Tag Archives: წყალი

ჩემი რუტინა

“Operations are the coordination of tactics over time.” – Sebastian Marshall, Progression.

ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იწყება ღამის 11 საათზე.

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მეტი პროდუქტიულობისთვის აზროვნების სისტემაში პირველი ეს ცვლილება დამჭირდა: ახალი დღე იწყება ღამე, ზუსტად იმ დროს, როცა დასაძინებლად ვწვები.

7:00 – ვიღვიძებ. ვსვამ 0.5 ლ. წყალს და 7:30-მდე წიგნს ვკითხულობ (ასე ვფხიზლდები).
7:30 – ვიმზადებ საუზმეს და სადილს (შუადღისთვის). youtube-ზე ვუყურებ ჩემი საყვარელი “ცხოვრების ინსტრუქტორების”¹ ვიდეოებს, თან პარალელურად ვვარჯიშობ (კროსტრენინგი და იოგა, დღეების მონაცვლეობით).
8:30 – შხაპს ვივლებ, იმეილს და facebook-ს ვამოწმებ.
9:00 – ვსაუზმობ. პარალელურად youtube-ს ან ტელევიზორს ვუყურებ.
9:30 – ვიცვამ და ვემზადები წასასვლელად.
10:00 – სახლიდან გავდივარ. თან ლანჩი მიმაქვს. ოფისამდე ჩქარი ნაბიჯით მივდივარ, რასაც 15-20 წუთი სჭირდება.
11:30 – ვერთვები სამსახურის გაწამაწიაში. მუშაობის პარალელურად 1 ლიტრამდე წყალს ვსვამ.
14:00 – სამზარეულოში ჩავდივარ სასადილოდ.
14:30 – ვაგრძელებ მუშაობას.
19:00 / 20:00 – სახლში მივდივარ. როგორც წესი, ოფისს ყოველთვის მე ვკეტავ. გასვლის წინ ისევ 0.5 ლიტრ წყალს ვსვამ. სახლში ისევ ჩქარი ნაბიჯით ვბრუნდები. ესეც ჩემი ყოველდღიური გარანტირებული 30 წუთიანი ფეხით სიარული და 2 ლიტრი წყალი!
20:30 – ამ დროს უკვე საშინლად დაღლილი ვარ. ვახშამს ვიმზადებ და შევექცევი.
21:30 – მომდევნო დღეს ვგეგმავ.
23:00 – როგორც წესი, წიგნის კითხვაში მეძინება. დღე დასრულებულია.

routine

დაახლოებით ასე გამოიყურება ჩემი კალენდარი

როცა სკოპიეში ვარ და არ ვმოგზაურობ, ეს არის სამუშაო დღეების ძირითადი რუტინა. ხანდახან შუა კვირაში სუპერმარკეტში შევლა და პროდუქტების მარაგის შევსება მიწევს. ხანდახან სახლში ვახშმობის ნაცვლად, ვინმესთან ერთად გარეთ ვვახშმობ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგან სკოპიეში ბევრი ახლო მეგობარი არ მყავს. ყველა საოჯახო საქმე, სარეცხი და პროდუქტების შეძენა უქმე დღეებზე მაქვს გადანაწილებული.

უქმეებზეც დილის 7 საათზე ვიღვიძებ. შაბათს ვოდნოზე² საცოცად, პარკში სარბენად ან სავარჯიშოდ მივდივარ. ვალაგებ სახლს, ვრეცხავ სარეცხს, ვგეგმავ სოციალურ აქტივობებს და ვკითხულობ. კვირას კი წერის ან კითხვის სპრინტს³ ვაწყობ, ვიმარაგებ პროდუქტებს, ვგეგმავ მომდევნო კვირას, ვგეგმავ სოციალურ აქტივობებს და ისევ ვკითხულობ.

ამ რუტინიდან, ცხადია, მაქვს გადახვევებიც, მაგალითად ზოგჯერ შუა კვირაში უქმე დღე გამოერევა და ოფისში გასვლა არ მიწევს. ამ დროს სახლიდან ვმუშაობ და ვცდილობ საღამოს ვინმეს შევხვდე, პარკში ან ქალაქის ცენტრში ფეხით გავისეირნო.

არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც ყველაფერს აზრი ეკარგება და უბრალოდ აღარ მინდა რუტინას მივყვე. ამ დროს უბრალოდ დივანზე ვწევარ, ჭერს ვუყურებ და დაჟინებით ვფიქრობ. მსგავსი სიტუაციებიდან გამოსასვლელად გარკვეული ხერხებიც შევიმუშავე, რომლებზეც მოგვიანებით დეტალურად დავწერ.

¹Life Coach
²ვოდნო - მთა სკოპიეში
³სპრინტი - მოკლე მანძილზე მაქსიმალური სისწრაფით სირბილი

Feng Shui

რამდენიმე დღის წინ ნანუკას ბლოგზე წვაიკითხე პოსტი რომ სახლი ფენ შუის სტილში უნდა მოვაწყოო და დავინტერესდი რა იყო ფენ შუი. სიტყვა გაგონილი მქონდა მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა არ ვიცოდი.

დღეს ჩავატარე მცირე კვლევა და რაღაც e-წიგნიც გადმოვწერე ფენ შუის შესახებ. ისე ჩამითრია და გამიტაცა მეტი რომ არ შეიძლება.

აქვე: ვინმეს ქართულად თუ გაქვთ ფენ შუის შესახებ რამე წიგნი ან ბროშურა, სიამოვნებით ვითხოვებდი. :user:

მაშ ასე…

რა არის ფენ შუი?meditation_feng_shui

ფენ შუი არის ძველი ჩინური ხელოვნება. სახელი ჩინურად ნიშნავს ”ქარი და წყალი”.

ქარსაც და წყალსაც უდიდესი ენერგია აქვს, რაც ჩვენს ცხოვრებას დადებითი აურით ავსებს. ფენ შუი თავისი ძირეული აზრით ნიშნავს ცხოვრების ძირითადი ელემენტების – ყველაფერი რაც გარს გვაკრავს ყოველდღიურად – მოწესრიგებას ოპტიმალური და ჰარმონიული ენერგიის (წყლისა და ჰაერის მსგავსი) ნაკადის შესაქმნელად.

ფენ შუი ძირითადად საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მოწყობის ფორმულაა, თუმცა იგი ასევე იძლევა რჩევებს ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და სულიერი ჰარმონიის მისაღწევად.

ისე დავინტერესდი, რომ ბლოგზე დავიწყებ სხვადასხვა საინტერესო სტატიების გადმოქართულებას ფენ შუის შესახებ, რასაც ინტერნეტში ძრომიალისას წავაწყდები. მოდით დღეს ზოგადი აურის გასაწმენდი რჩევებით დავკმაყოფილდეთ:

  • ღრმად ჩაიხედეთ საკუთარ გულში და არ შეგეშინდეთ ამის! ეს ერთადერთი გზაა განავითაროთ და შეცვალოთ საკუთარი თავი. იყავით საკუთარ თავთან მართალი – თქვენ იმსახურებთ სიმართლეს და დაფასებას.
  • გაშალეთ ხელისგულები, დახუჭეთ თვალები და გაიწოდეთ ხელები მაღლა, თითქოს ელით რომ ვიღაცამ უნდა აგწიოთ და გულში ჩაგიკრათ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სული გააერთიანოთ სამყაროსთან (ჩემს წინა პოსტს მაგონებს ეს ფრაზა)
  • წარმოიდგინეთ თქვენი გულიდან, ფილტვებიდან და ხელისგულებიდა გამოსხივებული ენერგია და ეს ენერგია ეხება ყველაფერს რაც გზად შეხვდება.
  • განასხივეთ ენერგია თქვენი სხეულიდან, გაგზავნეთ იგი სამყაროს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში
  • ხმამაღლა გაიმეორეთ მანტრა: ”მე მზად ვარ ნებისმიერი სახის დადებითი ცვლილებისკენ”

შემდეგი პოსტი ამ თემაზე იქნება ფერების მნიშვნელობა ფენ შუის მიხედვით.

პ.ს. ხვალ ვაპირებ სახლის კარგად დალაგებას და ფენ შუის პრინციპების განხორცილებას.