Tag Archives: ბლოგი

როგორ ფიქრობთ, ღირს ამ ბლოგის გაგრძელება?

მართალია დაახლოებით 6 თვეზე მეტია აქ არაფერი დამიწერია, მაგრამ სტატისტიკას სულ ვამოწმებ და ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი ისევ შემოდის ახალი პოსტების მოლოდინში.

არ ვიცი ამ ბლოგს რა ვუყო. მართალია აღარ ვმუშაობ (უკვე ერთი თვეა “მეცხრე არხიდან” წამოვედი), მაგრამ ჩემს დროს და ენერგიას მეორე ბლოგი – Pink.ge ისრუტავს. მიუხედავად ამ “ლეგიტიმური” მიზეზისა, ეს ბლოგი ისე მენატრება, რომ ხანდახან შემოვდივარ და ჩემს ძველ პოსტებსა და კომენტარებს საათობით ვკითხულობ.

ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედო.

იმდენი რამ დამიგროვდა მოსაყოლი: განსაკუთრებით ევროპაში მოგზაურობა მაწუხებს. დღემდე ვერსად ამოვთქვი.

მე თოვლიან რიგაში

ვხვდები, რომ წერა არ უნდა შემეწყვიტა. ეს ერთადერთი რამ იყო, რაც გონებას მიმშვიდებდა და მილაგებდა.

ეს ბლოგი მჭირდება.

მაგრამ ერთადერთი, რაც მაჩერებს იმისგან, რომ ისევ წერას მივუბრუნდე, არის შეკითხვა: ვინმე წაიკითხავს იმას, რასაც დავწერ?

ასე მგონია, იმდენი წელი გავიდა, რომ ჩემთან ერთად ყველა ჩემი ბლოგის მკითხველი გაიზარდა და არავის აღარ დააინტერესებს ჩემი ახალი პოსტები.

ვფიქრობდი უამრავ რამეს:

  1. შემეცვალა ბლოგისთვის პროფილი და პროფესიულ ბლოგად გადამეკეთებინა;
  2. ახლანდელი ბლოგი არქივის სახით შემენახა, ხოლო პირველი გვერდი ჩემი CV-ს და პორტფოლიოსთვის დამეთმო
  3. გამეკეთებინა Food-ბლოგი, სადაც ადგილობრივ კაფეებს და დესერტის წერტილებს მიმოვიხილავდი – ამ იდეისკენ დომენის სპეციფიურობამ მიბიძგა.
  4. უბრალოდ გამეგრძელებინა წერა როგორც ადრე…

არ ვიცი ამ ბლოგს რა ვუყო.

არ ვიცი შემომრჩა თუ არა მკითხველები.

და თუკი შემორჩნენ, არ ვიცი რაც სათქმელი მაქვს იმას როგორ მიიღებენ.

ეს ბლოგი მჭირდება, მაგრამ თქვენ თუ გჭირდებათ?

I wrote this for you

ჩემმა სრულიად ახალმა ნაცნობმა, ამერიკელმა ჯარისკაცმა იენმა ერთი ფანტასტიკური ბლოგი აღმომაჩენინა. ვერ მოვწყდი. შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. ან შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ გენიალურია.

www.iwrotethisforyou.me

ზოგი პოსტი უბრალოდ ერთი წინადადება და ფოტოა, მაგრამ იმდენად გულში ჩამწვდომი, რომ ასობით კომენტარია მასზე გაკეთებული. არქივების კითხვაც კი დავიწყე. ერთ-ერთი ბოლო პოსტის გადათარგმნა მომინდა საშინლად. არ ვიცი, რამდენად კარგი გამომივიდა, მაგრამ ორივე ვერსიას წარმოგიდგეთ.

თქვენც ეწვიეთ ბლოგს და თქვენი ფავორიტი პოსტების ლინკები მომწერეთ…

მეც მინდა, ასე გრძნობით ვწერდე.

(რაც შეეხება ამერიკელი ჯარისკაცის გამოჩენას, მაგ სახალისო ისტორიას ამ დღეებში მოგიყვებით. :$ )

Monday, June 14, 2010

The Taking Of Turns

You are in some songs that still get played on the radio when the DJ is feeling nostalgic.

You are in a book you once lent me (never returned) with yellowed pages.

You are in trees when I touch them, even ones without names carved into them.

You are in the way someone on the street laughs as I pass them.

You are in a box I keep filled with letters.

You are in a ring I no longer wear.

And, every day, you each get a moment to haunt me.

* * *

შენ სიმღერებში ხარ, რომლებიც მხოლოდ მაშინ გადის რადიოში, როცა წამყვანს ნოსტალგია შემოაწვება.

შენ ფურცლებგადაყვითლებულ წიგნში ხარ, ადრე რომ მათხოვე და დაბრუნება ვერ მოვასწარი.

შენ იმ ხეებში ხარ, რომელთაც ვეხები, თუნდაც ზედ ჩვენი სახელები არ იყოს ამოკაწრული.

შენ იმ უცნობის სიცილში ხარ, ქუჩაში რომ შემთხვევით მოვკარი ყური.

შენ ყუთში ხარ, წერილებით რომ გავსებულა.

შენ ბეჭედში ხარ, რომელსაც უკვე აღარ ვატარებ.

და თითოეული თითო წამით მსტუმრობთ ყოველ ცისმარეს.


ბლოგის დიზაინის ცვლილება

გუშინ თინი შემხვდა და ბევრი მისმინა.

ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

“ერთი შეკითხვა მაქვს, აი, ამდენს ერთად როგორ უძლებ?”

მანდ მივხვდი, რომ სასწრაფოდ მჭირდება ახალი თეთრი ფურცელი ცხოვრებაში.

ჯერ ბლოგის დიზაინს მოვიყვან ჭკუაზე, მერე ჩემს ოთახს ჩემებურად მოვაწყობ, მერე გარდერობს განვაახლებ და მერე დასასვენებლად წავალ ერთი კვირით სადმე მიკარგულ სოფელში. ბევრს დავწერ, ბევრს ვისეირნებ, საღამოობით წითელ ღვინოს დავლევ.

დღეს დიზაინით დავიწყე – ეს რამოდენიმე თვის წინ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერაფრით თავი ვერ მოვაბი.

ახლა რასაც ხედავთ, საბოლოო არ არის. ერთ-ორ დღეში დავასრულებ.

შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ შეეჩვევით. წინა დიზაინი უკვე ძალიან ბევრ რაღაცას მახსენებდა და ვერაფრით ვერ ვწერდი ბლოგზე.

დიზაინთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები კომენტარებში მომწერეთ.

მადლობა!

სექსი დიდ ქალაქში – თბილისური პრემიერა

გუშინ საღამოს 9-ის ნახევარზე კინოთეატრ ამირანში ფილმის “სექსი დიდ ქალაქში 2” პრემიერა გაიმართა. მოსაწვევი ადრევე მქონდა, ჩემი და სალომეს ახალი ბლოგის დამსახურებით.

სხვათაშორის გავოცდი მოსაწვევის ორიგინალურობით. მოსაწვევი წარმოადგენდა ახალი ფილმის საუნდტრეკების კრებულს!

(სიმღერების გადმოწერა უკვე ჩვენი ბლოგიდან შეგიძლიათ)

"სექსი დიდ ქალაქში 2" - მოსაწვევი/CD

"სექსი დიდ ქალაქში 2" - მოსაწვევი/CD

ჩემი უთავბოლობის გამო გახსნით ნაწილზე დამაგვიანდა. კინოს დაწყებამდე 10 წუთით ადრე მივედი. ფოიეში ულამაზესი სარკის კუბებით გამოსახული მანჰეტენის ინსტალაცია იყო განთავსებული. მე რომ შევედი მთელი ფოიე ბრჭყვიალა სარკის ნამტვრევებით, თეთრი ყვავილებით, სანთლებით და ბევრი, ბევრი კოქტეილის ჭიქებით იყო მოფენილი. გული დამწყდა, რომ ერთი კოსმოპოლიტენიც კი არ შემხვდა.

საბედნიეროდ უშუალოდ კინოზე არ დამაგვიანდა, რაც HairHaus-ის ჯადოსნური სტილისტის, ნატალის დამსახურებაა, რომელმაც 2 წუთში მოიფიქრა თუ რა უნდა ექნა ჩემი თმისთვის და გამოუვალი სიტუაციიდან გამომიყვანა. გარდა იმისა რომ HairHaus-მა მთლიანად იზრუნა ჩემს გუშინდელ გარეგნობაზე, მათ ისეთი მოულოდნელი სითბო და გულისხმიერება დამახვედრეს, რომ მე სხვა სალონისკენ არასდროს, არასდროს აღარ გავიხედავ! (შეგიძლიათ HairHaus-ს დაუმეგობრდეთ Facebook-ზე)

დარბაზში რომ შევედი, საჩუქრების გათამაშება მიმდინარეობდა. სცენაზე ორგანიზატორებთან ერთად ია ფარულავა და ნანიკო ხაზარაძე იდგნენ და მოგებულ საჩუქრებს არიგებდნენ.

მერე დაიწყო ფილმი.

სალომემ, რომელიც პრემიერაზე რაღაც მიზეზების გამო ვერ წამოვიდა, ვერ მოითმინა და ადრევე უყურა ფილმს. გაფრთხილებული ვყავდი, რომ დიდი მოლოდინი არ უნდა მქონოდა, თვითონ უფრო მეტ ინტრიგას და სკანდალს მოელოდა, მაგრამ იმედი ცოტათი გაუცრუვდა.

იმდენმა ადამიანმა დაწერა twitter-ზე – უბანძესი ფილმიაო – დიდი მოლოდინი არც მქონია, ამიტომაც თამამად ვამბობ, რომ ფილმმა ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.

ფილმის ყურებისას ყველა ჩემი არსებული პრობლემა დამავიწყდა, მთლიანად ჩართული ვიყავი და როცა დავინახე ქერი დიორის “გაზეთის” კაბაში (სეზონი 3) გამოწყობილი ჩამოვიდა თავისი სახლის კიბეებზე…

ვიგრძენი, რომ ეს იყო Sex and the City-ს ფანებთან გამოსამშვიდობებელი სერია.

არ ვიცი, ვის ნოსტალგიაზე იყო აგებული მთელი სიუჟეტი, რეჟისორის, სცენარის ავტორების, მსახიობების თუ ყველასაზე ერთად, მაგრამ ფილმში კარგად ჩანდა, თუ როგორ ენატრება ქერის 90-იანები, ხოლო დარბაზში – როგორ ენატრებათ ფანებს სერიალი.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არც ერთი კინო ის აღარაა რაც 90-იანების 45 წუთიან ეპიზოდებად მოწოდებული მეგობრობა, სიყვარული, სტილი, მოდა, სექსი და ნიუ იორკი. არც ქერი და მისტერ ბიგი არიან იგივე, რაც 10 წლის წინ იყვნენ.

როცა კერი შეხვდა ბიგს, ბიგმა თქვა – Abso-fucking-lutely! ჩვენ ყველანი იქ ვიყავით!

და კერის 10 წელი დასჭირდა, რომ მისთვის თავი შეეყვარებინა და ცოლად გაჰყოლოდა. ჩვენ კი 10 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მისტერ ბიგი შეგვეყვარებინა!!!

ახლა ქერი და ბიგი ერთად ბერდებიან. ბიგი ზის მათ საერთო ნიუ-იორკულ ბინაში, უყურებს ტელევიზორს და ქერის ეშინია, რომ ისინი გახდებიან კიდევ ერთი მოსაწყენი წყვილი, რომლებიც საღამოობით მხოლოდ ტელევიზორის ყურებით ირთობენ თავს…

ბედნიერება არ არის მიზნის მიღწევა, ბედნიერება მიღწეულის შენარჩუნებაა. ჩვენ კი ხანდახან თვითონაც არ ვიცით რა გვინდა ცხოვრებაში.

მიღწეული მიზნები და ახდენილი ოცნებები ძალიან მალე უფასურდება. მიზნამდე მისასვლელი გზის გავლა ბევრად უფრო საინტერესო გვეჩვენება, ვიდრე ის მდგომარეობა, როდესაც მიზანს ვაღწევთ.

ცხოვრებაში არ არსებობს ბედნიერი დასასრულები, მაგრამ არც ჩვეულებრივი დასასრულები არსებობს… ყველაფერი რაც გვგონია, რომ დასრულდა, სინამდვილეში ყოველთვის გრძელდება რაღაც ახალი სახით, ახალ ფორმად.

დედა გრძელდება შვილად, სიყვარული – მეგობრობად, სერიალი – კინოდ… და მერე კინოც მთავრდება.

“სექსი დიდ ქალაქში” დასრულდა, მაგრამ ქერი, შარლოტა, სამანტა, მირანდა და მე ისევ ვეძებთ ბედნიერებას.