Tag Archives: კვება

სრული სპრინტი

სპრინტი ინგლისური ზმნა არის და მოკლე მანძილზე მთელი სისწრაფით გარბენს ნიშნავს.

გუშინ სკოპიეში ჩამოვედი და დღეიდან 2 კვირიან სპრინტზე გადავდივარ.

შაბათს მარშალი გამომეხმაურა და ბოლოს 2 კვირაში სან ფრანცისკოში შეხვედრაზე შევთანხმდით.

წინ დრამატული თავგადასავალი მელის. სან ფრანცისკოში წასვლამდე, 3 დღით ბერლინში ვრჩები. უკანა გზაზე კი 2 დღე ისლანდიაში უნდა გავატარო.

ორი კვირა მაქვს იმისათვის, რომ ამ მოგზაურობისთვის მოვემზადო. გასაკეთებელი საქმეები ჩამოვწერე, ყველა დღე დეტალურად დავგეგმე. ყველაზე მეტად ძილის რეჟიმის არევა მაღელვებს, ამიტომ ვცდილობ წინასწარ ნელ-ნელა გადავიდე ამერიკის დროზე.

*

სკოპიეში ჩამოსვლა ყველაზე მეტად დიეტის განახლების გამო მიხარია. თუ გსურთ, დიეტა დაარქვით, ზოგი ჩემი მეგობარი ტანჯვასაც ეძახის, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე ჩვეულებრივი ცხოვრების წესია.

ბოლო 3 წელია, მუდმივად განსაკუთრებული კვების რეჟიმში ვარ. სხვადასხვა დიეტებს ვცდი საკუთარ თავზე. შემდეგ სისხლის სრულ ანალიზს ვიტარებ და ვცდილობ საკუთარ თავზე დაკვირვების გზით კვებასა და პროდუქტიულობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვიპოვო.

მაისიდან აგვისტოს ჩათვლით კეტოგენურ დიეტას ვიცავდი. კეტოგენური დიეტა დაბალი ნახშირწყლების, საშუალო ცილების და მაღალი ცხიმების შემცველი დიეტაა. ამ დიეტის დახმარებით ნაკლები ძილი მჭირდება, მეტი ენერგიით ვიღვიძებ, მეტი ხალისით ვმუშაობ და დაუშრეტელი ენთუზიაზმი მაქვს ცხოვრების მიმართ. ამ დიეტას სხვა პოზიტივებიც მოჰყვება: სახის კანის გადაწმენდა, თმის ცვენის შემცირება, წონაში კლება, და სხვა.

არ უარვყოფ, ხანდახან ვარღვევ რეჟიმს, მაგრამ ამ დროს იწყება ხოლმე დაღლილობა, არაპროდუქტიულობა, ავადმყოფობა, უხალისობა, უენერგიობა და სხვა უამრავი უსასიამოვნო გვერდითი მოვლენა, მათ შორის წონაში მატება…

*

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი, თუ როგორ მოქმედებდა საკვები ჩემს ცხოვრებაზე და შრომის ინტენსიურობაზე. არც სკოლაში და არც ოჯახში, არავის უსწავლებია, თუ რა გავლენას ახდენს ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები, ან მათი კომბინაცია, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე.

ბევრი წიგნისა თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვაკეთებთ მინიმუმ 70%-ით განპირობებულია იმით, თუ რას ვჭამთ. ყველა ჩვენი ახალი იდეა, გადაწყვეტილება, თუ სოციალური კავშირი დამოკიდებულია ჩვენს სხეულში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე.

თუკი წარმატების მიღწევა გვსურს, რატომ არ უნდა დავიწყოთ ამ პროცესების შესწავლა და შემდგომში მართვა უკეთესი შედეგების მისაღებად?

მიზნის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი:

ა) მიზანს დავისახავთ; და
ბ) ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე საჭირო ნაბიჯებს რიგრიგობით გადავდგამთ.

გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, რომ გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი სწორედ პირველი ნაბიჯია ამ გაუმჯობესებებისკენ.

ფოტო: Dave Lastovskiy

3 მიზეზი თუ რატომ ვერ იძინებ

“Think in the morning. Act in the noon. Eat in the evening. Sleep in the night.” — William Blake

დაახლოებით 5 წლის წინ, ჩემი ფეისბუქის მეგობრები ტენდენციურად ინსომნიაკობდნენ. გახსოვთ ეგ დრო? :) თითქოს უძილობა მოდაში იყო. ყველა წუწუნებდა, რომ ვერ იძინებდნენ და სინამდვილეში დილის 5 საათამდე სერიალებს უყურებდნენ ან სხვა “ინსომნიაკ” მეგობრებს ეჩატავებოდნენ.

მაგრამ ეს პოსტი სხვა ადამიანებისთვისაა – მათთვის, ვისთვისაც ხარისხიანი ძილი გადამწყვეტია ბედნიერებისათვის.

როცა ღამე კარგად არ მძინავს, მეორე დღეს, გარდა იმისა რომ იმდენივე საქმეს ვერ ვაკეთებ, რამდენსაც კარგად გამოძინებული გავაკეთებდი, ასევე მერღვევა ვარჯიშისა და კვების რეჟიმი, ცუდ ხასიათზე ვარ და გარშემო ყველას ვეჩხუბები. გეცნობათ სიტუაცია?

ჰარვარდის კვლევებით დამტკიცდა, რომ პროდუქტიულობა და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება ხარისხიანი ძილის პირდაპირპროპორციულია. თუ ღამით ვერ იძინებ, ამას თავისი ბიოქიმიური მიზეზები აქვს. მოდი, განვიხილოთ სამი მათგანი.

1. ზედმეტი კოფეინი

როცა დღის განმავლობაში მეტისმეტ ყავას სვამ, ღამე დაძინება აუცილებლად გაგიჭირდება. შეამცირე კოფეინის დოზა ერთ ესპრესომდე (ან მის ექვივალენტამდე) ან სულაც უკოფეინო ყავაზე გადადი. მე მაგალითად უკოფეინო ყავას და ჩვეულებრივს შორის განსხვავებას საერთოდ ვერ ვამჩნევ. :)

ასევე, დააკვირდი, დღის რომელ ნაწილში იღებ კოფეინს. ზოგიერთი ბიოჰაკერი ყავას დღის 2 საათის შემდეგ საერთოდ აღარ სვამს. თუმცა, წარმომიდგენია, რომ შეიძლება ზოგი ადამიანი დღის მეორე ნახევარში უფრო ეტანება კოფეინს, “გამოსაფხიზლებლად”. არასწორი სტრატეგიაა. აჯობებს ღამით კარგად გამოვიძინოთ, რომ მეორე დღეს კოფეინი აღარ დაგვჭირდეს.

2. გვიან ვარჯიში

როცა სამსახურიდან გვიან გამოდიხარ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ ჯანმრთელობაზე აქტიურ ზრუნვას, შესაძლოა ამან ძილის რეჟიმი დაგირღვიოს. ვარჯიშის დროს კალორიების დიდ დანახარჯს წევ, მაგრამ ამასთანავე მხნეობა გემატება და ზოგჯერ ენერგიის მოზღვავებასაც კი გრძნობ. თუ ძილის პრობლემა გაქვს და გვიან ვარჯიშობ ხოლმე, ვარჯიში დილის საათებში გადაიტანე ან მინიმუმ დაძინებამდე 4-5 საათით ადრე.

3. ზედმეტი კალორიები

როცა დღის განმავლობაში იმაზე მეტ კალორიას ვიღებ, ვიდრე ვხარჯავ, საღამოს ჯერ კიდევ ენერგიულად ვგრძნობ ხოლმე თავს და მიჭირს გონების გათიშვა.

თუ შენც ასე ხარ, ყურადღება მიაქციე კვების რაციონს. ინტერესის გულისთვის, დაიწყე კალორიების დათვლა ერთი კვირის განმავლობაში და შეამოწმე მოქმედებს თუ არა ეს შენი ძილის რეჟიმზე.


თუ დარწმუნებული ხარ, რომ ამ მიზეზებიდან არცერთი არ არის შენი უძილობის მიზეზი, სასურველია კარგად გამოიკვლიო ძილის ბიოქიმია ან სპეციალისტს მიმართო. ძილის მოწესრიგება წარმატების მისაღწევისკენ გადადგმული პირველი უდიდესი ნაბიჯია.

შენ რამდენ საათს გძინავს და რომელზე იღვიძებ დილაობით?

Photo credit: Benjamin Combs

კელტროპებთან…

ბოლო დროს ბევრი რაღაც მოხდა:

blogroll.ge გაეშვა და წარმატებით მუშაობს.

ჩემი ბლოგის დღიური უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

უკვე მესამედ, აზიური ბლოგოსფეროს საუკეთესო ბლოგის ჯილდო სიაშუემ მიიღო.

ახალი სამსახური მაქვს – სხვათაშორის ძალიან საინტერესო (თუ მოვიცალე დავწერ მაგაზეც მერე). ორშაბათიდან ვიწყებ სიარულს.

ერთ ჩემს თანამშრომელს თურმე „ჩემთან კონტაქტი არ შეუძლია“ და საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობს ჩემზე. თუ თმით თრევას გადამირჩა, ღვთის რისხვას მაინც ვერ გადაურჩება.

რუსთავი 2-დან დამიკავშირდნენ, რაღაც რეალითი შოუში სჭირდებათ ხალხი. იმედია აქედან რაღაც გამოვა. (მომწერეს, ნუ ნერვიულობ, მარინა ბერიძე მანდ არ იქნებაო… :D )

თუთბერიძემ პატრიარქის მიმდევრები გაანაწყენა. პატრიარქის მიმდევრებმა კი თუთბერიძე კოცონზე დაწვეს.

ჩემს ერთ ნაცნობს თურმე ქმარი ღალატობს. არადა რა შეხმატკბილებული წყვილი მეგონა… მძაგს თვალთმაქცი და მოღალატე ხალხი!

მე კი კელტროპებმა მომიტაცეს… :D

ამის შესახებ წინა პოსტში ზურიუსმა და თინიმ უკვე დაწერეს.

მე კი ჩემის მხრივ დამავატებ იმას, რომ კელტროპები კარგად მკვებავდნენ და არც ნასკებ მახდევინებდნენ სიმთვრალეში. მათ მიერ ჩემი გატაცების მიზანი და მიზეზი უცნობია.

ერთი ეს იყო, ტუალეტი ჰქონდათ ჭალის გადაღმა და ღამით გასვლა ძალიან მეზარებოდა…

იქ ყოფნისას მივხვდი სამ რამეს:

  • ინტერნეტის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია – ამიტომ გადავწყვიტე ლეპტოპისთვის “ყველგანმავალი” ინტერნეტის მოდემი ვიყიდო. თუმცა, ვაღიარებ, 5 დღის განმავლობაში უინტერნეტოდ, უტელეფონოდ და უტელევიზოროდ ყოფნისას დავწერე უამრავი პროექტის გეგმა – ამ სამი კომპონენტიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში არცერთ პროექტს დღის სინათლე არ ეღირსებოდა.
  • ლეპტოპში ყოველთვის უნდა გქონდეს რამე გასართობი – მაგალითად რამდენიმე დღის სამყოფი ფილმები, სერიალი ან უკიდურეს შემთხვევაში დაინსტალირებული ფოტოშოპი. იქ ყოფნისას გადავიღე უამრავი ფოტოსურათი, მაგრამ რომ მახსენდება მათი გადატანა კომპიუტერში, ვნატრობ, ნეტა არ გადამეღო. ფოტოშოპი რომ მქონოდა, ლეპტოპშივე გავამზადებდი საბლოგედ…
  • ძალიან მომენატრა ბლოგი – პოსტების წერა და კითხვა, ბლოგოსფეროზე დაკვირვება, ახალი ბლოგების აღმოჩენა, კომენტარების დატოვება, და რაც მთავარია, თქვენი – მკითხველების მიერ გამოთქმული აზრები ჩემს თითოეულ პოსტზე. ეს ყველაფერი იმაზე მეტად მყვარებია, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი!

P.S. Facebook-ზე ბლოგის გვერდის მისამართი გავაოფიციალურე და ამიერიდან შეგიძლიათ შემომიერთდეთ აქ: facebook.com/sweet.ge

ერთი საინტერესო feature-ც დაემატა თუ მობილურიდან გააგზავნით SMS-ს ნომერზე 32665 ტექსტით “fan Sweet.ge” ავტომატურად შემოუერთდებით ამ გვერდს :D