Tag Archives: Ally Mcbeal

ჩემი გადარეული სამყარო

არსებობს ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებსაც ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ აუცილებლად უნდა შეიგრძნოს: ნახატები, რომელთა მშვენიერებაც უნდა განიცადოს; ფილმები, რომლებიც უნდა გაისიგრძეგანოს; წიგნები, რომლებშიც უნდა ჩაიძიროს…

ვერავინ იტყვის სერიალებიც ხელოვნების ერთგვარი დარგი არ არისო, ხოლო ჩემი სანტიაგო და ხუანიტას დაბრუნების მსგავს სერიალებს რომ არ ვგულისხმობ, ალბათ თავადაც მიხვდებოდით. თუმცა ყოველგვარ აზრს რომ პატივი ვცეთ, მოდი ასე ვთქვათ:

“ხელოვნება იქით იყოს და” კიდევ არსებობს სერიალები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა უყურო, რადგან მათი ნახვის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

თითქოს უცებ ხვდები ყველა გაუგებარ ხუმრობას, შენი მეგობრები ერთმანეთს რომ ეუბნებიან, უცებ იგებ რატომ არ ვარგა ქართული სატელევიზიო სერიალები, უცებ ცნობ, რომელი საიდან არის გადმოღებული და კიდევ, რაც მთავარია, სერიალების გმირები შენი ცხოვრების ნაწილი და ოჯახის წევრები ხდებიან. ზოგს ეჩვევი, ზოგი გიყვარდება, ზოგი ნერვებს გიშლის, ზოგიც გეცოდება, მაგრამ ისინი შენია, შენი სამყაროს პერსონაჟები. მათზე უკვე მოყოლილი მაქვს. ახლა კი უბრალოდ ჩემს სამყაროზე მინდოდა მომეყოლა.

ჩემი ცხოვრება სკოლაში იწყება. ეს ჩვეულებრივი ამერიკული პროვინციის სკოლაა, ჩემი კლასელები რეიჩელი და ფინი, კურტი და მერსედესი არიან. ჩვენ ვმღერით, ვცეკვავთ, ვთამაშობთ. ვიგებთ და ვმარცხდებით მუსიკალურ კონკურსებში, გვიყვარდება და ვშორდებით. მერე ვიზრდებით და ნელ-ნელა პროვინციიდან ქალაქისკენ მიგვიწევს გული.

ქალაქში უამრავი საინტერესო რამ ხდება. ჩემი კარის მეზობელ გოგოს ჯესი ჰქვია. ის სამ ბიჭთან ერთად ცხოვრობს. მგონი ცოტა ვერ არის, თუმცა ჯერ კარგად არ ვიცნობ. მეორე კარის მეზობელიც მყავს – ბეტი. ძალიან კარგი გოგოა მასთან უფრო ახლოს ვარ. მოდების ჟურნალის რედაქციაში მუშაობს და საინტერესო ამბებს მიყვება ხოლმე.

სამსახურშიც ცოტა გადარეული თანამშრომლები მყავს. ერთზე ამბობენ ჰალუცინაციებსაც ხედავსო. მე კი მგონია ელი უბრალოდ თავის მეორე ნახევარს ეძებს. მასზე რომ ვფიქრობ, სულ მინდა ტედს გავაცნო.

ტედს ერთხელ ბარში შევხვდი. თავის მეგობრებთან ერთად იყო, რომელთაგან ყველაზე მეტად ლილის დავუახლოვდი. ტედი აგერ უკვე შვიდი წელია თავის მომავალი შვილების დედას ეძებს. ასე მგონია ეგ და ელი ერთმანეთს გაუგებენ.

ხანდახან უქმეებზე ჩემს ბავშვობის მეგობარ Penny-სთან მივდივარ. ვერთობი მის ისტორიებზე მეზობლების შესახებ. შერეკილი ფიზიკოსების გვერდით ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მეტად შელდონი მაღიზიანებს. კარზე მუდამ ურცხვად აკაკუნებს. ერთხელ სკამიდან ამაგდო, ეგ ჩემი ადგილიაო. (დეგენერატი!)

საღამოობით კი აუცილებლად მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამ და მანჰეტენზე გასართობად მივდივარ. ზუსტად ვიცი, რომელიმე კლუბში ოთხ არაჩვეულებრივ ქალს წავაწყდები. იქნებ მერე ერთადაც გავაგრძელოთ მხიარულება.

ხოლო როცა ქალაქის ცხოვრება მბეზრდება გარეუბანში ჩემს სახლს ვსტუმრობ ხოლმე ვესტერია ლეინზე. იქ კი გაბრიელს, სიუზანს, ბრის და ლინეტს პოკერს ვეთამაშები.

ცხოვრება მშვენიერია.

right? :)

რას არ ვაპატიებ რობერტ დაუნი ჯუნიორს

პოსტი შეიცავს სპოილერებს!

ერთი წლის წინ Ally Mcbeal-ს ვუყურე.

არცერთ ფილმს, სერიალს თუ ნაწარმოებს არ მოუხდენია ასეთი დიდი გავლენა ჩემს ცნობიერებაზე, ცხოვრებაზე და თვითრწმენებზე, როგორიც Ally Mcbeal-მა მოახდინა.

ახლახანს ნოსტალგია შემომაწვა და ხელმეორედ დავიწყე ყურება…

აი, რა წერია ელის შესახებ ვიკიპედიაში:

ელი ბოსტონში მცხოვრები ადვოკატია. ის არის ქალი, რომელსაც სწამს სიყვარულის და გამუდმებით ეძებს თავის soul mate-ს.

მას ხშირად ესმის სიმღერები საკუთარ გონებაში და ემართება ჰალუცინაციები, ძირითადად მოცეკვავე ბავშვის სახით, რისი მიზეზიცაა მისი ბიოლოგიური საათის წიკწიკი და სწრაფვა სხვადასხვა მამაკაცების მიმართ.

მაგრამ ელი მაკბილი უფრო მეტია ვიდრე ის რაც ამ მოკლე აღწერაში წერია.

ელი შერეკილია, თან ჭკვიანი, ლამაზი და მიმზიდველი, თან ბავშვური და გულუბრყვილო.

ელიმ ბავშვობაში ცალ-რქიანი ცხენი ნახა საკუთარი თვალით. ელის სჯერა, რომ სადღაც არსებობს ‘მისი ერთადერთი’, რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად შეხვდება, ამასობაში კი ყიდულობს ძველ პიანინოს და ყოველ საღამოს თავის არ არსებულ მეგობარს უმღერის სიმღერას – Goodnight My Someone.

მეოთხე სეზონში ელი შეხვდება ლარი პოლს, რომლის როლსაც რობერტ დაუნი ჯუნიორი ასრულებს. ელის და ლარის ერთმანეთი შეუყვარდებათ.

მიუხედავად სიტუაციის სირთულისა (ლარის ჰყავს ყოფილი ცოლი, რომელთანაც ჯერ ისევ მეგობრობს და ყოფილი შეყვარებული რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს) ძალიან მალე გახდება ცხადი, რომ ლარი ელის Soul Mate-ია.

მათი ურთიერთობა უცაბედად შეწყდება, როდესაც ლარი გადაწყვეტს დეტროიტში გადასვლას, რათა თავის შვილთან ახლოს იყოს. საბოლოოდ სერიალი მთავრდება ისე, რომ ელი მარტო რჩება, საცხოვრებლად გადადის ნიუ იორკში და თავისი ცხოვრების ფოკუსირებას აკეთებს თავის შვილზე, რომელიც შემთხვევით გამოჩნდება სერიალის ბოლოს.

There was no happy ending. There was no soul mate. There was no ‘Goodnight My Someone’ anymore.

Just a severe reality.

თავდაპირველი სცენარის მიხედვით, ელი და ლარი უნდა დაქორწინებულიყვნენ მეოთხე სეზონის ბოლოს, მაგრამ ლარის როლის შემსრულებელი მსახიობი- რობერტ დაუნი ჯუნიორი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ჯარიმების გამო დააპატიმრეს და სატელევიზიო არხმა დაუნი სამსახურიდან გაათავისუფლა, შესაბამისად ქორწინების სცენარიც შეიცვალა.

არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხო, რომ რეალური ცხოვრებაში შენი საქციელის გამო ყველაზე ლამაზი ზღაპრის ბედნიერი დასასრული ასე საშინლად შეიცვალოს.

შეიძლება ელიმ ოდესმე აპატიოს რობერტ დაუნის.

მე არ ვაპატიებ.