მოგზაურობა იტალიაში: დღე პირველი

აინდჰოვენის აეროპორტი ©
აინდჰოვენის აეროპორტი ©

დილის 7-ის ნახევარზე ავდექი, გამოსაფხიზლებლად აზიდვები გავაკეთე და სადგურისკენ გავეშურე.

წინ 8 დღიანი მოგზაურობა მელის იტალიაში. ყოველთვის ვცდილობ წინასწარ მოლოდინები არ შევიქმნა ხოლმე, მაგრამ იტალიას ვერაფერს ვშველი. ლიზ გილბერტის გადამკიდე, გარკვეული მოლოდინები მაქვს უკვე.

გილბერტი პირველივე აბზაცში რომ არ მეხსენებინა, არაფერი გამოვიდოდა. მისი მემუარები – Eat Pray Love – ჩემი შთაგონების წყარო იყო ბოლო 2 წლის მანძილზე. ვისაც წიგნი არ წაგიკითხავთ, ფილმი მაინც გეცოდინებათ, ჯულია რობერტსის მონაწილეობით (წიგნი ათასჯერ ჯობია, რა თქმა უნდა). ვიღაცისთვის ეს წიგნი მორიგი chick-flick-ია, ჩემზე კი დიდი გავლენა მოახდინა და სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გადავიკითხე.

როცა ეს წიგნი პირველად ჩამივარდა ხელში, მასში ყველაფერი აღმოვაჩინე, რაც იმ დროს მჭირდებოდა. შემდეგ მისი გაგრძელება, Committed წავიკითხე, და აქაც იგივე განმეორდა. ლიზის ფეისბუქის გვერდის სიახლეებიც გამოწერილი მაქვს და მის პოსტებში ყოველდღე ვპოულობ შთაგონებას, გამხნევებას, სამყაროს ახლებურ ხედვას.

როცა Eat Pray Love აღარ მეყო, მისი Spin-off-ს გადავწვდი. Un Amico Italiano ლიზის იტალიელი მეგობრის, ლუკა სპაგეტის საავტორო წიგნია. ლუკა სპაგეტი Eat Pray Love-ში იტალიის ნაწილის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია და შესაბამისად მის წიგნში უმეტესად რომის, იტალიის და ლიზთან მეგობრობის შესახებ არის მოთხრობილი. Un Amico Italiano “Eat Pray Love”-ის და იტალიის ფანებისთვის აუცილებელი საკითხავია, ისე კი, როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები, დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს.

ამ პოსტების სერიაში ბევრჯერ შეგხვდებათ პარალელები Eat Pray Love-თან და უბრალოდ შეეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ.

ერთი სიტყვით, ამ ორი წიგნით, რამდენიმე ჰოლივუდის ფილმით (“გლადიატორი”?) და რა თქმა უნდა, ძველი, სკოლის დროინდელი ისტორიის გაკვეთილებით, გარკვეული მოლოდინები მქონდა. ბარსელონასგან განსხვავებით, რომლისგანაც მართლა არაფერს მოველოდი, რომის მიმართ ძალაუნებურად მეტი მოთხოვნა გამიჩნდა.

თუმცა მაინც ვცდილობ ეს მოლოდინები ჩავახშო და უბრალოდ დავისვენო. წინა თვეები თავიდან ბოლომდე სწავლას დავუთმე და ახლა ცოტა ხნით გონების გათიშვა მესაჭიროება. ფრენის წინ ყოველთვის ვნერვიულობ ხოლმე. მთავარია ყოველდღე გავაკეთო ჩანაწერები. It’s all good.

* * *

At Eindhoven Airport
აინდჰოვენის აეროპორტში – აფრენამდე
At Ciampino
ჩამპინოს აეროპორტში – დაფრენის შემდეგ

ჩამპინოს (Ciampino) აეროპორტში მშვიდობით ჩამოვფრინდი. დაჯდომისას თვითმფრინავი ცოტათი შეირყა, მაგრამ ცხადია კატასტროფას გადავრჩით. ავტობუსს ველოდები და ხალხს ვაკვირდები.

მომწონს იტალიური ენა, ყურს სასიამოვნოდ ხვდება ყოველი სიტყვის გაწელილი ბოლო მარცვალი. და იტალიელი ბიჭები?! ჰოლანდიელებს ვაქებდი მთელი 6 თვე, მაგრამ იტალიელებს სხვა ეშხი ჰქონიათ. ლიზი მართალი იყო Eat Pray Love-ში, როგორც იტალიური ენის, ისე – იტალიელი ბიჭების შესახებ. დღეს არანაირი გეგმა არ მაქვს, უბრალოდ სასეირნოდ წავალ, ქუჩებში ვიბოდიალებ. სადილად კარბონარას ან რამე უკეთესს შევჭამ; 10 000 ნაბიჯს გავივლი და სახლში მალევე დავბრუნდები.

ყველა ვიტრინაში ჩემს გამოსახულებას ვაკვირდები და მიკვირს, როგორ მცვლის მოგზაურობა. ახლა ბევრად უფრო ბედნიერი და შთაგონებული სახე მაქვს. დაღლილი, გაცრეცილი – მაგრამ საშინლად ბედნიერი.

At Rome
რომში

უფრო მეტი უნდა ვიმოგზაურო. თავს ყველგან ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მოგზაურობა არის ჩემი სახლი და ჩემი ადრენალინი.

* * *

არაფრის თავი აღარ მაქვს, მშია! წესით ნახევარ საათიან რიგში ორ საათიანი დგომის შემდეგ როგორც იქნა, ავტობუსში აღმოვჩნდი და რომისკენ მიმავალ გზას დავადექი. ამასობაში რამდენიმე იტალიური სიტყვა ავითვისე, მათ შორის – Ferma – რაც კონტექსტურად ნიშნავს, “შეჩერდით”, “მოითმინეთ”, “დამშვიდდით”, “დაწყნარდით”.

ამ ქვეყანაში მხიარულება მელის! :)

ხედი ჩემი ჰოსტელის ფანჯრიდან
ხედი ჩემი ჰოსტელის ფანჯრიდან

* * *

ზუსტად როგორც ლიზი წერდა თავის წიგნში, მეც ასე დამემართა: ჩემი პირველი ვახშამი რომში დიდი არაფერი იყო.

Antipasti
Crostino Salmone

 

ტირამისუ
ტირამისუ

აპეტაიზერად ორაგულის ბრუსკეტა, ძირითად კერძად სალათი Primavera, Insalata Mista შევარჩიე, დესერტად ტირამისუ, ხოლო დასასრულს – როგორც ჭეშმარიტ იტალიელებს სჩვევიათ – ლიმონჩელო დავაყოლე. ლიმონჩელო ზუსტად ის “ჯადოსნური” სასმელია, რომელზეც ლიზი წერდა, და რომელიც უცებ გთენთავს და კიდევ უფრო მეტად გაშიებს. დაღლილ-დაქანცულს მეც უცებ მეკიდება, ამიტომ რესტორანში ანგარიშს ვასწორებ და ნელ-ნელა ჩემი ჰოსტელისკენ ვიღებ გეზს.

ქუჩაში მიმავალი, კმაყოფილი და ბედნიერი ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ – რომში ვარ!

მე რომში ვარ!
სრულიად მარტოდ მარტო – რომში!
თავისუფალი ყველასგან და ყველაფრისგან! გამოცდები, ვალდებულებები და დედლაინები უკან დარჩა, წინ მხოლოდ სასიამოვნო მოვლენები და შთაბეჭდილებები მელის!
საითაც გული გამიწევს, შემიძლია თამამად გავეშურო! შემიძლია მზეს მივეფიცხო, ბევრი ვისეირნო! თუ მომინდება, უბრალოდ პარკში ჩამოვჯდე და წიგნი წავიკითხო – არავის წინაშე ვალდებული არ ვარ, ეს დრო “ეფექტიანად” გამოვიყენო.

ასეც ვიზამ!

სადმე ჯანდაბაში გადავკარგავ ბოლო ხანებში დაგროვილ, სტრესის შედეგად გაჩენილ ნაოჭებს, დიდ ღიმილს ავიფარებ სახეზე და ქვეყნიერების სანახავად გავეშურები.

ახლა და აქ, მსოფლიოს ამ მარადიულ ქალაქში, ხელახლა ვიპოვი საკუთარ თავს, აღვიდგენ შინაგან წონასწორობას და, ბოლოს და ბოლოს, გავიგებ მნიშვნელობას ფრაზისა – Dolce Vita!

DolceVita