Tag Archives: იმედი

იმედი

ცხოვრება კალაპოტში ჩამიდგა.

კალაპოტი ისეთი რამეა: ბევრჯერ ნავალი, გაგნებული, წინასწარ დაგეგმილი, ძალდატანებული, აუმცდარი, დაღმა მავალი, შემოსაზღვრული, სწორი, სხვის შეცდომებზე ნასწავლი, ნაკლებ შეუმცდარი…

კალაპოტი ყველას სჭირდება: რომ არ იდარდოს, რომ არ იფიქროს, რომ არ გაგიჟდეს, რომ არ იტიროს, რომ არ შეწუხდეს, რომ არ ეტკინოს…

მე არ მინდა კალაპოტი. იმდენი ფული მინდა, ეს სტაბილურობა რომ მოვიშორო.

შემოქმედებითი წვა მინდა. მინდა ვიყიდო ზეთის საღებავები და ვარდისფრად შევღებო ორი წლის წინ ნაყიდი თეთრი ტილო, ჩემს კარადაში რომ იმტვერება.

www.masoneubanks.com

www.masoneubanks.com

მინდა შეყვარებულს გადავუღო ფოტოსურათები სამოყვარულო კამერით და ჩემსავე ოთახში მოვაწყო ფოტოგამოფენა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

დილით რომ გავიღვიძებ, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მომიცავდეს ნაზი მუსიკა. მინდა ვსვამდე ხარისხიან ჩაის. შემეძლოს ჩემი იდეების თუნდაც მცირე ნაწილის განხორციელება. ბევრი ვწერო. ბევრი ვიკითხო და ისევ ბევრი ვწერო და სხვა არაფერი.

მაშინ ჩემი გზა სულ სხვანაირი იქნებოდა.

მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი. შიშებით ვარ მოცული, ისევე როგორც ყველა.

მეშინია გუშინდელი ლატარიის გათამაშების შედეგებს თუნდაც ცალი თვალით შევხედო, მაშინ როდესაც ორი ბილეთი მიდევს ჩანთაში.

მინდა, რომ იმედი მიკიაფებდეს. სანამ იმედი მაქვს ეს ტექსტიც ხომ იწერება. რადგან იმედი ყველაზე დიდი შთაგონებაა.

სასაცილოა?

მე კი ვფიქრობ, უფრო სასაცილო მარკ ცუკერბერგის ადიდასის ფლოსტებია. 2004-წლიდან.

შო(კ)ის მეთორმეტე ღამე

ზურიუსმა და გაბომ რომ თეატრში წასვლის იდეა წამოაყენეს და მეც მიმიპატიჟეს მთელი გულით გამიხარდა. ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თეატრი მომენატრა მეთქი და ამ წინადადებამაც არ დააყოვნა…

მერე facebook-ზე ამ შეხვედრის განხილვისას სხვა ბლოგერებიც შემოგვიერთდნენ და როგორც იქნა გუშინ საღამოს 6 საათზე ოპერის წინ მე, თინი, ზურიუსი, გაბოლანდიშა, თაზო, ენდი და ზურიუსის ორი მეგობარი ერთმანეთს შევხვდით.

სპექტაკლი 8-ზე უნდა დაწყებულიყო, ამიტომ იქამდე “Near Opera”-ში სამუსაიფოდ ჩამოვსხედით.

andy, tiny, sweety

andy, tiny, sweety

დავლიეთ ზოგმა ჩაი, ზოგმა ყავა, ზოგმა ლუდი, ზოგს არაფერი არ დაულევია… ვისაუბრეთ ქართულ ბლოგოსფეროზე, იმაზე თუ “ამ ბოლო დროს” როგორ გვეზარება ყველას წერა, როგორ ვეღარ ვკითხულობთ ერთმანეთის ბლოგებს დროის უქონლობის გამო, მაგრამ მაინც გაკვრით თუ ისე ყველამ ვიცით რა ხდება ერთმანეთის ბლოგურ და არა-ბლოგურ ცხოვრებაში… Continue reading