16 საათი გზაში

ყოველთვის როცა ადამიანი რამეზე წუწუნს იწყებს, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც იტყვის: “შენ რა გიჭირს, აი, მე უფრო ცუდად მაქვს საქმე…” გასაგებია, რომ ჩემზე უარეს სიტუაციაშიც ყოფილა ვიღაც და აფრიკაში ბავშვებიც წყურვილით იხოცებიან, და 1 წელი ჰოლანდიაში ვიცხოვრებ და ამის გამო ბედნიერებისგან უნდა ვბრწყინავდე და მგზავრობის საშინელებებიც უნდა ავიტანო… მაგრამ ვერავითარი ძალა ვერ შემაჩერებს რომ ჩემს 16 საათიან საშინელ მოგზაურობაზე არ ვიწუწუნო.

ფრენა 25 აგვისტოს, დილის 4:45 წუთზე იყო დანიშნული. აეროპორტში მინიმუმ 45 წუთით ადრე მინდოდა მისვლა, მაგრამ რატომღაც 4:15-ზე მივედი და აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. მითხრეს, დაგაგვიანდაო, მაგრამ სახე ისტერიკის წინაპირობით დამეღრიჯა, ალბათ ამიტომ ჩემი ორი 20 კილოიანი ჩანთისგან შემდგარი ბარგი ჩაიბარეს და ჩასხდომაზე ამიშვეს.

გაკვეთილი #1: ამიერიდან აეროპორტში საათნახევრით ადრე მაინც უნდა მივიდე.

პასპორტის კონტროლზე საშინლად გრძელი რიგი იდგა. ცოტა გავძვერ-გამოვძვერი და როგორც იქნა გავედი ბარგის შემოწმებაზე. იქ მითხრეს, რომ ჩანთიდან ჩემი საყვარელი “გენას” თავიანი ჩანგალი, რომელიც 6 წლის რომ ვიყავი ჩემმა მეგობარმა სანდრომ მაჩუქა, უნდა ამომეღო და ნაგავში მომესროლა. რა ჯანდაბად ჩავდე ეს ჩანგალი მაინცდამაინც ხელბარგში?

დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩემი ჩანგალი. თუმცა ჩებურაშკას მაგივრად გენას თავი ჰქონდა.
დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩემი გენას თავიანი ჩანგალი.

აი, ასე, აეროპორტის ბარგის საკონტროლო პუნქტზე, სიმბოლურად და ნაჩქარევად გამოვემშვიდობე ჩემს ბავშვობას.

გაკვეთილი #2: არასდროს უნდა ჩავდო წვეტიანი ნივთები ხელბარგში.

საკონტროლო პუნქტთან ჩემი ნაცნობი თანა-ერასმუსელი, მარიამ რაზმაძე დავინახე. შარშან სტამბოლში ყოფნისას, მარიამთან ერთად ვქირაობდი ბინას. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავშიც გვერდიგვერდ ვისხედით. გამიხარდა და გავოცდი. ეს როგორ მოხდა?
როგორ დაემთხვა, რომ ორივემ ერასმუსში გავიმარჯვეთ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროგრამაში გვქონდა შეტანილი აპლიკაცია, ორივე ერთ ქალაქში და ერთ უნივერსიტეტში მოვხვდით?
როგორ მოხდა, რომ მიუხედავად სხვადასხვა კოორდინატორებისა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, ორივეს ერთ რეისზე დაგვიჯავშნეს ფრენა და თანაც გვერდიგვერდ მოვხვდით? რა შანსი არსებობდა ამდენი დამთხვევის?

გაკვეთილი #3: სამყარო ძალიან, ძალიან უცნაურად არის მოწყობილი.

თვითმფრინავში რომ ავედი, მეგონა თავი ქუდში მქონდა, მაგრამ “ნურას უკაცრავად”-ო მომიგო მოგზაურობის ღმერთმა. თვითმფრინავი დაახლოებით 6-ის ნახევრამდე ჯორივით ჯიუტად იდგა და გაფრენაზე უარს აცხადებდა.
პირველი გაჩერება ვარშავაში უნდა გვქონოდა. იქ ამსტერდამის თვითმფრინავში უნდა გადავმსხდარიყავით. თუმცა, რა თქმა უნდა, 45 წუთიანი დაგვიანების შემდეგ, მეორე ფრენას ვერ მივუსწარით და ზუსტად ჩვენს ცხვირწინ დამთავრდა ჩასხდომა.

LOT airline plane
მომდავნო რეისი 7 საათში იყო დაგეგმილი

მომდევნო პირდაპირი რეისი ამსტერდამამდე მხოლოდ 7 საათის მერე იგეგმებოდა. ეს არანაირად არ გვაწყობდა, რადგან ამსტერდამიდან გრონინგენამდე კიდევ მატარებლით უნდა გვემგზავრა.
ბევრი წუწუნის შემდეგ, პოლონური ავიახაზების თანამშრომელმა ახალი ბილეთები მოგვცა – შემაერთებელი რეისი ამსტერდამამდე, ფრანკფურტის გავლით ორ საათის შემდეგ დაიძვრებოდა ვარშავიდან. გვითხრეს, რომ ბარგსაც იგივე რეისით გამოაგზავნიდნენ. ეს დაახლოებით 4 საათით დაგვაგვიანებდა გრონინგენში, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

chopin airport
ვარშავაში, შოპენის აეროპორტში პოლონურმა ავიახაზებმა საჭმლის ვაუჩერი მოგვცა – ბოდიშის მოხდის მიზნით.

ვარშავა-ფრანკფურტი-ამსტერდამის ფრენა ლუფტანზამ შეასრულა. ფრენამ კარგად ჩაიარა, თუმცა ამსტერდამში, სკიპჰოლის აეროპორტში ერთ საათიანი ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ჩანთა ვარშავიდან არც კი გამოუგზავნიათ.

ფრანკფურტის აეროპორტში ველოდებით ამსტერდამის რეისს
ფრანკფურტის აეროპორტში ველოდებით ამსტერდამის რეისს

წავედი ლუფტანზას ოფისში განცხადების დასაწერად. ემოციები რომ გვერდით გადავდოთ, ნახევარი საათი მარტო ფორმებს ვავსებდი. მარიამი დანარჩენ ჩანთებს ყარაულობდა. მის გარეშე, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

ლუფტანზას ოფისმა, რა თქმა უნდა, მომიბოდიშა და შემპირდა, რომ ჩანთას 24 საათის განმავლობაში იპოვნიდნენ და სახლში მომიტანდნენ. გრონინგენში დაჯავშნილი ჰოსტელის მისამართი და ტელეფონი ჩავაწერინე.

schiphol airport amsterdam
სკიპჰოლის აეროპორტში – სანამ ჩვენი ბარგის ამბავს გავიგებდით, გზადაგზა არხეინად ვიღებდით სურათებს

როგორც იქნა სკიპჰოლის მატარებლის სადგურამდე ჩავაღწიეთ. უკვე 4-ის ნახევარი იყო. წესით გრონინგენში უკვე რამდენიმე საათის წინ უნდა ვყოფილიყავით. გასავათებული ვიყავი. თვალწინ მედგა ყველა ნივთი, რაც დაკარგულ ჩემოდანში მედო და გეგმას ვსახავდი, რისი ყიდვა დამჭირდებოდა პირველ რიგში, თუკი ჩემოდანს არ მომიტანდნენ. კიდევ კარგი, ბარგის ჩალაგებისას გავითვალისწინე დაკარგვის შემთხვევა და ტანსაცმელიც და ფეხსაცმელიც ორ ნაწილად მქონდა გაყოფილი და სხვადასხვა ჩემოდნებში განაწილებული.

გაკვეთილი #4: “რესურსების გადანაწილება” და “დეცენტრალიზაცია” სიტყვების რახარუხი არ არის.

5-ის 3 წუთზე მატარებელიც ჩამოდგა. ორ სართულიანი, ლურჯ-ყვითელი მატარებელი იყო. ძლივს ავათრიეთ ჩანთები მეორე სართულზე. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ თუ ჩემი ჩანთა ოდესმე ისევ გამოჩნდებოდა, მისი დროებითი დაკარგვა არც ისე ცუდი იდეა იყო. ამხელა გზაზე ერთი 20 კილოიანის და 8 კილოანი ხელბარგის ტარებაც საკმაოდ გამიჭირდა.

2 საათნახევარი მატარებელში გავატარეთ. გარეთ საშინელი ამინდი იყო. ზოგან ჟინჟლავდა, ზოგან კი გვარიანად წვიმდა. თბილისის 40 გრადუსიანი სიცხის შემდეგ ჰოლანდია ციმბირად მომეჩვენა. კიდევ კარგი თბილი ქურთუკი ხელბარგში მედო და როგორც კი ჩრდილოეთისკენ დავიძარით, მაშინვე შიგ გავეხვიე.

უძილობისგან, ნერვიულობისგან და დაღლილობისგან თავი ამტკივდა. გამაყუჩებელი დავლიე და შევეცადე ცოტა ხანი დამეძინა. მართალია, სამი ფრენა გვქონდა, მაგრამ ვერცერთზე ვერ დავიძინე. როგორც კი 20 წამით ჩამთვლემდა, თვითმფრინავი დაჯდომას იწყებდა. მატარებელში უფრო გამიმართლა, 15 წუთი თვალი მოვხუჭე. გზისპირა პეიზაჟმაც ხელი შემიწყო – ბევრი იყო ტრამალი მინდვრები, ძროხები და ქარის წისქვილები; ცოტა იყო ტყე, ქალაქები და ფერმერთა კოხტა სახლები.

ასე გამოიყურება ქალაქების შემაერთებელი მატარებელი. მეორე სართულიდან კარგი ხედია.
ასე გამოიყურება ქალაქების შემაერთებელი მატარებელი. მეორე სართულიდან კარგი ხედია.

“რა ლამაზია აქაურობა” – გავიფიქრე და მივხვდი, რომ მიუხედავად თავს გადამხდარი ნერვიულობებისა, ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ აღმოვჩნდი. ამ წამს წვიმაც მიხარია, სიცივეც და ქარის წისქვილებიც. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე არაკომფორტული და ამავე დროს საუკეთესო მოგზაურობაა. ავიახაზებს გაგულისებულ წერილს მივწერ, ბარგსაც დამიბრუნებენ. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მაგარია!

გაკვეთილი #5: ყოველთვის ყველაფერს კარგი მხრიდან უნდა შევხედო – ასე უფრო ბედნიერი ვიქნები.

გრონინგენის ცენტრალურ სადგურში დაახლოებით 6 საათზე შევედით. ნახევარი საათი ავტობუსს ველოდეთ, რომელშიც თითომ 2 ევრო გადავიხადეთ და რომელმაც საბოლოოდ ბოტერდიპის ქუჩაზე 73-2 ნომერში მიგვიყვანა. აქ ჩვენი ჰოსტელი მდებარეობს. ჰოსტელი, ტკბილი ჰოსტელი.

ჩარგალი

გამგზავრება

9-ს რომ 15 აკლდა დევიმ დამირეკა. ზუსტად 2 წუთის გახელილი მქონდა თვალები. უაზროდ ჭერს მივშტერებოდი და ვიხსენებდი ვინ ვიყავი, რა დღეა, სად ვარ და რატომ რეკავს ეს მაღვიძარა. დევის ხმამ გამომაფხიზლა და ისეთი სისწრაფით დავიწყე ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და თან ჭამა, რომ გაოცებულმა დედაჩემმა ერთი მომაძახა “რამე არ დაგრჩეს” და “არ დააგვიანოო”. მეტის თქმას მაინც ვერ მოასწრებდა.

სასწრაფოდ ტაქსში ჩავხტი და შეხვედრის ადგილისკენ ანუ – სპორტის სასახლისკენ გავეშურე.

შეხვედრის ადგილზე 9 ბლოგერი დამხვდა: ლეონსიო, დევი, Kate Alukard, Doody, წყარო, ბექა, ჰექსე, ნიკა და კნუტი.

გვაკლდა მხოლოდ ლანდიშა და ფსიქე. ფსიქეც მალევე მოვიდა. ლანდიშა კი, რომ გადავურეკეთ ახალი გაღვიძებული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ მისთვის სახლში გაგვევლო.

ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, დათო, დევის ნაწილი
ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, Doody, დევის ნაწილი
წყარო, ჰექსე, დათო, ალუკარდი, კნუტი
წყარო, ჰექსე, Doody, ალუკარდი, კნუტი

ყველაზე მეტად ბაზარში საჭმლის ყიდვის პროცესი გაიწელა. ლეონსიო ბექა და ნიკა წავიდნენ. ჩვენ სამარშუტო ტაქსში დავრჩით. დაგვცხა, მოგვწყურდა, საწყალი ლანდიშაც თურმე ტრასაზე გველოდებოდა იმდენი ხანი, მაგრამ “ესეც გაივლისო” უთქვამს ბრძენს და 12 საათი იქნებოდა როცა თბილისიდან გავედით. ეს კი მართლა ღირდა ამდენ ლოდინად.

ლეონსიო და ბექა
ლეონსიო და ბექა

მე და დევი ერთად ვისხედით და ბლოგის ბრენდინგზე, განვითარებაზე და სტრატეგიებზე ვსაუბრობდით. მერე გლამურულ თემებს და ჟურნალ კოსმოპოლიტენსაც გადავწვდით. ორივე იქ ვმუშაობდით. საუბარმა ისე გაგვიტაცა და გზა ისე გაილია, ვერც გავიგე. ამასობაში ჟინვალის წყალსაცავს მივადექით და მცირე ფოტოგრაფიულ-ბლოგერული შესვენების მოწყობა გადავწყვიტეთ. Continue reading ჩარგალი

ოცნების ქალაქის პრემიერა – ხვალ!

ამბობენ სიყვარულს ვერსად დაემალებიო…

მე არ ვემალები სიყვარულს. მგონი ის უფრო მემალება. მერე დავდივარ და ვეძებ.

თან დამყვება მელოდია, რომელიც ორი კვირაა ამეკვიატა და როცა ცოტათი მოვიწყენ სულ მეღიღინება…

მივალ მივყვები გზას,
თავადაც არ ვიცი რას ვფიქრობ რას.
ეს მელოდია დამყვება თან,
მივდივარ მივყვები ცხოვრების გზას.

ხვალ საღამოს ოცნების ქალაქში მივდივარ, სიყვარულის საძებნელად.

იქნებ ჩემი წილიც აღმოვაჩინო!

პოსტის მაგივრად

მიყვარს როცა დღე დატვირთულია მოვლენებით, ურთიერთობებით და ფოტოებით.

არ მიყვარს როცა ასეთი დღეებისგან იმდენად ვიღლები რომ ფოტოების კომპიუტერში გადატანის და ბლოგზე დაწერის თავი აღარ მაქვს.

ბილეთებიბილეთები 2ბილეთები 3

Some longer entries with photos are coming soon…

პ.ს. ხვალ სოროსის ფონდში ბლოგერების შესახებ რაღაც ფილმის ჩვენება იქნება და ბლოგერები არიან მიწვეულნი 5 საათზე. ვისაც გაინტერესებთ პიკოლინას კითხეთ.

Update: პიკოლინა რაღაც არ ჩანს და ვინც მოასწრებთ ამის ნახვას Facebook-ზე ივენტი გავაკეთე.

Update 2: გადაიდო ფილმის ჩვენებაო!!! :((