Tag Archives: შემეცნება

იკიგაი: მისიაზე ორიენტირებული

“We must, so far as we can, make ourselves immortal, and strain every nerve to live in accordance with the best thing in us.” – Aristotle

სანამ მის წერილს ველოდი, მარშალის “იკიგაის” კითხვა დავიწყე. “იკიგაი” იაპონური კონცეფციაა და ნიშნავს “მიზეზს ყოფნისათვის”. იაპონელებს თუ დავუჯერებთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი “იკიგაი” – ცხოვრებისეული დანიშნულება, რომლის საპოვნელადაც საჭიროა საკუთარი თავის ძიების შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესის გავლა.

ადამიანების უმეტესობა იკიგაის ძებნას არც იწყებს. მცირე ნაწილი – ძებნას იწყებს, მაგრამ ვერ პოულობს, ან პოულობს და ვერ ახორციელებას. მხოლოდ რჩეული ადამიანები პოულობენ და ახორციელებენ თავის იკიგაის.

მე ჯერ არ ვიცი, რა არის ჩემი იკიგაი, მაგრამ ჩემი მისია მისი პოვნაა.

*

თავს რომ ჰკითხოთ, რისი კეთება გსურთ მთელი ცხოვრება, რას უპასუხებდით?

მე მხოლოდ სამი რამ მინდა, ვცოცხლობდე, ვქმნიდე და მიყვარდეს.

*

ერთხელ ფსიქოლოგიური არტ თერაპიის მასწავლებელმა პირადი დროშები დაგვახატინა.

flagჩემი დროშა ჩეხეთის დროშის შებრუნებული ვერსია გამოვიდა. სამი ფერი ავირჩიე, წითელი, ლურჯი და თეთრი. ლურჯი – რაციონალობას, ლოგიკას და აზროვნებას ნიშნავს. წითელი – ირაციონალობას, ემოციებს და ინტუციას. თეთრი კი უმაღლესი ცნობიერებაა, 100% Mindfulness, რომელიც გადაფარავს ყოველგვარ შფოთს და მოუსვენრობას, როგორც ემოციებისგან, ისე აზროვნებისგან გამოწვეულს. ეს შეიძლება იყოს სიკვდილი, ან მარადიული სიცოცხლე. ეს არის გულწრფელი მოწყენილობა, რადგან გარშემო არაფერი ხდება, რაც შენ შეგაწუხებს და არაფერი ხდება შენში, რაც გარესამყაროს შეაწუხებს. ყველაფერი წონასწორობაშია.

ამ დროშით შემდეგი შეტყობინების გადმოცემა მინდოდა:

ყოვლისმომცევლი ცნობიერების მისაღწევად ემოციების და ლოგიკის დაბალანსებაა საჭირო.

პრაქტიკაში ამ ბალანსს ვერაფრით ვახორციელებ.

*

ნამდვილი რეალობის აღქმა დავკარგე. ყველაფერი სიზმრის ფერია, რაც გარშემო ხდება. მხოლოდ ის მიზნები მეჩვენება რეალურად, რაც ჩემს თავში შეიქმნა.

თითქოს სადღაც სარკისმიღმეთში ვცხოვრობ. ადამიანებს ველაპარაკები, ვიცინი, ვჭამ, დავდივარ, მაგრამ მგონია, რომ გარს თხელი, გამჭვირვალე მემბრანა მაკრავს. თითქოს წყალქვეშ ვარ. ყველა ხმა დუდუნით ჩამესმის. ყველა გამოსახულება გაცრეცილია. ჩემი ნაბიჯები ცურვას ჰგავს. ჩემი ცხოვრება გარესამყაროსგან იზოლირებულად მიედინება. ჩემს გონებას შიგნიდან ვხედავ. ადამიანებს თვალებში ვუყურებ, მაგრამ მათ სახელებს და სახეებსაც კი ვერ ვიმახსოვრებ.

მხოლოდ ერთადერთი კავშირი მაქვს რეალობასთან – წიგნები, ბლოგები, ინტერნეტი და თითზე ჩამოსათვლელი დიდებული ადამიანები. ამ ადამიანებისგან უმეტესობა მრავალი წლის წინ გარდაიცვალა.

თუ რომელიმე ცოცხალი ადამიანი ახერხებს ამ მემბრანაში შემოღწევას, მისი გამოჩენა მაცოცხლებელი ნიავის დაბერვასავითაა.

ისინი მალევე გარბიან… ძნელია მემბრანაში მყოფთან ურთიერთობა. მუდმივად უნდა ცდილობდე ამ კედლების დარღვევას, ის კი ხან ჩანს და მემბრანის კედლები თხელდება, თითქოს მიწვდები… ხან კი მემბრანა ნაჭუჭად იქცევა და შეღწევა შეუძლებელია.

*

დიდი ხანია ვაღიარე, რომ არასოდეს არ მექნება ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრება – როგორიც ადამიანების უმეტესობას. არ ვიცი, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებ, მექნება თუ არა საკუთარი სახლი, მეყოლება თუ არა ოჯახი და შვილები, ვეყვარები თუ არა ვინმეს, როდის ვნახავ მეგობრებს, თუ მივეკუთვნები რომელიმე სოციალურ წრეს. ადამიანები შორიდან შეიტყობენ ჩემი წარმატების შესახებ, მხრებს აიჩეჩავენ და იტყვიან, “ეგ ყოველთვის სხვანაირი იყო…” და გააგრძელებენ ცხოვრებას. სინამდვილეში ვერაფერს გაიგებენ.

პირველად ამას მაშინ მივხვდი, როცა ბარსელონაში საგრადა ფამილია დავინახე. ის ისეთი გრანდიოზული ჩანდა, მთელს დედამიწაზე თავი ყველაზე მარტოსულ ადამიანად ვიგრძენი. იმ მომენტში მივხვდი, თუ რას გრძნობენ მისიაზე ორიენტირებული სხვა ადამიანები – ყოვლისმომცველ გაუცხოებას და ინტელექტუალურ მარტოობას. მოწოლილ ემოციებს ვეღარ გავუძელი. ცხარე ცრემლით ავტირდი.

ადრე განვიცდიდი, დღეს ეს უკვე აღარ მაღელვებს. სხვაგვარად არაფერი გამოვა. იკიგაი მეძახის.

*

“… I cried for the first time in three years when I realized it. The million dollar question … why don’t people take the large opportunities in front of them? Why don’t they allow their dreams to become realities? Because it means you won’t be understood. And we need to be understood, fundamentally, it’s so important to us.” – SM, Ikigai

წავიკითხე და გამეღიმა. :)

ფოტო: Lacie Slezak

10 სიმართლე, რომელიც “ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე” აღმოვაჩინე

sparkling-blue-universe_131922

ეს ჩემს მიერ აღმოჩენილი პატარ-პატარა სიმართლეები და გონების განათებებია, რომლებიც იმ დროს დამატყდა თავს, როცა გადახვეწილი ვიყავი და ჭეშმარიტების ძიებაში მთელი ქვეყანა შემოვიარე.

1. ცხოვრებისეული მოწოდება ცვალებადია

როცა 10 წლის ვიყავი, ჩემი აუხდენელი ოცნება მომღერლობა იყო. 20 წლისას ბიზნესვუმენობა მინდოდა. ახლა კი, თითქმის 30 წლისას, მეცნიერობა მაქვს გადაწყვეტილი. შუალედებში ჩემთვის საოცნებო პროფესიებს შორის იყო მსახიობი, იურისტი, ტელე-ჟურნალისტი, რადიოს წამყვანი, ჟურნალის რედაქტორი, მხატვარი, მოცეკვავე, ფსიქოლოგი, “სახალხო მთქმელი” (public speaker), მასწავლებელი, კონსულტანტი, ღონისძიებების ორგანიზატორი და დიპლომატი.

რადგანაც მეტისმეტად მგზნებარე ადამიანი ვარ, ყოველ ეტაპზე მეგონა, რომ პროფესია რომელზეც ვოცნებობდი, იყო ჩემი მოწოდება და დანიშნულება და საკუთარ თავს მხოლოდ ამ მიმართულებაში ვხედავდი. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ყველას მრავალმხრივი ნიჭები და უნარები გაგვაჩნია. სწორედ ამის გამო, შეუძლებელია გვქონდეს ერთადერთი “ჭეშმარიტი დანიშნულება”.

ცხოვრება საკუთარი ნიჭების აღმოჩენის, შესაძლებლობების გამოყენების და ძალების მოსინჯვის ასპარეზია. ამიტომ არასოდეს შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და ახალი საინტერესო სფეროს აღმოჩენა-გამოკვლევის, იმის მიუხედავად, თუ რამდენად წარმატებული ხართ თქვენს კარიერაში. ვინ იცის, იქნებ სწორედ იქ იმალება თქვენი “ჭეშმარიტი დანიშნულება”. ;)

2. თავისუფლება მოითხოვს სიმამაცეს

ადამიანების უმეტესობა ოჯახისა და საზოგადოების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობის გრძნობას განიცდის. გონიერი ადამიანის ყოველი მოქმედება ყოველთვის გარკვეულ ჩარჩოშია მოქცეული და მშობლებისა და მეგობრების ემოციებისა და შეხედულებების ფილტრშია გატარებული.

ყოველთვის ვდარდობთ იმაზე, რომ მშობლებმა ან გარშემომყოფებმა არ მოგვცეს ნება, გაგვეკეთებინა ის, რაც გულით გვინდოდა. ვწუწუნებთ, რომ სამსახურის გამო არ გვაქვს საშუალება, დრო დავუთმოთ ჩვენს გატაცებებს. ვიგონებთ ათასგვარ მიზეზს, რომ არ ვიყიდოთ თვითმფრინავის ბილეთი სასურველი მიმართულებით.

სინამდვილეში, არავითარი მიზეზი არ არსებობს. არავის შეუძლია ჩვენი ცხოვრების კონტროლი. ჩვენს ცხოვრებას თავადვე ვმართავთ. ერთადერთი რაც გვაფერხებს არის შიში. თავისუფლება კი მოითხოვს სიმამაცეს.

3. მთავარია ზრდა

ადამიანს არავითარი თანდაყოლილი მიზანი არ გააჩნია. ყოველგვარი მიზანი, რაც თავში მოგივათ, სხვების მიერ თავსმოხვეულია და კაცობრიობის მიერ თავის დამშვიდებას ემსახურება. სინამდვილეში ადამიანი გრიგალში მოხვედრილი ჭიანჭველაა: ჩვენ უგზოუკვლოდ დაკარგულები ვართ ჭეშმარიტების ძიების ამაო მცდელობებში. თუკი გრიგალიდან უვნებელი გამოსავალი არსებობს, ამის ერთადერთი საწინდარი ზრდაა: თუ სიმძიმე მოგვემატება, საყრდენ წერტილსაც უფრო ადვილად მოვიპოვებთ.

გადარჩენისათვის საჭიროა მუდმივად გავიზარდოთ. სწავლა და შემეცნება კი არის ამის ერთადერთი საშუალებაა.

4. ჯანმრთელობა ფასდაუდებელია

უმეტესობა ჩვენგანისთვის ჯანმრთელობა არის ის, რასაც ვერ ვამჩნევთ სანამ გვაქვს და მივტირით, როცა ვკარგავთ. ყოველდღიურად 10 წუთიანი მედიტაციით იმის გააზრება, რომ არაფერი გვტკივა და ჩვენი სხეული სრულიად გვემორჩილება, ისეთი ბედნიერების მომგვრელია, შეიძლება სხვა ბედნიერება აღარც ისურვოთ. 

თუმცა ამის გააზრებას შეგნებული ძალისხმევა სჭირდება. ამის გამო ადამიანები ისეთ სულელურ შეცდომებს ვუშვებთ, გონიერ არსებებს რომ არ შეეფერებათ. იფიქრეთ ამაზე.

5. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია

რაც არ უნდა ცუდი მოგონებები გვაკავშირებდეს ოჯახის წევრებთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობის შენარჩუნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გაჭირვების ჟამს გვერდით დაგვიდგებიან, არამედ იმიტომ, რომ მომავალში არ ვინანოთ, რომ მათ გული ვატკინეთ.

ოჯახის წევრები, რაც არ უნდა “სტატიკურად” და “უძრავად” გვეჩვენებოდნენ ისინი, წლების განმავლობაში ზუსტად ისევე იცვლებიან, როგორც ჩვენ. მათაც ეცვლებათ შეხედულებები და დროთა განმავლობაში სხვა ადამიანებად ყალიბდებიან. საკმარისია აღიქვა, რომ ისინი არ არიან სუპერძალების მქონე “ზეგარდმო” არსებები, მათაც გააჩნიათ ემოციები, მათაც სწყინთ, სტკივათ, ბრაზდებიან და სამყაროს მიმართ საკუთარი ხედვა გააჩნიათ, რომელთა პატივისცემაც ჩვენი ერთგვარი პასუხისმგებლობაა. ისინი ისეთივე ადვილად მოწყვლადი ადამიანები არიან, როგორც ჩვენი მეგობრები და თანატოლები. თუმცა იმის გამო, რომ ოჯახის წევრებთან უფრო მჭიდრო, უხილავი ძაფები გვაკავშირებს, მათ “ადამიანურობას” ვეღარ ვამჩნევთ.

საკმარისია ეს მჭირდო კავშირი გააზრებულად აღვიქვათ, ურთიერთობებში მაშინვე ჰარმონია დაისადგურებს. იმ ოჯახებში კი, სადაც ურთიერთობები სამარადჟამოდ განწირულია, სულ მცირე ერთი “მონათესავე სულის” პოვნაც კი შვებას მოგიტანთ.

6. ბავშვობის ტრავმებს მთელი ცხოვრება ვმკურნალობთ

რაც ჩვენი ცხოვრების პირველ 10 წელიწადში ხდება, მეტწილად განსაზღვრავს დანარჩენ 80-90 წელიწადს. უკლებლივ ყველას გვაქვს ბავშვობის ან/და სიყმაწვილის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმები.

ყველას გვყავდა თითო ზედმეტად მკაცრი მშობელი, ან არარეალიზებული მასწავლებელი, ან სექსუალურად მოძალადე უფროსი “მეგობარი”. ყველას დაგვცინოდნენ სკოლაში და არ გაგვიმართლა პირველ სიყვარულში. ნაადრევად ყველას გარდაგვეცვალა საყვარელი ოჯახის წევრი, ან ჩვენი მშობლები მუდამ ჩხუბობდნენ ერთმანეთში. ზოგს ოჯახი საერთოდ არ გვყოლია და მოხუც ბებიებთან და ბაბუებთან ვიზრდებოდით. ზოგმა პატარა დები და ძმები გავზარდეთ და უფროსებისგან სითბო მუდამ გვენატრებოდა. ზოგს მუდმივად ჩაგვძახოდნენ, რომ ჩვენგან არაფერი გამოვიდოდა. ზოგს კი პირიქით, იმაზე მეტ პასუხისმგებლობებს გვაკისრებდნენ, ვიდრე მათი ზიდვა შეგვეძლო. ზოგს მთელი ბავშვობა განმარტოება და სხვების ყურადღებისგან დასვენება გვინდოდა. ზოგმა კი თავის მოკვლა ვცადეთ და ყურადღება მაინც არავინ მოგვაქცია. ზოგს გვინდოდა, ყველას ვყვარებოდით და ამის გამო საშინელებებს ჩავდიოდით.

რაც უფრო მალე აღმოაჩენ ამ ტრავმებს და შეეცდები მათ რაციონალურად გადაანალიზებას, მით უფრო მალე გათავისუფლდები მათი ტყვეობიდან. სხვა შემთხვევაში, მთელი ცხოვრება მოგიწევს მათი მწარე უკუჩვენებების ატანა.

7. ბედნიერება არჩევანია

ბედნიერება არ არის რამე ადგილი ან საბოლოო დანიშნულების წერტილი. ბედნიერების “მიღწევა” შეუძლებელია. ბედნიერება არის უბრალო არჩევანი – იყო ბედნიერი, განირიდო ნეგატიური ფიქრები და ადამიანები, და იცხოვრო ისეთი ცხოვრებით, რომელიც გულით გსურს.

ბედნიერების მიღწევაში ვერ დაგეხმარება მუსიკა, ნარკოტიკები, საყვარელი ადამიანი, კარგი სამსახური, ბევრი ფული და სხვა. ბედნიერება არის საკუთარი თავის ფლობა, მასთან ჰარმონიაში ყოფნა და თვინიერება.

8. მე ვცხოვრობ ახლა

ადამიანების მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ან წარსულით ვცხოვრობთ ან მომავლით. სინამდვილეში მთელი ჩვენი ცხოვრება ახლანდელი მომენტების ერთობლიობაა. თუკი ისე ვიცხოვრებთ, თითქოს ყოველი დღე და ყოველი წუთი უკანასკნელია, მივხვდებით, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანების, საქმიანობების და ნივთების ნახევარზე მეტი ფუჭი და “გამოუსადეგარია”. თუ დავფიქრდებით, რას გავაკეთებდით ახლა, რომ ვიცოდეთ რომ ერთი თვის სიცოცხლე გვაქვს დარჩენილი, ბევრად უკეთეს გადაწყვეტილებებს მივიღებდით. მომავალი არ არსებობს, წარსულზე დარდს კი არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

რაც მალე გავიაზრებთ ამას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ ცხოვრებაში.

9. მადლიერება ათავისუფლებს

ადამიანების კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის იმაზე მეტი გვინდა, ვიდრე გვაქვს. თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ უმეტესობა ჩვენგანს იმაზე უკეთესი ცხოვრება გვაქვს, ვიდრე ჩვენი ნაცნობების ნახევარს და ჩვენს მდგომარეობას სხვისაში არაფრის დიდებით არ გავცვლიდით.

იმის მაგივრად, რომ დავჯერდეთ იმას, რაც უკვე გვაქვს და ვიზეიმოთ ცხოვრება ისეთად, როგორიც ის გვერგო, ყველა წუთს წუწუნში ვატარებთ. ყოველთვის ვისახავთ არასწორ, მატერიალურ მიზნებს, რომელთა მიღწევაც მხოლოდ დროებით გვაკმაყოფილებს და ცოტა ხნის შემდეგ ისევ უკმაყოფილების წრედში აღმოვჩნდებით. ამის გამო ჩვენი სურვილების ტყვეები ვხდებით და ყოველთვის გვენატრება თავისუფლების განცდა.

სურვილების ტყვეობისგან გათავისუფლება მხოლოდ მადლიერების მუდმივი მეცადინეობით და გამოხატვითაა შესაძლებელი.

10. ჭეშმარიტება არ არსებობს

ყველაზე მარტივი ჭეშმარიტება ის არის, რომ მარტივი ჭეშმარიტება არ არსებობს.

არ არსებობს “პასუხი სიცოცხლის, სამყაროს და ყველაფერ დანარჩენის” შესახებ.

ან უბრალოდ მისი პასუხია 42.