ოთხშაბათი

დილა ჩვეულებისამებრ მაღვიძარის ჭიჭყინით დაიწყო, რომელზეც დერვიშების ერთ-ერთი “სულიკო” მაქვს დაყენებული. სულიკოს ცოტაოდენი facebook-ის დოზა მოჰყვა. ლეპტოპი მუდმივად მზადყოფნაში, ჩართული, საწოლის თავთან მიდევს. facebook-ი საჭიროა გამოსაფხიზლებლად, თორემ განა ბევრი დრო მაქვს დილაობით, სულ 10-15 წუთი იმისათვის, რომ ჩავიცვა და პირველივე ტაქსში ჩავხტე.

სამსახურში უამრავი საქმეა. ახალი წელი მოდის. facebook-ზე ათასი კონკურსია ჩასატარებელი. ვებ-გვერდებიც მისახედია. ბოლო დღეებში შუადღისას შესვენებებზეც კი ვეღარ ვახერხებდი გასვლას. თუმცა დღეს მაინც მომიწევს, კოტეს უნდა შევხვდე, სამოქალაქო რეესტრიდან განქორწინების მოწმობა უნდა წამოვიღოთ. უკვე ერთი წელია ვერ მივაღწიეთ რეესტრში. არა უშავს, დღეს უეჭველად არ აგვცდება.

დრო შესვენებამდე ისე გავიდა, ვერც შევამჩნიე.

უცნაურია, რომ ქორწინების და განქორწინების მოწმობები ზუსტად ერთნაირ ქაღალდზე იბეჭდება. მხოლოდ ფერია ოდნავ სხვა.
გვერდითა ფანჯარას სხვა წყვილი მიადგა. “უკაცრავად, ქორწინების გაფორმება გვინდა,” მორიდებულად ეუბნება ოპერატორ ქალს ბიჭი. კოტეს შევხედე, “ესენი ხომ არ გაგვეფრთხილებინა ცხოვრების ამაოებაზე?” იმას ეცინება. მე ვხვდები, რომ აზრი არ აქვს. მე რომ მაშინ ვინმეს გავეფრთხილებინე, დავუჯერებდი? არა.

გზაში მოწმობას ფოტო გადავუღე მობილურით და facebook-ზე ავტვირთე. ოჰ, ეს სოციალური მედია…

სამსახურში კვლავ უამრავი საქმე დამხვდა. ბანკის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე საქმე არ ილევა. თითქმის ყველა სხვა თემა ავტომატიზაციამდე დავიყვანე. facebook-ის გარდა. ყველაზე მეტი დრო სწორედ მას მიაქვს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა, ბრეინშტორმინგი, სტრატეგიული დაგეგმვა, კიდევ რაღაც წვრილ-წვრილი რუტინული საქმეები…

ახალ სამსახურში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ყოველი დღის გათენება მიხარია. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა გუნდის თვალსაზრისით. ეს ის ხალხია, ვინც ინიციატივას, კრეატივს და პროფესიონალიზმს აფასებს. და კიდევ… მისვლის პირველი დღიდანვე ამეკვიატა ერთი უცნაური შეგრძნება. ქუჩაში სიარულისას მგონია, რომ გვერდით დიდი, ფაფარაშლილი ლომი დამყვება…

უკვე 6-ის ნახევარია. 7-ზე პოლიტიკური პიარის ლექცია მაქვს კავკასიის უნივერსიტეტში. წელს ეს მაგისტრატურაც წამოვიკიდე. რადგან მისაღები გამოცდები ყოველგვარი მომზადების გარეშე წარმატებით ჩავაბარე და (იმედია) დაფინანსებაც მოვიპოვე, ახლა როგორმე უნდა მივიყვანო ბოლომდე.

ასავალ-დასავალის წინა კვირის ნომერი მაქვს გადაშლილი. ლექციისთვის დავალებას ვწერ, რაც სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ინტერვიუს ანალიზს გულისხმობს. სულ შემიცვალა პოლიტიკისადმი დამოკიდებულება ამ საგანმა აქამდე პოლიტიკურად აქტიური არასდროს ვყოფილვარ. ახლა უკვე ისე დავინტერესდი და გავერკვიე, რომ პოლიტიკური სტატიების კითხვა გულსაც კი აღარ მირევს.

ტელეფონზე მესიჯი მომდის: “მომენატრე…” გულში სითბო მეღვრება.

ლექციამდე ნახევარი საათი მაქვს. NY ბურგერში გინდა?” – სწრაფად ვკრეფ პასუხს და ისევ სტატიას ვუბრუნდები.

სამსახურიდან გამოსულს ყოველთვის მგელივით მშია. 15-20 წუთი მჭირდება მარჯანიშვილის მოედნიდან სააკაძის მოედნამდე მისაღწევად. ლექციამდე დარჩენილი ნახევარი საათი სითბოში, სიცილში და ნიუ იორკული ჰოთდოგის მირთმევაში გადის. ოთხშაბათობით ეს ტკბილი 45 წუთი რომ არ არსებობდეს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სამ საათიან ლექციას ნამდვილად ვერ გადავიტანდი. დაუჯერებლად  განმტვირთველად მოქმედებს ჩემზე…

7-ზე ლექცია დაიწყო. დღეს მოდელირებულ კამათში სახალხო კრების ინტერესებს ვიცავდი. ამ ლექციების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების სურვილი გამიჩნდა. ლექტორმაც ხელი შემიწყო სურვილის გამძაფრებაში: “შენს შეხედულებებს და იდეებს მალე დაცვა დასჭირდებათო.” სემესტრის ბოლოს დავალებად მექნება წარმოსახვითი პარტიის შექმნა. აი, მაშინ უნდა ვივაჟკაცო. დიაგნოზიც დამისვა, მემარცხენე ლიბერალი ვყოფილვარ. ეს ბოლომდე არც კი მესმის, რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ყველაფერში გავერკვევი. სამი საათი მსგავს სჯა-ბაასში, კამათში და პოლიტიკურ ღწვაში გადის.

სახლში ამჯერად ტაქსით დავბრუნდი. სულ სინდისი მქენჯნის, რომ ძალიან ბევრს ვხარჯავ ტაქსით სიარულში, მაგრამ თავს იმით ვიმართლებ, რომ ავტობუსები ცუდად დადიან, ცივა და უკვე ძალიან გვიანია.

სახლში მისულმა facebook-ზე შევიხედე და ცოტა ხანში დაღლილს და აჟიტირებულს მეძინება. ჩემს საწოლთან ლომი თვლემს… საინტერესოა ლეპტოპის “ქულერის” ხმაურზე რატომ არც ერთს არ გვეღვიძება?!

ოთხშაბათი მძიმე დღეა.
ოთხშაბათობით დამღლელ და ერთმანეთისგან განსხვავებულ რამდენიმე როლს ვირგებ.
ოთხშაბათი ერთი შეხედვით რთული, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ბუნებრივი მეტამორფოზაა.

ლეპტოპის გვერდით ტელეფონი ინთება – “მიყვარხარ…

29 Comments

  1. როსტიკა შემხვდა ამასწინათ ორჯერ თან ერთსა და იმავე ადგილას. ძალიან საყვარელი ადამიანია. მითხრა შენი ამბები, გამიხარდა. აბა შენ იცი.

  2. ძალიან მომეწონა :) თითქმის ყველაფერს ვკითხულობ რასაც წერ. ძალიან თბილი და საყვარელი ხარ. გილოცავ ახალ სამსახურს.

    შეყვარებული უფრო ლამაზად წერ :)

    წარმატებებს გისურვებ.

  3. ჰაჰ წერის ახალი სტილი თუ მანერა თუ რაღაცაც გაქვს დიზაინის ცვლილებასთან ერთად? კარგია : )

  4. “ესენი ხომ არ გაგვეფრთხილებინა ცხოვრების ამაოებაზე?” რადგან შენ არ გაგიმართლა, ან ვინმე სხვას, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ეგრე დაემართება :)

    1. ხოო რა… მილიარდობით ადამიანია რომელიც ძალიან ბედნიერად ცხოვრობს დიიდ ხანს თავის II ნახევართან და აბა ეგ რა არის? ამდენი ხალხი ტყუილში ცხოვრობს ვითომ და თავს ირწმუნებენ? რაღაც არამგონია!

  5. კაია, კაი. მაგისტრატურაც დაგიწყია. დიპლომიანი გოგო იქნები და ეგება ქე მემეწონო, რა იცი :))

  6. მეც ვკითხულობ ამ ბლოგს(არც ისე ხშირად, არაიმიტომ რომ ცუდია უბრალოდ მე ცოტა სხვა სფეროში ჩარჩენილი ტიპი ვარ) :)
    კარგია რომ დაინტერესესდი “სერიოზული სფეროებით ” განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა აშკარაა ჩვენი სვითი :)

    ხო გილოცავ რომ მემარცხენე ლიბერალი ხარ, მემარცხენე ლიბერალები ყველაზე კარგი ხალხია როგორც წესი :)

    1. ჩემი აზრით “სერიოზული სფეროები” არ არსებობს. არსებობს საინტერესო და მოსაწყენი სფეროები.
      ის რაც ჩემთვის საინტერესოა, ყოველთვის სერიოზულად ვეკიდები, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვარდისფერი ლენტების შეგროვებაა, სერიალების ყურება თუ ლიბერალიზმში ჩაღრმავება.
      ის რაც ჩემთვის მოსაწყენია – შესაბამისად არა სერიოზულ კატეგორიაში გადის.

      მემარცხენე ლიბერალები უცილობლად კარგი ხალხი იქნება, მათ ხომ მე ვყავარ საკუთარ რიგებში. სხვანაირად არც წარმომედგინა. ^_^ :love:

  7. ხო ისე ქორწინება ბურჟუაზიული გადმონაშთია ესეც ნაღდია :დ მემარცხენეება ამაშიც გეტყობა :)

  8. რაა უცნაურიაა.. ადრე შემოვდიოდი შენ ბლოგზე satc გადმოსაწერად და ბოლო სტატია რომელიც წავიკითხე იმაზე გეწერა ფეხმძიმედ თუ აღმოვჩნდი ნაყინს ვიყიდიო.. ეხლა შემოვედი და განქორწინებულხარ..: )

  9. საერთოდ იშივიათი სტუმარი ვარ ამგვარი საიტების, უფრო დროის უქონლობის გამო ალბათ.. და საერთოდაც ამ (ე.წ ბლოგერების) სფეროს უცოდინარობის გამო.. თუმცა რამოდენიიმეჯერ მოვხვდი შენს უკვე ყოფილ ვარდისფერ ბლოგზე.. და თითქოს ძალიან ცოტა ხნის წინ მახსოვს რომ ქორწილთან დაკავშირებულ ფორიაქში იყავი ჩართული.. საწყენია .. თუ არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა, გამიკვირდათქო ვერც იმას ვიტყვი, საოცარი ტემპებია ამ 21-ე საუკუნეში :) მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება ყოველთვიის. მომწონს შენი ბლოგი, წარმატებები!

  10. ნეტავ ვინ არის ის ამ მესიჯის ავტორი :პ რა ცნობისმოყვარე ვარ :)

  11. ძალიან დამაინტრიგებელი პოსტი იყო და ველი ამის გაგრძელებას :>

  12. მეც ეგ მაინტერესებს ძაან ვინ არის მესიჯის ავტორი :)) იმედია ამ პოსტს გაგრძელება ექნება

  13. შენს ბლოგზე მხოლოდ 2-ჯერ შემოვედი;
    პირველად ქორწილის მზადების პოსტი წავიკითხე;
    ეხლა, განქორწინების ..

    ოთხშაბათი მართლაც მძიმე დღეა..

    პ.ს. ვატყობ, ახალი ქორწილისთვის შევემზადებით .. ერთი ტორტი ჩემი კულინარიული ბლოგიდანაც გექნება:)

  14. რაღა დაგიმალოთ და მეც ძალიან მაინტერესებს

Leave a Reply to nikusha_marx Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.