Tag Archives: ეკლესია

ევროპის გუმბათები: შესავალი

როგორც ჩემი გიროსკოპი იუწყება, 17 ქვეყნის 60 ქალაქში ვარ ფეხდადგმული და 27,500 კილომეტრი მაქვს გავლილი. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მოგზაურობა სულ რაღაც 3 წლის წინ დავიწყე, ეს რიცხვები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ “სტაჟიან მოგზაურად” ჩავითვალო. სამწუხაროდ, ჩემი თავგადასავლების შესახებ იმაზე ნაკლებს ვწერ, ვიდრე შემიძლია და მსურს. ამიტომ ამ ამბის გამოსასწორებლად დღეს იმ ეკლესიების ჩამონათვალის გაკეთება გადავწყვიტე, რომელთაც ევროპაში მოგზაურობის დროს გადავაწყდი.

* * *

მე და ჩემი ძმა. უკან კიოლნის დომის ფასადი :)

მე და ჩემი ძმა. უკან კიოლნის დომის ფასადი :)

თუ კიოლნში ნამყოფი ხართ ან მომავალში გეგმავთ, აუცილებლად გექნებათ გაგონილი სიტყვათაშეთანხმება “კიოლნის დომი”.

რა არის დომი? ეს სიტყვა პირველად ყურში კიოლნში მოგზაურობისას მომხვდა. “Dome” – ინგლისურად გუმბათს ნიშნავს, “Dom” კი – გერმანულში საკათედრო ტაძრის აღმნიშვნელია.

სანამ რაიმეს ახსნას დავიწყებ, წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დიდი ურწმუნო ვინმე ვარ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, და განსაკუთრებით თბილისში, ეკლესიები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ნებისმიერი ეკლესია ჩემთვის ყოველთვის ჩვეულებრივი ეკლესია იყო, ნებისმიერი მღვდელი კი – ჩვეულებრივი მღვდელი. ეკლესიებსაც და მღვდლებსაც მხოლოდ ფიზიკური ზომით და ნიშან-თვისებებით ვანსხვავებდი – დიდი, პატარა, მსუქანი, გამხდარი, მდიდარი, ღარიბი და ა.შ.

ეს ყველაფერი მანამ, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ნაცნობი თითქმის ყველა რელიგიის სასულიერო ცხოვრებაში არსებობს მკაცრი იერარქია და როგორც მღვდლებს, ისე – ეკლესიებს, გააჩნიათ რანგები და რეგალიები. თურმე ფიზიკური სიგრძე-სიგანე-სიმაღლეც ხშირ შემთხვევაში პირდაპირ პროპორციულია იერარქიული სიგრძე-სიგანე-სიმაღლისა.

უნდა ვაღიარო, მღვდლების შემთხვევაში ყოველთვის უფრო კარგად მქონდა საქმე, ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები უფრო ადვილად და მეტი სიამოვნებით ვახერხებთ საკუთარი ძალაუფლების გამოვლენას, ან თუ მისით სარგებლობას, ვიდრე – შენობა ნაგებობები ახერხებენ, ამიტომ ჩემთვის სიტყვები “ეპისკოპოსი”, “პატრიარქი” და სხვანი სრულიად უცხოც არ იყო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, (კათოლიკურ) ეკლესიებში სამი ძირითადი რანგი არსებობს.

  • პაპის – ან სხვაგვარად, დიდი ბაზილიკები ყველა სხვა ეკლესიაზე მაღლა დგანან.
  • შემდეგ მოდიან მცირე ბაზილიკები, რომლებშიც გამოიყოფა: 1) საკათედრო ტაძრები, სადაც ეპისკოპოსები მსახურობენ; 2) საკათედრო ტაძრები, სადაც მიტროპოლიტები მსახურობენ; 3) საკათედრო ტაძრები, სადაც მთავარეპისკოპოსები მსახურობენ.
  • ბოლოს კი ჩვეულებრივი “სოფლის” ეკლესიები მოჩანჩალებენ, სადაც უბრალო მღვდლები მსახურობენ.

ყველა ევროპულ დიდ ქალაქს გააჩნია თავისი “გუმბათი” – დიდი ან მცირე ბაზილიკა, და თითოეული მათგანი ერთმანეთს ეჯიბრება სილამაზით, სიმაღლით თუ არქიტექტურული ნიშან-თვისებებით.

მომავალში შევეცდები ზოგიერთი მათგანის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვეთ. მანამდე კი ეს სია შეგიძლიათ მოგზაურობისას გზამკვლევად გამოიყენოთ.

P.S. ყველა ფოტო ჩემი გადაღებულია, გარდა მითითებულისა.

1. კიოლნის საკათედრო ტაძარი

Dom

Dom2

ეს პირველი გოთიკური ეკლესიაა, რომელიც ვნახე. აქ კიოლნის მთავარექპისკოპოსი მსახურობს.

კიოლნის დომი გერმანიის ყველაზე ხშირად მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა და დღეში 20 000-მდე ადამიანს მასპინძლობს.

არქიტექტურული სტილი: გოთიკა
მშენებლობა: 1248-1880 წწ.
სიმაღლე: 157,4 მ.

Google Maps

2. ბრემენის წმ. პეტრეს საკათედრო ტაძარი

ეს ერთადერთი უცნაური ფოტო გამაჩნია ამ ტაძრის

ამ ტაძრის ეს ერთადერთი უცნაური ფოტო მაქვს მხოლოდ

შედარებით პატარა, რომანული სტილის ეკლესია, რომლის წესიერი ფოტო არც კი გამაჩნია.

არქიტექტურული სტილი: რომანული
სიმაღლე: 89 მ.

Google Maps

3. კოპენჰაგენის საკათედრო ტაძარი

(copyright: Arkitekturfoto.com)

(copyright: Arkitekturfoto.com)

სიტყვასიტყვით რომ გადმოვთარგმნოთ ამ ტაძარს “ჩვენი ქალბატონის ეკლესია” ეწოდება.

ეს ფოტო 16 ნოემბერს დღის 3 საათსა და 15 წუთზეა გადაღებული. კოპენჰაგენში ისე ბნელოდა და ციოდა, როგორც თბილისში იანვრის ღუაღამეს.

საკათედრო ტაძარი მარცხნივ ჰორიზონტზე. ფოტო 16 ნოემბერს დღის 3 საათსა და 15 წუთზეა გადაღებული. კოპენჰაგენში ისე ბნელოდა და ციოდა, როგორც თბილისში იანვრის ღუაღამეს.

არქიტექტურული სტილი: რომანული
არქიტექტორი: კრისტიან ფრედერიკ ჰანსენი
სიმაღლე: 60 მ.

Google Maps

4. ბარსელონა: საგრადა ფამილია

sagrada familia

ბარსელონას საკათედრო ტაძარი წმინდა ჯვრისა და სანტა ეულელიას სახელობის ეკლესიაა. საგრადა ფამილია საკათედრო ტაძარი არ არის, მაგრამ ის ჩემი უსაყვარლესი ტაძარია. მასზე და ანტონიო გაუდიზე ცალკე პოსტის დაწერა უკვე დაწყებული მაქვს. ჩაფიქრებული მაქვს კიდევ ერთხელ ვეწვიო ბარსელონას როდესაც ამ ტაძრის მშენებლობა დასრულდება. იმედია მოვესწრები :)

არქიტექტურული სტილი: მოდერნიზმი
არქიტექტორი: ანტონიო გაუდი
სიმაღლე: 170 მ. (დაგეგმილი)
მშენებლობა: 1882-მიმდინარე

Google Maps

5. რომის პაპის ტაძარი ვატიკანში: წმ. პეტრეს ბაზილიკა

stpeters dome interior

stpeters entrance

stpeters exterior far

წმ. პეტრეს მოედანზე მომლოცველებისთვის დასაჯდომი ადგილია გამოყოფილი.

წმინდა პეტრეს ბაზილიკა ზომით მსოფლიოში ყველაზე დიდი კათოლიკური ეკლესია და რომის პაპის სამყოფელია. მიიჩნევა, რომ აქ, საკურთხევლის ქვეშ, დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული წმინდა პეტრე – აქედანაა ტაძრის სახელიც.

რომის პაპის მიერ ჩატარებულ წირვა-ლოცვას ხანდახან 15000-დან 80000-მდე ადამიანი ესწრება. მათი ნაწილი ტაძრის შიგნით, უმეტესობა კი გარეთ, წმ. პეტრეს მოედანზე თავსდება.

არქიტექტურული სტილი: რენესანსი და ბაროკო
არქიტექტორი: სხვადასხვა, მათ შორის – მიქელანჯელო
სიმაღლე: 136,6 მ.
მშენებლობა: 1506-1626 წწ.

Google Maps

6. რომის საკათედრო ტაძარი: წმ. იოანეს ლატერანის ბაზილიკა

copyright: Alessandro Errico

ჩემი რომში ყოფნის დროს ეს ბაზილიკა არ მინახავს, ამიტომ სხვის გადაღებულ ფოტოს ვდებ. (copyright: Alessandro Errico)

ზოგს ერევა და ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკას მიიჩნევს რომის საკათედრო ტაძრად (ალბათ მისი სიდიდის გამო). სინამდვილეში, ის რანგით მხოლოდ მეორე ეკლესიაა კათოლიკურ ეკლესიებს შორის. რანგით პირველი და ნამდვილი საკათედრო ტაძარი კი წმინდა იოანეს ბაზილიკაა, რომელიც ლატერანის ბორცვზე მდებარეობს.

Google Maps

7. ფლორენციის საკათედრო ტაძარი: სანტა მარია დელ ფიორე

stmariadelfiore facade

stmariadelfiore

stmariadelfiore exterior

სანტა მარია დელ ფიორე ჩემი ფავორიტების სიაში საგრადა ფამილიას შემდეგ მეორე ადგილზეა. ამ ეკლესიის ექსტერიერმა ისე გამაოგნა, უამრავი სურათი გადავუღე მის ყველა დეტალს. ტაძრის გუმბათი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ გუმბათებს შორის საპატიო ადგილს იკავებს, შექმნილია ფილიპო ბრუნელსკის მიერ 15-ე საუკუნეში და ცნობილია არქიტექტურული გენიალურობით.

არქიტექტურული სტილი: გოთიკური რენესანსი
არქიტექტორი: არნოლფო დი კამბიო; ფილიპო ბრუნელესკი
სიმაღლე: 114,5 მ.
მშენებლობა: 1296-1436 წწ.

Google Maps

7. ლისაბონის საკათედრო ტაძარი:

lisbon cathedral

ჩემს მიერ ნანახ ეკლესიებს შორის, ლისაბონის საკათედრო ტაძარი ყველაზე დაბალი და მოცუცქნულია, თუმცა უღიმღამოსაც ვერ ვუწოდებთ. ის აუცილებლად შეგხვდებათ გზად, თუკი ლისაბონის ციხესიმაგრისკენ მიმავალ აღმართს აუყვებით. შესვლა უფასოა და უპრობლემოდ შეგიძლიათ დაათვალიეროთ. მართალია, ინტერიერი განსაკუთრებული სილამაზის ხატებითა და ფრესკებით არ გამოირჩევა, მაგრამ შიგნით მაინც ვიპოვე საინტერესო ხელოვნების ნიმუშები.

ეს თანამედროვე აკრილის ნახატი სიმბოლურად 9 ნეტარებას ასახავს და სიგანეში დაახლოებით 12 მეტრი იქნება. ახლოდან ნამდვილად შთამბეჭდავია.

beatitudes in lisbon cathedral

beatitudes in lisbon cathedral explanation

არქიტექტურული სტილი: რომანული, გოთიკური, ბაროკო.
მშენებლობა: 1147-1907
სიმაღლე: 12 მ.

Google Maps


უახლოეს მომავალში ამ პოსტს დაემატება: ფრანკფურტის, პრაღის, ვენის, ბრატისლავას და ბუდაპეშტის საკათედრო ტაძრები.