რა არის ჩვენი სახლი?

უკვე რამდენი ხანია, ძალიან მინდა მქონდეს საკუთარი ბინა. დიდი, ნათელი და ჩემი გემოვნებით მოწყობილი. მინდა, რომ საღამოობით სამსახურიდან გამოსულს და დაღლილს, სახლში წასვლა არ დამეზაროს. მინდა, რომ იქ თავი ყველაზე მყუდროდ ვიგრძნო. ისევე, როგორც ახლა თავს სამსახურში ვგრძნობ ხოლმე.

დედაჩემი მეკითხება, შენი საკუთარი ბინა რად გინდა, განა ეს სახლიც შენი არ არისო? ძირითად შემთხვევებში პასუხი არ მაქვს. ამიტომ ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე.

რა გამოარჩევს მშობლების სახლს ჩვენი სახლისგან? საერთოდაც, რა არის ჩვენი სახლი? მხოლოდ ოთხი კედელი, რომელში არსებობის უფლება და სურვილი გვაქვს, თუ რაღაც კიდევ უფრო მეტი? რას ნიშნავს “გრძნობდე თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში”?

 

ალბათ ჩვენი სახლი ის არის, სადაც ყველა ნივთი, რაც ამ სახლში არსებობს, ჩვენი საკუთრებაა და ყოველ მათგანთან რამე მოგონება ან საჭიროება გვაკავშირებს.

ალბათ ჩვენი სახლი ის არის, რომლის დალაგება და მოვლა ჩვენივე პასუხისმგებლობაა. როდესაც სახლთან დაკავშირებული საქმეების გამო არავის წინაშე არ ვართ ვალდებული, გარდა საკუთარი თავისა და ჩვენს გარდა არც არავის აქვს პრობლემა იმის გამო, რომ “ჭურჭელი დასარეცხია”, “სარეცხი გასაფენია” და “ნაგავი გადასაყრელია”. ალბათ თავს ვგრძნობთ საკუთარ სახლში მაშინ, როცა ასეთი საქმეების გასაკეთებლად დღის ან ღამის კონკრეტულ მონაკვეთს თავად გამოვყოფთ და ზუსტად იმდენ დროს და ენერგიას ვუთმობთ, რამდენიც საჭიროა. ხოლო თუ ჭურჭელს არ გავრეცხავთ, არც სინდისი შეგვაწუხებს, რომ “დედა მოვა, ნახავს და ეწყინება”.

ალბათ ჩვენი სახლი არის ის, რომელიც ჩვენივე გემოვნებით არის მოწყობილი, რომლის კომუნალურ გადასახადებსაც თავად ვიხდით, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავპატიჟოთ სტუმრები ან თავად წავიდეთ სადმე და არავის ჩავაბაროთ ანგარიში, თუ როდის დავბრუნდებით შინ.

ჩვენი სახლი არის ის, სადაც “ჩვენ ვართ უფროსი”. ჩვენი სახლი არის ის, სადაც ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებლები და სრულად შევიგრძნობთ სიმარტოვეს.

სიმარტოვეს და სიცარიელეს.

“ამქვეყნად არის ადგილი, სადაც ჩვენი ჭეშმარიტი სახლი დგას და სადაც ერთ მშვენიერ დღეს მივალთ; სახლი, სადაც მშვიდად დაველოდები მის დაბრუნებას; სადაც სკოლის შემდეგ მოირბენს გოგონა ან ბიჭი და ბედნიერებით ამავსებს…” – პაულო კოელიო, ” რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”

ჯერ-ჯერობით არც გოგონა მყავს და არც ბიჭი, არც ვინმეს დაბრუნებას ველი და ჭეშმარიტი სახლიც არ მიპოვნია, მაგრამ როგორც ყოველთვის, უკეთესი მომავლის იმედი მაქვს.

ახლა კი წავალ, ჭურჭელი მაქვს გასარეცხი, თორემ დედა მოვა, ნახავს და ეწყინება…

7 Comments

  1. თუ საშუალებაა რა თქმა უნდა შენი და საკუთარი სახლი ჯობია. სადაც სკოლის შემდეგ მოვა გოგონა ან ბიჭი, სამსახურიდან კი მხოლოდ შენთვის შექმნილი მამაკაცი და სიყვარულით და სიხარულით აგავსებენ. მე ოცნება თუ შემიძია (ამ ეტაპზე)საკუთარ სახლზე-მაგრამ ძალიან ძალიან ტკბილია ეს ოცნება ,ოდესმე ამიხდება.

  2. ჩემი ოცნებაა საკუთარი ბინა. უკვე შპალერის ფერიც ვიცი, თუ რა იქნება საძინებელში და რომელი ხალიჩა მისაღებში.

    საკუთარი ბინა/სახლი/ადგილი არის თავისუფლება.

  3. რაღაცნაირი დამოკიდებუელბა გაქვთ სახლისადმი, გეგოენბა სახლისათვის ცხოვრობთო თორე განა ცხოვრებისათვის გინდათ სახლიო, ძაან ისე არ მინდოდა გამომსვლდოა მარა.. დაიკიდეთ რა.. სახლია ბოლო ბოლო :)

Leave a Reply to tami Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.