Tag Archives: სამსახური

როგორ დავიწყოთ ბიზნესი? ნაწილი I: რეგისტრაცია

ყველაფერი 2007 წელს ერთი ძალიან ბავშვური და ერთი შეხედვით სულელური იდეიდან დაიწყო – რამდენიმე ფორუმელმა გოგომ საერთო ბლოგი გავაკეთეთ. 4 წლის შემდეგ ეს წამოწყება PINK.ge-ში გადაიზარდა. რამდენიმე დღის წინ კი როცა ჩემი საკუთარი კომპანიის ბეჭედი ჩავდე მაგიდის ზედა უჯრაში, გავიფიქრე – ახლა შემიძლია დავწერო პოსტი სახელად “როგორ დავიწყოთ ბიზნესი”.

ბიზნესის დაწყების და მართვის ყოველგვარი დეტალების აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამ პოსტში მხოლოდ რეგისტრაციის ფორმალურ მხარეზე შევჩერდები. მომდევნო პოსტებში კი სხვა საკითხებზეც ვისაუბრებ. Continue reading

wazap

აი, ვფიქრობ, ვფიქრობ რა დავწერო.

ბოლო ხანებში ორად-ორი რამ, რაზეც კონცენტრირებას ვახერხებ არის სამსახური და ბლოგინგი.

მთელი დღე სამსახურში ვარ დილის… წესით 10-დან და რეალურად როცა მეღვიძება ხოლმე, საღამოს 8, ხანდახან 9-მდე.

თქვენ იტყვით, რა სამსახურია ასეთიო. ერთი შეხედვით “კატორღულია”, სინამდვილეში კი ყველაზე მეტს სამსახურში ვერთობი და სახლში წამოსვლა ყოველთვის მეზარება.

(აქვე, ჩვენს კორპორატიულ ბლოგთან ბმულის გაცვლა თუ გინდათ, ჩაგვამატეთ თქვენს ბლოგროლში და facebook-ზე მოგვწერეთ თქვენი ბლოგის ლინკი, ჩვენც ჩაგამატებთ!)

ჯერ-ჯერობით ცალკე გადასვლა გადავიფიქრე. გადავწყვიტე ჩემი ძველი ოთახის რეკონსტრუქცია/რეორგანიზაცია/რედიზაინი ჩავატარო.

უკვე მაქვს დეკორის პირველი ელემენტი რომელიც საწერი მაგიდის თავზე დაიკავებს ადგილს.

ოდრი ჰეპბერნის ცნობილი პორტრეტის უზარმაზარი პრინტი. სამსახურში მაქვს ჯერ-ჯერობით.

ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე დაეჭირათ და ფოტოზე მათი ხელები ჩანს.

Audrey Hepburn Print

Audrey Hepburn Print

მინდა, საწოლის გადასაფარებელი, ფარდა და განათებაც შევცვალო… ნელ-ნელა ყველაფერს მოვაწესრიგებ.

კიდევ ვფიქრობ ეს ხომ არ ვიყიდო? კედლის სტიკერია, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს ააძრო და სხვაგან მიაკრა თუ მოგბეზრდება.

pink Wall decal

ძალიან მომეწონა… საწოლის გვერდით მოუხდებოდა ჩემს ოთახს.

ხომ არ იცით თბილისში მსგავსი რამეები ხო არ იყიდება? მეძვირება მანდედან გამოწერა… :(

ფოტოაპარატის ელემენტიც დამჯდარი მაქვს რაც აქეთ ვცხოვრობ, დამტენი კი იქით დამრჩა. ასე რომ სურათებსაც ვერ ვიღებ. მხოლოდ მობილურით გადაღებული ფოტოებით სულდგმულობს ეს ბლოგი.

სხვა ვერაფრით ვერ გავიხსენე რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. :|

ა ხო, კიდევ ეს სიმღერა ამეკვიატა. მთელი დღეა “ნორ პარ, ნორ პარ”-ს გავიძახი… ჯან ჯან იძახეთ და საკმაოდ რთული სიმღერაა. ძლივს დავისწავლე მელოდია. აბა რომელი თქვენგანი გაიმეორებს მაგის მისამღერს? აი, მე კი შემიძლია. იშ!

აი განსაკუთრებით ის მომენტი მომწონს 1:26 “პარ წახგუნქი”-ს რომ ამბობენ. ჯიგრული სიტყვა ჩანს, ნეტა რას ნიშნავს…
ერევანში გატარებული ტკბილი დღეები მომენატრა.

მოგზაურობა მინდა…

სერიალების პარადოქსი

ძალიან საინტერესო დასკვნა გავაკეთე ბოლო ხანებში.

ადრე, როდესაც არ ვმუშაობდი და დრო თავზე საყრელად მქონდა, ვუყურებდი რამდენიმე ამერიკულ სერიალს ერთდროულად.

ზოგი მათგანი on-going-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიზოდების გადაღება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ახალი ეპიზოდის გამოსვლას მთელი ერთი კვირა უნდა ელოდო. მერე სანამ ტორენტზე დაიდება, მერე სანამ ვინმე გადმოწერს ტორენტიდან და ქართულ საიტზე ატვირთავს, მერე სანამ იმ ლინკს ფორუმზე დადებენ… მოკლედ მთელი ჯაჭვია გასავლელი.

ამიტომ სულ ვბრაზობდი, რატომ გამოდიოდა სერიები კვირაში ერთხელ და არა უფრო ხშირად.

ვფიქრობდი, ნუთუ ამერიკელებს მოთხოვნილება არა აქვთ რომ კვირაში ორ-სამ სერიას უყურონ-მეთქი. ან თუნდაც ყოველდღე, როგორც ბრაზილიურ სერიალებს…

და ასე გაბრაზებული ვუყურებდი ყველაფერს და ეპიზოდიდან ეპიზოდამდე სული კბილით მეჭირა.

ახლა ისეთი დაკავებული ვარ საერთოდ არ მახსენდება, როდის რომელი სერიალის ახალი ეპიზოდი გამოდის.

რომც მახსენდებოდეს, სახლში სამსახურიდან დაბრუნებულს და დაღლილს სულაც არ მინდება რომელიმე სერიალის ჩართვა, მირჩევნია ის ძვირფასი, თავისუფალი ორი საათი ბლოგების კითხვას, წერას ან რამე სხვა შედარებით ინტერაქტიულ საქმიანობას დავუთმო.

აღმოვაჩინე რომ ის ერთ კვირიანი შუალედი ზუსტად საკმარისია იმისთვის რომ ნებისმიერი სერიალის შინაარსს თვალი სრულად მიადევნო.

ჭკვიანები ყოფილან ამერიკელები.

ეს ბრაზილიური სერიალები კი ნაღდად უსაქმურებისთვისაა! ყოველდღე… ჰუჰ!

P.S. 2 კვირის დაგროვილი Ugly Betty მაქვს… რა ვქნა, ვუყურო? ;)

კელტროპებთან…

ბოლო დროს ბევრი რაღაც მოხდა:

blogroll.ge გაეშვა და წარმატებით მუშაობს.

ჩემი ბლოგის დღიური უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

უკვე მესამედ, აზიური ბლოგოსფეროს საუკეთესო ბლოგის ჯილდო სიაშუემ მიიღო.

ახალი სამსახური მაქვს – სხვათაშორის ძალიან საინტერესო (თუ მოვიცალე დავწერ მაგაზეც მერე). ორშაბათიდან ვიწყებ სიარულს.

ერთ ჩემს თანამშრომელს თურმე „ჩემთან კონტაქტი არ შეუძლია“ და საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობს ჩემზე. თუ თმით თრევას გადამირჩა, ღვთის რისხვას მაინც ვერ გადაურჩება.

რუსთავი 2-დან დამიკავშირდნენ, რაღაც რეალითი შოუში სჭირდებათ ხალხი. იმედია აქედან რაღაც გამოვა. (მომწერეს, ნუ ნერვიულობ, მარინა ბერიძე მანდ არ იქნებაო… :D )

თუთბერიძემ პატრიარქის მიმდევრები გაანაწყენა. პატრიარქის მიმდევრებმა კი თუთბერიძე კოცონზე დაწვეს.

ჩემს ერთ ნაცნობს თურმე ქმარი ღალატობს. არადა რა შეხმატკბილებული წყვილი მეგონა… მძაგს თვალთმაქცი და მოღალატე ხალხი!

მე კი კელტროპებმა მომიტაცეს… :D

ამის შესახებ წინა პოსტში ზურიუსმა და თინიმ უკვე დაწერეს.

მე კი ჩემის მხრივ დამავატებ იმას, რომ კელტროპები კარგად მკვებავდნენ და არც ნასკებ მახდევინებდნენ სიმთვრალეში. მათ მიერ ჩემი გატაცების მიზანი და მიზეზი უცნობია.

ერთი ეს იყო, ტუალეტი ჰქონდათ ჭალის გადაღმა და ღამით გასვლა ძალიან მეზარებოდა…

იქ ყოფნისას მივხვდი სამ რამეს:

  • ინტერნეტის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია – ამიტომ გადავწყვიტე ლეპტოპისთვის “ყველგანმავალი” ინტერნეტის მოდემი ვიყიდო. თუმცა, ვაღიარებ, 5 დღის განმავლობაში უინტერნეტოდ, უტელეფონოდ და უტელევიზოროდ ყოფნისას დავწერე უამრავი პროექტის გეგმა – ამ სამი კომპონენტიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში არცერთ პროექტს დღის სინათლე არ ეღირსებოდა.
  • ლეპტოპში ყოველთვის უნდა გქონდეს რამე გასართობი – მაგალითად რამდენიმე დღის სამყოფი ფილმები, სერიალი ან უკიდურეს შემთხვევაში დაინსტალირებული ფოტოშოპი. იქ ყოფნისას გადავიღე უამრავი ფოტოსურათი, მაგრამ რომ მახსენდება მათი გადატანა კომპიუტერში, ვნატრობ, ნეტა არ გადამეღო. ფოტოშოპი რომ მქონოდა, ლეპტოპშივე გავამზადებდი საბლოგედ…
  • ძალიან მომენატრა ბლოგი – პოსტების წერა და კითხვა, ბლოგოსფეროზე დაკვირვება, ახალი ბლოგების აღმოჩენა, კომენტარების დატოვება, და რაც მთავარია, თქვენი – მკითხველების მიერ გამოთქმული აზრები ჩემს თითოეულ პოსტზე. ეს ყველაფერი იმაზე მეტად მყვარებია, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი!

P.S. Facebook-ზე ბლოგის გვერდის მისამართი გავაოფიციალურე და ამიერიდან შეგიძლიათ შემომიერთდეთ აქ: facebook.com/sweet.ge

ერთი საინტერესო feature-ც დაემატა თუ მობილურიდან გააგზავნით SMS-ს ნომერზე 32665 ტექსტით “fan Sweet.ge” ავტომატურად შემოუერთდებით ამ გვერდს :D

ახალი მედიის ფორუმი – დაგვიანებული პოსტი!

12 და 13 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი გაიმართა, სადაც ყველა ბლოგერს, ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეეძლო დასწრება.

პირველი დღე, ავტობუსში

პირველი დღე, ავტობუსში

პრეზენტაციები

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იმ პრეზენტაციების უმეტესობას, რომელთა მოსმენაც მინდოდა ვერ დავესწარი – მაგ დროს მე თვითონ მქონდა პრეზენტაციები.

პირველ დღეს პერსონალურ ბლოგებზე ჩავატარე პრეზენტაცია, რომელსაც 15-მდე ადამიანი დაესწრო (მათ შორის იყო სოროსის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც კომპლიმენტებით ამავსო და ძალიან გამიხარდა!)

პრეზენტაციის ვირტუალური ვერსია:

ფორუმის პირველ დღეს ძალიან დავიღალე, გამოუძინებელი ვიყავი, ვერც უცხოელებიდან გავიცანი ვინმე და ვერც ქართველებიდან.

მეორე დღე უფრო დატვირთული აღმოჩნდა. Continue reading