Tag Archives: პალატინი

მოგზაურობა იტალიაში: დღე მესამე

როცა ხარ რომში, გვიან გაიღვიძე და ჰოსტელის ნომერშიც შენს გარდა არავინაა, შეგიძლია გაერთო თამაშით "დღეს რა ჩავიცვა?"

როცა ხარ რომში, გვიან გაიღვიძე და ჰოსტელის ნომერშიც შენს გარდა არავინაა, შეგიძლია გაერთო თამაშით “დღეს რა ჩავიცვა?”

დღეს მეტროში ჩავედი. ჭრელად მოხატული მატარებელი შემხვდა. ან როგორ ახერხებენ ასე “გაქცეული” მატარებლის მოხატვას?! ალბათ სადმე უსაფრდებიან, აქ რაღაც სხვა ამბავი იქნება. :)

მეტროთი ერთჯერადი მგზავრობა 1.5 ევრო ღირს და 100 წუთის განმავლობაში შეგიძლია ბილეთის გამოყენება. ვაგონები სუფთა და მოწესრიგებულია. არც მათხოვრები არიან და არც მომღერალი “ნასკის” გამყიდველები. ხალხიც ნორმალურად გამოიყურება.

რომში მხოლოდ ორი მეტროს ხაზია – A (წითელი) და B (ლურჯი). ლურჯი ხაზი ჩემი ჰოსტელიდან კოლიზეუმისკენ მიდის, წითელი კი ვატიკანისკენ. დღეს ლურჯ ხაზზე ვჯდები. გეგმაში კოლიზეუმი და “დიდი ცირკი” მაქვს. ასევე ვფიქრობ, ESN-ის რომის ოფისს მივადგე და გავარკვიო, შაბათ-კვირას მართლა მიდიან თუ არა ექსკურსიაზე. ESN-ი ერასმუსის სტუდენტების ქსელია და ოფისი ევროპის ყველა დიდ ქალაქში აქვთ. თუ მართლა შედგა ეს ექსკურსია, ESN-ის წევრობა მშვენივრად გამომადგება.

* * *

P1060462

ვიღაც კაცმა კოლიზეუმის შესასვლელთან მკითხა: “თქვენ ჰოლანდიელი ხართ?” რა თქმა უნდა უარით გავისტუმრე, მაგრამ გულში ჩუმად ისე გამიხარდა, კინაღამ ჩავეხუტე. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მიმიღო ჰოლანდიელად.

სელფის ჯოხები აკრძალულია :)

სელფის ჯოხები აკრძალულია :)

კოლიზეუმში შევდივარ. აქ სამი სართულია, საიდანაც მხოლოდ ორია ღია ჩემნაირი ტურისტებისთვის, ვისაც გიდების გარეშე, თავის ნებაზე ბოდიალი უყვარს. მესამე – მიწის ქვეშა სართული, სადაც სცენის ქვეშა კატაკომბებია განთავსებული, მხოლოდ ტურისტული ჯგუფებისთვის არის ღია. ჯგუფში მოხვედრა და გიდის დაქირავება დამატებითი თანხა ღირს, ამიტომ მე ამ შესაძლებლობას ყოველთვის გვერდს ვუვლი.

კოლიზეუმმა ჯერ კიდევ გუშინ მომხიბლა, გარედან რომ შევავლე თვალი, მაგრამ შიგნიდან კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ვკითხულობ კედლებზე გაკეთებულ წარწერებს, შენობის ისტორიას რომ ყვებიან, და ჩემს თვალწინ მთელი რომის წარსული ცოცხლდება.

კოლიზეუმის შესახებ არ ვიცოდი:

  • რომ სიტყვა “არენა” ლათინური Harena-დან მოდის, რაც ქვიშას ნიშნავს;
  • კოლიზეუმის არენა ხის ყოფილა (ქვიშით დაფარული) და მის ქვეშ სხვადასხვა ოთახები და სათავსოები იყო (დღეს არენა აღარ არის შემორჩენილი ამიტომ ეს ქვედა სართული კარგად ჩანს).

P1060474

  • ამ იატაკქვეშა კატაკომბებში სხვადასხვა სახის ამწე-მოწყობილობები, წყლის დინების მისამართი არხები და სიმძიმის ასაწევ-დასაწევი სხვადასხვა მექანიზმები იყო მოთავსებული. ზოგ საკანში გარეული ცხოველები იყვნენ დამწყვდეული, რათა საჭიროებისამებრ შეძლებოდათ მათი არენაზე შერეკვა.

PANO_20150416_114932 PANO_20150416_120002

შიგნით რამდენიმე საათი გავატარე. 2 დღიანი ბილეთი რომელიც გუშინ შევიძინე, რომის ფორუმებს და კოლიზეუმს მოიცავს. დღეს მხოლოდ კოლიზეუმი და “დიდი ცირკი” მაქვს პროგრამაში, ასე რომ ვცდილობ მაქსიმალურად ვისიამოვნო. ჩემი მობილურის კამერის დაფარული შესაძლებლობები აღმოვაჩინე და ფოტოსესიაც მოვაწყვე, რომლიდანაც მხოლოდ ერთი ფოტო მომწონს..

Colloseum from the inside. Did you know the arena was wooden and there were catacombs undernearth?… #romanholiday #rome #traveldiary

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

P1060487

კოლიზეუმიდან მაქსიმუსის ცირკამდე ფეხით 15-20 წუთში მიხვალთ. ის ავენტინის და პალატინის ბორცვებს შორის მდებარეობს. თუმცა, დიდმა ცირკმა იმედი გამიცრუა. დღეს მის ადგილას პატარა ნანგრევები და ერთი უბრალო მინდორია შემორჩენილი, სადაც რომაელი ბიჭუნები და გოგონები ფეხბურთს თამაშობენ. ნანგრევები რესტავრაციაშია და ბევრი ვერაფერი დავინახე. სს ადგილი დაახლოებით მე-6 საუკუნიდან მოყოლებული პირველადი დანიშნულებით აღარ გამოიყენება. დაუჯერებელია იმის წარმოდგენა, რომ აქ ოდესღაც ეტლებით რბოლა და მთელი რომის იმპერიაში პოპულარული სხვადასხვა გასართობი თამაშები იმართებოდა. თუმცა, ავენტინის ბორცვიდან თუ გადაიხედავთ, პალატინის ბორცვზე შემომდგარ რომაულ ფორუმებს დაინახავთ, რომლებიც ცირკს ამაყად გადმოჰყურებენ და ეს სანახაობა მართლაც ღირს კოლიზეუმიდან 20 წუთიან გასეირნებად.

აქედან ის პატარა “სოფელიც” ჩანს, სადაც ლეგენდის თანახმად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნეში რომულუსი ცხოვრობდა.

რომის საძირკველთან ვდგავარ.

from coloseum to circus maximus

მაქსიმუსის ცირკი

P1060491

* * *

მთელი რომი ვარდისფრად ყვავის

მთელი რომი ვარდისფრად ყვავის

გადავწყვიტე sapienza-ს უნივერსიტეტში ფეხით წავსულიყავი. საპიენცას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ვია დელ კასტრო ლაურენციანოს 9 ნომერში მდებარეობს, რაც ტერმინის მატარებლის სადგურიდან 20 წუთის ხოლო ჩემი ჰოსტელიდან 30 წუთის სავალზეა, და აქ ESN-ის ოფისია განთავსებული.

IMG_20150416_151750

ESN-ის ოფისში ძალიან თბილად მიმიღეს, თან გაუკვირდათ, რომ მივაკითხე. როგორც ჩანს ამ ქსელის წევრობის პრივილეგიას არც ისე ბევრი სტუდენტი იყენებს. უამრავი რჩევა მომცეს და შემპირდნენ, თუ შაბათ-კვირას ექსკურსია გაიმართებოდა, აუცილებლად შემატყობინებდნენ. თუმცა ამის იმედზე ნუ იქნებიო. სხვა ადგილები იმასწავლეს, რომელთა ნახვაც დამოუკიდებლად შემიძლია. მაგალითად რომიდან ჩრდილოეთით დიდი ტბა ყოფილა, და მის გარშემო სამი ლამაზი სოფელი. მატარებლის ბილეთი 3 ევრომდე ღირსო. მგონი წავალ მანდ.

* * *

Uch better lumch than yesterday #lasagna

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ცირკის მახლობლად პატარა სასადილო ვიპოვე და ლანჩად ლაზანია მივირთვი.

არ მომწონს იტალიური საჭმელი. არც პასტა მომწონს, არც პიცა. ჯერ კიდევ ვეძებ რამე კერძს რაც თავბრუს დამახვევს და ვერ ვპოულობ. მხოლოდ ნაყინი მომწონს. დღეში სამჯერ შემიძლია ვჭამო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვჭამ. გემოს საგულდაგულოდ ვარჩევ და ყოველთვის ერთ ბურთულას ვყიდულობ. აქაც ვერ ვღალატობ ჯანსაღ ცხოვრებას. მომწონს, რომ ბევრს დავდივარ ფეხით.

ხანდახან მარტოობის საშინელი განცდა მეუფლება. ვაანალიზებ საკუთარ თავს, და იმას, თუ როგორ მიჭირს ადამიანებთან დამეგობრება და ბოლომდე გახსნა. და თუ ვინმესთან გავიხსნები, მერე როგორ მიჭირს “ვადაგასული” ურთიერთობების ჩამოცილება. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ მეპარება ადამიანებში ეჭვი ყოველთვის და როგორ ვერ ვენდობი ადამიანებს. ვცდილობ, გარკვეულ შეკითხვებზე პასუხები ვიპოვო. დრო ბევრი მაქვს და არ მეჩქარება. ყველა დღე ჩემია.

რაც მთავარია, მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ. ეს ბედნიერება უეცრად მოზღვავებული მხიარულება არ არის. არც რამეთი აღტაცება და წუთიერი აღმაფრენაა. შედარებით მარტოსული, ჩუმი, დამოუკიდებელი და მეტისმეტად ბევრი რამის ტევადი კმაყოფილებაა.

IMG_20150416_132206