჯერ კიდევ მოუნიშნავ ადგილებში აღმოჩნდები. თავიდან ასეთი მისწრაფება მარტოსულია. არ ვიცნობ არავის, ვინც ისეთი სიმაღლეებისკენ ისწრაფვის, როგორსაც მე ვუმიზნებ. ჩემი თავისთვის კი არა. ჩემს გამო არ მიმიძღვნია თავი ამ ყველაფრის კეთებისთვის. პირიქით, მრცხვენოდა როცა დიადი საქმეების კეთებაზე ვფიქრობდი. არა, მე ჩემი თავი უფრო მაღალი მიზნებისთვის გადავდე, იმ რაღაცებისთვის რისიც ყველაზე მეტად მჯერა, რომ შემექმნა ის, რაც მართლა მნიშვნელოვანია. მე? მე არავინ ვარ. მაგრამ მე დიდებულ საქმეებს ვაკეთებ. ეს არ არის წარმატების გარანტია, მაგრამ ეს არის როგორც ვატარებ ჩემს დღეებს – ბრძოლასა და ტანჯვაში. ეს ხანდახან მარტოსული საქმეა. ძალიან ცოტა ადამიანს ესმის. თვით იმ ადამიანებიდან, ვინც წარმატების მიღწევისთვის არიან შეიარაღებული, რამდენს უნდა რომ საკითხების ფუნდამენტური ბუნება შეცვალოს უკეთესობისკენ? და გაითვალისწინეთ, ამას მეოცნებე იდეალისტივით კი არ ვამბობ. ჩემი ღირესებების უმეტესობა მორალურად არამოდურია საზოგადოებაში. მე მჯერა სიმტკიცის, და მე ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი ვარ ვისაც სურს ამის აღიარება. მე მჯერა უპირატესობის, და გაუმჯობესების და თუ უპირატესობის და გაუმჯობესების გჯერა, იმ ხალხზე ბევრად წინ ხარ, ვისაც ამის არ სჯერა.

მე არ მჯერა თანასწორობის. რა ტიპის სიმხდალეს უნდა გრძნობდე, რომ ინატრო, რომ ყველა ერთნაირი იყოს? განა ცხადი არ არის, რომ 5-დან 4 ადამიანი არც შეიწუხებს თავს სამყარო და საკუთარი თავი გააუმჯობესოს? თუკი ასეა, განა ცხადი არ არის, რომ თუ შენ შეეცდები, აუცილებლად, თითქმის ავტომატურად, უფრო მეტს მიაღწევ ვიდრე ის 4 ადამიანი? არა, თანასწორობის მორწმუნეებს არ სურთ იმ 4-ს შეეჯიბრონ. ისინი არ ამბობენ, “შეივრდომე ბრძოლები, და სიძნელეები, და გამოწვევები, და ტანჯვა-წამება, და იცხოვრე შენი შესაძლებლობების განაპირას. ეწამე შენი ეთიკის გულისთვის, სიამოვნება მიიღე ამ ტანჯვით, და გაიზარდე უფრო ძლიერი, და მოიპოვე უპირატესობა.” არა, ისინი ცდილობენ ის ერთიც დაამხონ, ვინც გაუმჯობესებას ცდილობს.

მე მჯერა უპირატესობის. მე მჯერა სიმტკიცის, სიძლიერის. ჩემთვის კი არა. სამყაროსთვის. სამყაროს სჭირდება სიძლიერე და უპირატესობა. მაგრამ აქამდე მისასვლელი გზები ტანჯვაზე და ბრძოლაზე გადის. მე არავის ვურჩევ ასე აზროვნებას. მართლა არ ვურჩევ. ეს ძნელია. ეს ხანდახან სასტიკიც კია. ამან კინაღამ გამტეხა, დამამხო. მაგრამ მგონი გავარღვიე და გავედი მეორე მხარეს. არავის ვუსურვებდი ამ გზაზე დადგომას, არც კარგ მეგობარს და არც უდიდეს მტერს. ნუთუ უგუნური ვარ ამას რომ გიზიარებთ? ჩემი ფილოსოფია საშიშია. ის ნევროზს იწვევს. ყოფილა შემთხვევები, გავგიჟებულვარ. როცა ვიცოდი რომ იმ გზაზე ვიდექი, რომელზე დგომაც არ მინდოდა და ვამბობდი, რომ მირჩევნია არაფერი მქონდეს ვიდრე საშუალო ვიყო. შეიძლება ამან მერე გამტეხოს. სიდჰარტამ თქვა, რომ ყველაფერი ტანჯვაა. მე ვამბობ, რომ მართლაც არის, და დაე, სულ ჩემი იყოს! იმდენს ვეწამები, რამდენსაც გადავიტან, რადგან ეს ცხოვრებაა. ცხოვრება ტანჯვაა და ეს ტანჯვა ბედნიერებაცაა, თუკი სწორი კუთხიდან შეხედავ.

ვკითხულობდი და ვფიქრობდი, რომ ალბათ ეს არის, რის გამოც ორი კონტინენტი და ოკეანე გადავლახე. ვფიქრობდი, რომ დავიხსნიდი. მეგონა, არ მივცემდი უფლებას, გატეხილიყო, დაცემულიყო. მეგონა დახმარება სჭირდებოდა. მეგონა მისი ტანჯვის მონაწილე გავხდებოდი და ამით ტანჯვას შევუმსუბუქებდი. მეგონა გადავარჩენდი.

*

დამაგვიანდა.

ყოველდღიური ჭაპანწყვეტით გადაღლილი საწყალი კაცი აღმოჩნდა. ის სასიცოცხლო ენერგია, რამაც 5 წლის წინ “იკიგაი” დააწერინა, უგზო-უკვლოდ გაქრა. ის, რაც მასში ყველაზე ძვირფასი იყო, დაკარგა. ის, რაც მას აძლიერებდა, ახლა სისუსტედ ექცა. ასე მითხრა:

“მე ის არ ვარ, ვინც შენ გგონივარ. ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. მე ერთი უბრალო ბიჭი ვარ, უბრალოდ ბევრს და ხმამაღლა ვლაპარაკობ – ბრბოში ყველაზე ხმამაღალი ვარ. სინამდვილეში ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო, ვინც მართლა ბევრს შრომობს. მე უბრალოდ საქმეების მომგვარებელი ვარ. არაფერია ჩემში დიადი და დიდებული. ბოდიშს გიხდი, რომ იმედი გაგიცრუე. 5 წლის წინ დავაფასებდი იმას, რაზეც ახლა შენ მელაპარაკები. მაშინ სხვანაირი ვიყავი. ამის გამო უამრავი შეცდომა დავუშვი და გადავწყვიტე შევცვლილიყავი. ახლა აღარ შემიძლია ამის დაფასება. პირიქით, მინდა რომ გავერიდო ამას.”

ბევრი რამ მითხრა… ყველაფერი მტკივნეული. ყველაფერი თვალის ამხელი. სამყარო ბამბის უზარმაზარ ქულად იქცა და არაფერს აღარ ჰქონდა საყრდენი. როცა წავიდა, დიდხანს ვიჯექი ერთ წერტილზე თვალგაშტერებული. ჩემი აზრები ამოლესილი ლობიოს ქოთანს დაემსგავსა.

*

არისტოტელეს უთქვამს, უკვდავება რომ მოვიპოვოთ, ყოველი ნერვი და კუნთი უნდა დავძაბოთ, და იმასთან შესაბამისობაში ვიცხოვროთ, რაც ჩვენში ყველაზე საუკეთესოაო.

მარშალი მაშინ დაეცა, როდესაც მასში არსებულ საუკეთესო რამეზე თქვა უარი. ეს არ იყო არც უპირატესობის, არც სიძლიერის, არც გაუმჯობესების სიყვარული.

საქართველოზე რომ ვლაპარაკობდით, მაშინ მკითხა, ეს ქართველები ამდენი ხანი როგორ გადარჩით, ან ამდენ ბრძოლებს როგორ იგებდით, ან ყველანი დღემდე ასეთი შემართებულები როგორ ხართო.

იდეისადმი თავდადებული ერთგულება შეგვიძლია-მეთქი, ვუპასუხე.

*

თხემით ტერფამდე დამიარა განსაკუთრებულმა ენერგიამ; იმ ენერგიამ, რომელსაც ვგრძნობდი მისი “იკიგაის” და “პროგრესიის” კითხვისას; იმ ენერგიამ, რომელსაც ვგძნობდი აინ რანდის ეპიკურ წიგნში ჯონ გალტის 70 გვერდიანი რადიო-გამოსვლის კითხვისას; იმ ენერგიამ, რომელმაც მისთვის პირველი წერილი მიმაწერინა; იმ ენერგიამ, რომელმაც სან ფრანცისკოში გასაფრენი ბილეთი მაყიდინა; იმ ენერგიამ, რომელიც ამ პოსტს მაწერინებს; იმ ენერგიამ, რომელიც მაკეთებინებს ყველა დიდებულ თუ არადიდებულ საქმეს.

იმ ენერგიამ – სიცოცხლე რომ ჰქვია.

და მერე უცებ, ერთბაშად თავს დამატყდა ერთი უდიდესი, მაგრამ მარტივი ჭეშმარიტება…

*

“მე თვითონ ვარ ის ენერგია! სინამდვილეში ყოველთვის მე ვიყავი. სხვებში ვეძებდი, მაგრამ ყოველთვის მე ვიყავი.”

უჩვეულო ძალა ვიგრძენი. მთელი მისი სინათლე გადმომეცა. იგი, როგორც იდეა ზე-ადამიანისა, ჰაერში გაიფანტა. მე კი გავხდი საზარლად დიდი, გადავლახე ველები, ტყეები, ზღვები, კონტინენტები, ოკეანეები, ცაში ავიჭერი, დედამიწას შემოვუქროლე, კოსმოსში გავიფანტე, მთელი სამყარო მოვიცავი.

რადგან მე დავიტიე ის, მაგრამ მან ვერ დამიტია მე.

მივხვდი, რომ ის ძალა, მისი რომ მეგონა, ჩემს გონებაშია, ჩემს აზრებშია. ის ძალა მე გამოვიგონე, მე შევქმენი – ჩემსავე ხატად. ის ჩემს გარეშე არაფერი იქნებოდა. მე თავად ვყოფილვარ ისეთი, როგორიც იგი მეგონა.

მე თავად ვყოფილვარ ის ზე-ადამიანი.

Well, thanks… 😇 #sanfrancisco

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

*

ჯონ გალტმა მითხრა:

“იმის სახელით, რაც შენში საუკეთესოა, სამყაროს ყველაზე დაცემულებს მსხვერპლად ნუ შესწირავ.

შენი მაცოცხლებელი ღირებულებების სახელით, არ დაუშვა ადამიანის შენეული ხედვა შეირყვნას იმათი სიმახინჯის, სილაჩრისა და უგუნურების გამო, ვისაც სისპეტაკისთვის არასდროს მიუღწევია.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა შემართული პოზაა, უდრეკი გონებაა და შეუზღუდავ გზაზე მოგზაურის ნაბიჯია.

არ დაუშვა შენი შინაგანი ცეცხლი, თითოეული შეუცვლელი ნაპერწკალი, ჩაქრეს “დაახლოებით”-ის, “არც-ისე”-ს, “ჯერ-არა”-ს, “სულაც არა”-ს უიმედო ჭაობებში.

არ დაუშვა შენს სულში არსებული გმირის დაღუპვა, მარტოსული იმედგაცრუება იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელსაც იმსახურებდი, მაგრამ რომლისთვისაც არასდროს მიგიღწევია. შეამოწმე შენი ფუნდამენტი, შენი ბრძოლის დედაარსი.

შენ შეგიძლია თავად მოიპოვო შენი სანატრელი სამყარო! ის ხელშესახებია, ის რეალურია, ის უკვე შენია.”

*

ჯონ გალტს ვუთხარი:

“აღთქმას ვდებ, რომ გემსახურები და გისარდლებ, გიბიძგებ და შთაგაგონებ, გაგამხნევებ და გამოწვევების წინაშე დაგაყენებ.

ვფიცავ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებს, რომ იმ ადგილებში მიგიყვანო, სადაც მისვლაზე გიოცნებია.

ვფიცავ, რომ ყველა ჯურღმულში უშიშრად გამოგყვები, სადაც მარტო შესვლისა შეგშინებია.

შენს სამსხვერპლოზე ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიყმაწვილე, ჩემი უნარი, ჩემი სიმართლე და ჩემი სიმამაცე მოვიტანე.

შენი ბრძოლა ჩემი ბრძოლაა.

შენი იკიგაი ჩემი იკიგაია.”

*

მათ მკითხეს:

“ვინ არის ჯონ გალტი?”

მე ვუპასუხე:

“მე ვარ.”

Experiencing the pure #gladness of #discovery. #courageous #unbreakable #determined #passionate #authentic #joyful #dedicated #self

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

2 thoughts on ““ვინ არის ჯონ გალტი?””

  1. იცი, რომ ყველა შენი პოსტი წაკითხული მაქვს, მაგრამ ესაა შედევრი! ♥

Leave a Reply