რამდენ სერიალს და ფილმს ვუყურებთ, არა?
ვუყურებთ, გვიყვარდება, ვეჯაჭვებით, გავლენის ქვეშ ვექცევით, ვბაძავთ, ქვეცნობიერში გველექება მათი მანერები, ქცევები, ხმის ტემბრი, გარდერობი, ჩვევები, კარგი და ცუდი თვისებები… ზოგჯერ აღმოვაჩენთ ხოლმე რომ თურმე როგორ გვგავს, თურმე რამდენი საერთო გვაქვს, თურმე ჩვენც ხანდახან ასე ვიქცევით, თურმე როგორები ვყოფილვართ გვერდიდან…
და მათი ძლიერი თუ ნაკლოვანი მხარეები საკუთარ თავზეც გაფიქრებინებს – “ნეტავ მე როგორი ვარ?”

ბეტი სუარესი (Ugly Betty)
ბეტი კეთილი და შრომისმოყვარეა. ის ცდილობს დაეხმაროს ყველას, ვისაც მისი დახმარება ესაჭიროება (და არა მარტო). ხშირად ეხვევა ისეთ უსიამოვნებებში, სადაც მას არაფერი ესაქმებოდა. მას განსაკუთრებულად ესმის მეგობრობა და არასდროს სწირავს ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრებას უმწარებენ.
ვინმე იტყოდა, რომ მას სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა სჩვევია. მე ვიტყოდი, რომ მას სურს სამყარო უკეთესი იყოს.

რეიჩელ ბერი (Glee)
რეიჩელი ამბიციური და დრამატულია. მას მიაჩნია, რომ დედამიწა მის გარშემო ტრიალებს და ყოველთვის ყურადღების ცენტრში მოხვედრას ცდილობს. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ოდესმე ძალიან, ძალიან ცნობილი გახდება, თუმცა ამის მიღწევას მხოლოდ საკუთარ ნიჭზე დაყრდნობით და მუხლჩაუხრელი შრომით აპირებს…
ვინმე იტყოდა, რომ ის თავკერძა და ამპარტავანია. მე ვიტყოდი, რომ მას საკუთარი ძალების გულწრფელად სჯერა.

გაბრიელ სოლისი (Desperate Housewives)
გაბრიელი თავდაჯერებული, ძლიერი და შეუპოვარია. ცდილობს გარშემო ყველაფერი აკონტროლოს, რადგან სასტიკად არ უყვარს მოულოდნელი უსიამოვნებები. თუმცა დაბრკოლებები მას არ აშინებს, მხოლოდ აძლიერებს და მტრებსაც მუდამ საკადრისად უსწორდება.
ვინმე იტყოდა, რომ ის უხეში და სასტიკია, მე ვიტყოდი, რომ ის თავს კარგად იცავს.

შარლოტ იორკი (Sex and the City)
შარლოტა მიამიტი, მეოცნებე და რომანტიკოსია. მას აქვს უცნაური იუმორის გრძნობა, უყვარს პირად ურთიერთობებში საკუთარი თავისთვის წესების და შეზღუდვების დადგენა, ცხოვრობს საკუთარ მოგონილ ვარდისფერ სამყაროში და ცხოვრებისეული სიძნელეების მიუხედავად, გულწრფელად სჯერა, რომ აუცილებლად გამოჩნდება “ის” ერთადერთი, ვინც მას ბედნიერს გახდის.
ვინმე იტყოდა, რომ ის ინფანტილური ოპტიმისტია. მე ვიტყოდი, რომ მართლა “აუცილებლად გამოჩნდება”.