Tag Archives: სკოპიე

ჩემი რუტინა

“Operations are the coordination of tactics over time.” – Sebastian Marshall, Progression.

ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იწყება ღამის 11 საათზე.

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მეტი პროდუქტიულობისთვის აზროვნების სისტემაში პირველი ეს ცვლილება დამჭირდა: ახალი დღე იწყება ღამე, ზუსტად იმ დროს, როცა დასაძინებლად ვწვები.

7:00 – ვიღვიძებ. ვსვამ 0.5 ლ. წყალს და 7:30-მდე წიგნს ვკითხულობ (ასე ვფხიზლდები).
7:30 – ვიმზადებ საუზმეს და სადილს (შუადღისთვის). youtube-ზე ვუყურებ ჩემი საყვარელი “ცხოვრების ინსტრუქტორების”¹ ვიდეოებს, თან პარალელურად ვვარჯიშობ (კროსტრენინგი და იოგა, დღეების მონაცვლეობით).
8:30 – შხაპს ვივლებ, იმეილს და facebook-ს ვამოწმებ.
9:00 – ვსაუზმობ. პარალელურად youtube-ს ან ტელევიზორს ვუყურებ.
9:30 – ვიცვამ და ვემზადები წასასვლელად.
10:00 – სახლიდან გავდივარ. თან ლანჩი მიმაქვს. ოფისამდე ჩქარი ნაბიჯით მივდივარ, რასაც 15-20 წუთი სჭირდება.
11:30 – ვერთვები სამსახურის გაწამაწიაში. მუშაობის პარალელურად 1 ლიტრამდე წყალს ვსვამ.
14:00 – სამზარეულოში ჩავდივარ სასადილოდ.
14:30 – ვაგრძელებ მუშაობას.
19:00 / 20:00 – სახლში მივდივარ. როგორც წესი, ოფისს ყოველთვის მე ვკეტავ. გასვლის წინ ისევ 0.5 ლიტრ წყალს ვსვამ. სახლში ისევ ჩქარი ნაბიჯით ვბრუნდები. ესეც ჩემი ყოველდღიური გარანტირებული 30 წუთიანი ფეხით სიარული და 2 ლიტრი წყალი!
20:30 – ამ დროს უკვე საშინლად დაღლილი ვარ. ვახშამს ვიმზადებ და შევექცევი.
21:30 – მომდევნო დღეს ვგეგმავ.
23:00 – როგორც წესი, წიგნის კითხვაში მეძინება. დღე დასრულებულია.

routine

დაახლოებით ასე გამოიყურება ჩემი კალენდარი

როცა სკოპიეში ვარ და არ ვმოგზაურობ, ეს არის სამუშაო დღეების ძირითადი რუტინა. ხანდახან შუა კვირაში სუპერმარკეტში შევლა და პროდუქტების მარაგის შევსება მიწევს. ხანდახან სახლში ვახშმობის ნაცვლად, ვინმესთან ერთად გარეთ ვვახშმობ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგან სკოპიეში ბევრი ახლო მეგობარი არ მყავს. ყველა საოჯახო საქმე, სარეცხი და პროდუქტების შეძენა უქმე დღეებზე მაქვს გადანაწილებული.

უქმეებზეც დილის 7 საათზე ვიღვიძებ. შაბათს ვოდნოზე² საცოცად, პარკში სარბენად ან სავარჯიშოდ მივდივარ. ვალაგებ სახლს, ვრეცხავ სარეცხს, ვგეგმავ სოციალურ აქტივობებს და ვკითხულობ. კვირას კი წერის ან კითხვის სპრინტს³ ვაწყობ, ვიმარაგებ პროდუქტებს, ვგეგმავ მომდევნო კვირას, ვგეგმავ სოციალურ აქტივობებს და ისევ ვკითხულობ.

ამ რუტინიდან, ცხადია, მაქვს გადახვევებიც, მაგალითად ზოგჯერ შუა კვირაში უქმე დღე გამოერევა და ოფისში გასვლა არ მიწევს. ამ დროს სახლიდან ვმუშაობ და ვცდილობ საღამოს ვინმეს შევხვდე, პარკში ან ქალაქის ცენტრში ფეხით გავისეირნო.

არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც ყველაფერს აზრი ეკარგება და უბრალოდ აღარ მინდა რუტინას მივყვე. ამ დროს უბრალოდ დივანზე ვწევარ, ჭერს ვუყურებ და დაჟინებით ვფიქრობ. მსგავსი სიტუაციებიდან გამოსასვლელად გარკვეული ხერხებიც შევიმუშავე, რომლებზეც მოგვიანებით დეტალურად დავწერ.

¹Life Coach
²ვოდნო - მთა სკოპიეში
³სპრინტი - მოკლე მანძილზე მაქსიმალური სისწრაფით სირბილი

როგორ დამადეპორტეს მაკედონიიდან

კარგა ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია, ამიტომ დღეს მოგიყვებით, როგორ დამადეპორტეს მაკედონიიდან.

zagreb airport checkin

სკოპიეში საქმიანი ვიზიტით წავედი. იქ ერთმა კომპანიამ შეხვედრაზე მიმიწვია და ბილეთები ფრანკფურტიდან სკოპიეშე და უკანვე ფრანკფურტისკენ მიყიდა. გეგმის მიხედვით, 3 დღე გავჩერდებოდი და შემდეგ ისევ ფრანკფურტში დავბრუნდებოდი.

ვიზაზე არც კი გვიფიქრია, რადგან ჰოლანდიის რეზიდენტობის მოწმობა მაქვს, რომელსაც დეკემბრამდე აქვს ვადა და მისი საშუალებით ევროპის შენგენის ზონებში უპრობლემოდ შევდივარ. კომპანიაში შეხვედრები და გაცნობები უკვე ჩანიშნული გვქონდა, ქალაქიც უნდა დამეთვალიერებინა, იმ რამდენიმე დღისთვის ბინაც მიქირავეს. თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.

Prayroom

პირველად ვნახე აეროპორტში სალოცავი ოთახი :) მაკედონიის მოსახლეობის ერთი მესამედი მუსულმანია.

სკოპიეში, ზაგრების გავლით და გეგმის დარღვევით, ღამის 11 საათზე ჩავფრინდი. თვითმფრინავმა დაახლოებით 40 წუთი დაიგვიანა. ვიცოდი აეროპორტში კომპანიის მძღოლი მელოდებოდა და ძალიან მეშლებოდა ნერვები ამ დაგვიანების გამო. როცა პასპორტის კონტროლის პუნქტს მივაღწიე და პოლიციის ოფიცერს ჩემი პასპორტი და რეზიდენტის ბარათი გავუწოდე, მან სათვალის ზემოდან გადმომხედა, ხელი ამიქნია და მითხრა, რომ პრობლემა მაქვს. ჩემს გაოგნებულ სახე რომ დაინახა, დაამატა, რომ ეს რეზიდენტის ბარათი არ გამომადგება და ვიზა მჭირდება.

პირველი რაც თავში გამიელვა ის იყო, რომ სანამ მე ფრანკფურტიდან სკოპიეში ჩავფრინდი, ამასობაში ჰოლანდიის მთავრობამ სადღაც კომპიუტერში ღილაკს დააჭირა და ჩემი რეზიდენტის ბარათის მოქმედება შეზღუდა, ამ ოფიცერმა კი სადღაც სისტემაში დაინახა ეს გაუქმება.

Skopje didn’t welcome me very well.

Posted by Mariam Talakhadze on Tuesday, July 28, 2015

 

უცებ პანიკის შეტევა დამეწყო. თუ ჩემი რეზიდენტის ბარათი აღარ მუშაობდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ უკან ფრანკფურტშიც ვეღარ დავბრუნდებოდი და ამაღამვე საქართველოში დამადეპორტებდნენ. ამით ჩამეშლებოდა არა მხოლოდ სკოპიეში ვიზიტი, არამედ მომდევნო კვირებში პრაღა, ვენა, ბრატისლავა და ბუდაპეშტიც.

მე დავიწყე მტკიცება, რომ ეს მოწმობა იგივე ვიზაა, და ამ ბარათის საშუალებით უპრობლემოდ გადავადგილდები ყველგან, სადაც შენგენის ზონაა. პოლიციელმა მითხრა, რომ გავყოლოდი და სასაზღვრო პუნქტში წამიყვანა.

იქ ჩემი პასპორტი სადღაც ააორთქლეს, ვიღაცებს დაუძახეს, რაღაცები არკვიეს და ბოლოს გამომიცხადეს, რომ რადგან ჰოლანდიის დროებითი რეზიდენტი ვარ და არა მუდმივი, თან ამასთანავე საქართველოს პასპორტით ვმოგზაურობ, მათი კანონის თანახმად მაკედონიაში შესვლის უფლება პასპორტში ჩარტყმული ვიზის გარეშე არ მაქვს. შემდეგ შემატყობინეს, რომ რახან ქვეყანაში ვერ შემიშვებენ, მომდევნო დილით, 6 საათზე, იგივე ავიახაზებს უკან ფრანკფურტში გამაყოლებდნენ.

როცა მივხვდი, რომ ბარათში არ იყო პრობლემა და მხოლოდ მაკედონიის იდიოტურ კანონთან მქონდა საქმე, ოფიცერს ვთხოვე სადმე დარეკვის უფლება მოეცათ და იმ კომპანიის დირექტორს დავურეკე, ვინც მაკედონიაში მიმიწვია და სიტუაცია ავუხსენი.

დირექტორი გადაირია, ჯერ პოლიციელს ტელეფონზე ელაპარაკა კარგა ხანს, მერე კი ისევ მე: არ ინერვიულო, სადღაც გადავრეკ-გადმოვრეკავ და რამეს მოგიხერხებ და შემოგიშვებენო. შევთანხმდით, რომ ერთ საათში შევეხმიანებოდი.

პოლიციელმა რეზიდენტის ბარათი დამიბრუნა თუმცა პასპორტს ხვალ დილამდე შევინახავთო, მითხრა და მეორე სართულზე ამიყვანა, სადაც ერთ ჩაბნელებულ, ცარიელ დარბაზში ადგილი მიმიჩინა. Wifi-ს პაროლი მომცა და სკამებზე მიმითითა, აქ შეგიძლია გამოიძინოო.

ლოდინით თავმობეზრებული სკოპიეს აეროპორტში

ლოდინით თავმობეზრებული სკოპიეს აეროპორტში როგორც შემიძლია ვერთობი

სკოპიეში ყოფნისას ამ დარბაზში გავატარე დროის უმეტესი ნაწილი. მშობლიურივითაა :)

სკოპიეში ყოფნისას ამ დარბაზში გავატარე დროის უმეტესი ნაწილი. მშობლიურივითაა :)

რა თქმა უნდა სკამებზე მეძინა :) თავი ტომ ჰენკსი მეგონა.

რა თქმა უნდა სკამებზე მეძინა :) თავი ტომ ჰენკსი მგონია.

უკვე ღამის 1 საათი იყო. კომპანიის დირექტორი შიგადაშიგ მატყობინებდა, რომ საქმეში აეროპორტის დირექტორიც ჩარიეს და ვიღაცას სამინისტროდანაც დაარეკინეს, მაგრამ იმ საზღვრის პოლიციელმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 6 საათზე არ გამაბრუნეს და დრო მოიგეს, იმ იმედით, რომ იქნებ კიდევ რამე გაერკვიათ.

– Excuse me, miss, we have a small survey about our services in the airport… Would you mind filling it out?- Of…

Posted by Mariam Talakhadze on Wednesday, July 29, 2015

 

საბოლოოდ, დილის 11 საათისთვის განაჩენი გამომიტანეს, რომ არაფერი არ გამოვიდოდა. სწრაფი ვიზის აღებას მინიმუმ 2 დღე სჭირდებოდა და კომპანიამ მითხრა, ორი დღე აეროპორტში ნაღდად არ გაყურყუტებთო. უკან დასაბრუნებელი ბილეთი თვითონ ამიღეს. ამჯერად ლუბლიანას გავლით მომიწევდა ფრენა.

საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ 24 საათის განმავლობაში 4 სხვადასხვა ქვეყნის (ფრანკფურტის, ზაგრების, სკოპიეს და ლუბლიანას) აეროპორტებს ვეწვიე, თანაც სრულიად უშედეგოდ.

lovenia airport checkin

მაკედონიის კანონი რომ ალოგიკურია, ამას კამათი საერთოდ არ სჭირდება.

თუკი იმ ქვეყნის რეზიდენტი ხარ, რომელში შესასვლელი ვიზა მეორე ქვეყანაშიც დაშვებულია, რატომ არ უნდა გიშვებდეს ეს მეორე ქვეყანა თავისთან? რა მნიშვნელობა აქვს იმ პირველ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობ თუ დროებით, როცა შენს საცხოვრებელ მოწმობას კიდევ 4 თვე აქვს ვადა?

ან თუ გავითვალისწინებთ მაკედონიის 33%-იან უმუშევრობის დონეს, კორუფციას, ინფლაციას და მთლიან შიდა პროდუქტს, რა მიზეზით უნდა მინდოდეს მაკედონიაში არალეგალურად დარჩენა, როდესაც ჰოლანდიაში ლეგალურად ცხოვრება შემიძლია?

თუმცა სავიზო კანონები ლოგიკას იშვიათად ემორჩილება ხოლმე. ამიტომ ამ ამბიდან ძირითადი გაკვეთილი ის არის, რომ ახლა უკვე ყოველთვის, როცა ახალი ქვეყნის მონახულებას გადავწყვეტ, ყურადღება უნდა მივაქციო სავიზო რეჟიმის განაცხადში შემდეგ ტერმინებს შორის განსხვავებას: “ვიზა”, მუდმივი მაცხოვრებელი და დროებითი მაცხოვრებელი.

საერთო ჯამში, მთელი ამ თავგადასავლის განმავლობაში, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში ვინერვიულე, დანარჩენ დროს სიტუაციის კომიკურობაზე უფრო მეცინებოდა. “ასეთი გაუგებრობები ბევრმა მოგზაურობამ იცისო”, მომწერეს და თანაც – first time for everything. :)