Tag Archives: პროგრამა

1 წელი ევროპაში

It’s official! 2014-1015 სასწავლო წელს ჰოლანდიაში, ქალაქ გრონინგენში გავატარებ.

ALRAKIS II ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამაა, რომლის დახმარებითაც მოვიპოვე 10 თვიანი სტიპენდია და შემიძლია 2 სემესტრის განმავლობაში გრონინგენის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დავასრულო ჩემი მაგისტრატურა, რომელიც აქ, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში დავიწყე.

გრონინგენის უნივერსიტეტის ისტორიული შენობა

როგორ მოვხვდი ამ პროგრამაში?

შარშან შემოდგომაზე CU-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ერასმუსის რამდენიმე გაცვლითი პროგრამის შესახებ. გადავწყვიტე ბედი მეცადა და ჩავაბარე TOEFL-ის გამოცდა, რომელიც ყველა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა. აპლიკაცია სამ მათგანში – MID, ALRAKIS II და HUMERIA – გავაგზავნე.

თავიდან სამივე პროგრამამ უარი შემომითვალა და რეზერვების სიაში ჩამსვა. მეგონა ეს შედეგი საბოლოო იყო და აღარაფერი მეშველებოდა, მაგრამ თურმე რეზერვში მოხვედრაც დიდი კონკურენციის დამარცხებას ნიშნავს.

საბოლოო პასუხების გამოცხადებიდან 2 კვირაში ALRAKIS II-ის კოორდინატორმა მომწერა, რომ რეზერვიდან შერჩეულების სიაში გადამიყვანეს და 10 თვიანი სტიპენდია დამინიშნეს გრონინგენის უნივერსიტეტში სასწავლებლად.

alrakis

მოლოცვის წერილი. მაჯისცემა 120.

ეს წერილი 1 თვის წინ მივიღე, თუმცა ჯერ კიდევ მახსოვს, მისი წაკითხვით გამოწვეული ემოციები. სახლში მე და დედაჩემი ვიყავით. ის ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ოთახში ყურებამდე გახეული ღიმილით შევვარდი და სული ძლივს მოვითქვი, რომ ამომეღერღა: “გრონინგენის უნივერსიტეტმა მიმიღო!”

ამის შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და შევუდექი დეტალების გარკვევას.

  • მოვაგროვე საბოლოო საბუთები;
  • დავრეგისტრირდი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე;
  • დავჯავშნე ოთახი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში;
  • შევუკვეთე TOEFL-ის ტესტის პასუხების ოფიციალური დოკუმენტი (თუკი ამ ტესტს ოდესმე ჩააბარებთ, აუცილებლად თავიდანვე შეუკვეთეთ თქვენთვისაც);
  • გავარკვიე ვიზის საკითხები, რომელსაც თურმე მთლიანად უნივერსიტეტი მიგვარებს;
  • დავიწყე ფიქრი იმაზე თუ როგორ უნდა გავანაწილო სტიპენდია, რაც €1000 შეადგენს. პროგრამის დაფინანსებაში მგზავრობა, სწავლა, დაზღვევა და სტიპენდია შედის. შესაბამისად საცხოვრებლის ფული სტიპენდიიდან გამომექვითება;
  • ჩუმ-ჩუმად დავიწყე ევროპის იმ ქვეყნების Google Map-ზე დათვალიერება, რომელთა ნახვაც ყოველთვის მინდოდა;
  • დავიწყე სიის ჩამოწერა, თუ რა საქმეები მაქვს მოსამთავრებელი, სანამ ერთი წლით გავემგზავრები – როგორიცაა, მაგალითად, მეგობრებისთვის წიგნების დაბრუნება, სტომატოლოგთან ვიზიტი და დიჯიპასის აღება ინტერნეტ ბანკისთვის.
გრონინგენის უნივერსიტეტი -ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შენობა

გრონინგენის უნივერსიტეტი -ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შენობა

რას ნიშნავს გაცვლითი პროგრამა?

არსებობს ორი ტიპის პროგრამა – გაცვლითი (exchange) და სადიპლომო (degree).

გაცვლითი პროგრამა ნიშნავს ერთი ან ორი სემესტრის გატარებას რომელიმე სხვა უნივერსიტეტში (მასპინძელი), იმის მაგივრად სადაც ჩააბარე (მშობლიური). მასპინძელ უნივერსიტეტში გავლილი საგნების კრედიტები მშობლიური უნივერსიტეტში გავლილად გეთვლება და წელი არ გეკარგება. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას დიპლომს იღებ მშობლიური უნივერსიტეტიდან და სწავლის საფასურსაც ჩვეულებრივად საქართველოში იხდი იმ საგნებზე, რომლებიც გინდა რომ ჩაგეთვალოს. განსხვავება ისაა, რომ საგნებს სწავლობ უცხოეთში და სტიპენდიის დამსახურებით პრაქტიკულად უფასოდ ცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი უნივერსიტეტი დიპლომს არასდროს იძლევა, მსგავსი პროგრამები ბევრ სტუდენტს იზიდავს და კონკურენცია მაღალია.

სადიპლომო პროგრამა ნიშნავს მთლიანი სასწავლო კურსის უცხოურ უნივერსიტეტში გავლას და იქაურ დიპლომს. სწავლის საფასურს არ იხდი და სტიპენდია, როგორც წესი, ასეთი პროგრამებზე იშვიათად ცხადდება, მასში მოხვედრა უფრო რთულია და კონკურენციაც გაცილებით მაღალია.

გრონინგენი ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ზამთარში არხებში წყალიც კი იყინება.

გრონინგენი ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ზამთარში არხებში წყალიც კი იყინება.

როგორ მოხვდე ერასმუსში?

მე რადგან გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, მოგიყვებით, რა არის საჭირო მასში მოსახვედრად:

  1. სურვილი, რაც იმედია უკვე გაქვს, თუკი ამ პოსტს კითხულობ;
  2. დრო – იმისათვის, რომ მოძებნო სასურველი პროგრამები, მოაგროვო საბუთები და შეავსო აპლიკაციები;
  3. TOEFL-ის (ან IELTS) გამოცდის ჩაბარება – სასურველია 90 ქულაზე მეტის მიღება 120-დან (მე ავიღე 111);
  4. აუცილებელია უკვე ირიცხებოდე რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე;
  5. აუცილებელია მინიმუმ 1 წელი გქონდეს დარჩენილი სწავლის დასრულებამდე.

ერასმუსის პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ ამ ბმულზეც იხილოთ და დაელოდოთ მომდევნო წლისთვის ახალ კონკურსებს.

გამგზავრებასთან და სხვა ემოციებთან დაკავშირებით მომდევნო პოსტებში დავწერ.

ახალი მედიის ფორუმი და თქვენ

12 და 13 ოქტომბერს, (ორშაბათს და სამშაბათს) მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი გაიმართება.

ყველა ბლოგერს ვურჩევ გამონახოს დრო და წამოვიდეს ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე რომლის მსგავსიც კიდევ ცოტა ხანი არ ეღირსება ბლოგოსფეროს.

ახალი მედიის ფორუმი ტარდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს და მთაწმინდის პარკის  მხარდაჭერით.

დასწრება მოსაწვევებითაა და ამიტომ ყველას გირჩევთ, დარეგისტრირდეთ ფორუმის საიტზე:

NewMediaForum.ge

იქვე გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, ხოლო შაბათ-კვირას იმეილით მიიღებთ მოსაწვევს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საინტერესო პრეზენტაციებს ჩაატარებენ ბლოგინგის, სოციალური მედიის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

იქვე ვიქნები მეც და ჩავატარებ სამ სემინარს, თემებზე:

  • პირადი ბლოგების ძალა
  • WordPress – საუკეთესო ბლოგ პლატფორმა
  • ის რაც ყველა ბლოგერმა უნდა იცოდეს

ყველას გელოდებით!

New-Media-Forum-Logo