Tag Archives: ავატარი

ავატარი

მგონი როგორც იქნა დაგინახე…

აქ ბნელა…

თითქოს გვირაბში ვარ…

მის ბოლოს კი სინათლე არ ჩანს.

მეშინია…

ტანზე ცივი ოფლი მასხამს, ხელისგულები მისველდება და ერთმანეთზე მეწებება.

არ მინდა ვიფიქრო, რომ გკარგავ. მე შენში ვარ, შენ კი ჩემში. უერთმანეთოდ ვერ გავძლებთ.

არც ის მინდა ვიფიქრო, რომ ერთად ვართ. ჩვენ ისეთი განსხვავებულები ვართ, ამის გაფიქრებაზეც კი მაჟრჟოლებს და ტანში მცრის!

არადა, დილა შენით იწყება, ღამე კი შენით მთავრდება.

შენ სრულიად სხვა სამყარო ხარ, ამოუცნობი, მიმზიდველი, საშიში, მაგრამ მაინც ყველაზე მშვენიერი!

შენი სილამაზით მოხიბლული, ვდგავარ უღრან ტყეში და არ ვიცი საით წავიდე.

მინდა ვიყვირო, ხმა მოგაწვდინო, მაგრამ ვიცი, გარდაუვალი სიკვდილი მელის.

მინდა თვალები დავხუჭო და მივეცე შენს წიაღში ნეტარებას, მაგრამ ვიცი, უფსკრულში ჩავიჩეხები.

მინდა გაგექცე და თან შემოვიჭრა შენში. ამაზე მარტივი არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრება. გადადგი ერთი ფეხი, შემდეგ მეორე.

აქამდე ხომ სიარულიც არ შემეძლო…

ჰოდა, გავრბივარ!

უკან გტოვებ და წინ მხვდები. რა არსება ხარ?

გავრბივარ! გავრბივარ უსასრულოდ!

მე არ ვიცი, ვინ ვარ.

არც ის ვიცი, რას ვაკეთებ ან რას ვაკეთებდი აქამდე… სანამ შენ დაგინახავდი.

შენ არ გესმის ჩემი ენა, მე კი ლექსებს გიკითხავ.

შენ უსულო ხარ, მე კი შენს სულს ვხედავ.

შენ არ ჩანხარ, მე კი გიყურებ.

შენ შეგიძლია დამიცვა. მე შემიძლია განუგეშო.

მოდი, მაგრამ არ მომიახლოვდე.

შემომხედე, მაგრამ ნუ დამინახავ.

შემეხე, მაგრამ არც ეცადო, რომ იგრძნო ჩემი გულის ცემა!

მე შენი ვარ, შენ კი ჩემი.

მაგრამ ჩვენ არასდროს ვიქნებით ერთად.

მე და ჩემი ავატარი.

მე გხედავ შენ!

—-

P.S. ბილეთები იყიდება კინოთეატრ “ამირანის” სალაროებში. დაჯავშნა – 999955.

:)

Random Things

გუშინწინ დედაჩემს ის მარგალიტის ყელსაბამი ვაჩუქე. ძალიან გაუხარდა. არ მეგონა ასე თუ მოეწონებოდა.

ხშირად უნდა ვაჩუქო რაღაცეები :) იქნებ ამით გამოვისყიდო ჩემი მუდმივი უყურადღებობა…

* * *

მალე მე-1000 პოსტს მივაღწევ ამ ბლოგზე (დაახლოებით 25 პოსტი დამრჩა იქამდე). მინდა რამენაირად ავღნიშნო.

პატარა სიურპრიზები უკვე მოფიქრებული მაქვს. რამე გრანდიოზულისთვის კი ფული, დრო და ენერგია არ მეყოფა. ასე რომ ამ პატარებს დავჯერდეთ წელს და 2000-ს რომ შევასრულებ მერე იყოს Blog-Party და გრიალი. :D

* * *

კინოთეატრ “ამირანში”, რომელიც ახლახანს 3D კინოთეატრად გადააკეთეს, “ავატარი” გამოვიდა და ბილეთები არ იშოვება… 2 ბილეთი გამიჩითეთ ვინმემ რააჰ!

* * *

Some Recent Selfies:

Gravatar

გილოცავთ!

ჩემს ბლოგზე კომენტარები შეგიძლიათ ახლა უკვე ქართულად წეროთ :)

დიდი მადლობა ლანდიშა ბიძიას.

ხოოოდა, ახლა რაც შეეხება სათაურს: რა არის Gravatar -ი?

გრავატარი არის ძალიან კარგი საავატარო მომსახურება ვორდპრესის ბლოგების მკითხველებისთვის.

სიტყვა გრავატარი იშიფრება როგორც Globally Recognized Avatar.

გრავატარის ავატარს ირჩევთ თქვენი საკუთარი იმიჯების ბიბლიოთეკიდან და იგი დაგყვებათ ყველა ვორდპრესის ბლოგზე კომენტირებისას, სადაც გრავატარზე რეგისტრაციის დროს მითითებულ ი-მეილს გამოიყენებთ..

და ეს ყველაფერი არ არის!!!

ვინაიდან გრავატარის ავატარი თქვენს ი-მეილზეა მიბმული, თქვენ საშუალება გეძლევათ რამოდენიმე იმეილი დაარეგისტრიროთ, შესაბამისად რამოდენიმე ავატარი იქონიოთ სხვადასხვა ბლოგებისთვის.

თუ თქვენ დაიღალეთ ავტომატურად გენერირებული ურჩხულებისა და მოზაიკური გამოსახულებებისგან გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია გრავატარზე.

რეგისტრაციის გავლა რა თქმა უნდა უფასოა.

აქვე მინდა დავამატო რომ ჩემს ბლოგზე ურჩხულები და მაიმუნობები მოვხსენი. შესაბამისად, ვისაც გრავატარზე რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, იმას mystery man-ის [ეს ცალკე ფენომენია] გამოსახულება ექნება კომენტარებში.

გრავატარის მადლი და ძალი შეგეწიოთ!

კის-ხაგ-ლუვ! ახლა წავედი ჩემს კუთვნილ კინოს ვუყურებ!