Tag Archives: ხრონინგენი

მიღების ცერემონიალი

გოგოების დორმში ცხოვრება მაგარია. საერთოდაც, მიყვარს გოგოები, როგორც არსებები. ყველა მათგანი თავისებური და განსხვავებულია. მათი ყველაფერი მომწონს. მათი პატარ-პატარა ლამაზი ნივთები და ფუშფუშა პერანგები, ფერადი თმები და ფეხსაცმელები, ბაფთები და თმისამაგრები, ნაზი თითები და სახის ნაკვთები, პარფიუმერიის გემრიელი სუნი. გოგოების ტანსაცმელი ყოველთვის საგულდაგულოდ შერჩეულია; მაშინაც კი კარგად გამოყურებიან, როცა დაუდევრად იცვამენ; ძილის დროს არ ხვრინავენ; არც ცხვირს იხოცავენ ხმამაღლა; ერთმანეთის სივრცეს და სიმშვიდეს პატივს სცემენ; ერთმანეთზე უფრო მეტად ზრუნავენ; ტანს ყოველდღე იბანენ; მათ ფეხსაცმელებს კარგი სუნი ასდის. ერთი სიტყვით გოგოები სასიამოვნო არსებები არიან.

გოგოების დორმი ჰოსტელში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვცდილობდით მაქსიმალური წესრიგი შეგვენარჩუნებინა, ოთახი მაინც ბრძოლის ველს ჰგავს.

გოგოების დორმი ჰოსტელში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვცდილობდით მაქსიმალური წესრიგი შეგვენარჩუნებინა, ოთახი მაინც ბრძოლის ველს ჰგავს.

განა საოცარი არ არის, როცა გოგოების მიმართ ასეთი ემოციები მაქვს, ქუჩაში კი მაინც ბიჭებს ვათვალიერებ? არა! იმიტომ, რომ საშუალო სტატისტიკური ჰოლანდიელი მამრი, საშუალო სტატისტიკურ ჰოლანდიელ მდედრთან შედარებით 3-ჯერ უფრო ლამაზია. მსუქან და დაბალ ჰოლანდიელს ვერსად შეხვდები – ყველა გამხდარი და აშოლტილია. ალბათ დაბლებს და მსუქნებს, თუ ასეთები ბუნებაში არსებობენ, სახლში კეტავენ და გარეთ არასდროს უშვებენ.

შარშან ჰოლანდიაში პირველად რომ ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ გავოცდი ამ ხალხის გარეგნობით. ყველას ქერა თმა და ღია ფერის თვალები აქვს. ჰოლანდიელი ახალგაზრდა წყვილები, ისეთი ლამაზები არიან, შეუძლებელია თვალი არ გააყოლო. მოხუცები ერთმანეთის მიმართ უსაზღვრო სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ; მუდამ ჩახუტებულები ან ხელჩაკიდებულები სეირნობენ. ყველა ძალიან მხნედ და ყოჩაღად გამოიყურება. 70-80 წლის ბებოები ველოსიპედს ისე დააქროლებენ, ვითომც აქ არაფერიაო. ველოსიპედს მარტო ბებოები კი არა, ყველა ასაკის, სქესისა და ეროვნების ადამიანი დააქროლებს. მეც მომიწევს ყიდვა და ალბათ ნახმარ ველოსიპედს ვიყიდი 50-60 ევროდ. ჯერ-ჯერობით მაგაზე საფიქრალად არ მცალია.

დღეს უგრძელესი დღე იყო.

მაღვიძარამ დილის 7 საათზე წამომაგდო. წყალი ნაჩქარევად გადავივლე, სწრაფად ჩავიცვი და საუზმის გარეშე გავვარდი უნივერსიტეტში. წასვლამდე რეგისტრატურაში ბარგი მოვიკითხე – ისევ არაფერი. არადა გუშინ პოლონურ ავიახაზებს ბრაზიანი წერილი მივწერე. რას აკეთებენ ამდენ ხანს?

8:15-ზე აკადემიური შენობის წინ ტუბერკულოზის ტესტის ჩასატარებლად მივედი. ეს ყველა გაცვლითი სტუდენტისთვის სავალდებულო, ზუსტად 3 წუთიანი პროცედურაა. აქედან ზერნიკეში ვიყავი წასასვლელი.

* * *

ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი გრონინგენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ზერნიკეს სასწავლო კომპლექსშია განთავსებული. ისიც არ ვიცი, იქ როგორ უნდა მივიდე, ამიტომ ქალაქში ერთ საათიანი ბოდიალის შემდეგ, როგორც იქნა ავტობუსში ვჯდები და 9 საათისთვის ზერნიკეს გაჩერებაზე ჩამოვდივარ. შეხვედრა 9-ის ნახევარზე იყო ჩანიშნული, მაგრამ ჯერ მხოლოდ საინფორმაციო კომპლექტების დარიგება და მოსაცდელში ყავის სმა მიმდინარეობს. აქ სინგაპურელი ბრენდონ ჯოშუა ლი და ამერიკელი კენდრა პედერსენი გავიცანი. ასევე ჩვენთან ერთად იდგა ვიეტნამელი გოგონა სახელად ენი, რომელის სრული სახელიც Thuc Anh Nguyen არის და არც ვიცი, როგორ უნდა წარმოვთქვა. ბრენდონმა მითხრა, რომ მისი ჩინური სახელი “კორეულ დრაკონს” ნიშნავს – ჩინური სახელის ჟღერადობა, რა თქმა უნდა, აღარ მახსოვს.

პრეზენტაციაზე ISD-ის (International Service Desk) თანამშრომლებმა რამდენიმე სიტყვა გვითხრეს, მერე დეკანი გაგვეცნო. გრონინგენის უნივერსიტეტსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (FEB) საკმაოდ მასშტაბურია. რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

  • წლიური ბიუჯეტი – €39 მლნ.
  • აკადემიური პერსონალი – 330
  • არააკადემიური პერსონალი – 115
  • 6000 სტუდენტი სრულ პროგრამებზე
    • 4500 – ბაკალავრიატი
    • 1500 – მაგისტრატურა
  • 150 სადოქტორო პროგრამის სტუდენტი
  • 50 კვლევითი მაგისტრატურის სტუდენტი
  • 764 საერთაშორისო სტუდენტი სრულ პროგრამებზე
  • 202 გაცვლითი პროგრამის სტუდენტი (შემომავალი, მიმდინარე სემესტრი)
  • 380 გაცვლითი პროგრამის სტუდენტი (გამავალი, წლიური)

პრეზენტაციის შემდეგ ლანჩის პაკეტები დაგვირიგეს – ორი ცალი ლორის და ყველის, ერთი კი – ტკბილი სენდვიჩი, პლუს წყალი. აღვფრთოვანდი. ძალიან ყურადღებიანი და მოწესრიგებული ხალხია. გაითვალისწინეს, რომ საუზმეს ვერავინ მოასწრებდა და წინ კიდევ რამდენიმე საათიანი ოფიციალური მიღების ცერემონიალი გველოდა. აბა, საქართველოში ვინ რას გაჭმევს…

ამასობაში 10 კაციან ჯგუფებად გაგვყვეს, თითო გამოცდილი სტუდენტი მოგვამაგრეს და კამპუსის ტური ჩაგვიტარეს. ზერნიკეს კომპლექსი რამდენიმე სასწავლო შენობისგან, ფიტნეს ცენტრისგან და სპორტული მოედნებისგან შედგება. აქ არის შენობები პატარა აუდიტორიებით – პრაქტიკული მეცადინეობებისთვის – და დიდი დარბაზებით – ლექციებისთვის. ფიტნეს ცენტრში სხვადასხვა ტიპის მეცადინეობები და ვარჯიშები ტარდება. წლიური აბონემენტი გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 59 ევრო ღირს – დაშვება შეუზღუდავია. აქ სტუდენტების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. გადავწყვიტე უახლოეს მომავალში იოგას კურსებზე ჩავეწერო.

მშვენიერი ამინდი იყო. ტურის ბოლოს ვერანდაზე მოწყობილ კაფეტერიაში ჩვენი სენდვიჩები ამოვალაგეთ და გემრიელად ვისაუზმეთ. ჩემს მაგიდასთან კენდრა და რამდენიმე შვედი იჯდა. მათგან ფრიდა, ანიკა და დავიდი ყველაზე კარგად დამამახსოვრდნენ. უკანა გზაზე #11 ავტობუსით მათთან ერთად ვიმგზავრე. გული მიგრძნობს, რომ ეს რეისი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდება მომდევნო 10 თვის განმავლობაში და… იქნებ ეს ადამიანებიც… 13:00 საათისთვის ყველანი ქალაქის ცენტრში, მარტინის ტაძარში მივედით.

martini church

1000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი შეიკრიბა. ცერემონიალი stand up კომედიის კლუბის წევრებმა გახსნეს. ჰოლანდიელი და ამერიკელი ბიჭები იუმორით დახმარებით გრონინგენის შესახებ გავრცელებული მითების გაბათილებას ცდილობდნენ. შემდეგ სცენაზე გრონინგენის უნივერსიტეტის პრეზიდენტი გამოვიდა და ყველას წარმატებული წელი გვისურვა. პრეზიდენტის გამოსვლა ქალაქის მერმა შეცვალა. მან დაახლოებით 20-ჯერ გაიმეორა, რომ ამ ქალაქს “გრონინგენი” კი არა არამედ ხხხხხხხხხრონინგენი ჰქვია!!!

მან იმ გაცვლითი სტუდენტების ისტორია გვიამბო, მატარებლის სადგურზე “გრონინგენისკენ” მიმავალი ბილეთი რომ მოითხოვეს და მის ნაცვლად შეცდომით კიოლნში აღმოჩნდნენ (რადგან ვერავინ გაიგო, სად მიდიოდნენ).

გადავწყვიტე, მერის სურვილს პატივი ვცე და ჩემს მომავალ პოსტებში “გრონინგენის” ნაცვლად “ხრონინგენს” გამოვიყენებ.

თავის მართლება: თავიდანვე ვიცოდი, რომ ქალაქს ხრონინგენი ჰქვია, უბრალოდ თხრობის თანმიმდევრობა არ მინდოდა დამერღვია. {არაფერიც არ ვიცოდი.}

Student Fair

მერის შემდეგ ESN-ის ხრონინგენის ფრთის პრეზიდენტმა – (სულ რაღაც) 22 წლის მარლიკე დე ვღისმა მოგვმართა და ESN-ის კულტურულ-გასართობი ღონისძიებების შესახებ გვესაუბრა (ამაზე მომდევნო პოსტებში უფრო დაწვრილებით მოვყვები).

ბოლო გამოსვლა ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. ეს ხრონინგენის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი იყო – რომელმაც ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი სიტყვა წარმოთქვა.

მან გვითხრა, რომ რადგან ხრონინგენში ვართ, ეს ჩვენი არჩევანია. აქ ჩამოსვლა ჩვენთვის არავის დაუძალებია. ჩვენ თავად მოვიძიეთ, გამოვიკვლიეთ, შევაფასეთ და ავირჩიეთ ხრონინგენი. სხვაგვარად აქ ვერაფრით აღმოვჩნდებოდით.

მან ასევე გვითხრა, რომ როდესაც ვმოგზაურობთ და სახლს დიდი ხნით ვშორდებით, სამ ფსიქოლოგიურ ეტაპს გავდივართ:

პირველი ეტაპი, ეს არის ეიფორია. ამ დროს რაც გარშემო ხდება ყველაფერი გვაოცებს და გვაბედნიერებს. ვამჩნევთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენს სახლთან შედარებით ახალ გარემოში უკეთესია. ეიფორიის ფაზაში სურვილი გვიჩნდება, რომ ამ ადგილს სამუდამოდ მივეჯაჭვოთ და უკან აღარასოდეს დავბრუნდეთ.

მეორე ეტაპი, ეს არის იმედგაცრუება. ამ ფაზაში ვიწყებთ ისეთი რამეების შემჩნევას, რაც ჩვენს სამშობლოსთან შედარებით უარესია, დეპრესიაში ვვარდებით და სახლი გვენატრება.

მესამე ეტაპი კი ყველაზე იდეალური და სასარგებლო ეტაპია. ეს არის – ბალანსი ეიფორიასა და იმედგაცრუებას შორის და სწორედ ამ ეტაპზე ხდება ჭეშმარიტი თვითაღმოჩენა.

პროფესორმა გაიხსენა ერთი სტუდენტი, რომელსაც ადრე დაუსვა შეკითხვა: “რა არის ის ერთი რამ, რაც ხრონინგენში ყოფნის დროს ისწავლე?” სტუდენტმა რამდენიმე წამი იფიქრა და შემდეგ უპასუხა: “ვისწავლე, როგორ უნდა გამოვიყენო სარეცხის მანქანა!” პროფესორმა გვითხრა, რომ ყველაზე დიდი შენაძენი, რასაც ხრონინგენში ყოფნის დროს მივიღებთ არის საკუთარი თავის შეცნობა და დამოუკიდებლობა. ამიტომ, მან გვისურვა, რომ დროულად მივაღწიოთ ბალანსის ფაზას და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა თვითშეცნობისთვის.

მისალმების ცერემონიალის შემდეგ ყველანი აკადემიურ შენობაში ვახშამზე მიგვპატიჟეს.

აქ თავი მარტოდ ვიგრძენი. ვისაც ვიცნობდი, ყველა სადღაც დაიფანტა და მთელი 2 საათი ეულად ვიჯექი. რამდენიმე ჯგუფთან მივედი და ვკითხე, თუ შეიძლებოდა მათთან “აი იმ ცარიელ სკამზე” დაჯდომა და ყველამ მიპასუხა რომ ადგილი დაკავებულია. ამიტომ ორი ჭიქა ლუდის დალევის შემდეგ გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი.

სასწავლო წლის დასაწყისში გამართულ ყველაზე დიდ თავყრილობაზე ერთი მეგობარი კი არა უბრალო ნაცნობიც კი ვერ შევიძინე. არა უშავს, ჯერ ორი დღეა აქ ვარ.

 

P.S. ჰოსტელში რომ დავბრუნდი, სარეგისტრაციოში მახარეს, რომ ჩემი დაკარგული ჩანთა მოიტანეს. Yippee!!!!