Tag Archives: ფრენა

20+ ვებგვერდი ევროპაში მოგზაურობის დასაგეგმად

ჩემი ვოიაჟების გამო გარკვეული ცოდნა დამიგროვდა მოგზაურობის დაგეგმვის შესახებ, განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებით. დღეს გთავაზობთ იმ ვებგვერდების და რესურსების სიას, რომლებიც მე ძალიან გამომადგა ყველა ჩემს მოგზაურობაში და დარწმუნებული ვარ თქვენც ისიამოვნებთ.

თუ თქვენ სხვა სასარგებლო რესურსებიც იცით, გთხოვთ კომენტარებში მომწეროთ და სიას განვაახლებ. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ! :)

ჩემოდნის ჩალაგება:

travelschecklist.com

იაფი ავიაკომპანიები:

Pegasus Airlines – საქართველოდან გაღწევის ერთ-ერთი ყველაზე იაფი გზა. დაფრინავს თბილისის აეროპორტიდან.

Wizzair – იაფი ავიაკომპანია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს.

Ryanair.com – ეკონომ-ფრენები. მართალია, საქართველოდან ჯერ არ დაფრინავს, მაგრამ დაფრინავს ბუდაპეშტიდან, სადაც wizzair-ით შეგიძლიათ გადაფრენა. ასევე შეგიძლიათ ეს ავიაკომპანია გამოიყენოთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებს შორის მოგზაურობისას

Transavia – დასავლეთ ევროპა

EasyJet – დასავლეთ ევროპა

Vueling.com – ძირითადად ესპანეთი და დასავლეთ ევროპა

საძიებო სისტემები:

Kayak.com/flights – სხვადასხვა ავიაკომპანიების ფასების შედარებისთვის. ეკონომ-ფრენები მგონი აქ არ იძებნება

checkmybus.com – თითქმის ყველა ავტობუსის კომპანიის საძიებო სისტემა

Goeuro.com – ასევე საძიებო სისტემაა ყველა სახის ტრანსპორტის

მატარებლები:

Deutsche Bahn – მატარებლით მოგზაურობა გერმანიიდან, გერმანიისკენ და გერმანიაში

NS.nl – მატარებლით მოგზაურობა ჰოლანდიიდან, ჰოლანდიისკენ და ჰოლანდიაში. აქ მატარებლით მგზავრობა საკმაოდ ძვირია, ამიტომ აჯობებს ჯგუფური ბილეთი შეიძინოთ. არსებობს ფეისბუქის ჯგუფები (მაგალითად, NS Group-tickets Amsterdam), სადაც 10-10 კაცი ერთიანდება და ერთად ყიდულობენ ბილეთებს.

Tren Italia – მატარებლით მოგზაურობა იტალიაში

ავტობუსები:

uk.megabus.com – ავტობუსის ხაზი რომელიც აერთებს ლონდონს, პარიზს, ამსტერდამს, ბრიუსელს და სხვა ევროპულ ქალაქებს…

Public Express – ბრემენი, გრონინგენი და ოლდენბურგი

FlixbusMeinFern Bus – გერმანული ავტობუსების კომპანია, რომელიც თითქმის ყველა დიდ ქალაქში დადის (ეს ორი ვებგვერდი ერთ კომპანიას ეკუთვნის.

Ouibus – იაფი და კომფორტული ავტობუსების კომპანია

Student Agency – ჩეხური იაფი ავტობუსების კომპანია

Terravision.eu – აეროპორტის ტრანსფერები ევროპის ზოგიერთ დიდ ქალაქში (ლონდონი, მანჩესტერი, რომი, ფლორენცია, მილანი, პალერმო, ტურინი, ამსტერდამი, მალტა, პორტო).

Eurolines – ავტობუსები მთელს ევროპაში [მოგვაწოდა თემუჩინმა]

სასტუმროები და ჰოსტელები:

Booking.com – როცა საქმე ახალ ქალაქში თავშესაფრის პოვნას ეხება, მე ყოველთვის ბუქინგ.ქომ-ს ვენდობი.

 

16 საათი გზაში

ყოველთვის როცა ადამიანი რამეზე წუწუნს იწყებს, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც იტყვის: “შენ რა გიჭირს, აი, მე უფრო ცუდად მაქვს საქმე…” გასაგებია, რომ ჩემზე უარეს სიტუაციაშიც ყოფილა ვიღაც და აფრიკაში ბავშვებიც წყურვილით იხოცებიან, და 1 წელი ჰოლანდიაში ვიცხოვრებ და ამის გამო ბედნიერებისგან უნდა ვბრწყინავდე და მგზავრობის საშინელებებიც უნდა ავიტანო… მაგრამ ვერავითარი ძალა ვერ შემაჩერებს რომ ჩემს 16 საათიან საშინელ მოგზაურობაზე არ ვიწუწუნო.

ფრენა 25 აგვისტოს, დილის 4:45 წუთზე იყო დანიშნული. აეროპორტში მინიმუმ 45 წუთით ადრე მინდოდა მისვლა, მაგრამ რატომღაც 4:15-ზე მივედი და აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. მითხრეს, დაგაგვიანდაო, მაგრამ სახე ისტერიკის წინაპირობით დამეღრიჯა, ალბათ ამიტომ ჩემი ორი 20 კილოიანი ჩანთისგან შემდგარი ბარგი ჩაიბარეს და ჩასხდომაზე ამიშვეს.

გაკვეთილი #1: ამიერიდან აეროპორტში საათნახევრით ადრე მაინც უნდა მივიდე.

პასპორტის კონტროლზე საშინლად გრძელი რიგი იდგა. ცოტა გავძვერ-გამოვძვერი და როგორც იქნა გავედი ბარგის შემოწმებაზე. იქ მითხრეს, რომ ჩანთიდან ჩემი საყვარელი “გენას” თავიანი ჩანგალი, რომელიც 6 წლის რომ ვიყავი ჩემმა მეგობარმა სანდრომ მაჩუქა, უნდა ამომეღო და ნაგავში მომესროლა. რა ჯანდაბად ჩავდე ეს ჩანგალი მაინცდამაინც ხელბარგში?

დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩემი ჩანგალი. თუმცა ჩებურაშკას მაგივრად გენას თავი ჰქონდა.

დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩემი გენას თავიანი ჩანგალი.

აი, ასე, აეროპორტის ბარგის საკონტროლო პუნქტზე, სიმბოლურად და ნაჩქარევად გამოვემშვიდობე ჩემს ბავშვობას.

გაკვეთილი #2: არასდროს უნდა ჩავდო წვეტიანი ნივთები ხელბარგში.

საკონტროლო პუნქტთან ჩემი ნაცნობი თანა-ერასმუსელი, მარიამ რაზმაძე დავინახე. შარშან სტამბოლში ყოფნისას, მარიამთან ერთად ვქირაობდი ბინას. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავშიც გვერდიგვერდ ვისხედით. გამიხარდა და გავოცდი. ეს როგორ მოხდა?
როგორ დაემთხვა, რომ ორივემ ერასმუსში გავიმარჯვეთ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროგრამაში გვქონდა შეტანილი აპლიკაცია, ორივე ერთ ქალაქში და ერთ უნივერსიტეტში მოვხვდით?
როგორ მოხდა, რომ მიუხედავად სხვადასხვა კოორდინატორებისა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, ორივეს ერთ რეისზე დაგვიჯავშნეს ფრენა და თანაც გვერდიგვერდ მოვხვდით? რა შანსი არსებობდა ამდენი დამთხვევის?

გაკვეთილი #3: სამყარო ძალიან, ძალიან უცნაურად არის მოწყობილი.

თვითმფრინავში რომ ავედი, მეგონა თავი ქუდში მქონდა, მაგრამ “ნურას უკაცრავად”-ო მომიგო მოგზაურობის ღმერთმა. თვითმფრინავი დაახლოებით 6-ის ნახევრამდე ჯორივით ჯიუტად იდგა და გაფრენაზე უარს აცხადებდა.
პირველი გაჩერება ვარშავაში უნდა გვქონოდა. იქ ამსტერდამის თვითმფრინავში უნდა გადავმსხდარიყავით. თუმცა, რა თქმა უნდა, 45 წუთიანი დაგვიანების შემდეგ, მეორე ფრენას ვერ მივუსწარით და ზუსტად ჩვენს ცხვირწინ დამთავრდა ჩასხდომა.

LOT airline plane

მომდავნო რეისი 7 საათში იყო დაგეგმილი

მომდევნო პირდაპირი რეისი ამსტერდამამდე მხოლოდ 7 საათის მერე იგეგმებოდა. ეს არანაირად არ გვაწყობდა, რადგან ამსტერდამიდან გრონინგენამდე კიდევ მატარებლით უნდა გვემგზავრა.
ბევრი წუწუნის შემდეგ, პოლონური ავიახაზების თანამშრომელმა ახალი ბილეთები მოგვცა – შემაერთებელი რეისი ამსტერდამამდე, ფრანკფურტის გავლით ორ საათის შემდეგ დაიძვრებოდა ვარშავიდან. გვითხრეს, რომ ბარგსაც იგივე რეისით გამოაგზავნიდნენ. ეს დაახლოებით 4 საათით დაგვაგვიანებდა გრონინგენში, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

chopin airport

ვარშავაში, შოპენის აეროპორტში პოლონურმა ავიახაზებმა საჭმლის ვაუჩერი მოგვცა – ბოდიშის მოხდის მიზნით.

ვარშავა-ფრანკფურტი-ამსტერდამის ფრენა ლუფტანზამ შეასრულა. ფრენამ კარგად ჩაიარა, თუმცა ამსტერდამში, სკიპჰოლის აეროპორტში ერთ საათიანი ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ჩანთა ვარშავიდან არც კი გამოუგზავნიათ.

ფრანკფურტის აეროპორტში ველოდებით ამსტერდამის რეისს

ფრანკფურტის აეროპორტში ველოდებით ამსტერდამის რეისს

წავედი ლუფტანზას ოფისში განცხადების დასაწერად. ემოციები რომ გვერდით გადავდოთ, ნახევარი საათი მარტო ფორმებს ვავსებდი. მარიამი დანარჩენ ჩანთებს ყარაულობდა. მის გარეშე, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

ლუფტანზას ოფისმა, რა თქმა უნდა, მომიბოდიშა და შემპირდა, რომ ჩანთას 24 საათის განმავლობაში იპოვნიდნენ და სახლში მომიტანდნენ. გრონინგენში დაჯავშნილი ჰოსტელის მისამართი და ტელეფონი ჩავაწერინე.

schiphol airport amsterdam

სკიპჰოლის აეროპორტში – სანამ ჩვენი ბარგის ამბავს გავიგებდით, გზადაგზა არხეინად ვიღებდით სურათებს

როგორც იქნა სკიპჰოლის მატარებლის სადგურამდე ჩავაღწიეთ. უკვე 4-ის ნახევარი იყო. წესით გრონინგენში უკვე რამდენიმე საათის წინ უნდა ვყოფილიყავით. გასავათებული ვიყავი. თვალწინ მედგა ყველა ნივთი, რაც დაკარგულ ჩემოდანში მედო და გეგმას ვსახავდი, რისი ყიდვა დამჭირდებოდა პირველ რიგში, თუკი ჩემოდანს არ მომიტანდნენ. კიდევ კარგი, ბარგის ჩალაგებისას გავითვალისწინე დაკარგვის შემთხვევა და ტანსაცმელიც და ფეხსაცმელიც ორ ნაწილად მქონდა გაყოფილი და სხვადასხვა ჩემოდნებში განაწილებული.

გაკვეთილი #4: “რესურსების გადანაწილება” და “დეცენტრალიზაცია” სიტყვების რახარუხი არ არის.

5-ის 3 წუთზე მატარებელიც ჩამოდგა. ორ სართულიანი, ლურჯ-ყვითელი მატარებელი იყო. ძლივს ავათრიეთ ჩანთები მეორე სართულზე. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ თუ ჩემი ჩანთა ოდესმე ისევ გამოჩნდებოდა, მისი დროებითი დაკარგვა არც ისე ცუდი იდეა იყო. ამხელა გზაზე ერთი 20 კილოიანის და 8 კილოანი ხელბარგის ტარებაც საკმაოდ გამიჭირდა.

2 საათნახევარი მატარებელში გავატარეთ. გარეთ საშინელი ამინდი იყო. ზოგან ჟინჟლავდა, ზოგან კი გვარიანად წვიმდა. თბილისის 40 გრადუსიანი სიცხის შემდეგ ჰოლანდია ციმბირად მომეჩვენა. კიდევ კარგი თბილი ქურთუკი ხელბარგში მედო და როგორც კი ჩრდილოეთისკენ დავიძარით, მაშინვე შიგ გავეხვიე.

უძილობისგან, ნერვიულობისგან და დაღლილობისგან თავი ამტკივდა. გამაყუჩებელი დავლიე და შევეცადე ცოტა ხანი დამეძინა. მართალია, სამი ფრენა გვქონდა, მაგრამ ვერცერთზე ვერ დავიძინე. როგორც კი 20 წამით ჩამთვლემდა, თვითმფრინავი დაჯდომას იწყებდა. მატარებელში უფრო გამიმართლა, 15 წუთი თვალი მოვხუჭე. გზისპირა პეიზაჟმაც ხელი შემიწყო – ბევრი იყო ტრამალი მინდვრები, ძროხები და ქარის წისქვილები; ცოტა იყო ტყე, ქალაქები და ფერმერთა კოხტა სახლები.

ასე გამოიყურება ქალაქების შემაერთებელი მატარებელი. მეორე სართულიდან კარგი ხედია.

ასე გამოიყურება ქალაქების შემაერთებელი მატარებელი. მეორე სართულიდან კარგი ხედია.

“რა ლამაზია აქაურობა” – გავიფიქრე და მივხვდი, რომ მიუხედავად თავს გადამხდარი ნერვიულობებისა, ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ აღმოვჩნდი. ამ წამს წვიმაც მიხარია, სიცივეც და ქარის წისქვილებიც. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე არაკომფორტული და ამავე დროს საუკეთესო მოგზაურობაა. ავიახაზებს გაგულისებულ წერილს მივწერ, ბარგსაც დამიბრუნებენ. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მაგარია!

გაკვეთილი #5: ყოველთვის ყველაფერს კარგი მხრიდან უნდა შევხედო – ასე უფრო ბედნიერი ვიქნები.

გრონინგენის ცენტრალურ სადგურში დაახლოებით 6 საათზე შევედით. ნახევარი საათი ავტობუსს ველოდეთ, რომელშიც თითომ 2 ევრო გადავიხადეთ და რომელმაც საბოლოოდ ბოტერდიპის ქუჩაზე 73-2 ნომერში მიგვიყვანა. აქ ჩვენი ჰოსტელი მდებარეობს. ჰოსტელი, ტკბილი ჰოსტელი.