Tag Archives: Daisuke Umon

დაისუ

Actarus_Duke_Fleed_Grendizer_by_handesigner

ეს ის ბიჭია, ცხოვრებაში სულ, სულ, სულ პირველად რომ შემიყვარდა. <3 ის 1975 წელს გადაღებული იაპონური ანიმე სერიალის – გრენდაიზერის პერსონაჟია.

ჩემი თაობის ბავშვები ამ სერიალს ვაღმერთებდით. უფრო პატარებს არასდროს უნახავთ. მე კი მთავარ გმირზე ფიქრში ვიძინებდი და ვიღვიძებდი. სიზმრებში ალტერნატიულ სერიებს ვქმნიდი, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი მეც ვიქნებოდი. მეც მქონდა საკუთარი სფეისერი, რომლითაც გრენდაიზერს ვეხმარებოდი დედამიწის დაცვაში. ხანდახან გასაჭირშიც ვვარდებოდი, მაგრამ დაისუ ამონი ყოველთვის ახერხებდა ჩემს გადარჩენას. მასთან ერთად ისეთი თავგადასავლები მაქვს გავლილი, რომ შემიძლია გრენდაიზერისთვის ერთი დუჟინი სერიის სცენარი დავწერო.

venusia_hikaru__makiba_by_toshia76-d50wsqz

ყველაზე მეტად კი ჰიკარი მეზიზღებოდა. ღმერთს ლოცვებში ვევედრებოდი, რომ რამენაირად ჩამოეშორებინა ჩემთვის ეს საშინელი მეტოქე. ვფიქრობდი, ძალიან დიდი სასჯელი იქნებოდა, ჰიკარის საზღვაო სფეისერს რამე ტრაგიკული შემთხვეოდა. ასეთ შემთხვევაში დაისუსაც გაუჭირდებოდა დედამიწის დაცვა (პრობლემა მხოლოდ ტექნიკური იქნებოდა, რა თქმა უნდა, და არამც და არამც ფსიქოლოგიური).

უკეთეს გეგმად მესახებოდა, თუკი ჰიკარის ქოჯი შეუყვარდებოდა. ამით ის მეტოქედ აღარ ჩაითვლებოდა, მე კი შანსი მექნებოდა დაისუს გული დამეპყრო.

ეს ხდებოდა დაახლოებით 19 წლის წინ. ნეტა ახლა შემეძლოს ეგრე ვინმე მიყვარდეს, როგორც ეს არარეალური პერსონაჟი მიყვარდა.