ბედნიერების გასაღები, ანუ რაში გვჭირდება ფეიერვერკები

Celebrate-Life-LR

ხშირად, როცა ფეიერვერკებს ვუყურებ, გულში ცოტათი სინანული შემეპარება ხოლმე: “რა საჭიროა ასეთი ფუჭი დანახარჯები, როცა ამ ფულით უფრო სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლებოდა?” აი, ამას ვფიქრობ, შემდეგ კი საკუთარ თავს ვტუქსავ, რადგან ფეიერვერკებიც, ბუშტებიც, შუშხუნებიც, კონფეტიც, ვარდის ფურცლებიც, შამპანურიც, ყვავილებიც და ყველაფერი, რაც დღესასწაულების აღნიშვნასთან არის დაკავშირებული, აუცილებელზე უფრო აუცილებელია!

“საქართველოს ბანკში” მუშაობის დროს ჩემმა უფროსმა და ბრენდის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – საშა კაცმანმა – მასწავლა ერთი კარგი გაკვეთილი და რასაც დღემდე, კვირაში ერთხელ მაინც, ვიხსენებ და მადლიერების გრძნობით ვივსები:

არასოდეს მოეკიდო ახალ საქმეს ნაჩქარევად, სანამ მიღწეულ წარმატებას საკადრისად არ იზეიმებ!

ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიტყვები იმიტომ არის, რომ სულმოუთქმელი ადამიანი ვარ – ყველაფერი ერთბაშად და ჩქარა მინდა. ამის  გამო ხშირად საკუთარ წარმატებებს უგულებელვყოფ, არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეულით და ერთი პროექტის დასრულებისთანავე, სასწრაფოდ გადავდივარ ახალზე.

ეს ერთდროულად კარგი თვისებაცაა და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ შემიძლია სიახლეებში თავიდან ფეხებამდე გადავეშვა და ახალი პროექტის დასრულებისთვის თავაუღებლად ვიმუშაო. ცუდი კი იმიტომ არის, რომ მიღწეული წარმატებების უღიარებლობის გამო ხშირად თვით-შეფასება მიქვეითდება და დეპრესიული განწყობა მიტევს ხოლმე.

სინამდვილეში კი, აი, როგორ უნდა მოვიქცეთ:

თითოეული ცხოვრებისეული პროექტის შემადგენელი ელემენტის დასრულებისთანავე აუცილებელია ამოსუნთქვა, განზე გადგომა და შესრულებული სამუშაოსთვის შორიდან შეხედვა. თუ საჭიროა – შამპანურიც უნდა გავხსნათ და ცაში ფეიერვერკიც გავუშვათ, რადგან სწორედ ასეთ წუთებში გვიპყრობს სიხარულის ეიფორია, ვხვდებით, რომ ჩვენს ქმედებებს რაღაც აზრი ეძლევა და ტყუილ-უბრალოდ არ გვიღვაწია. წუთშესვენება ჩვენს გონებასაც ეხმარება “გადარესტარტებაში” და ახალ პროექტებს ახალი იდეებით და შთაგონებებით ვეჭიდებით.

ჩემს გარშემო მინახავს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ და არასდროს მიდიან სამოგზაუროდ. ერთი საქმიდან სასწრაფოდ მეორეზე გადადიან და თითქოს საფიქრალიც არასდროს ელევათ. არადა, იმის შეგრძნება, რომ ვიშრომეთ და შემდეგ დასვენებაც დავიმსახურეთ, ჩვენს მწარმოებლურობაზე და ეფექტიანობაზე საოცრად მოქმედებს.

საკუთარი წარმატების აღნიშვნა ბედნიერების ის ერთ-ერთი გასაღებია, რომელიც ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ უპოვია. ამ ადამიანებში მეც ვარ – ძალიან მიჭირს ჩემი მიღწევების ადეკვატურად შეფასება და ამისათვის საკუთარი თავის დაჯილდოვება – თუმცა ყოველმხრივ ვცდილობ, გამოვსწორდე.

მართლაც, განა რისთვის გვინდა ნებისმიერი მიზანი ან მისკენ მიმავალ გზაზე სიარული, თუკი მისით ტკბობას არ ვისწავლით?

What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით). Continue reading What I’ve Been Up To