Tag Archives: ავტობუსი

20+ ვებგვერდი ევროპაში მოგზაურობის დასაგეგმად

ჩემი ვოიაჟების გამო გარკვეული ცოდნა დამიგროვდა მოგზაურობის დაგეგმვის შესახებ, განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებით. დღეს გთავაზობთ იმ ვებგვერდების და რესურსების სიას, რომლებიც მე ძალიან გამომადგა ყველა ჩემს მოგზაურობაში და დარწმუნებული ვარ თქვენც ისიამოვნებთ.

თუ თქვენ სხვა სასარგებლო რესურსებიც იცით, გთხოვთ კომენტარებში მომწეროთ და სიას განვაახლებ. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ! :)

ჩემოდნის ჩალაგება:

travelschecklist.com

იაფი ავიაკომპანიები:

Pegasus Airlines – საქართველოდან გაღწევის ერთ-ერთი ყველაზე იაფი გზა. დაფრინავს თბილისის აეროპორტიდან.

Wizzair – იაფი ავიაკომპანია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს.

Ryanair.com – ეკონომ-ფრენები. მართალია, საქართველოდან ჯერ არ დაფრინავს, მაგრამ დაფრინავს ბუდაპეშტიდან, სადაც wizzair-ით შეგიძლიათ გადაფრენა. ასევე შეგიძლიათ ეს ავიაკომპანია გამოიყენოთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებს შორის მოგზაურობისას

Transavia – დასავლეთ ევროპა

EasyJet – დასავლეთ ევროპა

Vueling.com – ძირითადად ესპანეთი და დასავლეთ ევროპა

საძიებო სისტემები:

Kayak.com/flights – სხვადასხვა ავიაკომპანიების ფასების შედარებისთვის. ეკონომ-ფრენები მგონი აქ არ იძებნება

checkmybus.com – თითქმის ყველა ავტობუსის კომპანიის საძიებო სისტემა

Goeuro.com – ასევე საძიებო სისტემაა ყველა სახის ტრანსპორტის

მატარებლები:

Deutsche Bahn – მატარებლით მოგზაურობა გერმანიიდან, გერმანიისკენ და გერმანიაში

NS.nl – მატარებლით მოგზაურობა ჰოლანდიიდან, ჰოლანდიისკენ და ჰოლანდიაში. აქ მატარებლით მგზავრობა საკმაოდ ძვირია, ამიტომ აჯობებს ჯგუფური ბილეთი შეიძინოთ. არსებობს ფეისბუქის ჯგუფები (მაგალითად, NS Group-tickets Amsterdam), სადაც 10-10 კაცი ერთიანდება და ერთად ყიდულობენ ბილეთებს.

Tren Italia – მატარებლით მოგზაურობა იტალიაში

ავტობუსები:

uk.megabus.com – ავტობუსის ხაზი რომელიც აერთებს ლონდონს, პარიზს, ამსტერდამს, ბრიუსელს და სხვა ევროპულ ქალაქებს…

Public Express – ბრემენი, გრონინგენი და ოლდენბურგი

FlixbusMeinFern Bus – გერმანული ავტობუსების კომპანია, რომელიც თითქმის ყველა დიდ ქალაქში დადის (ეს ორი ვებგვერდი ერთ კომპანიას ეკუთვნის.

Ouibus – იაფი და კომფორტული ავტობუსების კომპანია

Student Agency – ჩეხური იაფი ავტობუსების კომპანია

Terravision.eu – აეროპორტის ტრანსფერები ევროპის ზოგიერთ დიდ ქალაქში (ლონდონი, მანჩესტერი, რომი, ფლორენცია, მილანი, პალერმო, ტურინი, ამსტერდამი, მალტა, პორტო).

Eurolines – ავტობუსები მთელს ევროპაში [მოგვაწოდა თემუჩინმა]

სასტუმროები და ჰოსტელები:

Booking.com – როცა საქმე ახალ ქალაქში თავშესაფრის პოვნას ეხება, მე ყოველთვის ბუქინგ.ქომ-ს ვენდობი.

 

მოგზაურობა იტალიაში: დღე პირველი

აინდჰოვენის აეროპორტი ©

აინდჰოვენის აეროპორტი ©

დილის 7-ის ნახევარზე ავდექი, გამოსაფხიზლებლად აზიდვები გავაკეთე და სადგურისკენ გავეშურე.

წინ 8 დღიანი მოგზაურობა მელის იტალიაში. ყოველთვის ვცდილობ წინასწარ მოლოდინები არ შევიქმნა ხოლმე, მაგრამ იტალიას ვერაფერს ვშველი. ლიზ გილბერტის გადამკიდე, გარკვეული მოლოდინები მაქვს უკვე.

გილბერტი პირველივე აბზაცში რომ არ მეხსენებინა, არაფერი გამოვიდოდა. მისი მემუარები – Eat Pray Love – ჩემი შთაგონების წყარო იყო ბოლო 2 წლის მანძილზე. ვისაც წიგნი არ წაგიკითხავთ, ფილმი მაინც გეცოდინებათ, ჯულია რობერტსის მონაწილეობით (წიგნი ათასჯერ ჯობია, რა თქმა უნდა). ვიღაცისთვის ეს წიგნი მორიგი chick-flick-ია, ჩემზე კი დიდი გავლენა მოახდინა და სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გადავიკითხე.

როცა ეს წიგნი პირველად ჩამივარდა ხელში, მასში ყველაფერი აღმოვაჩინე, რაც იმ დროს მჭირდებოდა. შემდეგ მისი გაგრძელება, Committed წავიკითხე, და აქაც იგივე განმეორდა. ლიზის ფეისბუქის გვერდის სიახლეებიც გამოწერილი მაქვს და მის პოსტებში ყოველდღე ვპოულობ შთაგონებას, გამხნევებას, სამყაროს ახლებურ ხედვას.

როცა Eat Pray Love აღარ მეყო, მისი Spin-off-ს გადავწვდი. Un Amico Italiano ლიზის იტალიელი მეგობრის, ლუკა სპაგეტის საავტორო წიგნია. ლუკა სპაგეტი Eat Pray Love-ში იტალიის ნაწილის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია და შესაბამისად მის წიგნში უმეტესად რომის, იტალიის და ლიზთან მეგობრობის შესახებ არის მოთხრობილი. Un Amico Italiano “Eat Pray Love”-ის და იტალიის ფანებისთვის აუცილებელი საკითხავია, ისე კი, როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები, დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს.

ამ პოსტების სერიაში ბევრჯერ შეგხვდებათ პარალელები Eat Pray Love-თან და უბრალოდ შეეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ.

ერთი სიტყვით, ამ ორი წიგნით, რამდენიმე ჰოლივუდის ფილმით (“გლადიატორი”?) და რა თქმა უნდა, ძველი, სკოლის დროინდელი ისტორიის გაკვეთილებით, გარკვეული მოლოდინები მქონდა. ბარსელონასგან განსხვავებით, რომლისგანაც მართლა არაფერს მოველოდი, რომის მიმართ ძალაუნებურად მეტი მოთხოვნა გამიჩნდა.

თუმცა მაინც ვცდილობ ეს მოლოდინები ჩავახშო და უბრალოდ დავისვენო. წინა თვეები თავიდან ბოლომდე სწავლას დავუთმე და ახლა ცოტა ხნით გონების გათიშვა მესაჭიროება. ფრენის წინ ყოველთვის ვნერვიულობ ხოლმე. მთავარია ყოველდღე გავაკეთო ჩანაწერები. It’s all good.

* * *

At Eindhoven Airport

აინდჰოვენის აეროპორტში – აფრენამდე

At Ciampino

ჩამპინოს აეროპორტში – დაფრენის შემდეგ

ჩამპინოს (Ciampino) აეროპორტში მშვიდობით ჩამოვფრინდი. დაჯდომისას თვითმფრინავი ცოტათი შეირყა, მაგრამ ცხადია კატასტროფას გადავრჩით. ავტობუსს ველოდები და ხალხს ვაკვირდები.

მომწონს იტალიური ენა, ყურს სასიამოვნოდ ხვდება ყოველი სიტყვის გაწელილი ბოლო მარცვალი. და იტალიელი ბიჭები?! ჰოლანდიელებს ვაქებდი მთელი 6 თვე, მაგრამ იტალიელებს სხვა ეშხი ჰქონიათ. ლიზი მართალი იყო Eat Pray Love-ში, როგორც იტალიური ენის, ისე – იტალიელი ბიჭების შესახებ. დღეს არანაირი გეგმა არ მაქვს, უბრალოდ სასეირნოდ წავალ, ქუჩებში ვიბოდიალებ. სადილად კარბონარას ან რამე უკეთესს შევჭამ; 10 000 ნაბიჯს გავივლი და სახლში მალევე დავბრუნდები.

ყველა ვიტრინაში ჩემს გამოსახულებას ვაკვირდები და მიკვირს, როგორ მცვლის მოგზაურობა. ახლა ბევრად უფრო ბედნიერი და შთაგონებული სახე მაქვს. დაღლილი, გაცრეცილი – მაგრამ საშინლად ბედნიერი.

At Rome

რომში

უფრო მეტი უნდა ვიმოგზაურო. თავს ყველგან ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მოგზაურობა არის ჩემი სახლი და ჩემი ადრენალინი.

* * *

არაფრის თავი აღარ მაქვს, მშია! წესით ნახევარ საათიან რიგში ორ საათიანი დგომის შემდეგ როგორც იქნა, ავტობუსში აღმოვჩნდი და რომისკენ მიმავალ გზას დავადექი. ამასობაში რამდენიმე იტალიური სიტყვა ავითვისე, მათ შორის – Ferma – რაც კონტექსტურად ნიშნავს, “შეჩერდით”, “მოითმინეთ”, “დამშვიდდით”, “დაწყნარდით”.

ამ ქვეყანაში მხიარულება მელის! :)

ხედი ჩემი ჰოსტელის ფანჯრიდან

ხედი ჩემი ჰოსტელის ფანჯრიდან

* * *

ზუსტად როგორც ლიზი წერდა თავის წიგნში, მეც ასე დამემართა: ჩემი პირველი ვახშამი რომში დიდი არაფერი იყო.

Antipasti

Crostino Salmone

 

ტირამისუ

ტირამისუ

აპეტაიზერად ორაგულის ბრუსკეტა, ძირითად კერძად სალათი Primavera, Insalata Mista შევარჩიე, დესერტად ტირამისუ, ხოლო დასასრულს – როგორც ჭეშმარიტ იტალიელებს სჩვევიათ – ლიმონჩელო დავაყოლე. ლიმონჩელო ზუსტად ის “ჯადოსნური” სასმელია, რომელზეც ლიზი წერდა, და რომელიც უცებ გთენთავს და კიდევ უფრო მეტად გაშიებს. დაღლილ-დაქანცულს მეც უცებ მეკიდება, ამიტომ რესტორანში ანგარიშს ვასწორებ და ნელ-ნელა ჩემი ჰოსტელისკენ ვიღებ გეზს.

ქუჩაში მიმავალი, კმაყოფილი და ბედნიერი ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ – რომში ვარ!

მე რომში ვარ!
სრულიად მარტოდ მარტო – რომში!
თავისუფალი ყველასგან და ყველაფრისგან! გამოცდები, ვალდებულებები და დედლაინები უკან დარჩა, წინ მხოლოდ სასიამოვნო მოვლენები და შთაბეჭდილებები მელის!
საითაც გული გამიწევს, შემიძლია თამამად გავეშურო! შემიძლია მზეს მივეფიცხო, ბევრი ვისეირნო! თუ მომინდება, უბრალოდ პარკში ჩამოვჯდე და წიგნი წავიკითხო – არავის წინაშე ვალდებული არ ვარ, ეს დრო “ეფექტიანად” გამოვიყენო.

ასეც ვიზამ!

სადმე ჯანდაბაში გადავკარგავ ბოლო ხანებში დაგროვილ, სტრესის შედეგად გაჩენილ ნაოჭებს, დიდ ღიმილს ავიფარებ სახეზე და ქვეყნიერების სანახავად გავეშურები.

ახლა და აქ, მსოფლიოს ამ მარადიულ ქალაქში, ხელახლა ვიპოვი საკუთარ თავს, აღვიდგენ შინაგან წონასწორობას და, ბოლოს და ბოლოს, გავიგებ მნიშვნელობას ფრაზისა – Dolce Vita!

DolceVita

სიზმარი

ძალიან ბევრ სიზმარს ვხედავ ამ ბოლო დროს.

წუხელ თბილისი დაინგრა.

ჯერ რაღაც კორპუსის სახურავზე ვიდექი, ვცეკვავდი. მგონი roof-party-ს ვესწრებოდი, ხელში სასმელიც მეჭირა… მეგობრებიც იქვე ცეკვავდნენ.

უცებ თმაზე ხელი ჩამოვისვი და ნახევარი ხელში შემრჩა. ვუყურებ ამ თმას და შიშით ვივსები…

უცებ ფეხ ქვეშ სახურავი ორად გაიხლიჩა. შენობა მიწისკენ წავიდა, მე კი ვდგავარ როგორც ლიფტში და თმა და გული თავს ზემოთ, ჰაერში მრჩება… გარშემო ყველაფერი ფანტასტიკურად ლამაზია. იასამნისფერი ცა, დიდი ფაფუკი იასამნისფერი ღრუბლებით. შენობა კი იდგა მწვანე მინდორზე იდგა და ვხედავდი როგორ ვუახლოვდები მიწას.

დაასკდა ნანგრევები მინდორს, მე გადმოვბობღდი, არაფერი მტკენია. სიარული გავაგრძელე. გარშემო ყველა გაქრა, აღარც მეგობრები, აღარც მუსიკა, აღარც ჩემი კოქტეილის ჭიქა. თან ოდრი ტატუ ვარ.

უცებ დავინახე რომ შორიდან ჩემსკენ ლიანდაგი (!) მოდის. ამ ლიანდაგს ყვითელი ავტობუსი მოჰყვება, ოღონდ იცით როგორი ავტობუსი? უჭერო, “ამერიკულ მთებზე” რაც დადის აი ეგეთი ოღონდ ბორბლებიანი და ყვითელი.

მოკლედ მოდის ლიანდაგი და მოჰყვება ეს ვაგონებიანი ავტობუსი. ზუსტად ჩემს ფეხებთან შეყოვნდა ლიანდაგი. ავტობუსიც გაჩერდა…

სიზმარი

სიზმარი

ვიღაც ლურჯ ფორმიანმა კარები გამიღო ხელი მტაცა და სკამზე მიმაბა უსაფრთხოების ღვედით.

მე ვცდილობ, ვუთხრა, რომ ხურდა არ მაქვს და ბილეთს ვერ ავიღებ (?!), მაგრამ პირზე აკრული მაქვს უსაფრთხოების ღვედი და ხმას ვერ ვიღებ.

ვაგონში მიმოვიხედე. ვიღაც უცხო ხალხი ზის, ზოგი თვლემს, ზოგს ზურგზე ბავშვი ჰკიდია. ლურჯფორმიანი მეუბნება, რომ ყველაფერი დაინგრა და ამ ხალხის ევაკუაცია უნდა მოახდინონ. გული მისკდება. მაგრამ რაღაც  ყველა განსაკუთრებულად მშვიდადაა…

გადავწყვიტე გამეგო სად იყვნენ ჩემი მეგობრები ან ვინმე ნაცნობი მაინც. შევეცადე უსაფრთხოების ღვედისგან თავი დამეხსნა და უკანა ვაგონში გადამეხედა.

ძლივს გადავიხედე და დავინახე ერთი ჩემი კლასელი მიქნევს ხელს იქიდან და მიღიმის. (ამ გოგოს სურათს გუშინ შემთხვევით გადავაწყდი ფეისბუქზე! :D )

ის რომ დავინახე გული დამიმშვიდდა და გავჩერდი. გადავწყვიტე რომ მთელი საევაკუაციო ბანაკი შემომეარა და დანარჩენებიც მეპოვა.

მერე ჩავარდნა მქონდა მეხსიერებაში, არ მახსოვს სად წამიყვანეს, მაგრამ მახსოვს, რომ რაღაც community სამუშაოებს ვასრულებდი და თავგადაკლული ვცდილობდი ევაკუირებულთა შორის ჩემი შეყვარებული – ეშტონ კუჩერი (სულ მეგონა ამ ბიჭის გვარი “კაჩერი” იყო, თურმე ვცდებოდი) მომეძებნა, რომელიც მიწისძვრის დროს დაიკარგა.

იმ საღამოს როცა roof-party-ზე წავედი, ეშტონმა სადღაც სხვაგან დამპატიჟა და არ გავყევი და ახლა სასტიკად ვნანობდი. ვფიქრობდი, “ერთად რომ ვყოფილიყავით, ის მაინც ხომ მეცოდინებოდა ახლა სად არის”-მეთქი.

და ასე გრძელდებოდა ყოველ დღე, ვერა და ვერ ვპოულობდი ჩემს ეშტონს.

ერთ დღეს კი, ისევ იმ მწვანე მინდორზე საკერავი (???!) მქონდა გატანილი და დავინახე, რომ გორაზე პატარა სილუეტი გამოჩნდა და მიხვდი რომ ეს ეშტონია და წამოვხტი ფეხზე, მაგრამ ზუსტად ამ დროს ხელში (ცერა თითის ქვემოთ ყველაზე რბილი ადგილი სადაც არის ხელის გულზე) ნემსი შემერჭო ძალიან ღრმად და თან წვერით კი არა, არამედ იმ მხრიდან საიდანაც ძაფი უნდა გაუყარო!!!

სადაც ნემსი შემერჭო

სადაც ნემსი შემერჭო

ისე მეტკინა, ისე მეტკინა რომ თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და ამ დროს ეშტონი მოვიდა, გახარებული რომ მიპოვა როგორც იქნა და უნდოდა გადამხვეოდა და ეკოცნა…

მე კი ვტირივარ, რომ ხელში ნემსი შემერჭო.

და გამეღვიძა.

:(

ახალი მედიის ფორუმი – დაგვიანებული პოსტი!

12 და 13 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი გაიმართა, სადაც ყველა ბლოგერს, ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეეძლო დასწრება.

პირველი დღე, ავტობუსში

პირველი დღე, ავტობუსში

პრეზენტაციები

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იმ პრეზენტაციების უმეტესობას, რომელთა მოსმენაც მინდოდა ვერ დავესწარი – მაგ დროს მე თვითონ მქონდა პრეზენტაციები.

პირველ დღეს პერსონალურ ბლოგებზე ჩავატარე პრეზენტაცია, რომელსაც 15-მდე ადამიანი დაესწრო (მათ შორის იყო სოროსის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც კომპლიმენტებით ამავსო და ძალიან გამიხარდა!)

პრეზენტაციის ვირტუალური ვერსია:

ფორუმის პირველ დღეს ძალიან დავიღალე, გამოუძინებელი ვიყავი, ვერც უცხოელებიდან გავიცანი ვინმე და ვერც ქართველებიდან.

მეორე დღე უფრო დატვირთული აღმოჩნდა. Continue reading