ESN IW-ის ბოლო დღეები; კორნულიესტრატი

– “თქვენ ჩამოხვედით -რონინგენის უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს -რონინგენის მუნიციპალიტეტში, რომელიც მდებარეობს ქალაქ -რონინგენში, რომელიც მდებარეობს -რონინგენის პროვინციაში…” – გვითხრა ქალაქის მერმა მიღების ცერემონიალზე, მარტინის ტაძარში. – “ახლა, როცა მიხვდით, რომ აქამდე -რონინგენს არასწორად წარმოთქვამდით, მეორე აზრი, რამაც გაგიელვათ ალბათ ის არის, რომ ჩვენ, ჰოლანდიელებს საერთოდ არ გვაქვს ფანტაზია და ყველაფერს ერთი და იგივე სახელს ვარქმევთ… არადა სულაც არ არის ასე! ჩვენ უბრალოდ გვიყვარს იმის ხაზგასმა, რითაც ვამაყობთ.” –

ამ ხალხს მართლაც ბევრი აქვს საამაყო.

ხრონინგენი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია ევროპაში. აქ ფანჯრებს გისოსები არ აქვს. კარებები შუშისაა და უბრალო გასაღებით იკეტება. შუაღამისას ქუჩაში თავს ისევე უსაფრთხოდ გრძნობ, როგორც დღის სამ საათზე. წესრიგი და დისციპლინა – ეს ორი რამ ჰოლანდიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

* * *

31 აგვისტო – კვირა

13:00 – სპორტის დღე ACLO-ში

ACLO ზერნიკეს სპორტული ცენტრია. წელიწადში საწევრო გადასახადი €52 ევროა, შემდეგ კი შეგიძლია სხვადასხვა ღია კლასებს – იოგა, ზუმბა, სპორტული ცეკვები, კალათბურთი, სქუოში (არ ვიცი ქართულად რა ჰქვია), ფეხბურთი და ა.შ. – უფასოდ და შეუზღუდავად დაესწრო.

კვირას დღის პირველ ნახევარში ACLO-ს პრეზენტაცია და სპორტული აქტივობები იყო დაგეგმილი. სპეციალურად გავაცდინე – მინდოდა ბარგი ჩამელაგებინა და ორშაბათისთვის მოვმზადებულიყავი. ამიტომ საღამოს 7 საათზე პირდაპირ სადილზე მივედი. მისვლა ცოტა ადრე მომივიდა. სტუდენტები უზარმაზარ დარბაზში სალსას ცეკვავდნენ. მეც ერთი ჰოლანდიელი ბიჭი გავათრიე მოედანზე და სალსას შევუერთდი.

უნდა ვაღიარო, ჰოლანდიელი ბიჭები, მიუხედავად მათი თვალის მომჭრელი გარეგნობისა, ძალიან მორცხვები და მოუქნელები არიან. რამდენიმე სტატია წავიკითხე ინტერნეტში, სადაც ეწერა, რომ ჰოლანდიელმა ქალებმა “მამაკაცობა წაართვეს” თავის კაცებს. აქაური ქალები ნამდვილი მონადირეები არიან, ამის გამო საუკუნეების განმავლობაში კაცები “გაზარმაცდნენ” და ეს მათ ყოველდღიურ ქცევაზეც აისახა. სამხრეთელი კაცებისგან განსხვავებით, თითქმის არასდროს დგამენ პირველ ნაბიჯს ქალთან დასაახლოებლად ან მის მოსახიბლად. ისინი არასდროს დასდევენ ქალებს, თუ ერთხელ უარს ეტყვი, მეორედ აღარ შეგაწუხებენ. სამაგიეროდ, როგორც სტატისტიკა გვეუბნება, ჰოლანდიელი კაცები ძალიან მოსიყვარულეები და გალანტურები არიან. ისინი ქალის აზრს პატივს სცემენ, ყოველთვის ყურადღებით გისმენენ და ერთგულებითაც გამოირჩევიან. Nothing like Georgian men! :)

სადილმა ACLO-ში ნორმალურად ჩაიარა, რის მერეც ჩემს ESN-ის ჯგუფთან ერთად საღამოს პროგრამას შევუერთდი.

21:30 – კონცერტი / კარაოკე

აქაურ კლუბებში და ბარებში ის მაცოფებს, ჩანთის შეტანა რომ არ შეგიძლია. ჩანთა და პალტო გასახდელში უნდა დატოვო. გასახდელის გამოყენება კი 1 ან 2 ევრო ღირს. დაცვაც უცნაურად იქცევა, ხან გიშვებს ჩანთით, ხან – არა.

Huize Maas
Huize Maas

Huize Maas-ი უზარმაზარი პაბია. გარედან ვერც კი მიხვდები, რომ შიგნით უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი არსებობს. სცენაზე ორი ბენდი გამოვიდა. პირველი ბენდი ლათინო-ამერიკულ მოტივებზე უკრავდა. მეორე ბენდმა 90-იანების საუკეთესო როკ ჰიტები შეასრულა. მეორე დარბაზში კარაოკე იყო მოწყობილი და ყველა გუნდი მორიგეობით ასრულებდა თითო სიმღერას.

გავერთე, კარგი იყო, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს ასეთი თავყრილობები. თავს უხერხულად ვგრძნობ.

band night

1 სექტემბერი – ორშაბათი

ივეტ ჰაუსკესი ჩემი სტუდენტ-მენეჯერია. მასთან შეთანხმებული ვიყავი რომ 12 საათზე მივიდოდი და გაცნობითი ხასიათის ექსკურსიას ჩამიტარებდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. 11-ზე ავდექი, ბარგი სწრაფად ჩავალაგე, ორი ჩემოდანი წავიღე და ავტობუსით მივედი კორნულიესტრატამდე.

კორნულიესტრატი (მოფერებით “კორნო“) სტუდენტებით დასახლებული 10 სართულიანი შენობაა. საფოსტო ყუთებით დახუნძლული ფოიედან პატარა დერეფანში შედიხარ. აქ ორი ლიფტია, მარჯვენა – კენტ სართულებზე დადის, მარცხენა – ლუწებზე. მე მეცხრეზე ვიცხოვრებ, ამიტომ კენტი ლიფტი უნდა გამოვიყენო ხოლმე. პირველ სართულზე სამრეცხაო ოთახია, სადაც სარეცხი და საშრობი მანქანები დგას. ივეტი გზადაგზა ყველაფერს მიხსნის. უკანა ეზოში ველოსიპედების გადახურული ფარეხია, რომელიც საკეტიან ვოლიერებადაა გაყოფილი. ყველა სართულს საკუთარი ვოლიერი აქვს და საკეტს სხვა სართულის მაცხოვრებლების გასაღები არ ერგება.

კორნულიესტრატი
კორნულიესტრატი

თითოეულ სართულს ალფავიტის გარკვეული ასო შეესაბამება. მეცხრე სართულს რატომღაც M სართული ჰქვია. ყველა სართულზე ორი კორიდორია. მარჯვენა კორიდორი 1-დან 16-მდე დანომრილ ოთახებს მოიცავს, მარცხენა კი – 17-დან 36-მდე. ოთახის ნომერი ალფავიტის ასოს და ნომრის კომბინაციაა. მაგალითად მე M5 ოთახში ვცხოვრობ. თუ ვინმეს ჩემთვის წერილის გამოგზავნა უნდა, მისამართთან ერთად ოთახის ნომერიც – M05 – უნდა დააწეროს. აქ ჩემი საკუთარი საფოსტო ყუთი მაქვს. გადავწყვიტე, თბილისში რამდენიმე მეგობარს ღია ბარათები გავუგზავნო.

დღეს სწავლაც მეწყება.

3 საათზე ზერნიკეში ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ პირველივე ლექციაზე 2 საათით დამაგვიანდა. თურმე 1 საათზე უნდა მოვსულიყავი. ჯანდაბა! ამდენი სიახლისა და დაგეგმილი ღონისძიების გამო უკვე ყველაფერი ერთმანეთში მერევა. Google Calendar-ს მეტი ყურადღება უნდა მივაქციო.

* * *

17:00 – ჰოლანდიური ენის გაკვეთილი

ჰოლანდიური ენა საკმაოდ ახლოს დგას გერმანულთან. სკოლაში რამდენიმე წელი ვსწავლობდი გერმანულს და ხანდახან ჰოლანდიელების საუბრიდან ნაცნობ სიტყვებს ვიჭერ. სხვა მხრივ ჰოლანდიური ისევე ჟღერს ჩემთვის, როგორც ჩინური.

ჰოლანდიურის ერთ საათიან გაკვეთილზე რამდენიმე ფრაზა გვასწავლეს.

– Hoi, wat is je naam? – ჰუი, ვათ იზ იე ნაამ? – სალამი, რა გქვია?

– Jou ben Mooi! – იუ ბენ მოოი! – ლამაზი ხარ! კარგად გამოიყურები!

– Wil je een kopje koffie met mei drinken? – ვილ იე ეინ კოპიე კოფი მეთ მეი დრინქენ? – ჩემთან ერთად ყავას დალევ?

– Tot ziens! – ტოტ ზინს! – შეხვედრამდე.

ისეთი პირი უჩანს, რომ სულ ესაა საკმარისი ჰოლანდიელ ბიჭთან ურთიერთობის დასაწყებად. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჰოლანდიელ გოგოებთან მეტი ჰოლანდიურის ცოდნაა საჭირო.

კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰოლანდიური ფრაზა:

– Alsjeblieft! – ალშებლიფტ! – გეთაყვა.

– Gratis – ხრატის – უფასო

– Graag – ხრაახ – თუ შეიძლება, please.

– Gezellig – ხეზელიხ – მყუდრო, საყვარელი, კოპწია (გარემო)

– alles goed – ალეს ხუთ – ყველაფერი კარგადაა

– alles prima – ყველაფერი შესანიშნავადაა

გაკვეთილის წინ ESN-ის ყოფილი პრეზიდენტი გამოვიდა და ორიოდე სიტყვა გვითხრა. უღმერთოდ სიმპათიური იყო. მისი სახელი გავარკვიე – მაიკი. სავარაუდოდ ამერიკელია. იმედია საღამოს წვეულებაზე იქნება და გავიცნობ :)

23:00 – ჰოლანდიური წვეულება (დრესკოდი: ნარინჯისფერი)

ისევ წვეულება. აღმოვაჩინე რომ ჩემს გარდერობში არცერთი ნარინჯისფერი ნივთი არ იყო. ფრიდასთან ერთად წავედი შოპინგზე. ძალიან ბრჭყვიალა ნარინჯისფერი მოკლე კაბა ვიყიდე, ფეხზე ჩულქები და მაღალქუსლიანი ჩექმა ჩავიცვი. ველოსიპედი მაინც არ მყავდა.

ეს წვეულებაც ისეთივე მოსაწყენი იყო, როგორც ყველა სხვა. მაიკი დავინახე, მაგრამ ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა მთელი საღამო. მერე სადღაც აითესნენ.

სახლში მალევე წამოვედი. ავტობუსები აღარ დადიოდნენ. ტაქსით მომიწია წამოსვლა – €10. არა, ველოსიპედის გარეშე ამ ქალაქში ცხოვრება შეუძლებელია.

2 სექტემბერი – სამშაბათი

18:30 – კინოს საღამო

კინოს საღამო ყველაზე ბანძი ღონისძიება იყო ESN-ის კვირის განმავლობაში. საშინელ კინოს ვუყურეთ. თუ ვინმე შემოგთავაზებთ ამ ფილმზე წასვლას, არ წაყვეთ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ადამიანი თქვენი ცხოვრების სიყვარულია და ამ შემოთავაზებას წლების მანძილზე ელოდებოდით)!!!

23:00 – ფინალური ღამე: ზაფხულის პლიაჟის წვეულება “კოკომოში”

იმავე დღეს ღამის 11 საათზე კლუბ “კოკომოში” ფინალური წვეულება გაიმართა. უამრავი ხალხი მოვიდა. კლუბში შესვლიდან 15 წუთში დავიღალე და სახლში წასვლა მომინდა. მივხვდი, რომ გადატვირთული და ხმაურიანი ადგილები აღარ მიზიდავს. მგონი ვიზრდები (თუ ვბერდები?). მაგრამ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ 2 საათი მაინც გავჩერდებოდი.

შორიახლოს მაიკი დავინახე. მინდოდა მასთან მეცეკვა და გამეცნო, მაგრამ რამდენიმე წუთიანი დიალოგის შემდეგ (რომელიც მხოლოდ ერთმანეთის ყურებში ღრიალის შედეგად იყო შესაძლებელი) აღიარა, რომ ვიღაც სხვა გოგოს ელოდებოდა და მალევე თვალსა და ხელს შუა აორთქლდა.

kokomo

მერე რამდენიმე ლუდი დავლიე და დარბაზი მოვათვალიერე. რატომღაც მგონია, რომ ასეთ (მოსაწყენ) წვეულებებზე თუ დადიხარ, სხვა თუ არაფერი, ლამაზი ბიჭები მაინც უნდა ათვალიერო. სამწუხაროდ, არცერთი ლამაზი ბიჭი არ მომხვდა თვალში! ლამაზი კი არა, ოდნავ სიმპათიური მაინც. ისეთი, მინიმუმ ცეკვა რომ მომსურვებოდა მასთან. მერე მივხვდი, რომ გაცვლითი სტუდენტების გარემოცვაში ვიყავი. დარბაზის ნახევარი აზიელი (ჩინელი, კორეელი) და ინდოელი ბავშვებით (უმეტესობა ჩემზე მინიმუმ 3 წლით უმცროსი იქნებოდა) იყო სავსე. რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ რატომღაც ღია ფერის, დახვეწილ ნაკვთებიანი ბიჭები უფრო შეესაბამება ჩემს გემოვნებას…

ერთი საათიც გავუძელი ამ წამებას და ბოლოს ჩემს ახალ სახლში, კორნულიესტრატში დავბრუნდი. ჯერ კიდევ ვერ შევეგუე ამდენი საცხოვრებლის გამოცვლას.

რამდენიმე დღე უნდა დავისვენო…