Tag Archives: ნაყინი

მოგზაურობა იტალიაში: დღე მეორე

მორჩა. ჩემი საქმე წასულია. იტალიელები მხოლოდ ტკბილ საუზმეს ჭამენ. შოკოლადიანი კრუასანები, ნამცხვრები, ტკბილი ბურღულეული, ჯემები და ა.შ. არავითარი ყველი, ლორი ან სხვა მარილიანი პროდუქტები. არადა, რამდენი გადავიხადე ჰოსტელის საუზმეში?! არა ასე ვერ გაგრძელდება. მომიწევს სუპერმარკეტთან სტუმრობა.

მგონი ამოვხსენი Dolce Vita-ს საიდუმლო პირდაპირი მნიშვნელობით. წავალ აწი სახლში…

* * *

რა ლამაზია რომი! ქუჩებში დავდივარ და ყველაფერს აღტაცებაში მოვყავარ. თუმცა ბარსელონასგან ბევრად განსხვავდება. აქაურობას უფრო ძველი და დიდებული სილამაზე აქვს. ბარსელონა – ხელოვნების და გართობის დედაქალაქი – მეტისმეტად ფერადი და გადაპრანჭულია.

via nazionale

P1060232

Day2morningselfie

წარუმატებელი საუზმის შემდეგ ჰოსტელიდან ნაციონალეს ქუჩას გავუყევი. გზად რესპუბლიკის მოედანზე  შევჩერდი და შადრევანს ფოტო გადავუღე.

ცხელა. დღეს 22 გრადუსია გამოცხადებული.

MetroRepublicca

ნაციონალეს ბოლომდე მივუყვები და ტრაიანეს სვეტთან ჩემს წინ საინტერესო ხედი იშლება. აქედან იწყება რომის ყველაზე ძველი, ისტორიული ნაწილი.

ამ რუკაზე კარგად მოჩანს ვიქტორიო ემანუელ მეორის მონუმენტი და ტრაიანეს ფორუმი.

ამ რუკაზე კარგად მოჩანს ვიქტორიო ემანუელ მეორის მონუმენტი, იმპერატორის ფორუმების გამზირი და ტრაიანეს ფორუმი.

მარცხნივ, სამხრეთისკენ, იმპერატორის ფორუმების ქუჩა და კოლიზეუმი მოჩანს. ეს ტერიტორია დაცულია და შესვლა ფასიანია. რიგებისთვის თავი რომ ამერიდებინა, ბილეთი ონლაინ, 14 ევროდ შევიძინე (რიგში ჩადგომით 2 ევროს დავზოგავდი, თუმცა უამრავი დრო დამეკარგებოდა).

P1060235

რადგან რიგზე არ მაქვს სადარდებელი, გზას მარჯვნივ, დასავლეთით, ვიქტორ ემანუელ II-ის ძეგლისკენ ვაგრძელებ, რომელიც ზუსტად ვენეციის მოედანსა და კაპიტოლიუმის ბორცვს შორის მდებარეობს. ვიქტორ ემანუელ II გაერთიანებული იტალიის პირველი მეფე იყო. ამ მონუმენტს მეორენაირად Altare della Patria-ს ანუ “სამშობლოს საკურთხეველსაც” ეძახიან. იგი ერთიანი იტალიის სიმბოლოა. მეფის ქანდაკება 1901 წლით თარიღდება და მოქანდაკე მასზე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

P1060239

აქვეა პირველ მსოფლიო ომში დაღუპული მეომრებისადმი მიძღვნილი უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელსაც ქალღმერთი რომი “იცავს” და მემორიალური მარადიული ცეცხლი “ათბობს”.

ეს უზარმაზარი მონუმენტი თეთრი “მანათობელი” მარმარილოთია მოპირკეთებული, რის გამოც მკვეთრად გამოირჩევა მის გარშემო არსებული სხვა მუქი ფერის შენობებისგან. ის იმდენად დიდია, რომ ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან მოჩანს. რომაელები მისი ყუთის მსგავსი ფორმის გამო უამრავ საზიზღარ მეტსახელს ეძახიან. მათ შორისაა: “საბეჭდი მანქანა”, “ინგლისური სუპი” (იტალიური დესერტი) და “ეროვნული საშარდე”.

P1060247

შენობაში შესვლა უფასოა (კიბეებზე დაჯდომა არ შეიძლება) და შიგნით იტალიის გაერთიანების მუზეუმია განთავსებული.

მის უკან, კაპიტოლიუმის ბორცვის წვერზე, წმინდა მარიამის სახელობის “სამოთხის საკურთხევლის” ბაზილიკა დგას. მისი ინტერიერით, განსაკუთრებით კი ჭერით, გაოცებული დავრჩი.

church vittorio emanuel 2

P1060258

თუმცა, ერთი შეგრძნება, რომელიც კათოლიკურ ეკლესიებში მეუფლება, არის გაღიზიანება. ეს ოქროთი მოჭედილი ხატები, ბროლის ჭაღები და მარმარილოს ჩუქურთმიანი სვეტები იმდენად მაღიზიანებს, რომ ეკლესიებს “ღვთის სავანედ” ვერაფრით ვეღარ აღვიქვამ. პროტესტანტულ ეკლესიებში ეს “მდიდრული” ტონი შედარებით დაწეულია და გაღიზიანებისთვის ნაკლები მიზეზი მაქვს. ალბათ ამიტომაც მომეწონა ბარსელონაში “Sagrada Familia”.

P1060259

* * *

ვენეციის მოედნიდან იმპერატორის ფორუმების ქუჩას მივყვები. ტრაიანეს ფორუმსა და ბაზრებს შორის ხალხია შეჯგუფული. ქუჩის მეორე მხარეს რეკლამის ან ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ვარკვევ, რომ წითელ მანქანაში ბენ სტილერი ზის და ყველა ცდილობს ფოტო გადაუღოს. ასისტენტები საგანგებოდ, ქოლგებით ცდილობენ მის დამალვას და კარგადაც გამოსდით – ერთ ნორმალურ ფოტოს ძლივს ვიღებ.

Ben_Stiller_in_Roma

Ben_Stiller_in_Rome

Ben Stiller in Rome (c) Sweet.ge

Ben Stiller in Rome / closeup (c) Sweet.ge

Ben Stiller in Rome / closeup (c) Sweet.ge

დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვდგავარ და მივჩერებივარ ქოლგებს, რომლებიც ბენ სტილერს მალავენ, შემდეგ 180 გრადუსით ვტრიალდები, თვალში იულიუს კეისრის ფორუმი მხვდება და უცებ ძალიან მეცინება.

Ceasar Forum

იულიუს კეისრის ფორუმი. ნანგრევები

მეცინება ყველაფერზე: ბენ სტილერზე, ქოლგებზე, ვითომ პაპარაცებზე, ჩემს თავზე, იულიუს კეისარზე, რომის იმპერიაზე, რომის პაპზე, იმ სიცოცხლეზე, 2000 წლის წინ ამ ადგილას რომ დუღდა და გადმოდიოდა, და იმ სიცოცხლეზე ამ ადგილას ახლა რომ დუღს და გადმოდის. მთელი სიმძიმით განვიცდი იმას, რომ ყველაფერი წარმავალია, ცხოვრება წუთიერია და ამას არაფერი ეშველება.

ჩემს თავს ვეკითხები, რა უფრო გამაბედნიერებს ახლა, ბენ სტილერის ხარისხიანი ფოტოს მოპოვება თუ რომის ფორუმის ნახვა? გზას ვაგრძელებ და რამდენიმე წუთში დაცულ ტერიტორიაზე შევდივარ.

* * *

არ ვიცი რა ჯადოსნური დამოკიდებულება არსებობს მოგზაურობასა და ერთ ადგილას დაფუძნების სურვილს შორის, მაგრამ ყოველთვის, როცა სამოგზაუროდ მარტო მივდივარ, უცნაური ფიქრები ამეკვიატება ხოლმე: ვხვდები, რატომ უნდათ ადამიანებს საკუთარი ოჯახი ჰქონდეთ.

მე ის ვიცი, რომ არ მინდა ოჯახი. განსაკუთრებით ახლა ან უახლოეს მომავალში. არასდროს ვყოფილვარ მზად ამისთვის და უახლოესი 5 წლის განმავლობაში არ ვიქნები. ეს თემა მაფიქრებდა და ხანდახან მადარდებდა კიდეც, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რამხელა წნეხის ქვეშ ხვდება ნებისმიერი 30 წლამდე ასაკის დასაოჯახებელი ქალი ქართულ (და არა მარტო ქართულ) საზოგადოებაში.

შეიძლება ამის გამოც წავიკითხე Eat Pray Love “სამოცდახუთჯერ” – გილბერტის ისტორია ჩემად მომეჩვენა და მისგან მხარდაჭერას ვიღებდი ყოველთვის როცა მჭირდებოდა საკუთარ თავში და სურვილებში განმტკიცება. შემდეგ წავიკითხე მისი Committed და გავიაზრე იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც ჩემსავით ფიქრობდა და ბოლოს – 40+ ასაკში მივიდა გადაწყვეტილებამდე (ნებით თუ უნებლიედ) ოჯახი შეექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გადაწყვეტილებაში – ვიყო მარტო – მტკიცე ვარ, ნელ-ნელა ვიწყებ იმ ადამიანების გაგებას, ვინც ოჯახებს ზრდასრულ ასაკში და გააზრებულად ქმნიან.

ახლა აქ ვარ, რომში, და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები ოჯახებს და წყვილებს, ერთად რომ მოგზაურობენ. მათი დანახვა ჩემს სკეპტიციზმს ოჯახის ინსტიტუტის მიმართ ოდნავ არბილებს ხოლმე და ვფიქრობ, იქნებ “მთლად წარუმატებელი” არ გამოვიდეს, თუკი ოდესმე კიდევ ერთხელ დავაპირე, ამ საქმეს მოვეკიდო.

ალბათ სასიამოვნოა, როდესაც  ა) გყავს ადამიანი ვინც შენი ცხოვრების “მოწმეა”, ბ) გყავს ადამიან(ებ)ი, ვინც “შენი გუნდია”, რაც არ უნდა მოხდეს, გ) უყურებ, როგორ იზრდებიან ბავშვები შენს გვერდით და ყველაფერს იმეორებენ, რასაც ასწავლი, დ) როდესაც მოგზაურობიდან სახლში ბრუნდები, სიცარიელის და მარტოობის გრძნობა არ გეუფლება.

მაგრამ მერე, მახსენდება ქორწილი, ორსულობა, ბავშვის საფენები, ძუძუთი კვება, მომატებული კილოგრამები, სტრიები, დაღლილობა, უძილობა – და რა თქმა უნდა ყველა სენტიმენტი, რაც იმ დროებითმა მარტოობამ მომიტანა უკვალოდ იფანტება. თანაც სინამდვილეში, ხომ ყველანი ყოველთვის მარტოები ვართ, სხვა ყველაფერი თავის მოტყუებაა.

და მაინც, რომ შემხვდებოდეს ვინმე მამაცი და ძლიერი, ვინც ამ ყველაფერს ჩემთან ერთად თანაბრად (!) გაუძლებს, აგერ ამ სანტა ფრანჩესკა რომანოს ბაზილიკის თავს ვფიცავარ, მგონი შანსს მივცემ.

* * *

რომაული ფორუმი

იმპერატორის ფორუმები საშინლად გაიწელა. ყველაფერი უღმერთოდ ლამაზია და არ მინდა რამე გამომრჩეს, მაგრამ თან მცხელა, დავიღალე, კანი მეწვის (მგონი მზის დამწვრობა მივიღე), მშია, დასათვალიერებელი კი არ ილევა. რომ მცოდნოდა, ამდენი სასიარულო მექნებოდა, საგზალს წამოვიღებდი. კოლიზეუმს დღეს ვეღარ მოვასწრებ, ამიტომ ხვალ უფრო მომზადებული მოვალ. კარგია, რომ ეს ბილეთი 2 დღიანია – ესმით საკითხი. სასწრაფოდ რამე საკვები ობიექტი უნდა ვიპოვო.

P1060388

P1060390

P1060392

 

P1060337

P1060328

P1060303P1060315P1060316P1060317

P1060335

P1060339

P1060346

P1060362

P1060365

პალატინის ბორცვი:

P1060386P1060396

P1060394

P1060370

P1060371

P1060408

P1060414

P1060415

P1060420

P1060410

აპოლონ პალატინის ტაძრიდან / ბორცვიდან ხედი “დიდი ცირკის” მხარეს.

P1060403

P1060404

P1060417

P1060424

P1060429

P1060453

* * *

მსოფლიოში ყველაზე ცუდი პიცა ვჭამე. ისეთი ცუდი იყო, რომ არც შემიძლია პიცა ვუწოდო იმ საზიზღრობას. ჩემი შეცდომაა – რაღაც “ზაბიგალოვკაში” შევედი. წესიერი იტალიური საჭმელი წესიერ რესტორნებში იყიდება. სამაგიეროდ ყველაზე გემრიელი ფსტის ნაყინი გავსინჯე. იტალიური ნაყინის შესახებ ლეგენდები აქამდეც მსმენოდა და ახლა პირველად მომეცა შანსი, გამესინჯა ეს საოცრება. იტალიურ “ჯელატოსთან” ყველაზე ახლოს თბილისში Luca Polare-ს ნაყინი მოდის, და ალბათ სულ ოდნავ ჩამოუვარდება. რომში თითო ბურთულა დაახლოებით 2-3 ევრო ღირს და არჩევანი დაახლოებით 5-10 სხვადასხვა გემოს შორის შეგიძლია გააკეთო (სანაყინეს გააჩნია).

თუ იტალიაში მოხვდებით, ნაყინთან და ზოგადად საჭმელთან დაკავშირებით ერთი რჩევა გაითვალისწინეთ: შედით იმ საკვებ ობიექტში, სადაც რიგია და ამ რიგში ადგილობრივები დგანან. ეს ნიშნავს რომ საჭმელი ერთდროულად იაფიცაა და გემრიელიც.

მართალია, პიცა არ გამოდგა, ნახევარი სახეც მეწვის და 20 ათასი ნაბიჯის გავლის შემდეგ თავს დამხრჩვალი კატასავით ვგრძნობ, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ, არაფერი არ მადარდებს.

ამ დიდებულ ქალაქში კიდევ 7 დღე უნდა გავატარო.

დღის შეკითხვა

რომში ყოფნა ჩემს ფილოსოფიური იდეებისკენ მიდრეკილებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მე და ჩემი მეგობარი ვერაფრით შევთანხმდით:

სამყარო მოწესრიგებული ორგანიზმია თუ ერთი დიდი შემთხვევითი უწესრიგობა?

მე ვემხრობი იმ აზრს, რომ სამყარო საათის მექანიზმივით გამართული, მოწესრიგებულ ნაწილაკთა ერთობლიობაა და რომ მასში შემთხვევითად არაფერი ხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

სამუშაო პროცესი

სტატია მაქვს კოსმოპოლიტენისთვის მოსამზადებელი და ხვალინდელი ბლოგკემპისთვის პრეზენტაცია გასაკეთებელი.
სტატიის ნახევარს გავცდი. პრეზენტაციასაც ახლა შევეჭიდები.
მეხმარებიან: კაპუჩინო – ჩემს საყვარელ ჭიქაში, მარწყვის ბანანისა და ნაყინის ნარევი, თინის მხარდაჭერა (რომელიც ასევე თავის საკუთარ პრეზენტაციას უჩხიკინებს).

სამუშაო პროცესის სიტკბოება

სამუშაო პროცესის სიტკბოება

როგორ მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ!!!