sweet.ge-ს ერთგულო მკითხველნო, მძიმე ჟამი დაუდგა ბლოგის ავტორს..შენიშნავდით და თქვენს თვალსა და გულს არ გამოეპარებოდა ის ამბავი, რომ აგერ უკვე 5 დღეა ინტერნეტ სამყაროს მოსწყდა ბლოგოსფეროს მედგარი წინამძღოლი. მხოლოდ დროდადრო, სულ რამდენიმე წამით შეიძლება მოჰკრათ თვალი ტვიტერზედ ან პირწიგნაკზედ.
ძალიან მიმძიმს, რომ სწორედ მე უნდა გამცნოთ სამწუხარო ამბავი, მაგრამ ამდენ დღიანი დუმილის შემდეგ, მე უბრალოდ უფლება არ მაქვს არ გამცნოთ, რომ მარი სასახლიდან გაიტაცეს გარეულმა კელტროპებმა! ისინი თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც კოტე სასახლეში არ იმყოფებოდა და ადვილად მოერივნენ სუსტ არსებას. როგორც კი ეს გაიგო, მან აისხა აბჯარი და მის საძებნელად წავიდა. ყოველ დღე ვაგზავნი შიკრიკებს, რომ სიახლეები შეგვატყობინონ. ბოლო შიკრიკი გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდა, ხელში მკვდარი კელტროპით და კოტეს წერილით
“თინათინ, მე მივაგენი მარუსას კვალს. იცოდა, რომ მის საძებნელად წავიდოდი და გზადაგზა თავისი ვარდისფერი ნივთები დაუყრია ჩემთვის, რომ მიმეგნო. ახლა ერთ საშინელ სასახლეს მივადექი, გარეული კელტროპები დამესხნენ თავს, მთელი შეიარაღება წამართვეს და ახლა ვცდილობ ცარიელი ხელებით გავიკვალო გზა სასახლის კარისკენ. თუ შეგიძლია შეკრიბე ლაშქარი, ამირსპასალარ ზურიუსის ხელმძღვანელობით და გამოაგზავნე, რომ დამეხმარონ მარის გამოხსნაში”
როგორც კი ეს წერილი მივიღე, მაშინვე შევყარე ჯარი და ისინი უკვე გაემართნენ კელტროპების საშინელი სასახლისკენ!მე კი, როგორც მარის დიდი ხნის მეგობარი, მისი მოკავშირე, ვეცდები დროებით მისი საქმეები გადავიბარო! მართლაც რომ დიდი საქმეები დარჩა შეუსრულებელი ღმერთმანი..დიდი იმედი მაქვს, რომ კოტე მალე შესძლებს მის გამოხსნას და დაუბრუნდება თავის ვარდისფერ სასახლეს სვითი.

ინტერნეტის მადლი და ძალი გფარავდეთ! თქვენი თინი
ახლა ზურიუსის უსტარი, რომელიც დაწერა, ოდეს მიიღო ცნობა ჩემგან ამ ამბავზედ:
ამირსპასალარი Zurriuss
ზურიუსი ერთ-ერთი სისხლიანი ბრძოლის ჟამს
ოქტომბრის თბილი საღამო იყო. ჩვეულებისამებრ ჩემს რომაულ აბაზანაში მეძინა და მსახურები ფეხისგულებზე მიღიტინებდნენ. უცებ სარკმელს მტრედი მოასკდა, მინა მრგვალად შემოამტვრია და კედელში განერჭო. მის გაკვანჭალებულ ერთ–ერთ ფეხში წერილი შევნიშნე. ღერბზედვე ვიცანი, ვისიც უნდა ყოფილიყო: კირა ნაითლი, თინის გარდა, ვის უნდა ჰქონოდა….
ჯერ მსახურს წავაკითხე. არ დავიჯერე და ტყუილად გავაშოლტინე საწყალი. მერე მე ვიკადრე გადაკითხვა და ელდა მეცა. ჩვენი ვარდისფერი Sweety, ჩვენი ნაფერებ–ნალოლიავები პრინცესა გვინივერა (ფილმიდან „პირველი რაინდი“, რიჩარდ გირი, ჯულია ორმონდი და შონ კონერი ქე რო თამაშობენ ) იმ ძუნკალ კელტროპებს გაეტაცათ!!!
აი, რა არის ცხოვრება: „ფეხზე დასმული კელტროპი თავზეც აგახოხდება და მერე ხელ–ფეხს შეგიკრავს და საცხა ჯურღმულში გამოგამწყვდევსო“– მითქვამს ცხონებულ მე–ს! რა ქნეს ეს? როგორ იკადრეს? წლების წინ Sweety–ს ბლოგზე გარემოვაჭრეებად დაეთრეოდნენ და საცოდავად კნაოდნენ. ესეც ენდო, გამოიჩინა გულისხმიერება და ჩვენი კელტროპები სულ კარაოკეებზე ამღერა. აუვარდათ ამათაც თავში: არიქა, სიმღერა შეგვიძლიაო.
მოკლედ, ამ დედაკელტროპმოხნულებმა დაითრიეს ცოტა მაყუთი და ეგრევე მოიტაცეს. გამოკეტეს სადღაც მიუვალ და მიქაჯეთისციხებულ ყორღანში და, როგორც თინის უსტარში ეწერა, კონსტანტინე სულ შიშველი ხელ–ფეხ–თავით მიანგრევს კედლებს. თურმე საწყალი Sweety გადმომდგარია ერთ–ერთ ბალკონზედ და ძირს ვარდისფერი ნაწნავი აქვს ჩამოშვებული – ეგებ როგორმე დავეხმარო ჩემს რაინდსო, მარა რა გინდა რო ქნა.
ჰოდა, არიქა, გავქუსლე, მივეშველე. თან კელტროპსაწინააღმდეგო ანკესებს დავურიგებ ლეგიონერებს. მოკლედ, ბრძოლა წყალში მოგვიწევს და პოსეიდონის იმედი მაქვს.
ოოო, პოსეიდონ, სანახევროდ გახდილო ახოვანო ბებერო ღმერთო, ძმავ ზევსისა მექალთანისაო. დამეხმარე, რათა სამართლიანად გამოვიხსნათ დაი ეგე ჩუენი Sweety ბრჭკალთაგან კელტროპისაითა, რათა მრავლითა სიხარულითა და + ქულითა ვარდისფერითა განამშუენოს ბლოგნი და პოსტნი ეგე ჩუენნი. ავე რეკლამა!!!
პოსტ სკრიპტუმის ძალა მოგეცეთო ნათქვამია:
საზარელი კელტროპები
აი სასახლე, რომელშიც პირმშვენიერი სვითია გამოკეტილი
{ 39 comments }











