Tag Archives: აკადემიური შენობა

პირველი დღე გრონინგენში

ჩემს ჰოსტელს Simplon Jongerenhotel ჰქვია. Booking.com-ზე ყველაზე იაფი იყო. ოთახი ქალების 20 ადგილიან დორმში მხოლოდ ამიტომ დავჯავშნე. ამ წუთას ჩემს გარდა ოთახში 10-მდე გოგო ცხოვრობს. ამ დღეებში სტუმრებს კიდევ ელოდებიან. ჩემს გვერდით რომ წევს, იმ გოგოს დაიანა ჰქვია. მექსიკიდან არის. მუქი ფერის კანი, მრგვალი სახე და შავი თმა აქვს. სასიამოვნო გოგოა. მის ზემოთ ლატვიელ, შავგრემან, ცისფერთვალა, დრედებიან გოგოს სძინავს. ორივე ხელზე ტატუირება აქვს. ლაპარაკის დროს, როცა ფიქრობს, წინადადებებს “ნუ” ნაწილაკით იწყებს. მე ვუთხარი, მეც ეგრე ვამბობ ხანდახან და ეტყობა რუსულის გავლენაა-მეთქი. არა, რუსული გავლენა, “ბლია” არისო. გაგვეცინა.

ჩემი დღევანდელი დღის გეგმა ასე გამოიყურება:

  • 11:00ING ბანკის საინფორმაციო სემინარს უნდა დავესწრო. არ უთქვამთ სად ჩატარდება, ამიტომ უნივერსიტეტში ცოტა ადრე უნდა მივიდე და ვიკითხო. ამ სემინარზე საერთაშორისო სტუდენტებს საბანკო ანგარიშები უნდა გაგვიხსნან და უფასო ჰოლანდიური ტელეფონის ნომრები დაგვირიგონ.
  • 14:00 – გრონინგენის უნივერსიტეტის აკადემიურ შენობაში ISD-ის (International Service Desk) შეხვედრაზე უნდა მივიდე. ამ შეხვედრის წყალობით ქალაქის მუნიციპალიტეტში უნდა დაგვარეგისტრირონ, რეზიდენტის მოწმობები გადმოგვცენ და თვითმფრინავის ჩასხდომის ბარათები უნდა ჩაიბარონ, ერასმუსის კოორდინატორებთან გადასაგზავნად.

არსად არ უნდა დამაგვიანდეს. მაღვიძარა 9-ზე მაქვს დაყენებული, მაგრამ 7 საათზე თავისით მეღვიძება. თბილისის დროით 5 საათია, რა საოცარია!
ვდგები, წყალს ვივლებ, ჩუმად ვიცვამ, ისე, რომ სხვები არ გავაღვიძო და სასაუზმოდ დაბლა ჩავდივარ. აშკარად გრძელი დღე მელის, ამიტომ ვცდილობ კარგად ვჭამო – ისე, რომ მთელი დღე მეყოს.

საუზმე ჰოსტელში €5,50 ღირს. ბუფეტიდან რასაც გინდა ირჩევ და რამდენსაც გინდა ჭამ. პატარა ლამბაქში შვრიისა და თხილეულის მზა საუზმეს ვიყრი, ცოტაოდენ ცივ უცხიმო რძეს ვასხამ. იქვე შოკოლადის ვერმიშელი ვიპოვე და იმასაც ვაყრი. გააგემრიელებს. მარცვლეულის შავი პურის ორი ნაჭრის, ყველისა და ლორისგან სენდვიჩს ვიკეთებ. ლანგარზე ასევე ორ ვაშლს და ბანანს ვიდებ. კიდევ მარწყვის ჩაის ვიკეთებ. მინდოდა შოკოლადის კარაქისგან მეორე სენდვიჩიც გამეკეთებინა, მაგრამ გადავიფიქრე.

breakfast groningen

რძიანი საუზმე ძალიან გემრიელი გამოდგა. ჩაის ვაყოლებ. ვგრძნობ, სენდვიჩს ვერ მოვერევი. ხელსახოცში ვახვევ და ჩანთაში ვიდებ. ასევე ჩანთაში ვიდებ ერთ ვაშლს და ბანანს. დღის განმავლობაში გამომადგება.

გასვლამდე ჰოსტელის მისაღებში ვეკითხები ჩემი ბარგის თაობაზე რამე სიახლე ხომ არ არის. მეუბნებიან, რომ არავის დაურეკავს. იმედს მაინც არ ვკარგავ.

გადავწყვიტე, უნივერსიტეტამდე ფეხით მივიდე. ძალიან ლამაზი დილაა. ყველა ქუჩაზე ველოსიპედისტები მხვდებიან. გზად ერთ-ერთ პარკში სტუდენტები ტვისტერს თამაშობენ.

უნივერსიტეტში 11-ის ნახევარზე ვარ. ერთხანს სამრეკლოს რეკვას ვუსმენ და ვიდეოზე ვიღებ.

მერე კი შიგნით შევდივარ. ყველგან უამრავი სტუდენტი ირევა. წითელ მაისურიანი სტუდენტები უნივერსიტეტს წარმოადგენენ და ახალწვეულებს გზის გაგნებაში ეხმარებიან. ყველაფერი საუკეთესოდ არის ორგანიზებული. მიუხედავად ამისა, ბევრი დრო მეკარგება იმის გარკვევაში, თუ სად უნდა მივიდე. ბოლოს მეუბნებიან, რომ თურმე ბანკში უნდა მივსულიყავი. არ ვიცი ბანკი სადაა, ამიტომ ერთი წითელმაისურიანი ბიჭი ინიციატივას გამოთქვამს, რომ წამომყვეს და გზა მასწავლოს. ვთანხმდები.

გზაში ვსაუბრობთ. წითელმაისურიანი ბიჭი ჰოლანდიელია. იობი ჰქვია. როგორც ჰოლანდიელი ბიჭების უმრავლესობა, ესეც ქერა, ცისფერთვალება და სიმპათიურია. ათას რამეს მეკითხება, საიდან ვარ, აქ რატომ ჩამოვედი, რა ფაკულტეტზე ვსწავლობ, როგორია საქართველო, ვინმე ლამაზი ბიჭი რომ გავიცნო, ვაპირებ თუ არა ჰოლანდიაში დარჩენას… მე ვუთხარი, ლამაზ ბიჭს საქართველოში წავიყვან მეთქი. ეცინება. ბოლოს ბანკთან მტოვებს და თვითონ უნივერსიტეტში ბრუნდება.

ING application

ბანკის თანამშრომელს მესამე სართულზე ავყავარ. იქ უკვე 50-ზე მეტი სტუდენტია შეკრებილი. ყველა სააპლიკაციო ფორმას ავსებს. მეც ვიწყებ შევსებას. მობილურის ნომერს და რაღაც ზოგადი ფასდაკლების ბარათს მჩუქნიან. ბანკში გვაფრთხილებენ, რომ ანგარიში და ბარათი დაახლოებით 10-15 დღეში იქნება მზად და გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით, სახლში ფოსტით მოგვივა რამდენიმე წერილი. ჰოლანდიური ორგანიზაციები იმეილს არ აღიარებენ. ბოლოს ასლების გადასაღებად ჩაბარებული პასპორტების დარიგებას იწყებენ. სახელებს ხმამაღლა აცხადებენ და ყველა სათითაოდ გამოდის. აუდიტორიის თითქმის ნახევარი ჩინეთიდან და ტაივანიდანაა. ჩემს პირდაპირ ერთი მაღალი სიმპათიური ამერიკელი ბიჭი დგას. მხოლოდ მისი სახელი მამახსოვრდება – ჯეიმს მაკდონალდი.

ბანკიდან სამ აზიელ გოგოსთან ერთად უნივერსიტეტისკენ ფეხით მივდივარ. ჩინეთი, ბრუნეი და ტაივანი. სახელები აღარ მახსოვს – აზიურ სახელებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციო ან ჩავიწერო ხოლმე. გზაში ათას რამეზე ვლაპარაკობთ და ბოლოს გროტემარკეტს ვუახლოვდებით.

გროტემარკეტი გრონინგენის ცენტრალური მოედანია. აქ ყველაზე კარგი მაღაზიები და კაფეებია განლაგებული. მახსენდება, რომ ჩემი დაკარგული ჩანთა ისევ არ ჩამოსულა და დილით, შხაპის შემდეგ, მეტისმეტად პატარა პირსახოცით მომიწია ტანის გამშრალება.

უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში – V&D-ში შევდივარ. მეხუთე სართულზე პირსახოცების განყოფილებაში ყველაზე იაფფასიან წითელ პირსახოცს ვარჩევ, სალაროში €1,99 ვიხდი და (-1) სართულზე ჩავდივარ. ეს განყოფილება წიგნებს, საკანცელარიო ნივთებს და ტექნიკას უკავია. ყველაზე მაგარი ადგილია! ყველაფრისკენ გული მიმიწევს, მაგრამ მხოლოდ სასაცილო პრიალა ფურცლებიან ჭრელ ბლოკნოტს და ლურჯ ფლომასტერს ვყიდულობ.

stationary

2 საათამდე კიდევ მაქვს დრო. უნივერსიტეტისკენ ნელა მივსეირნობ და სენდვიჩს ვჭამ. გემრიელია. ნეტავ კიდევ მომემარაგებინა.

უნივერსიტეტში იმხელა რიგი მხვდება, რომ მის ბოლოში ადგილის დასაკავებლად ორი გრძელი დერეფნის და სამი სართულის გავლა მიწევს.

One can happily get married in this line!

One can happily get married in this line!

რიგი მართლაც ეპიკურია. წარმოვიდგინე, როგორ გაიცნობენ ამ რიგში ადამიანები საუკეთესო მეგობრებს, ზოგი კი შეიძლება ცხოვრების უდიდესი სიყვარულიც კი იპოვოს. მე ეგრე არ მიმართლებს (ან პირიქით, მიმართლებს, გააჩნია საიდან შეხედავ!) და მხოლოდ რამდენიმე ჩინელ გოგოს და ერთ ჩინელ ბიჭთან ვაბამ საუბარს. სახელები, რა თქმა უნდა, არ მახსოვს. არა, ამასთან დაკავშირებით რამე უნდა მოვიფიქრო.

3 საათის შემდეგ, როგორც იქნა შევაღწიეთ ოთახში და რაღაც საბუთები ჩავაბარეთ. აქაც ყველაფერი შესაშურად არის ორგანიზებული. გეპეი და თსუ გამახსენდა. მოვიწყინე.

როცა ყველაფერი სრულდება, დერეფანში ერასმუსის სტუდენტების ქსელის (ESN) ოთახს ვამჩნევ და იქ მოსახვედრად მომცრო რიგში ვდგები. დღეს სამშაბათია. ვიცი, რომ პარასკევიდან ოთხშაბათის ჩათვლით ყოველდღე ESN-ის გასართობ-კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. მეც მინდა იქ მოვხვდე. პროგრამაში ექსკურსიები, თამაშები, სპორტული ღონისძიებები, რამდენიმე სადილი, სასმელები და წვეულება შედის. მასში მოხვედრა €30 ღირს. ამ თანხას მაშინვე ვიხდი. სანაცვლოდ ჩანთას მაძლევენ, რომელშიც ESN-ის საერთაშორისო სტუდენტური ბარათი, მომავალი კვირის, თვის და წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი, გრონინგენის რუკა, სხვადასხვა ბუკლეტები და გემრიელი სახრამუნოები დევს.

უნივერსიტეტიდან რომ გამოვდივარ, უკვე საღამოს 6 საათია. გადავწყვიტე, ცენტრალურ სადგურზე წავიდე. იქ GWK Travelex-ის ოფისში სადებეტო ბარათი უნდა ავიღო, რომელზეც ჩემი პირველი თვის სტიპენდიის ნაწილი – €777 დევს. სტიპენდია ყოველ თვე €1000 მაქვს. თანხის დანარჩენი ნაწილი უნივერსიტეტმა Housing Office-თან გადარიცხა, ოთახის დასაჯავშნად.

ov-chip

გარდა ამისა, სადგურზე OV-Chipkaart-ი უნდა ვიყიდო. ეს სამგზავრო ბარათია – დაახლოებით მეტრომანის მსგავსი. მისი საშუალებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში შედარებით იაფად და კომფორტულად მგზავრობ. საქართველოსგან განსხვავებული ისაა, რომ აქ მგზავრობის ფულს ყოველი გავლილი კილომეტრის მიხედვით იხდი. ავტობუსში ან ტრამვაიში ასვლისას ბარათით Check-in-ს აკეთებ, ჩამოსვლისას კი – Check-out-ს. შემდეგ სისტემა ითვლის რამდენი კილომეტრი იმგზავრე და ამის მიხედვით გაჭრის ფულს. საინტერესოა არა? საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერი და უფასო wifi-ც კი არის (ავტობუსებში მთლად კარგად ვერ მუშაობს, მაგრამ მაინც, მადლობა ჰოლანდიის მთავრობას მცდელობისთვის!)

სადგურამდე ფეხით მივემართები. GWK-ის ოფისში სადებეტო ბარათს ვიბარებ და სალაროდან €300 გამომაქვს. ეს ბარათი მეტისმეტად მოუხერხებელია. თანხის განაღდებაზე ბანკომატები მაღალ საკომისიოს (€4-მდე) გაჭრიან, ტერმინალებით ყველგან ვერ გადაიხდი და სადაც გადახდას შეძლებ, იქაც ტრანზაქციაზე €1 მაინც გიწევს საკომისიოს გადახდა. უფასოდ მხოლოდ სალაროდან შეგიძლია თანხის გატანა. კარგია, რომ ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ ხელშეკრულებებს, პირობებს და მანუალებს – სხვა შემთხვევაში ეს საკომისიოები არ მეცოდინებოდა.

GWK-ში დიდი რიგის გამო სადგურის სალაროსთან მხოლოდ 8-ის სამ წუთზე ვაღწევ და დაკეტილი მხვდება. 7 საათამდე მუშაობენ. დღეს OV-Chipkaart-ს არ გაუმართლა. გვერდით კაბინაში ბიჭი მეუბნება, რომ შემიძლია ეს ბარათი €7.5-ად მასთანაც ვიყიდო, თუმცა მირჩევს, რომ თუ ხვალ 7 საათამდე გამოვივლი, €2-ად შევძლებ მთავარ სალაროში შეძენას. გონებაში ვითვლი, რომ €5.5-ს დაზოგვა შემიძლია, რაც ჩემს დილის საუზმის ღირებულებას უდრის. გადაწყვეტილებას ვიღებ და სადგურიდან ბარათის გარეშე გამოვდივარ.

თუმცა “დაზოგილი” €5.5 ჰოსტელამდე არც კი მიმყვება: გზად Subway-ს რესტორანი მეჩეხება. ახლაღა ვხვდები, ისე მშია – კუჭი დიდი დიღმის ზამთრის ქარივით მიღმუის.

ერთ-ერთ მაგიდასთან ჩემს ESN-ის ჩანთას ვდებ და რიგში ვდგები. ჩვეულებრივ სენდვიჩს ვუკვეთავ – ისეთს, როგორც თბილისში შევუკვეთავდი:

– შვრიის და თაფლის პური (კეთილგონიერება მყოფნის და ნახევარს ვიღებ), ლორის და ინდაურის შიგთავსით, პლუს ყველი…

ჩემს წინ უღმერთოდ სიმპათიური ჰოლანდიელი ბიჭი დგას…

– ბოსტნეულს ინებებთ? სალათის ფურცელი, კიტრი, პომიდორი და ბულგარული…

ისეთი ლამაზია, ზღაპრის არარეალურ პერსონაჟს ჰგავს…

– სოუსად – მსუბუქი მაიონეზი…

რა თქმა უნდა, არ მიყურებს. შეკვეთას ასრულებს და ფულს იხდის.

წყალს ვამატებ და მეც ვიხდი.

ბიჭი ზუსტად იმ მაგიდასთან ჯდება, სადაც ჩემი ჩანთა დავდე. მეც იქეთკენ მივდივარ.

– მეც აქ ვაპირებდი დაჯდომას…
– უი, უი, ბოდიში, ეს ჩანთა შენია? მეგონა, ვინმეს დარჩა… ბოდიში რა… გადავჯდები თუ გინდა.

იმის მაგივრად რომ ვუთხრა, “შემოგიერთდები”-მეთქი, ვეუბნები:

– არა უშავს, შეგიძლია შემომიერთდე, არ შევწუხდები! – ორივეს გვეცინება. მის წინ ვჯდები.
– საიდან ხარ? – მეკითხება.
– საქართველოდან.
– ვაააა! მართლა? არასოდეს დავლაპარაკებივარ ვინმეს საქართველოდან. რა მაგარია. მოიცა, მოიცა… – რაღაცას იხსენებს, – თ’ბილისი არა?
– კი, თბილისიდან ვარ, რა იცი?
– ფეხბურთიდან! არველაცე, იცი, არველაცე?
– კი როგორ არ ვიცი, არველაძე… – მეცინება.
– არველაცე, ქინქლაცე, ქალაცე! – ყველა ქართველი ფეხბურთელის გვარს იხსენებს, რაც კი ოდესმე გაუგია.
– კი, ვიცი კალაძე, ჩვენი ენერგეტიკის მინისტრია.
– მინისტრი? ვაა, მართლა? მე ფეხბურთელ ქალაცეზე ვიძახი, გადამდგარი ფეხბურთელია…
– კი, მაგიტომ გადადგა, მინისტრი რომ გამხდარიყო…
– ვა, რა მაგარია…
– არის რა… – მეღიმება.
– დინამო!
– კი, კი, დინამო… მაგრამ დიდად საამაყო ვერც ეგაა.
– ჰო, მაგრამ… მე ხო ვიცი. – ისე უხარია, რომ გადავწყვიტე, მეც გამიხარდეს.

საუბარი დიდხანს გრძელდება. ვიგებ, რომ ჰოლანდიელია, რობერტსი ჰქვია, გრონინგენის უნივერსიტეტში ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ბოლო კურსზე სწავლობს. პარალელურად, გრონინგენის უნივერსიტეტში მუშაობს და უნივერსიტეტის ფიტნეს დარბაზში დადის. გავიგე, რომ შეყვარებული ჰყავს, რომელმაც სკოლის შემდეგ უმაღლესი განათლების მიღებას  ეგრევე მუშაობის დაწყება ამჯობინა. საუბრის ტონზე ეტყობა, რომ გადაწყვეტილებას არ უწონებს. ურთიერთობაში პრობლემები უნდა ჰქონდეთ – დაიწუწუნა, ის ბევრს მუშაობს, მე კი ფული არასდროს მაქვს და სადმე დასასვენებლად წასვლა რომ გვინდა, ხშირად უარის თქმა მიწევსო.

სენდვიჩებს ნელა ვჭამთ.  ჭამას ვამთავრებთ, მაგრამ სახლში მაინც არ მივდივართ.

რატომღაც საუბარი აგვისტოს ომზე ჩამოვარდა. ვუყვები, როგორი ომი იყო, რამდენი ტერიტორია დავკარგეთ და როგორი შეგრძნებაა, როცა სახლში ზიხარ და ყოველ წამს ბომბის ჩამოვარდნას ელოდები. თვალებგაფართოებული მისმენს. ვხვდები, რომ საუბრის თემა სასწრაფოდ უნდა შევცვალო.

საბედნიეროდ, თვითონვე მოიფიქრა და მკითხა საღამოს რა გეგმები გაქვსო. როცა გაიგო, რომ არაფერს ვგეგმავდი, მითხრა, ფესტივალზე წასვლას ვაპირებ და შენც წამოდიო. იქვე დაამატა, ჩემი შეყვარებული და მისი დაქალიც იქნებიანო. მე ვუთხარი, რომ თუ ძალიან არ დამეზარა, ვნახავ რა ფესტივალია. აუცილებლად მოდიო. კიდევ შევხვდეთო. ვნახოთ-მეთქი. არა, აუცილებლად შევხვდეთო. ხო გინდაო? ხო კარგი იქნებაო? მეტისმეტ ენთუზიაზმს ავლენდა. კარგი, შევხვდეთ და იქნებ ჩემი მეგობრებიც წამოვიყვანო-მეთქი. ფეისბუქზე ჩემი თავი მომაძებნინა. დაგამატებო. როცა გინდა მომწერე, ლუდი დავლიოთ და ვისაუბროთო. უღმერთოდ ლამაზი ბიჭი იყო.

ჰოსტელში რომ მივედი, რეგისტრატურაში მითხრეს, რომ ჩემი დაკარგული ბარგის შესახებ არავის დაურეკავს. გავბრაზდი და თან უცებ საშინლად მომერია ძილი. არც იმ ფესტივალზე წასვლის თავი მქონდა. ყოველი შემთხვევისთვის, ფეისბუქი მაინც შევამოწმე. ახალი მესიჯები არ იყო. არც მეგობრობის მოთხოვნები.

Pffff, ჯერ ერთი დღეა აქ ვარ.

 

P.S. ჩემი ფოტო-თავგადასავლების სანახავად შეგიძლიათ ინსტაგრამზე ამედევნოთ.