Tag Archives: ცხოვრება

იკიგაი: მისიაზე ორიენტირებული

“We must, so far as we can, make ourselves immortal, and strain every nerve to live in accordance with the best thing in us.” – Aristotle

სანამ მის წერილს ველოდი, მარშალის “იკიგაის” კითხვა დავიწყე. “იკიგაი” იაპონური კონცეფციაა და ნიშნავს “მიზეზს ყოფნისათვის”. იაპონელებს თუ დავუჯერებთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი “იკიგაი” – ცხოვრებისეული დანიშნულება, რომლის საპოვნელადაც საჭიროა საკუთარი თავის ძიების შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესის გავლა.

ადამიანების უმეტესობა იკიგაის ძებნას არც იწყებს. მცირე ნაწილი – ძებნას იწყებს, მაგრამ ვერ პოულობს, ან პოულობს და ვერ ახორციელებას. მხოლოდ რჩეული ადამიანები პოულობენ და ახორციელებენ თავის იკიგაის.

მე ჯერ არ ვიცი, რა არის ჩემი იკიგაი, მაგრამ ჩემი მისია მისი პოვნაა.

*

თავს რომ ჰკითხოთ, რისი კეთება გსურთ მთელი ცხოვრება, რას უპასუხებდით?

მე მხოლოდ სამი რამ მინდა, ვცოცხლობდე, ვქმნიდე და მიყვარდეს.

*

ერთხელ ფსიქოლოგიური არტ თერაპიის მასწავლებელმა პირადი დროშები დაგვახატინა.

flagჩემი დროშა ჩეხეთის დროშის შებრუნებული ვერსია გამოვიდა. სამი ფერი ავირჩიე, წითელი, ლურჯი და თეთრი. ლურჯი – რაციონალობას, ლოგიკას და აზროვნებას ნიშნავს. წითელი – ირაციონალობას, ემოციებს და ინტუციას. თეთრი კი უმაღლესი ცნობიერებაა, 100% Mindfulness, რომელიც გადაფარავს ყოველგვარ შფოთს და მოუსვენრობას, როგორც ემოციებისგან, ისე აზროვნებისგან გამოწვეულს. ეს შეიძლება იყოს სიკვდილი, ან მარადიული სიცოცხლე. ეს არის გულწრფელი მოწყენილობა, რადგან გარშემო არაფერი ხდება, რაც შენ შეგაწუხებს და არაფერი ხდება შენში, რაც გარესამყაროს შეაწუხებს. ყველაფერი წონასწორობაშია.

ამ დროშით შემდეგი შეტყობინების გადმოცემა მინდოდა:

ყოვლისმომცევლი ცნობიერების მისაღწევად ემოციების და ლოგიკის დაბალანსებაა საჭირო.

პრაქტიკაში ამ ბალანსს ვერაფრით ვახორციელებ.

*

ნამდვილი რეალობის აღქმა დავკარგე. ყველაფერი სიზმრის ფერია, რაც გარშემო ხდება. მხოლოდ ის მიზნები მეჩვენება რეალურად, რაც ჩემს თავში შეიქმნა.

თითქოს სადღაც სარკისმიღმეთში ვცხოვრობ. ადამიანებს ველაპარაკები, ვიცინი, ვჭამ, დავდივარ, მაგრამ მგონია, რომ გარს თხელი, გამჭვირვალე მემბრანა მაკრავს. თითქოს წყალქვეშ ვარ. ყველა ხმა დუდუნით ჩამესმის. ყველა გამოსახულება გაცრეცილია. ჩემი ნაბიჯები ცურვას ჰგავს. ჩემი ცხოვრება გარესამყაროსგან იზოლირებულად მიედინება. ჩემს გონებას შიგნიდან ვხედავ. ადამიანებს თვალებში ვუყურებ, მაგრამ მათ სახელებს და სახეებსაც კი ვერ ვიმახსოვრებ.

მხოლოდ ერთადერთი კავშირი მაქვს რეალობასთან – წიგნები, ბლოგები, ინტერნეტი და თითზე ჩამოსათვლელი დიდებული ადამიანები. ამ ადამიანებისგან უმეტესობა მრავალი წლის წინ გარდაიცვალა.

თუ რომელიმე ცოცხალი ადამიანი ახერხებს ამ მემბრანაში შემოღწევას, მისი გამოჩენა მაცოცხლებელი ნიავის დაბერვასავითაა.

ისინი მალევე გარბიან… ძნელია მემბრანაში მყოფთან ურთიერთობა. მუდმივად უნდა ცდილობდე ამ კედლების დარღვევას, ის კი ხან ჩანს და მემბრანის კედლები თხელდება, თითქოს მიწვდები… ხან კი მემბრანა ნაჭუჭად იქცევა და შეღწევა შეუძლებელია.

*

დიდი ხანია ვაღიარე, რომ არასოდეს არ მექნება ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრება – როგორიც ადამიანების უმეტესობას. არ ვიცი, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებ, მექნება თუ არა საკუთარი სახლი, მეყოლება თუ არა ოჯახი და შვილები, ვეყვარები თუ არა ვინმეს, როდის ვნახავ მეგობრებს, თუ მივეკუთვნები რომელიმე სოციალურ წრეს. ადამიანები შორიდან შეიტყობენ ჩემი წარმატების შესახებ, მხრებს აიჩეჩავენ და იტყვიან, “ეგ ყოველთვის სხვანაირი იყო…” და გააგრძელებენ ცხოვრებას. სინამდვილეში ვერაფერს გაიგებენ.

პირველად ამას მაშინ მივხვდი, როცა ბარსელონაში საგრადა ფამილია დავინახე. ის ისეთი გრანდიოზული ჩანდა, მთელს დედამიწაზე თავი ყველაზე მარტოსულ ადამიანად ვიგრძენი. იმ მომენტში მივხვდი, თუ რას გრძნობენ მისიაზე ორიენტირებული სხვა ადამიანები – ყოვლისმომცველ გაუცხოებას და ინტელექტუალურ მარტოობას. მოწოლილ ემოციებს ვეღარ გავუძელი. ცხარე ცრემლით ავტირდი.

ადრე განვიცდიდი, დღეს ეს უკვე აღარ მაღელვებს. სხვაგვარად არაფერი გამოვა. იკიგაი მეძახის.

*

“… I cried for the first time in three years when I realized it. The million dollar question … why don’t people take the large opportunities in front of them? Why don’t they allow their dreams to become realities? Because it means you won’t be understood. And we need to be understood, fundamentally, it’s so important to us.” – SM, Ikigai

წავიკითხე და გამეღიმა. :)

ფოტო: Lacie Slezak

ორი ნაბიჯით წინ

“Time is like a river that will take you forward into encounters with reality that will require you to make decisions. You can’t stop the movement down this river, and you can’t avoid the encounters. You can only approach these encounters in the best way possible.”
– Ray Dalio, Principles.

თუკი ამ სტატიის წერას დავიწყებ, მიზანთან ერთი ნაბიჯით ახლოს ვიქნები.

შეიძინე ამაზონზე

დღეს სებასტიან მარშალის “პროგრესიის” კითხვა დავიწყე. შთაგონებული ვარ!

წიგნის პირველი ნაწილი “Upstream Effect”-ს განიხილავს. ეს არის დისკუსია იმის შესახებ, რომ ყოველ კონკრეტულ წამს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი არ გაქვს. უეცრად შეიძლება ავტობუსი დაგეჯახოს, აგური დაგეცეს, ვიღაცამ გესროლოს. ტყვია, რომელიც ზუსტად დაგიმიზნეს და შენსკენ მოფრინავს, იმ მომენტში შენი კონტროლის გარეთ არის. შენ უკვე თეორიულად მკვდარი ხარ. იმ წამის მეასედებში, გასროლიდან გულის გაჩერებამდე, ვეღარაფერს გააკეთებ. სიცოცხლე შენზე დამოკიდებული აღარ არის. თუმცა არსებობს საკითხები, რომელთა კონტროლი გრძელვადიან პერიოდში შეგიძლია, მაგალითად, სხეულის წონა, ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები, ყოველდღიური განწყობა, პროდუქტიულობა. ეს საკითხები ახლანდელ მოქმედებაზე და არჩევანზეა დამოკიდებული. არა, ამ მომენტში ვერაფერს შეცვლი, მაგრამ ხვალინდელი დღე? – გარკვეულწილად შეგიძლია აკონტროლო.

თუ ამ მომენტიდან პროაქტიულად დაიწყებ ცხოვრების მოწყობას, შემდეგი მომენტები ამჟამინდელზე იქნება დაშენებული, ხოლო მომავალში მეტი რამ იქნება შენი კონტროლის სფეროში.

რა გვაძლევს გრძელვადიანი კონტროლის საშუალებას?


შეიძინე ამაზონზე

6 თვის წინ ფიტნეს ტრეკერი¹ ვიყიდე და მისი ხელმძღვანელობით კროსტრენინგები² დავიწყე. კვირაში ორ-სამჯერ მინიმუმ 7 წუთს ვვარჯიშობდი. ტრეკერი დახარჯულ კალორიებს მითვლიდა.

7+ წუთი… ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ 7+ წუთიანი ვარჯიში ასეთი მტანჯველი იქნებოდა. ყოველ ჯერზე ვიფიცებოდი, რომ ამას აღარასოდეს გავიმეორებდი. თუმცა 2-3 დღეში მავიწყდებოდა ტკივილი და ვიძახდი – “მხოლოდ 7+ წუთი! სირცხვილია 7+ წუთიანი ვარჯიში დაგეზაროს!”

ყოველი წარმატებული სესიის შემდეგ, ტრეკერი ვარჯიშის სტატისტიკას იმახსოვრებდა და დატვირთვას შეუმჩნევლად ზრდიდა. თუ აპრილში ყველა რეპის³ შესასრულებლად 9 წუთი მჭირდებოდა, აგვისტოში უკვე 19 წუთს ვვარჯიშობდი.

საინტერესოა, რომ აგვისტოში, ვარჯიშების შემდეგ, თავს ისევე ვგრძნობდი, როგორც აპრილში, ისეთივე შემართებით ვპირდებოდი თავს, რომ ამას აღარასოდეს გავაკეთებ და იმდენივე ხანში მავიწყდებოდა დანაპირები. მეგონა, რომ აგვისტოში ისევე ვვარჯიშობდი, როგორც აპრილში, მაგრამ როდესაც სტატისტიკურ ანგარიშებს გადავხედე, ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა.

 

აპრილში თუ სესიის განმავლობაში 41 კალორიას ვწვავდი (154 რეპი), აგვისტოში უკვე 129 კალორიაზე (488 რეპი) ვიყავი ასული, დატვირთვა კი იდენტურად მეჩვენებოდა.
ინვესტირებული ძალისხმევა აპრილშიც და აგვისტოშიც ერთნაირი იყო. ინვესტირებული დრო ორჯერ გაიზარდა.
თუმცა ამონაგები ძალისხმევაზე (return on effort) აგვისტოში 3.14-ჯერ მეტი აღმოჩნდა.

 

ძალისხმევას კუმულატიური თვისება აქვს. გუშინ გაწეულ მცირე ძალისხმევას დღევანდელი ემატება, დღევანდელს – ხვალინდელი. თუმცა, ხვალინდელი ძალისხმევის შედეგი გუშინდელისგან დრამატულად განსხვავდება.

“Upstream Effect”-ი სიტყვასიტყვით “უკუდინების ეფექტს” ნიშნავს. დინების საწინააღმდეგო მიმართულებით პირველი ნაბიჯის გადადგმა რთულია, სამაგიეროდ მისი შედეგი დინებას ავტომატურად, დამატებითი ჩარევის გარეშე ჩამოჰყვება. “უკუდინების ეფექტის” საუკეთესო გამომხატველია ქართული ანდაზა: “მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება

თუკი ამ სტატიის წერას დავასრულებ, მიზანთან ორი ნაბიჯით ახლოს ვიქნები.

¹rep - რეპეტიცია, გამეორება. ჟარგონი ფიტნესში.
²ფიტნეს ტრეკერი - მოწყობილობა, რომელიც სპორტული აქტივობების დროს აფიქსირებს ყოველ მოძრაობას და აგენერირებს სტატისტიკურ ანგარიშებს.
³კროსტრენინგები - ვარჯიში ერთდროულად ორ ან რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სპორტში

სიცოცხლის ხე

მაღვიძარა. თბილი ბალიში. დილის სუსხი.
ფინჯანი. ყავა. შაქარი. კოვზის წკარუნი.
ონკანი. ფინჯანი. გამოფხიზლება.
პერანგი. შარვალი. ფეხსაცმელი. სავარცხელი.
ტაქსი. თვლემა.
სალმები. ქალმები.
გამოტენილი ტვინი.
გამოტენილი დღის განრიგი.
ტელეფონის ზარები. დედლაინები.
ხვატი. გამონაბოლქვი. ქალაქი. ხმაური.
ლანჩი. ცხარე. გემრიელი.
მეგობარი. ქაქანი. ემოციები.
ოფისი. კონდინციონერი.
კორპორატიული ვალდებულებები.
ტელეფონის ზარი. შეხვედრა. იმეილი.
პრეზენტაცია. ტელეფონის ზარი. ესემესი.
ყავა. პროექტი. ყავა. ენერგია. გულის ტკივილი. დაღლილობა.
ტაქსი.
მასაჟი. თვითშთაგონება. კრიტერიუმები. პარამეტრები. სილამაზე. მსხვერპლი. ტკივილი.
ტაქსი.
ლექცია. ცოდნა. დიპლომი. ნიშნები. რეიტინგი. ამაყი დედა. დაქანცულობა.
ტაქსი.
პიჟამო. ლოგინი. ძილბურანი. ფიქრები.

სამყარო. დაბადება. ცხოვრება. გარდაცვალება.

 

 

 

 

ამაოება.

It Girl – პოსტი, რომელსაც პრინციპში გააჩნია საიდან შეხედავ

ამას წინათ დავწერე, რომ ერთ თამაშს ვთამაშობ facebook-ზე, It Girl ჰქვია.

ვთამაშობ მაშინ როცა დრო მაქვს და გასართობად. მიჯაჭვული არ ვარ და შემიძლია არც ვითამაშო, მაგრამ დღეს ამ თამაშს ისე ფილოსოფიურად შევხედე, რომ უცებ თავის დანებება მომინდა…

თამაშის პრინციპი მარტივია:

ირჩევ character-ს, რომელიც ასრულებს ქვესტებს, დადის მაღაზიებში, ყიდულობს ტანსაცმელს, იცვამს ამ ნაყიდ ტანსაცმელს, დადის წვეულებებზე, ბრძოლაში იწვევს თამაშის სხვა მონაწილეებს და იჩენს boyfriend-ებს. ერთი სიტყვით მთელი თავისი ვირტუალური ცხოვრება აქვს.

თამაშში არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება შენი პროგრესი:

hotness - 102

hotness - 354

გამოცდილება – რომელსაც აგროვებ მაღაზიებში სიარულით და სხვა მოთამაშეების გამოწვევით. ამ გამოცდილების მომატებით იმატებ ე.წ. ლეველებს და იზრდები. რაც მეტი ლეველის ხარ, მით მეტი მაღაზია გეხსნება და მეტი ტანსაცმლის შეძენა შეგიძლია. სულ 90 ლეველი არსებობს.

ფული – შოულობ გამოწვევებში გამარჯვების შედეგად, ქვესტების შესრულებით და საათობრივად გარკვეული თანხაც შემოდის, როგორც სამსახურიდან. თუმცა ყველაზე მეტი ფული გამოწვევებით შემოდის.

hotness – რომელიც ყველა ტანსაცმელს/ფეხსაცმელს გააჩნია. რაც ძვირფასია ტანსაცმელი, მით მეტია hotness. თუმცა ორი მაღალი ლეველის დიდ hotness-ანი ტანსაცმელი ერთმანეთს შეიძლება საერთოდ არ უხდებოდეს.

არსებობს ფულის და გამოცდილების შოვნის ორგვარი ხერხი:

1. “მოწინააღმდეგე” გოგოების გამოწვევა –


ამ შემთხვევაში გამარჯვებული მხოლოდ hotness-ის მიხედვით ვლინდება. ამიტომ მათთან გამოწვევისას უმჯობესია მაქსიმალურ hotness-ზე გეცვას. რაც ყოველ ჯერზე მომგებიან შედეგს იძლევა, თუმცა ვიზუალურად საშინლად მახინჯია!


2. იმ გოგოების გამოწვევა, რომლებიც წვეულებებზე დადიან –

მათთან ბრძოლაში ყურადღება მეგობრების რაოდენობას, შენი ტანსაცმლის კარადის მოცულობას და ლეველს ექცევა, ამიტომ უმჯობესია დაბალ hotness-იანი, მაგრამ ლამაზი და შეხამებული ტანსაცმელი ჩაიცვა. რაც პრინციპში არის კიდევაც ამ თამაშის მთავარი მიმზიდველი მხარე – შოპინგი და შმოტკები.

ამასთანავე არსებობს გარკვეული რისკი, რომ ბრძოლაში მოულოდნელად დამარცხდე, რაც პირველი ტიპის ბრძოლაში გამორიცხულია, იქ ზუსტად იცი შენი და მოწინააღმდეგის შესაძლებლობები.

ანუ თამაშში არსებობს პროგრესირების 2 გზა:

შეგიძლია წყნარად იარო წვეულებებზე, ჩაიცვა ის, რაც ლამაზია. არ იყო აჯაჯულ-დაჯაჯული. მშვიდად მოიგო წვეულებების გამოწვევები. შეაგროვო ფული, იყიდო ის რაც მართლა მოგწონს/გიხდება. მართალია ამ გზით ლეველს უფრო ნელა აიღებ, მაგრამ თამაშისგან მიღებული სიამოვნება მეტი იქნება…

დაიკიდო წვეულებები! ჩაიცვა მაქსიმალური hotness-ის მქონე ტანსაცმელი, რაც საშინლად არ გიხდება. დაამარცხო მოწინააღმდეგეები სწრაფად და იშოვო ბევრი ფული, თუმცა ამით გამოცდილებაც ბევრი გემატება და რეალურად, მაღალ ლეველზე უფრო და უფრო მეტი მაღაზიები გეხსნება.

ახალი მიღწევები და შემოსული ფული იმ შესაძლებლობებს ვეღარ აკმაყოფილებს, რომელიც მეტ გამოცდილებას მოაქვს.

სრული ისტერიკის და თამაშისგან მიღებული 0 სიამოვნების ფონზე აღწევ 90 ლეველს, რომლის იქით თამაში აღარ გრძელდება. ერთადერთი რაც შეგიძლია აკეთო, არის მაღაზიებში სიარული და დარჩენილი ნივთების შესყიდვა სანამ ყველაფერს არ იყიდი.

შემდეგ თამაში გბეზრდება და ერთ დღესაც, დახურავ და არასდროს აღარ მიუბრუნდები.

დასკვნა:

თამაშის განმავლობაში შოულობ უამრავ ფულს, რომელსაც ხარჯავ უამრავ ნივთზე, მაგრამ იმდენს მუშაობ ამ ფულის საშოვნელად, რომ შეძენილი ნივთების გამოყენებასა და სიამოვნების მიღებასაც ვერ ასწრებ. მერე კი თამაში უეცრად მთავრდება ან გბეზრდება.

ნეტა შევძლებ ამ უკიდურესობების დაბალანსებას?…………..

ანონიმურ სიყვარულომანთა კლუბი

– მოგესალმებით, მე მარიამი მქვია და მე სიყვარულომანი ვარ.

– გამარჯობა, მარიამ! – თქვენც მესალმებით, აქა-იქ აპლოდისმენტები ისმის.

– მე დღეს აქ იმისთვის მოვედი რომ დახმარება გთხოვოთ. ეს დახმარება არ გულისხმობს არც მატერიალურს, არც მორალურს, არც ფიზიკურს, არც სხვა რაიმე სახის დახმარებას… მე დღეს აქ რწმენის განსამტკიცებლად მოვედი.

ბოლო რამოდენიმე თვეა ვფიქრობ, რომ სიყვარული არ არსებობს…

რომ არ მოვსულიყავი, ალბათ ბევრიც არაფერი დაშავდებოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუებული და ხელმოცარული ადამიანი შეემატებოდა სამყაროს და ყველა სხვა ადამიანის ცხოვრება კი ჩვეული დინებით გაგრძელდებოდა, მაგრამ მე სიყვარულომანი ვარ! მე არ შემიძლია სიცოცხლის ფიზიკურად გაგრძელება რწმენის გარეშე – რწმენის, რომ სიყვარული არსებობს და რომ ის ატრიალებს დედამიწას!

დიახ, თქვენ მართალი ხართ, წითელ თმიანო გოგონავ, მარჯვნივ მესამე რიგში! დიახ, დაბადებიდან მეოცნებე ვარ! ყველაზე დიდი მეოცნებე, რასაც კი შეიძლება თქვენი ფანტაზია გასწვდეს!

ყოველ საღამოს ჩაძინებამდე ჩემი ოცნების სამყაროში მიმიხარია,  ხოლო ყოველ დილით გაღვიძებისას იმავე სამყაროდან გადმოსვლა ისე მიჭირს თითქოს სიცოცხლეს ვთმობდე!

დიახ, ჭაბუკო, ბოლო რიგში, თქვენც მართალი ხართ, ბავშვობაში ძალიან ბევრი ზღაპარი წამიკითხავს! რასაც არ ვკითხულობდი, მამიკო და დედიკო მიკითხავდნენ და მიყვებოდნენ.

ვისაც არ დაეზარა, ყველამ ჩემი სული ასაზრდოვა სიყვარულზე დაწერილი ზღაპრებით, სადაც მთავარი მოქმედი გმირები – უფლისწული და მზეთუნახავი – ბოლოს ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.

სამწუხაროდ, “ჭირი – იქა და ლხინი – აქა”-ს შემდეგ რა ხდებოდა ისევე არავის უთქვამს, როგორც არავინ გვიყვება თუ რა ხდება ფილმებში ტიტრების შემდეგ, ან როგორც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას გვიმალავენ.

ახლა კი ჩემი ცხოვრების მეოთხედზე ვდგავარ და სიყვარულის აღარ მჯერა. Continue reading