მიღების ცერემონიალი

გოგოების დორმში ცხოვრება მაგარია. საერთოდაც, მიყვარს გოგოები, როგორც არსებები. ყველა მათგანი თავისებური და განსხვავებულია. მათი ყველაფერი მომწონს. მათი პატარ-პატარა ლამაზი ნივთები და ფუშფუშა პერანგები, ფერადი თმები და ფეხსაცმელები, ბაფთები და თმისამაგრები, ნაზი თითები და სახის ნაკვთები, პარფიუმერიის გემრიელი სუნი. გოგოების ტანსაცმელი ყოველთვის საგულდაგულოდ შერჩეულია; მაშინაც კი კარგად გამოყურებიან, როცა დაუდევრად იცვამენ; ძილის დროს არ ხვრინავენ; არც ცხვირს იხოცავენ ხმამაღლა; ერთმანეთის სივრცეს და სიმშვიდეს პატივს სცემენ; ერთმანეთზე უფრო მეტად ზრუნავენ; ტანს ყოველდღე იბანენ; მათ ფეხსაცმელებს კარგი სუნი ასდის. ერთი სიტყვით გოგოები სასიამოვნო არსებები არიან.

გოგოების დორმი ჰოსტელში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვცდილობდით მაქსიმალური წესრიგი შეგვენარჩუნებინა, ოთახი მაინც ბრძოლის ველს ჰგავს.
გოგოების დორმი ჰოსტელში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვცდილობდით მაქსიმალური წესრიგი შეგვენარჩუნებინა, ოთახი მაინც ბრძოლის ველს ჰგავს.

განა საოცარი არ არის, როცა გოგოების მიმართ ასეთი ემოციები მაქვს, ქუჩაში კი მაინც ბიჭებს ვათვალიერებ? არა! იმიტომ, რომ საშუალო სტატისტიკური ჰოლანდიელი მამრი, საშუალო სტატისტიკურ ჰოლანდიელ მდედრთან შედარებით 3-ჯერ უფრო ლამაზია. მსუქან და დაბალ ჰოლანდიელს ვერსად შეხვდები – ყველა გამხდარი და აშოლტილია. ალბათ დაბლებს და მსუქნებს, თუ ასეთები ბუნებაში არსებობენ, სახლში კეტავენ და გარეთ არასდროს უშვებენ.

შარშან ჰოლანდიაში პირველად რომ ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ გავოცდი ამ ხალხის გარეგნობით. ყველას ქერა თმა და ღია ფერის თვალები აქვს. ჰოლანდიელი ახალგაზრდა წყვილები, ისეთი ლამაზები არიან, შეუძლებელია თვალი არ გააყოლო. მოხუცები ერთმანეთის მიმართ უსაზღვრო სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ; მუდამ ჩახუტებულები ან ხელჩაკიდებულები სეირნობენ. ყველა ძალიან მხნედ და ყოჩაღად გამოიყურება. 70-80 წლის ბებოები ველოსიპედს ისე დააქროლებენ, ვითომც აქ არაფერიაო. ველოსიპედს მარტო ბებოები კი არა, ყველა ასაკის, სქესისა და ეროვნების ადამიანი დააქროლებს. მეც მომიწევს ყიდვა და ალბათ ნახმარ ველოსიპედს ვიყიდი 50-60 ევროდ. ჯერ-ჯერობით მაგაზე საფიქრალად არ მცალია.

დღეს უგრძელესი დღე იყო.

მაღვიძარამ დილის 7 საათზე წამომაგდო. წყალი ნაჩქარევად გადავივლე, სწრაფად ჩავიცვი და საუზმის გარეშე გავვარდი უნივერსიტეტში. წასვლამდე რეგისტრატურაში ბარგი მოვიკითხე – ისევ არაფერი. არადა გუშინ პოლონურ ავიახაზებს ბრაზიანი წერილი მივწერე. რას აკეთებენ ამდენ ხანს?

8:15-ზე აკადემიური შენობის წინ ტუბერკულოზის ტესტის ჩასატარებლად მივედი. ეს ყველა გაცვლითი სტუდენტისთვის სავალდებულო, ზუსტად 3 წუთიანი პროცედურაა. აქედან ზერნიკეში ვიყავი წასასვლელი.

* * *

ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი გრონინგენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ზერნიკეს სასწავლო კომპლექსშია განთავსებული. ისიც არ ვიცი, იქ როგორ უნდა მივიდე, ამიტომ ქალაქში ერთ საათიანი ბოდიალის შემდეგ, როგორც იქნა ავტობუსში ვჯდები და 9 საათისთვის ზერნიკეს გაჩერებაზე ჩამოვდივარ. შეხვედრა 9-ის ნახევარზე იყო ჩანიშნული, მაგრამ ჯერ მხოლოდ საინფორმაციო კომპლექტების დარიგება და მოსაცდელში ყავის სმა მიმდინარეობს. აქ სინგაპურელი ბრენდონ ჯოშუა ლი და ამერიკელი კენდრა პედერსენი გავიცანი. ასევე ჩვენთან ერთად იდგა ვიეტნამელი გოგონა სახელად ენი, რომელის სრული სახელიც Thuc Anh Nguyen არის და არც ვიცი, როგორ უნდა წარმოვთქვა. ბრენდონმა მითხრა, რომ მისი ჩინური სახელი “კორეულ დრაკონს” ნიშნავს – ჩინური სახელის ჟღერადობა, რა თქმა უნდა, აღარ მახსოვს.

პრეზენტაციაზე ISD-ის (International Service Desk) თანამშრომლებმა რამდენიმე სიტყვა გვითხრეს, მერე დეკანი გაგვეცნო. გრონინგენის უნივერსიტეტსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (FEB) საკმაოდ მასშტაბურია. რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

  • წლიური ბიუჯეტი – €39 მლნ.
  • აკადემიური პერსონალი – 330
  • არააკადემიური პერსონალი – 115
  • 6000 სტუდენტი სრულ პროგრამებზე
    • 4500 – ბაკალავრიატი
    • 1500 – მაგისტრატურა
  • 150 სადოქტორო პროგრამის სტუდენტი
  • 50 კვლევითი მაგისტრატურის სტუდენტი
  • 764 საერთაშორისო სტუდენტი სრულ პროგრამებზე
  • 202 გაცვლითი პროგრამის სტუდენტი (შემომავალი, მიმდინარე სემესტრი)
  • 380 გაცვლითი პროგრამის სტუდენტი (გამავალი, წლიური)

პრეზენტაციის შემდეგ ლანჩის პაკეტები დაგვირიგეს – ორი ცალი ლორის და ყველის, ერთი კი – ტკბილი სენდვიჩი, პლუს წყალი. აღვფრთოვანდი. ძალიან ყურადღებიანი და მოწესრიგებული ხალხია. გაითვალისწინეს, რომ საუზმეს ვერავინ მოასწრებდა და წინ კიდევ რამდენიმე საათიანი ოფიციალური მიღების ცერემონიალი გველოდა. აბა, საქართველოში ვინ რას გაჭმევს…

ამასობაში 10 კაციან ჯგუფებად გაგვყვეს, თითო გამოცდილი სტუდენტი მოგვამაგრეს და კამპუსის ტური ჩაგვიტარეს. ზერნიკეს კომპლექსი რამდენიმე სასწავლო შენობისგან, ფიტნეს ცენტრისგან და სპორტული მოედნებისგან შედგება. აქ არის შენობები პატარა აუდიტორიებით – პრაქტიკული მეცადინეობებისთვის – და დიდი დარბაზებით – ლექციებისთვის. ფიტნეს ცენტრში სხვადასხვა ტიპის მეცადინეობები და ვარჯიშები ტარდება. წლიური აბონემენტი გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 59 ევრო ღირს – დაშვება შეუზღუდავია. აქ სტუდენტების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. გადავწყვიტე უახლოეს მომავალში იოგას კურსებზე ჩავეწერო.

მშვენიერი ამინდი იყო. ტურის ბოლოს ვერანდაზე მოწყობილ კაფეტერიაში ჩვენი სენდვიჩები ამოვალაგეთ და გემრიელად ვისაუზმეთ. ჩემს მაგიდასთან კენდრა და რამდენიმე შვედი იჯდა. მათგან ფრიდა, ანიკა და დავიდი ყველაზე კარგად დამამახსოვრდნენ. უკანა გზაზე #11 ავტობუსით მათთან ერთად ვიმგზავრე. გული მიგრძნობს, რომ ეს რეისი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდება მომდევნო 10 თვის განმავლობაში და… იქნებ ეს ადამიანებიც… 13:00 საათისთვის ყველანი ქალაქის ცენტრში, მარტინის ტაძარში მივედით.

martini church

1000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი შეიკრიბა. ცერემონიალი stand up კომედიის კლუბის წევრებმა გახსნეს. ჰოლანდიელი და ამერიკელი ბიჭები იუმორით დახმარებით გრონინგენის შესახებ გავრცელებული მითების გაბათილებას ცდილობდნენ. შემდეგ სცენაზე გრონინგენის უნივერსიტეტის პრეზიდენტი გამოვიდა და ყველას წარმატებული წელი გვისურვა. პრეზიდენტის გამოსვლა ქალაქის მერმა შეცვალა. მან დაახლოებით 20-ჯერ გაიმეორა, რომ ამ ქალაქს “გრონინგენი” კი არა არამედ ხხხხხხხხხრონინგენი ჰქვია!!!

მან იმ გაცვლითი სტუდენტების ისტორია გვიამბო, მატარებლის სადგურზე “გრონინგენისკენ” მიმავალი ბილეთი რომ მოითხოვეს და მის ნაცვლად შეცდომით კიოლნში აღმოჩნდნენ (რადგან ვერავინ გაიგო, სად მიდიოდნენ).

გადავწყვიტე, მერის სურვილს პატივი ვცე და ჩემს მომავალ პოსტებში “გრონინგენის” ნაცვლად “ხრონინგენს” გამოვიყენებ.

თავის მართლება: თავიდანვე ვიცოდი, რომ ქალაქს ხრონინგენი ჰქვია, უბრალოდ თხრობის თანმიმდევრობა არ მინდოდა დამერღვია. {არაფერიც არ ვიცოდი.}

Student Fair

მერის შემდეგ ESN-ის ხრონინგენის ფრთის პრეზიდენტმა – (სულ რაღაც) 22 წლის მარლიკე დე ვღისმა მოგვმართა და ESN-ის კულტურულ-გასართობი ღონისძიებების შესახებ გვესაუბრა (ამაზე მომდევნო პოსტებში უფრო დაწვრილებით მოვყვები).

ბოლო გამოსვლა ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. ეს ხრონინგენის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი იყო – რომელმაც ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი სიტყვა წარმოთქვა.

მან გვითხრა, რომ რადგან ხრონინგენში ვართ, ეს ჩვენი არჩევანია. აქ ჩამოსვლა ჩვენთვის არავის დაუძალებია. ჩვენ თავად მოვიძიეთ, გამოვიკვლიეთ, შევაფასეთ და ავირჩიეთ ხრონინგენი. სხვაგვარად აქ ვერაფრით აღმოვჩნდებოდით.

მან ასევე გვითხრა, რომ როდესაც ვმოგზაურობთ და სახლს დიდი ხნით ვშორდებით, სამ ფსიქოლოგიურ ეტაპს გავდივართ:

პირველი ეტაპი, ეს არის ეიფორია. ამ დროს რაც გარშემო ხდება ყველაფერი გვაოცებს და გვაბედნიერებს. ვამჩნევთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენს სახლთან შედარებით ახალ გარემოში უკეთესია. ეიფორიის ფაზაში სურვილი გვიჩნდება, რომ ამ ადგილს სამუდამოდ მივეჯაჭვოთ და უკან აღარასოდეს დავბრუნდეთ.

მეორე ეტაპი, ეს არის იმედგაცრუება. ამ ფაზაში ვიწყებთ ისეთი რამეების შემჩნევას, რაც ჩვენს სამშობლოსთან შედარებით უარესია, დეპრესიაში ვვარდებით და სახლი გვენატრება.

მესამე ეტაპი კი ყველაზე იდეალური და სასარგებლო ეტაპია. ეს არის – ბალანსი ეიფორიასა და იმედგაცრუებას შორის და სწორედ ამ ეტაპზე ხდება ჭეშმარიტი თვითაღმოჩენა.

პროფესორმა გაიხსენა ერთი სტუდენტი, რომელსაც ადრე დაუსვა შეკითხვა: “რა არის ის ერთი რამ, რაც ხრონინგენში ყოფნის დროს ისწავლე?” სტუდენტმა რამდენიმე წამი იფიქრა და შემდეგ უპასუხა: “ვისწავლე, როგორ უნდა გამოვიყენო სარეცხის მანქანა!” პროფესორმა გვითხრა, რომ ყველაზე დიდი შენაძენი, რასაც ხრონინგენში ყოფნის დროს მივიღებთ არის საკუთარი თავის შეცნობა და დამოუკიდებლობა. ამიტომ, მან გვისურვა, რომ დროულად მივაღწიოთ ბალანსის ფაზას და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა თვითშეცნობისთვის.

მისალმების ცერემონიალის შემდეგ ყველანი აკადემიურ შენობაში ვახშამზე მიგვპატიჟეს.

აქ თავი მარტოდ ვიგრძენი. ვისაც ვიცნობდი, ყველა სადღაც დაიფანტა და მთელი 2 საათი ეულად ვიჯექი. რამდენიმე ჯგუფთან მივედი და ვკითხე, თუ შეიძლებოდა მათთან “აი იმ ცარიელ სკამზე” დაჯდომა და ყველამ მიპასუხა რომ ადგილი დაკავებულია. ამიტომ ორი ჭიქა ლუდის დალევის შემდეგ გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი.

სასწავლო წლის დასაწყისში გამართულ ყველაზე დიდ თავყრილობაზე ერთი მეგობარი კი არა უბრალო ნაცნობიც კი ვერ შევიძინე. არა უშავს, ჯერ ორი დღეა აქ ვარ.

 

P.S. ჰოსტელში რომ დავბრუნდი, სარეგისტრაციოში მახარეს, რომ ჩემი დაკარგული ჩანთა მოიტანეს. Yippee!!!!

პირველი დღე გრონინგენში

ჩემს ჰოსტელს Simplon Jongerenhotel ჰქვია. Booking.com-ზე ყველაზე იაფი იყო. ოთახი ქალების 20 ადგილიან დორმში მხოლოდ ამიტომ დავჯავშნე. ამ წუთას ჩემს გარდა ოთახში 10-მდე გოგო ცხოვრობს. ამ დღეებში სტუმრებს კიდევ ელოდებიან. ჩემს გვერდით რომ წევს, იმ გოგოს დაიანა ჰქვია. მექსიკიდან არის. მუქი ფერის კანი, მრგვალი სახე და შავი თმა აქვს. სასიამოვნო გოგოა. მის ზემოთ ლატვიელ, შავგრემან, ცისფერთვალა, დრედებიან გოგოს სძინავს. ორივე ხელზე ტატუირება აქვს. ლაპარაკის დროს, როცა ფიქრობს, წინადადებებს “ნუ” ნაწილაკით იწყებს. მე ვუთხარი, მეც ეგრე ვამბობ ხანდახან და ეტყობა რუსულის გავლენაა-მეთქი. არა, რუსული გავლენა, “ბლია” არისო. გაგვეცინა.

ჩემი დღევანდელი დღის გეგმა ასე გამოიყურება:

  • 11:00ING ბანკის საინფორმაციო სემინარს უნდა დავესწრო. არ უთქვამთ სად ჩატარდება, ამიტომ უნივერსიტეტში ცოტა ადრე უნდა მივიდე და ვიკითხო. ამ სემინარზე საერთაშორისო სტუდენტებს საბანკო ანგარიშები უნდა გაგვიხსნან და უფასო ჰოლანდიური ტელეფონის ნომრები დაგვირიგონ.
  • 14:00 – გრონინგენის უნივერსიტეტის აკადემიურ შენობაში ISD-ის (International Service Desk) შეხვედრაზე უნდა მივიდე. ამ შეხვედრის წყალობით ქალაქის მუნიციპალიტეტში უნდა დაგვარეგისტრირონ, რეზიდენტის მოწმობები გადმოგვცენ და თვითმფრინავის ჩასხდომის ბარათები უნდა ჩაიბარონ, ერასმუსის კოორდინატორებთან გადასაგზავნად.

არსად არ უნდა დამაგვიანდეს. მაღვიძარა 9-ზე მაქვს დაყენებული, მაგრამ 7 საათზე თავისით მეღვიძება. თბილისის დროით 5 საათია, რა საოცარია!
ვდგები, წყალს ვივლებ, ჩუმად ვიცვამ, ისე, რომ სხვები არ გავაღვიძო და სასაუზმოდ დაბლა ჩავდივარ. აშკარად გრძელი დღე მელის, ამიტომ ვცდილობ კარგად ვჭამო – ისე, რომ მთელი დღე მეყოს.

საუზმე ჰოსტელში €5,50 ღირს. ბუფეტიდან რასაც გინდა ირჩევ და რამდენსაც გინდა ჭამ. პატარა ლამბაქში შვრიისა და თხილეულის მზა საუზმეს ვიყრი, ცოტაოდენ ცივ უცხიმო რძეს ვასხამ. იქვე შოკოლადის ვერმიშელი ვიპოვე და იმასაც ვაყრი. გააგემრიელებს. მარცვლეულის შავი პურის ორი ნაჭრის, ყველისა და ლორისგან სენდვიჩს ვიკეთებ. ლანგარზე ასევე ორ ვაშლს და ბანანს ვიდებ. კიდევ მარწყვის ჩაის ვიკეთებ. მინდოდა შოკოლადის კარაქისგან მეორე სენდვიჩიც გამეკეთებინა, მაგრამ გადავიფიქრე.

breakfast groningen

რძიანი საუზმე ძალიან გემრიელი გამოდგა. ჩაის ვაყოლებ. ვგრძნობ, სენდვიჩს ვერ მოვერევი. ხელსახოცში ვახვევ და ჩანთაში ვიდებ. ასევე ჩანთაში ვიდებ ერთ ვაშლს და ბანანს. დღის განმავლობაში გამომადგება.

გასვლამდე ჰოსტელის მისაღებში ვეკითხები ჩემი ბარგის თაობაზე რამე სიახლე ხომ არ არის. მეუბნებიან, რომ არავის დაურეკავს. იმედს მაინც არ ვკარგავ.

გადავწყვიტე, უნივერსიტეტამდე ფეხით მივიდე. ძალიან ლამაზი დილაა. ყველა ქუჩაზე ველოსიპედისტები მხვდებიან. გზად ერთ-ერთ პარკში სტუდენტები ტვისტერს თამაშობენ.

უნივერსიტეტში 11-ის ნახევარზე ვარ. ერთხანს სამრეკლოს რეკვას ვუსმენ და ვიდეოზე ვიღებ.

მერე კი შიგნით შევდივარ. ყველგან უამრავი სტუდენტი ირევა. წითელ მაისურიანი სტუდენტები უნივერსიტეტს წარმოადგენენ და ახალწვეულებს გზის გაგნებაში ეხმარებიან. ყველაფერი საუკეთესოდ არის ორგანიზებული. მიუხედავად ამისა, ბევრი დრო მეკარგება იმის გარკვევაში, თუ სად უნდა მივიდე. ბოლოს მეუბნებიან, რომ თურმე ბანკში უნდა მივსულიყავი. არ ვიცი ბანკი სადაა, ამიტომ ერთი წითელმაისურიანი ბიჭი ინიციატივას გამოთქვამს, რომ წამომყვეს და გზა მასწავლოს. ვთანხმდები.

გზაში ვსაუბრობთ. წითელმაისურიანი ბიჭი ჰოლანდიელია. იობი ჰქვია. როგორც ჰოლანდიელი ბიჭების უმრავლესობა, ესეც ქერა, ცისფერთვალება და სიმპათიურია. ათას რამეს მეკითხება, საიდან ვარ, აქ რატომ ჩამოვედი, რა ფაკულტეტზე ვსწავლობ, როგორია საქართველო, ვინმე ლამაზი ბიჭი რომ გავიცნო, ვაპირებ თუ არა ჰოლანდიაში დარჩენას… მე ვუთხარი, ლამაზ ბიჭს საქართველოში წავიყვან მეთქი. ეცინება. ბოლოს ბანკთან მტოვებს და თვითონ უნივერსიტეტში ბრუნდება.

ING application

ბანკის თანამშრომელს მესამე სართულზე ავყავარ. იქ უკვე 50-ზე მეტი სტუდენტია შეკრებილი. ყველა სააპლიკაციო ფორმას ავსებს. მეც ვიწყებ შევსებას. მობილურის ნომერს და რაღაც ზოგადი ფასდაკლების ბარათს მჩუქნიან. ბანკში გვაფრთხილებენ, რომ ანგარიში და ბარათი დაახლოებით 10-15 დღეში იქნება მზად და გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით, სახლში ფოსტით მოგვივა რამდენიმე წერილი. ჰოლანდიური ორგანიზაციები იმეილს არ აღიარებენ. ბოლოს ასლების გადასაღებად ჩაბარებული პასპორტების დარიგებას იწყებენ. სახელებს ხმამაღლა აცხადებენ და ყველა სათითაოდ გამოდის. აუდიტორიის თითქმის ნახევარი ჩინეთიდან და ტაივანიდანაა. ჩემს პირდაპირ ერთი მაღალი სიმპათიური ამერიკელი ბიჭი დგას. მხოლოდ მისი სახელი მამახსოვრდება – ჯეიმს მაკდონალდი.

ბანკიდან სამ აზიელ გოგოსთან ერთად უნივერსიტეტისკენ ფეხით მივდივარ. ჩინეთი, ბრუნეი და ტაივანი. სახელები აღარ მახსოვს – აზიურ სახელებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციო ან ჩავიწერო ხოლმე. გზაში ათას რამეზე ვლაპარაკობთ და ბოლოს გროტემარკეტს ვუახლოვდებით.

გროტემარკეტი გრონინგენის ცენტრალური მოედანია. აქ ყველაზე კარგი მაღაზიები და კაფეებია განლაგებული. მახსენდება, რომ ჩემი დაკარგული ჩანთა ისევ არ ჩამოსულა და დილით, შხაპის შემდეგ, მეტისმეტად პატარა პირსახოცით მომიწია ტანის გამშრალება.

უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში – V&D-ში შევდივარ. მეხუთე სართულზე პირსახოცების განყოფილებაში ყველაზე იაფფასიან წითელ პირსახოცს ვარჩევ, სალაროში €1,99 ვიხდი და (-1) სართულზე ჩავდივარ. ეს განყოფილება წიგნებს, საკანცელარიო ნივთებს და ტექნიკას უკავია. ყველაზე მაგარი ადგილია! ყველაფრისკენ გული მიმიწევს, მაგრამ მხოლოდ სასაცილო პრიალა ფურცლებიან ჭრელ ბლოკნოტს და ლურჯ ფლომასტერს ვყიდულობ.

stationary

2 საათამდე კიდევ მაქვს დრო. უნივერსიტეტისკენ ნელა მივსეირნობ და სენდვიჩს ვჭამ. გემრიელია. ნეტავ კიდევ მომემარაგებინა.

უნივერსიტეტში იმხელა რიგი მხვდება, რომ მის ბოლოში ადგილის დასაკავებლად ორი გრძელი დერეფნის და სამი სართულის გავლა მიწევს.

One can happily get married in this line!
One can happily get married in this line!

რიგი მართლაც ეპიკურია. წარმოვიდგინე, როგორ გაიცნობენ ამ რიგში ადამიანები საუკეთესო მეგობრებს, ზოგი კი შეიძლება ცხოვრების უდიდესი სიყვარულიც კი იპოვოს. მე ეგრე არ მიმართლებს (ან პირიქით, მიმართლებს, გააჩნია საიდან შეხედავ!) და მხოლოდ რამდენიმე ჩინელ გოგოს და ერთ ჩინელ ბიჭთან ვაბამ საუბარს. სახელები, რა თქმა უნდა, არ მახსოვს. არა, ამასთან დაკავშირებით რამე უნდა მოვიფიქრო.

3 საათის შემდეგ, როგორც იქნა შევაღწიეთ ოთახში და რაღაც საბუთები ჩავაბარეთ. აქაც ყველაფერი შესაშურად არის ორგანიზებული. გეპეი და თსუ გამახსენდა. მოვიწყინე.

როცა ყველაფერი სრულდება, დერეფანში ერასმუსის სტუდენტების ქსელის (ESN) ოთახს ვამჩნევ და იქ მოსახვედრად მომცრო რიგში ვდგები. დღეს სამშაბათია. ვიცი, რომ პარასკევიდან ოთხშაბათის ჩათვლით ყოველდღე ESN-ის გასართობ-კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. მეც მინდა იქ მოვხვდე. პროგრამაში ექსკურსიები, თამაშები, სპორტული ღონისძიებები, რამდენიმე სადილი, სასმელები და წვეულება შედის. მასში მოხვედრა €30 ღირს. ამ თანხას მაშინვე ვიხდი. სანაცვლოდ ჩანთას მაძლევენ, რომელშიც ESN-ის საერთაშორისო სტუდენტური ბარათი, მომავალი კვირის, თვის და წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი, გრონინგენის რუკა, სხვადასხვა ბუკლეტები და გემრიელი სახრამუნოები დევს.

უნივერსიტეტიდან რომ გამოვდივარ, უკვე საღამოს 6 საათია. გადავწყვიტე, ცენტრალურ სადგურზე წავიდე. იქ GWK Travelex-ის ოფისში სადებეტო ბარათი უნდა ავიღო, რომელზეც ჩემი პირველი თვის სტიპენდიის ნაწილი – €777 დევს. სტიპენდია ყოველ თვე €1000 მაქვს. თანხის დანარჩენი ნაწილი უნივერსიტეტმა Housing Office-თან გადარიცხა, ოთახის დასაჯავშნად.

ov-chip

გარდა ამისა, სადგურზე OV-Chipkaart-ი უნდა ვიყიდო. ეს სამგზავრო ბარათია – დაახლოებით მეტრომანის მსგავსი. მისი საშუალებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში შედარებით იაფად და კომფორტულად მგზავრობ. საქართველოსგან განსხვავებული ისაა, რომ აქ მგზავრობის ფულს ყოველი გავლილი კილომეტრის მიხედვით იხდი. ავტობუსში ან ტრამვაიში ასვლისას ბარათით Check-in-ს აკეთებ, ჩამოსვლისას კი – Check-out-ს. შემდეგ სისტემა ითვლის რამდენი კილომეტრი იმგზავრე და ამის მიხედვით გაჭრის ფულს. საინტერესოა არა? საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერი და უფასო wifi-ც კი არის (ავტობუსებში მთლად კარგად ვერ მუშაობს, მაგრამ მაინც, მადლობა ჰოლანდიის მთავრობას მცდელობისთვის!)

სადგურამდე ფეხით მივემართები. GWK-ის ოფისში სადებეტო ბარათს ვიბარებ და სალაროდან €300 გამომაქვს. ეს ბარათი მეტისმეტად მოუხერხებელია. თანხის განაღდებაზე ბანკომატები მაღალ საკომისიოს (€4-მდე) გაჭრიან, ტერმინალებით ყველგან ვერ გადაიხდი და სადაც გადახდას შეძლებ, იქაც ტრანზაქციაზე €1 მაინც გიწევს საკომისიოს გადახდა. უფასოდ მხოლოდ სალაროდან შეგიძლია თანხის გატანა. კარგია, რომ ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ ხელშეკრულებებს, პირობებს და მანუალებს – სხვა შემთხვევაში ეს საკომისიოები არ მეცოდინებოდა.

GWK-ში დიდი რიგის გამო სადგურის სალაროსთან მხოლოდ 8-ის სამ წუთზე ვაღწევ და დაკეტილი მხვდება. 7 საათამდე მუშაობენ. დღეს OV-Chipkaart-ს არ გაუმართლა. გვერდით კაბინაში ბიჭი მეუბნება, რომ შემიძლია ეს ბარათი €7.5-ად მასთანაც ვიყიდო, თუმცა მირჩევს, რომ თუ ხვალ 7 საათამდე გამოვივლი, €2-ად შევძლებ მთავარ სალაროში შეძენას. გონებაში ვითვლი, რომ €5.5-ს დაზოგვა შემიძლია, რაც ჩემს დილის საუზმის ღირებულებას უდრის. გადაწყვეტილებას ვიღებ და სადგურიდან ბარათის გარეშე გამოვდივარ.

თუმცა “დაზოგილი” €5.5 ჰოსტელამდე არც კი მიმყვება: გზად Subway-ს რესტორანი მეჩეხება. ახლაღა ვხვდები, ისე მშია – კუჭი დიდი დიღმის ზამთრის ქარივით მიღმუის.

ერთ-ერთ მაგიდასთან ჩემს ESN-ის ჩანთას ვდებ და რიგში ვდგები. ჩვეულებრივ სენდვიჩს ვუკვეთავ – ისეთს, როგორც თბილისში შევუკვეთავდი:

– შვრიის და თაფლის პური (კეთილგონიერება მყოფნის და ნახევარს ვიღებ), ლორის და ინდაურის შიგთავსით, პლუს ყველი…

ჩემს წინ უღმერთოდ სიმპათიური ჰოლანდიელი ბიჭი დგას…

– ბოსტნეულს ინებებთ? სალათის ფურცელი, კიტრი, პომიდორი და ბულგარული…

ისეთი ლამაზია, ზღაპრის არარეალურ პერსონაჟს ჰგავს…

– სოუსად – მსუბუქი მაიონეზი…

რა თქმა უნდა, არ მიყურებს. შეკვეთას ასრულებს და ფულს იხდის.

წყალს ვამატებ და მეც ვიხდი.

ბიჭი ზუსტად იმ მაგიდასთან ჯდება, სადაც ჩემი ჩანთა დავდე. მეც იქეთკენ მივდივარ.

– მეც აქ ვაპირებდი დაჯდომას…
– უი, უი, ბოდიში, ეს ჩანთა შენია? მეგონა, ვინმეს დარჩა… ბოდიში რა… გადავჯდები თუ გინდა.

იმის მაგივრად რომ ვუთხრა, “შემოგიერთდები”-მეთქი, ვეუბნები:

– არა უშავს, შეგიძლია შემომიერთდე, არ შევწუხდები! – ორივეს გვეცინება. მის წინ ვჯდები.
– საიდან ხარ? – მეკითხება.
– საქართველოდან.
– ვაააა! მართლა? არასოდეს დავლაპარაკებივარ ვინმეს საქართველოდან. რა მაგარია. მოიცა, მოიცა… – რაღაცას იხსენებს, – თ’ბილისი არა?
– კი, თბილისიდან ვარ, რა იცი?
– ფეხბურთიდან! არველაცე, იცი, არველაცე?
– კი როგორ არ ვიცი, არველაძე… – მეცინება.
– არველაცე, ქინქლაცე, ქალაცე! – ყველა ქართველი ფეხბურთელის გვარს იხსენებს, რაც კი ოდესმე გაუგია.
– კი, ვიცი კალაძე, ჩვენი ენერგეტიკის მინისტრია.
– მინისტრი? ვაა, მართლა? მე ფეხბურთელ ქალაცეზე ვიძახი, გადამდგარი ფეხბურთელია…
– კი, მაგიტომ გადადგა, მინისტრი რომ გამხდარიყო…
– ვა, რა მაგარია…
– არის რა… – მეღიმება.
– დინამო!
– კი, კი, დინამო… მაგრამ დიდად საამაყო ვერც ეგაა.
– ჰო, მაგრამ… მე ხო ვიცი. – ისე უხარია, რომ გადავწყვიტე, მეც გამიხარდეს.

საუბარი დიდხანს გრძელდება. ვიგებ, რომ ჰოლანდიელია, რობერტსი ჰქვია, გრონინგენის უნივერსიტეტში ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ბოლო კურსზე სწავლობს. პარალელურად, გრონინგენის უნივერსიტეტში მუშაობს და უნივერსიტეტის ფიტნეს დარბაზში დადის. გავიგე, რომ შეყვარებული ჰყავს, რომელმაც სკოლის შემდეგ უმაღლესი განათლების მიღებას  ეგრევე მუშაობის დაწყება ამჯობინა. საუბრის ტონზე ეტყობა, რომ გადაწყვეტილებას არ უწონებს. ურთიერთობაში პრობლემები უნდა ჰქონდეთ – დაიწუწუნა, ის ბევრს მუშაობს, მე კი ფული არასდროს მაქვს და სადმე დასასვენებლად წასვლა რომ გვინდა, ხშირად უარის თქმა მიწევსო.

სენდვიჩებს ნელა ვჭამთ.  ჭამას ვამთავრებთ, მაგრამ სახლში მაინც არ მივდივართ.

რატომღაც საუბარი აგვისტოს ომზე ჩამოვარდა. ვუყვები, როგორი ომი იყო, რამდენი ტერიტორია დავკარგეთ და როგორი შეგრძნებაა, როცა სახლში ზიხარ და ყოველ წამს ბომბის ჩამოვარდნას ელოდები. თვალებგაფართოებული მისმენს. ვხვდები, რომ საუბრის თემა სასწრაფოდ უნდა შევცვალო.

საბედნიეროდ, თვითონვე მოიფიქრა და მკითხა საღამოს რა გეგმები გაქვსო. როცა გაიგო, რომ არაფერს ვგეგმავდი, მითხრა, ფესტივალზე წასვლას ვაპირებ და შენც წამოდიო. იქვე დაამატა, ჩემი შეყვარებული და მისი დაქალიც იქნებიანო. მე ვუთხარი, რომ თუ ძალიან არ დამეზარა, ვნახავ რა ფესტივალია. აუცილებლად მოდიო. კიდევ შევხვდეთო. ვნახოთ-მეთქი. არა, აუცილებლად შევხვდეთო. ხო გინდაო? ხო კარგი იქნებაო? მეტისმეტ ენთუზიაზმს ავლენდა. კარგი, შევხვდეთ და იქნებ ჩემი მეგობრებიც წამოვიყვანო-მეთქი. ფეისბუქზე ჩემი თავი მომაძებნინა. დაგამატებო. როცა გინდა მომწერე, ლუდი დავლიოთ და ვისაუბროთო. უღმერთოდ ლამაზი ბიჭი იყო.

ჰოსტელში რომ მივედი, რეგისტრატურაში მითხრეს, რომ ჩემი დაკარგული ბარგის შესახებ არავის დაურეკავს. გავბრაზდი და თან უცებ საშინლად მომერია ძილი. არც იმ ფესტივალზე წასვლის თავი მქონდა. ყოველი შემთხვევისთვის, ფეისბუქი მაინც შევამოწმე. ახალი მესიჯები არ იყო. არც მეგობრობის მოთხოვნები.

Pffff, ჯერ ერთი დღეა აქ ვარ.

 

P.S. ჩემი ფოტო-თავგადასავლების სანახავად შეგიძლიათ ინსტაგრამზე ამედევნოთ.

16 საათი გზაში

ყოველთვის როცა ადამიანი რამეზე წუწუნს იწყებს, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც იტყვის: “შენ რა გიჭირს, აი, მე უფრო ცუდად მაქვს საქმე…” გასაგებია, რომ ჩემზე უარეს სიტუაციაშიც ყოფილა ვიღაც და აფრიკაში ბავშვებიც წყურვილით იხოცებიან, და 1 წელი ჰოლანდიაში ვიცხოვრებ და ამის გამო ბედნიერებისგან უნდა ვბრწყინავდე და მგზავრობის საშინელებებიც უნდა ავიტანო… მაგრამ ვერავითარი ძალა ვერ შემაჩერებს რომ ჩემს 16 საათიან საშინელ მოგზაურობაზე არ ვიწუწუნო.

ფრენა 25 აგვისტოს, დილის 4:45 წუთზე იყო დანიშნული. აეროპორტში მინიმუმ 45 წუთით ადრე მინდოდა მისვლა, მაგრამ რატომღაც 4:15-ზე მივედი და აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. მითხრეს, დაგაგვიანდაო, მაგრამ სახე ისტერიკის წინაპირობით დამეღრიჯა, ალბათ ამიტომ ჩემი ორი 20 კილოიანი ჩანთისგან შემდგარი ბარგი ჩაიბარეს და ჩასხდომაზე ამიშვეს.

გაკვეთილი #1: ამიერიდან აეროპორტში საათნახევრით ადრე მაინც უნდა მივიდე.

პასპორტის კონტროლზე საშინლად გრძელი რიგი იდგა. ცოტა გავძვერ-გამოვძვერი და როგორც იქნა გავედი ბარგის შემოწმებაზე. იქ მითხრეს, რომ ჩანთიდან ჩემი საყვარელი “გენას” თავიანი ჩანგალი, რომელიც 6 წლის რომ ვიყავი ჩემმა მეგობარმა სანდრომ მაჩუქა, უნდა ამომეღო და ნაგავში მომესროლა. რა ჯანდაბად ჩავდე ეს ჩანგალი მაინცდამაინც ხელბარგში?

დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩემი ჩანგალი. თუმცა ჩებურაშკას მაგივრად გენას თავი ჰქონდა.
დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩემი გენას თავიანი ჩანგალი.

აი, ასე, აეროპორტის ბარგის საკონტროლო პუნქტზე, სიმბოლურად და ნაჩქარევად გამოვემშვიდობე ჩემს ბავშვობას.

გაკვეთილი #2: არასდროს უნდა ჩავდო წვეტიანი ნივთები ხელბარგში.

საკონტროლო პუნქტთან ჩემი ნაცნობი თანა-ერასმუსელი, მარიამ რაზმაძე დავინახე. შარშან სტამბოლში ყოფნისას, მარიამთან ერთად ვქირაობდი ბინას. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავშიც გვერდიგვერდ ვისხედით. გამიხარდა და გავოცდი. ეს როგორ მოხდა?
როგორ დაემთხვა, რომ ორივემ ერასმუსში გავიმარჯვეთ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროგრამაში გვქონდა შეტანილი აპლიკაცია, ორივე ერთ ქალაქში და ერთ უნივერსიტეტში მოვხვდით?
როგორ მოხდა, რომ მიუხედავად სხვადასხვა კოორდინატორებისა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, ორივეს ერთ რეისზე დაგვიჯავშნეს ფრენა და თანაც გვერდიგვერდ მოვხვდით? რა შანსი არსებობდა ამდენი დამთხვევის?

გაკვეთილი #3: სამყარო ძალიან, ძალიან უცნაურად არის მოწყობილი.

თვითმფრინავში რომ ავედი, მეგონა თავი ქუდში მქონდა, მაგრამ “ნურას უკაცრავად”-ო მომიგო მოგზაურობის ღმერთმა. თვითმფრინავი დაახლოებით 6-ის ნახევრამდე ჯორივით ჯიუტად იდგა და გაფრენაზე უარს აცხადებდა.
პირველი გაჩერება ვარშავაში უნდა გვქონოდა. იქ ამსტერდამის თვითმფრინავში უნდა გადავმსხდარიყავით. თუმცა, რა თქმა უნდა, 45 წუთიანი დაგვიანების შემდეგ, მეორე ფრენას ვერ მივუსწარით და ზუსტად ჩვენს ცხვირწინ დამთავრდა ჩასხდომა.

LOT airline plane
მომდავნო რეისი 7 საათში იყო დაგეგმილი

მომდევნო პირდაპირი რეისი ამსტერდამამდე მხოლოდ 7 საათის მერე იგეგმებოდა. ეს არანაირად არ გვაწყობდა, რადგან ამსტერდამიდან გრონინგენამდე კიდევ მატარებლით უნდა გვემგზავრა.
ბევრი წუწუნის შემდეგ, პოლონური ავიახაზების თანამშრომელმა ახალი ბილეთები მოგვცა – შემაერთებელი რეისი ამსტერდამამდე, ფრანკფურტის გავლით ორ საათის შემდეგ დაიძვრებოდა ვარშავიდან. გვითხრეს, რომ ბარგსაც იგივე რეისით გამოაგზავნიდნენ. ეს დაახლოებით 4 საათით დაგვაგვიანებდა გრონინგენში, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

chopin airport
ვარშავაში, შოპენის აეროპორტში პოლონურმა ავიახაზებმა საჭმლის ვაუჩერი მოგვცა – ბოდიშის მოხდის მიზნით.

ვარშავა-ფრანკფურტი-ამსტერდამის ფრენა ლუფტანზამ შეასრულა. ფრენამ კარგად ჩაიარა, თუმცა ამსტერდამში, სკიპჰოლის აეროპორტში ერთ საათიანი ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ჩანთა ვარშავიდან არც კი გამოუგზავნიათ.

ფრანკფურტის აეროპორტში ველოდებით ამსტერდამის რეისს
ფრანკფურტის აეროპორტში ველოდებით ამსტერდამის რეისს

წავედი ლუფტანზას ოფისში განცხადების დასაწერად. ემოციები რომ გვერდით გადავდოთ, ნახევარი საათი მარტო ფორმებს ვავსებდი. მარიამი დანარჩენ ჩანთებს ყარაულობდა. მის გარეშე, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

ლუფტანზას ოფისმა, რა თქმა უნდა, მომიბოდიშა და შემპირდა, რომ ჩანთას 24 საათის განმავლობაში იპოვნიდნენ და სახლში მომიტანდნენ. გრონინგენში დაჯავშნილი ჰოსტელის მისამართი და ტელეფონი ჩავაწერინე.

schiphol airport amsterdam
სკიპჰოლის აეროპორტში – სანამ ჩვენი ბარგის ამბავს გავიგებდით, გზადაგზა არხეინად ვიღებდით სურათებს

როგორც იქნა სკიპჰოლის მატარებლის სადგურამდე ჩავაღწიეთ. უკვე 4-ის ნახევარი იყო. წესით გრონინგენში უკვე რამდენიმე საათის წინ უნდა ვყოფილიყავით. გასავათებული ვიყავი. თვალწინ მედგა ყველა ნივთი, რაც დაკარგულ ჩემოდანში მედო და გეგმას ვსახავდი, რისი ყიდვა დამჭირდებოდა პირველ რიგში, თუკი ჩემოდანს არ მომიტანდნენ. კიდევ კარგი, ბარგის ჩალაგებისას გავითვალისწინე დაკარგვის შემთხვევა და ტანსაცმელიც და ფეხსაცმელიც ორ ნაწილად მქონდა გაყოფილი და სხვადასხვა ჩემოდნებში განაწილებული.

გაკვეთილი #4: “რესურსების გადანაწილება” და “დეცენტრალიზაცია” სიტყვების რახარუხი არ არის.

5-ის 3 წუთზე მატარებელიც ჩამოდგა. ორ სართულიანი, ლურჯ-ყვითელი მატარებელი იყო. ძლივს ავათრიეთ ჩანთები მეორე სართულზე. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ თუ ჩემი ჩანთა ოდესმე ისევ გამოჩნდებოდა, მისი დროებითი დაკარგვა არც ისე ცუდი იდეა იყო. ამხელა გზაზე ერთი 20 კილოიანის და 8 კილოანი ხელბარგის ტარებაც საკმაოდ გამიჭირდა.

2 საათნახევარი მატარებელში გავატარეთ. გარეთ საშინელი ამინდი იყო. ზოგან ჟინჟლავდა, ზოგან კი გვარიანად წვიმდა. თბილისის 40 გრადუსიანი სიცხის შემდეგ ჰოლანდია ციმბირად მომეჩვენა. კიდევ კარგი თბილი ქურთუკი ხელბარგში მედო და როგორც კი ჩრდილოეთისკენ დავიძარით, მაშინვე შიგ გავეხვიე.

უძილობისგან, ნერვიულობისგან და დაღლილობისგან თავი ამტკივდა. გამაყუჩებელი დავლიე და შევეცადე ცოტა ხანი დამეძინა. მართალია, სამი ფრენა გვქონდა, მაგრამ ვერცერთზე ვერ დავიძინე. როგორც კი 20 წამით ჩამთვლემდა, თვითმფრინავი დაჯდომას იწყებდა. მატარებელში უფრო გამიმართლა, 15 წუთი თვალი მოვხუჭე. გზისპირა პეიზაჟმაც ხელი შემიწყო – ბევრი იყო ტრამალი მინდვრები, ძროხები და ქარის წისქვილები; ცოტა იყო ტყე, ქალაქები და ფერმერთა კოხტა სახლები.

ასე გამოიყურება ქალაქების შემაერთებელი მატარებელი. მეორე სართულიდან კარგი ხედია.
ასე გამოიყურება ქალაქების შემაერთებელი მატარებელი. მეორე სართულიდან კარგი ხედია.

“რა ლამაზია აქაურობა” – გავიფიქრე და მივხვდი, რომ მიუხედავად თავს გადამხდარი ნერვიულობებისა, ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ აღმოვჩნდი. ამ წამს წვიმაც მიხარია, სიცივეც და ქარის წისქვილებიც. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე არაკომფორტული და ამავე დროს საუკეთესო მოგზაურობაა. ავიახაზებს გაგულისებულ წერილს მივწერ, ბარგსაც დამიბრუნებენ. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მაგარია!

გაკვეთილი #5: ყოველთვის ყველაფერს კარგი მხრიდან უნდა შევხედო – ასე უფრო ბედნიერი ვიქნები.

გრონინგენის ცენტრალურ სადგურში დაახლოებით 6 საათზე შევედით. ნახევარი საათი ავტობუსს ველოდეთ, რომელშიც თითომ 2 ევრო გადავიხადეთ და რომელმაც საბოლოოდ ბოტერდიპის ქუჩაზე 73-2 ნომერში მიგვიყვანა. აქ ჩვენი ჰოსტელი მდებარეობს. ჰოსტელი, ტკბილი ჰოსტელი.

1 წელი ევროპაში

It’s official! 2014-1015 სასწავლო წელს ჰოლანდიაში, ქალაქ გრონინგენში გავატარებ.

ALRAKIS II ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამაა, რომლის დახმარებითაც მოვიპოვე 10 თვიანი სტიპენდია და შემიძლია 2 სემესტრის განმავლობაში გრონინგენის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დავასრულო ჩემი მაგისტრატურა, რომელიც აქ, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში დავიწყე.

გრონინგენის უნივერსიტეტის ისტორიული შენობა

როგორ მოვხვდი ამ პროგრამაში?

შარშან შემოდგომაზე CU-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ერასმუსის რამდენიმე გაცვლითი პროგრამის შესახებ. გადავწყვიტე ბედი მეცადა და ჩავაბარე TOEFL-ის გამოცდა, რომელიც ყველა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა. აპლიკაცია სამ მათგანში – MID, ALRAKIS II და HUMERIA – გავაგზავნე.

თავიდან სამივე პროგრამამ უარი შემომითვალა და რეზერვების სიაში ჩამსვა. მეგონა ეს შედეგი საბოლოო იყო და აღარაფერი მეშველებოდა, მაგრამ თურმე რეზერვში მოხვედრაც დიდი კონკურენციის დამარცხებას ნიშნავს.

საბოლოო პასუხების გამოცხადებიდან 2 კვირაში ALRAKIS II-ის კოორდინატორმა მომწერა, რომ რეზერვიდან შერჩეულების სიაში გადამიყვანეს და 10 თვიანი სტიპენდია დამინიშნეს გრონინგენის უნივერსიტეტში სასწავლებლად.

alrakis
მოლოცვის წერილი. მაჯისცემა 120.

ეს წერილი 1 თვის წინ მივიღე, თუმცა ჯერ კიდევ მახსოვს, მისი წაკითხვით გამოწვეული ემოციები. სახლში მე და დედაჩემი ვიყავით. ის ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ოთახში ყურებამდე გახეული ღიმილით შევვარდი და სული ძლივს მოვითქვი, რომ ამომეღერღა: “გრონინგენის უნივერსიტეტმა მიმიღო!”

ამის შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და შევუდექი დეტალების გარკვევას.

  • მოვაგროვე საბოლოო საბუთები;
  • დავრეგისტრირდი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე;
  • დავჯავშნე ოთახი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში;
  • შევუკვეთე TOEFL-ის ტესტის პასუხების ოფიციალური დოკუმენტი (თუკი ამ ტესტს ოდესმე ჩააბარებთ, აუცილებლად თავიდანვე შეუკვეთეთ თქვენთვისაც);
  • გავარკვიე ვიზის საკითხები, რომელსაც თურმე მთლიანად უნივერსიტეტი მიგვარებს;
  • დავიწყე ფიქრი იმაზე თუ როგორ უნდა გავანაწილო სტიპენდია, რაც €1000 შეადგენს. პროგრამის დაფინანსებაში მგზავრობა, სწავლა, დაზღვევა და სტიპენდია შედის. შესაბამისად საცხოვრებლის ფული სტიპენდიიდან გამომექვითება;
  • ჩუმ-ჩუმად დავიწყე ევროპის იმ ქვეყნების Google Map-ზე დათვალიერება, რომელთა ნახვაც ყოველთვის მინდოდა;
  • დავიწყე სიის ჩამოწერა, თუ რა საქმეები მაქვს მოსამთავრებელი, სანამ ერთი წლით გავემგზავრები – როგორიცაა, მაგალითად, მეგობრებისთვის წიგნების დაბრუნება, სტომატოლოგთან ვიზიტი და დიჯიპასის აღება ინტერნეტ ბანკისთვის.
გრონინგენის უნივერსიტეტი -ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შენობა
გრონინგენის უნივერსიტეტი -ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შენობა

რას ნიშნავს გაცვლითი პროგრამა?

არსებობს ორი ტიპის პროგრამა – გაცვლითი (exchange) და სადიპლომო (degree).

გაცვლითი პროგრამა ნიშნავს ერთი ან ორი სემესტრის გატარებას რომელიმე სხვა უნივერსიტეტში (მასპინძელი), იმის მაგივრად სადაც ჩააბარე (მშობლიური). მასპინძელ უნივერსიტეტში გავლილი საგნების კრედიტები მშობლიური უნივერსიტეტში გავლილად გეთვლება და წელი არ გეკარგება. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას დიპლომს იღებ მშობლიური უნივერსიტეტიდან და სწავლის საფასურსაც ჩვეულებრივად საქართველოში იხდი იმ საგნებზე, რომლებიც გინდა რომ ჩაგეთვალოს. განსხვავება ისაა, რომ საგნებს სწავლობ უცხოეთში და სტიპენდიის დამსახურებით პრაქტიკულად უფასოდ ცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი უნივერსიტეტი დიპლომს არასდროს იძლევა, მსგავსი პროგრამები ბევრ სტუდენტს იზიდავს და კონკურენცია მაღალია.

სადიპლომო პროგრამა ნიშნავს მთლიანი სასწავლო კურსის უცხოურ უნივერსიტეტში გავლას და იქაურ დიპლომს. სწავლის საფასურს არ იხდი და სტიპენდია, როგორც წესი, ასეთი პროგრამებზე იშვიათად ცხადდება, მასში მოხვედრა უფრო რთულია და კონკურენციაც გაცილებით მაღალია.

გრონინგენი ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ზამთარში არხებში წყალიც კი იყინება.
გრონინგენი ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ზამთარში არხებში წყალიც კი იყინება.

როგორ მოხვდე ერასმუსში?

მე რადგან გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, მოგიყვებით, რა არის საჭირო მასში მოსახვედრად:

  1. სურვილი, რაც იმედია უკვე გაქვს, თუკი ამ პოსტს კითხულობ;
  2. დრო – იმისათვის, რომ მოძებნო სასურველი პროგრამები, მოაგროვო საბუთები და შეავსო აპლიკაციები;
  3. TOEFL-ის (ან IELTS) გამოცდის ჩაბარება – სასურველია 90 ქულაზე მეტის მიღება 120-დან (მე ავიღე 111);
  4. აუცილებელია უკვე ირიცხებოდე რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე;
  5. აუცილებელია მინიმუმ 1 წელი გქონდეს დარჩენილი სწავლის დასრულებამდე.

ერასმუსის პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ ამ ბმულზეც იხილოთ და დაელოდოთ მომდევნო წლისთვის ახალ კონკურსებს.

გამგზავრებასთან და სხვა ემოციებთან დაკავშირებით მომდევნო პოსტებში დავწერ.