Introduction Week v.2.0

დღეს იწყება მეორე სემესტრის შესავალი კვირა.

დაახლოებით 700 ახალი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა ხრონინგენში. ამ კვირაში ისინი ზუსტად იგივე გამოცდილებას მიიღებენ, რაც მე აგვისტოში მივიღე. ამჯერად ჩემი მონაწილეობა იმით განისაზღვრა, რომ ESN-ის წარმომადგენელი და ჯგუფის ლიდერი გავხდი. მე და ანდრე ერთად ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენი ჯგუფის ნომერი 31-ია. დაახლოებით 12-მდე სტუდენტი მოგვბარდება.

პირველი დღე შედარებით მარტივია: ჯერ ქალაქის ცენტრი უნდა დავათვალიერებინოთ, შემდეგ ჩვენთან საერთო საცხოვრებელში ვახშამი გავუმართოთ და ღამე – კლუბში წავიყვანოთ. მომდევნო დღეებში ექსკურსიები, სპორტული და კულტურული აქტივობები, წვეულებები და სხვა საინტერესო რამეებია დაგეგმილი.

ერთი სიტყვით, იდეა ისაა, რომ ძველმა სტუდენტებმა ახლებს გზა გაუკვალონ და ხრონინგენული სტუდენტური ცხოვრების ფერხულში ჩააბან.

The sexiest branded t-shirt i've ever worn ^^ #Groningen #GROIntroWeek #esnguide #esn #introductionweek

A photo posted by Mariam Sweet (@belladore) on

ეს ჩვენი ჯგუფია: ორი ამერიკელი, ორი ესპანელი, ერთი ავსტრიელი, ერთი შვეიცარიელი, ერთი პოლონელი, ერთი მალაიზიელი, ერთი ჩინელი და ერთი ბულგარელი. როგორც წინა პოსტებში ვახსენე, ანდრე ბრაზილიელია.

Intro Week 2

პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა, კლუბები მოვიარეთ. ბავშვებმა ბანძი კოქტეილები დალიეს – ვერცერთი ვერ დათვრა.
მე ვერ ვსვამ. 28 დღიანი უშაქრო დიეტა დავიწყე და არაფერს არ ვიღებ, რაც შაქარს შეიცავს – ამას სხვა პოსტში მოვყვები.

ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. მთავარი ეს არის. ასეთ ინტერნაციონალურ ჯგუფებში ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიური დამოკიდებულება. საბედნიეროდ დიპლომატია უხვად დამაბერტყა ბუნებამ. ნებისმიერ სიტუაციაში ფასილიტატორი ვხდები და ყველა კონფლიქტს უსისხლოდ ვაგვარებ. მთავარია, მე არავინ გამაბრაზოს. :)

Cute shots from last night. I didnt drink any though… ^^

A photo posted by Mariam Sweet (@belladore) on

აქვე უნდა ჩავინიშნო ერთ-ერთი ამერიკელი გოგოს, ალექსას ბლოგ პოსტი ინტრო-ვიკის შესახებ.

ერთ-ერთ დღეს კულტურული აქტივობები გვქონდა. მე ჰოლანდიის ისტორია და იმპროვ-კომედიის კლასები ავირჩიე.

იმპროვ-კომედია, ანუ იმპროვიზაციული თეატრი, ძალიან მაგარი რამეა. აქ არ არსებობს წინასწარი სცენარი, მსახიობები უშუალოდ სპექტაკლის მიმდინარეობისას იგონებენ რეპლიკებს და სიუჟეტს. მეგონა, განსაკუთრებული იუმორის/თეატრალური ნიჭით უნდა ყოფილიყავი დაჯილდოებული ეს რომ შეგძლებოდა, მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა. არსებობს სპეციალური წესები და ტექნიკები, რომლებიც შეგიძლია აითვისო და ამის შემდეგ იმპროვიზირება ყველას შეუძლია – თუმცა მე გამიძნელდა. ერთადერთი და უმთავრესი წესი, რასაც იმპროვი მოითხოვს, საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლაა.

როორც წესი, ყოველთვის ვცდილობ კომფორტის ზონიდან გავიდე ხოლმე. სწორედ ამიტომ მიყვარს მარტო მოგზაურობა, საკუთარ თავს არასტანდარტულ სიტუაციებში ვაგდებ და მომწონს დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ვიზრდები ამ სიტუაციებში. მაგრამ იმპროვის დროს უამრავი “მოწმე” გყავს და შეგრძნებები ათმაგად მძაფრია. ინგლისურ ენაზე იმრპოვიზირებაც გამირთულდა. ალბათ ოდესმე კვლავ მივუბრუნდები, მაგრამ ახლა არა, ისედაც ძალიან სტრესულ გარემოში მიწევს ცხოვრება…

ამ ფოტოზე ფრანგ ბიჭთან ვცდილობ იმპროვიზირებული დიალოგის გაბმას, სადაც მოსაუბრის ყოველი რეპლიკის ბოლო სიტყვები შეძლებისდაგვარად უნდა გაიმეორო და შენი იდეა დაამატო. ეს სავარჯიშო აქტიური მოსმენის უნარს ავითარებს. სათქმელად ადვილია, განსახორციელებლად – საკმაოდ რთული…

improv

იმპროვ-კომედიის დასი, რომელმაც ჩვენ ჩაგვიტარა მასტერ კლასი, გრონინგენის ინგლისურენოვანი დასია – Stranger Things Have Happened. მათი წარმოდგენების ნახვა დასის Youtube-ის არხზეც შეგიძლიათ.

16 საათი გზაში

ყოველთვის როცა ადამიანი რამეზე წუწუნს იწყებს, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც იტყვის: “შენ რა გიჭირს, აი, მე უფრო ცუდად მაქვს საქმე…” გასაგებია, რომ ჩემზე უარეს სიტუაციაშიც ყოფილა ვიღაც და აფრიკაში ბავშვებიც წყურვილით იხოცებიან, და 1 წელი ჰოლანდიაში ვიცხოვრებ და ამის გამო ბედნიერებისგან უნდა ვბრწყინავდე და მგზავრობის საშინელებებიც უნდა ავიტანო… მაგრამ ვერავითარი ძალა ვერ შემაჩერებს რომ ჩემს 16 საათიან საშინელ მოგზაურობაზე არ ვიწუწუნო.

ფრენა 25 აგვისტოს, დილის 4:45 წუთზე იყო დანიშნული. აეროპორტში მინიმუმ 45 წუთით ადრე მინდოდა მისვლა, მაგრამ რატომღაც 4:15-ზე მივედი და აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. მითხრეს, დაგაგვიანდაო, მაგრამ სახე ისტერიკის წინაპირობით დამეღრიჯა, ალბათ ამიტომ ჩემი ორი 20 კილოიანი ჩანთისგან შემდგარი ბარგი ჩაიბარეს და ჩასხდომაზე ამიშვეს.

გაკვეთილი #1: ამიერიდან აეროპორტში საათნახევრით ადრე მაინც უნდა მივიდე.

პასპორტის კონტროლზე საშინლად გრძელი რიგი იდგა. ცოტა გავძვერ-გამოვძვერი და როგორც იქნა გავედი ბარგის შემოწმებაზე. იქ მითხრეს, რომ ჩანთიდან ჩემი საყვარელი “გენას” თავიანი ჩანგალი, რომელიც 6 წლის რომ ვიყავი ჩემმა მეგობარმა სანდრომ მაჩუქა, უნდა ამომეღო და ნაგავში მომესროლა. რა ჯანდაბად ჩავდე ეს ჩანგალი მაინცდამაინც ხელბარგში?

დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩემი ჩანგალი. თუმცა ჩებურაშკას მაგივრად გენას თავი ჰქონდა.
დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩემი გენას თავიანი ჩანგალი.

აი, ასე, აეროპორტის ბარგის საკონტროლო პუნქტზე, სიმბოლურად და ნაჩქარევად გამოვემშვიდობე ჩემს ბავშვობას.

გაკვეთილი #2: არასდროს უნდა ჩავდო წვეტიანი ნივთები ხელბარგში.

საკონტროლო პუნქტთან ჩემი ნაცნობი თანა-ერასმუსელი, მარიამ რაზმაძე დავინახე. შარშან სტამბოლში ყოფნისას, მარიამთან ერთად ვქირაობდი ბინას. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავშიც გვერდიგვერდ ვისხედით. გამიხარდა და გავოცდი. ეს როგორ მოხდა?
როგორ დაემთხვა, რომ ორივემ ერასმუსში გავიმარჯვეთ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროგრამაში გვქონდა შეტანილი აპლიკაცია, ორივე ერთ ქალაქში და ერთ უნივერსიტეტში მოვხვდით?
როგორ მოხდა, რომ მიუხედავად სხვადასხვა კოორდინატორებისა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, ორივეს ერთ რეისზე დაგვიჯავშნეს ფრენა და თანაც გვერდიგვერდ მოვხვდით? რა შანსი არსებობდა ამდენი დამთხვევის?

გაკვეთილი #3: სამყარო ძალიან, ძალიან უცნაურად არის მოწყობილი.

თვითმფრინავში რომ ავედი, მეგონა თავი ქუდში მქონდა, მაგრამ “ნურას უკაცრავად”-ო მომიგო მოგზაურობის ღმერთმა. თვითმფრინავი დაახლოებით 6-ის ნახევრამდე ჯორივით ჯიუტად იდგა და გაფრენაზე უარს აცხადებდა.
პირველი გაჩერება ვარშავაში უნდა გვქონოდა. იქ ამსტერდამის თვითმფრინავში უნდა გადავმსხდარიყავით. თუმცა, რა თქმა უნდა, 45 წუთიანი დაგვიანების შემდეგ, მეორე ფრენას ვერ მივუსწარით და ზუსტად ჩვენს ცხვირწინ დამთავრდა ჩასხდომა.

LOT airline plane
მომდავნო რეისი 7 საათში იყო დაგეგმილი

მომდევნო პირდაპირი რეისი ამსტერდამამდე მხოლოდ 7 საათის მერე იგეგმებოდა. ეს არანაირად არ გვაწყობდა, რადგან ამსტერდამიდან გრონინგენამდე კიდევ მატარებლით უნდა გვემგზავრა.
ბევრი წუწუნის შემდეგ, პოლონური ავიახაზების თანამშრომელმა ახალი ბილეთები მოგვცა – შემაერთებელი რეისი ამსტერდამამდე, ფრანკფურტის გავლით ორ საათის შემდეგ დაიძვრებოდა ვარშავიდან. გვითხრეს, რომ ბარგსაც იგივე რეისით გამოაგზავნიდნენ. ეს დაახლოებით 4 საათით დაგვაგვიანებდა გრონინგენში, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

chopin airport
ვარშავაში, შოპენის აეროპორტში პოლონურმა ავიახაზებმა საჭმლის ვაუჩერი მოგვცა – ბოდიშის მოხდის მიზნით.

ვარშავა-ფრანკფურტი-ამსტერდამის ფრენა ლუფტანზამ შეასრულა. ფრენამ კარგად ჩაიარა, თუმცა ამსტერდამში, სკიპჰოლის აეროპორტში ერთ საათიანი ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ჩანთა ვარშავიდან არც კი გამოუგზავნიათ.

ფრანკფურტის აეროპორტში ველოდებით ამსტერდამის რეისს
ფრანკფურტის აეროპორტში ველოდებით ამსტერდამის რეისს

წავედი ლუფტანზას ოფისში განცხადების დასაწერად. ემოციები რომ გვერდით გადავდოთ, ნახევარი საათი მარტო ფორმებს ვავსებდი. მარიამი დანარჩენ ჩანთებს ყარაულობდა. მის გარეშე, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

ლუფტანზას ოფისმა, რა თქმა უნდა, მომიბოდიშა და შემპირდა, რომ ჩანთას 24 საათის განმავლობაში იპოვნიდნენ და სახლში მომიტანდნენ. გრონინგენში დაჯავშნილი ჰოსტელის მისამართი და ტელეფონი ჩავაწერინე.

schiphol airport amsterdam
სკიპჰოლის აეროპორტში – სანამ ჩვენი ბარგის ამბავს გავიგებდით, გზადაგზა არხეინად ვიღებდით სურათებს

როგორც იქნა სკიპჰოლის მატარებლის სადგურამდე ჩავაღწიეთ. უკვე 4-ის ნახევარი იყო. წესით გრონინგენში უკვე რამდენიმე საათის წინ უნდა ვყოფილიყავით. გასავათებული ვიყავი. თვალწინ მედგა ყველა ნივთი, რაც დაკარგულ ჩემოდანში მედო და გეგმას ვსახავდი, რისი ყიდვა დამჭირდებოდა პირველ რიგში, თუკი ჩემოდანს არ მომიტანდნენ. კიდევ კარგი, ბარგის ჩალაგებისას გავითვალისწინე დაკარგვის შემთხვევა და ტანსაცმელიც და ფეხსაცმელიც ორ ნაწილად მქონდა გაყოფილი და სხვადასხვა ჩემოდნებში განაწილებული.

გაკვეთილი #4: “რესურსების გადანაწილება” და “დეცენტრალიზაცია” სიტყვების რახარუხი არ არის.

5-ის 3 წუთზე მატარებელიც ჩამოდგა. ორ სართულიანი, ლურჯ-ყვითელი მატარებელი იყო. ძლივს ავათრიეთ ჩანთები მეორე სართულზე. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ თუ ჩემი ჩანთა ოდესმე ისევ გამოჩნდებოდა, მისი დროებითი დაკარგვა არც ისე ცუდი იდეა იყო. ამხელა გზაზე ერთი 20 კილოიანის და 8 კილოანი ხელბარგის ტარებაც საკმაოდ გამიჭირდა.

2 საათნახევარი მატარებელში გავატარეთ. გარეთ საშინელი ამინდი იყო. ზოგან ჟინჟლავდა, ზოგან კი გვარიანად წვიმდა. თბილისის 40 გრადუსიანი სიცხის შემდეგ ჰოლანდია ციმბირად მომეჩვენა. კიდევ კარგი თბილი ქურთუკი ხელბარგში მედო და როგორც კი ჩრდილოეთისკენ დავიძარით, მაშინვე შიგ გავეხვიე.

უძილობისგან, ნერვიულობისგან და დაღლილობისგან თავი ამტკივდა. გამაყუჩებელი დავლიე და შევეცადე ცოტა ხანი დამეძინა. მართალია, სამი ფრენა გვქონდა, მაგრამ ვერცერთზე ვერ დავიძინე. როგორც კი 20 წამით ჩამთვლემდა, თვითმფრინავი დაჯდომას იწყებდა. მატარებელში უფრო გამიმართლა, 15 წუთი თვალი მოვხუჭე. გზისპირა პეიზაჟმაც ხელი შემიწყო – ბევრი იყო ტრამალი მინდვრები, ძროხები და ქარის წისქვილები; ცოტა იყო ტყე, ქალაქები და ფერმერთა კოხტა სახლები.

ასე გამოიყურება ქალაქების შემაერთებელი მატარებელი. მეორე სართულიდან კარგი ხედია.
ასე გამოიყურება ქალაქების შემაერთებელი მატარებელი. მეორე სართულიდან კარგი ხედია.

“რა ლამაზია აქაურობა” – გავიფიქრე და მივხვდი, რომ მიუხედავად თავს გადამხდარი ნერვიულობებისა, ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ აღმოვჩნდი. ამ წამს წვიმაც მიხარია, სიცივეც და ქარის წისქვილებიც. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე არაკომფორტული და ამავე დროს საუკეთესო მოგზაურობაა. ავიახაზებს გაგულისებულ წერილს მივწერ, ბარგსაც დამიბრუნებენ. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მაგარია!

გაკვეთილი #5: ყოველთვის ყველაფერს კარგი მხრიდან უნდა შევხედო – ასე უფრო ბედნიერი ვიქნები.

გრონინგენის ცენტრალურ სადგურში დაახლოებით 6 საათზე შევედით. ნახევარი საათი ავტობუსს ველოდეთ, რომელშიც თითომ 2 ევრო გადავიხადეთ და რომელმაც საბოლოოდ ბოტერდიპის ქუჩაზე 73-2 ნომერში მიგვიყვანა. აქ ჩვენი ჰოსტელი მდებარეობს. ჰოსტელი, ტკბილი ჰოსტელი.

ექსკურსია ჩარგალში და ვოიაჟი კვარიათში

ხვალ ბლოგერები ექსკურსიაზე მივდივართ ჩარგალში. ვისაც ჯერ არ გინახავთ Facebook-ის ღონისძიება, შეგიძლიათ აქ დაკლიკოთ და ჯერ კიდევ არის დრო – შემოგვიერთდეთ!

ჩარგალი
ჩარგალი

იქითა კვირაში რამოდენიმე ბლოგერი ეკონომიკის სამინისტროს კვარიათში მივყავართ 3 დღით.

ეგ კი მიხარია, მაგრამ თბილისიდან ავტობუსით უნდა წავიდეთ და თან დღისით. იმედია სიცხე მაინც არ იქნება, თორემ არ ვიცი როგორ ჩავაღწევთ იქამდე. მთავარია რამის თავი გვქონდეს და იქ გატარებულ დროს მართლა ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

რა მიზნით მივყავართ, ჯერ კარგად ვერც მე გავიგე, სავარაუდოდ საკითხი ეხება კიბერ ბრძოლებს და საქართველოს პიარს ინტერნეტში.

კვარიათი
კვარიათი - სურათი ვიკიპედიის ენციკლოპედიიდან

ერთი სიტყვით, მალე ფოტორეპორტაჟებით გაიძეძგება ეს ბლოგი. დაელოდეთ. :)

Virtual Trip To Singapore: I

საიტის მიხედვით Nuffnang Blogger Awards 2009 პან პასიფიკის მთავარ დარბაზში გაიმართება.

ცოტაოდენი ძიების შემდეგ ამ ადგილს უკვე ვეწვიე. :love:

Pan Pacific Singapore Grand Ballroom:

მისამართი: 7 Raffles Boulevard , Marina Square, Singapore 039595

Maps:

Google Map
Google Map
Google Earth
Google Earth

ფოტოსურათები Google Earth-იდან:

Pan Pacific - Google Earth
Pan Pacific - Google Earth
Pan Pacific - Google Earth
Pan Pacific - Google Earth

პან პასიფიკი უმაღლესი კლასისი სასტუმროების ქსელია მსოფლიოში. პან პასიფიც სინგაპური – ამ ქსელის ტავმომწონე წარმომადგენელია, 778 ნომრით, რომლებიც ქალაქის და სანაპიროს ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს.

სასტუმროს ნომერი
სასტუმროს ნომერი

სასტუმროში 26 სპეციალური დარბაზია, შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის.

სასტუმროში ერთი ღამის გატარების საფასური 200 დოლარიდან იწყება.

ბათუმი-(s)trip

28-ში დილის 8 საათზე დავადეთ თავი მე და გვანცამ და წავედით ბათუმში. მარშრუტკით მოგვიწია წასვლა. არადა ხუთშაბათს ღამე მატარებლით გვინდოდა, მაგრამ ბილეთები გაყიდული აღმოჩნდა.

მოკლედ წავედით და წავედით…

საშინელებაა მარშუტკით დიდ მანძილზე გადაადგილება. მაგრამ აქედან კარგი მარშუტკა შეგვხვდა. კარგი სკამებით და ხალვათად ვისხედით. არც ღიპიანი ბიძები არ მოგვისხდნენ გვერდით. გზაში გავსკდით ჭორაობით.

მაგრამ თქვენ არ გეტყვით რაზე ვჭორაობდით ^_^ იმიტომ რომ იდეაში ეს ფოტო-პოსტია.

დონ კიხოტი?
დონ კიხოტი?

გზად გავჩერდით აი ამ მშვენიერ ადგილას სადაც ნაზუქები ვიყიდეთ და მუხლი გავშალეთ… აი აი აი… ნეტავ მქოდნეს ახლა აქ ეს ნაზუქები. Continue reading ბათუმი-(s)trip