Tag Archives: აეროპორტი

მოგზაურობა იტალიაში: დღე პირველი

აინდჰოვენის აეროპორტი ©

აინდჰოვენის აეროპორტი ©

დილის 7-ის ნახევარზე ავდექი, გამოსაფხიზლებლად აზიდვები გავაკეთე და სადგურისკენ გავეშურე.

წინ 8 დღიანი მოგზაურობა მელის იტალიაში. ყოველთვის ვცდილობ წინასწარ მოლოდინები არ შევიქმნა ხოლმე, მაგრამ იტალიას ვერაფერს ვშველი. ლიზ გილბერტის გადამკიდე, გარკვეული მოლოდინები მაქვს უკვე.

გილბერტი პირველივე აბზაცში რომ არ მეხსენებინა, არაფერი გამოვიდოდა. მისი მემუარები – Eat Pray Love – ჩემი შთაგონების წყარო იყო ბოლო 2 წლის მანძილზე. ვისაც წიგნი არ წაგიკითხავთ, ფილმი მაინც გეცოდინებათ, ჯულია რობერტსის მონაწილეობით (წიგნი ათასჯერ ჯობია, რა თქმა უნდა). ვიღაცისთვის ეს წიგნი მორიგი chick-flick-ია, ჩემზე კი დიდი გავლენა მოახდინა და სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გადავიკითხე.

როცა ეს წიგნი პირველად ჩამივარდა ხელში, მასში ყველაფერი აღმოვაჩინე, რაც იმ დროს მჭირდებოდა. შემდეგ მისი გაგრძელება, Committed წავიკითხე, და აქაც იგივე განმეორდა. ლიზის ფეისბუქის გვერდის სიახლეებიც გამოწერილი მაქვს და მის პოსტებში ყოველდღე ვპოულობ შთაგონებას, გამხნევებას, სამყაროს ახლებურ ხედვას.

როცა Eat Pray Love აღარ მეყო, მისი Spin-off-ს გადავწვდი. Un Amico Italiano ლიზის იტალიელი მეგობრის, ლუკა სპაგეტის საავტორო წიგნია. ლუკა სპაგეტი Eat Pray Love-ში იტალიის ნაწილის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია და შესაბამისად მის წიგნში უმეტესად რომის, იტალიის და ლიზთან მეგობრობის შესახებ არის მოთხრობილი. Un Amico Italiano “Eat Pray Love”-ის და იტალიის ფანებისთვის აუცილებელი საკითხავია, ისე კი, როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები, დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს.

ამ პოსტების სერიაში ბევრჯერ შეგხვდებათ პარალელები Eat Pray Love-თან და უბრალოდ შეეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ.

ერთი სიტყვით, ამ ორი წიგნით, რამდენიმე ჰოლივუდის ფილმით (“გლადიატორი”?) და რა თქმა უნდა, ძველი, სკოლის დროინდელი ისტორიის გაკვეთილებით, გარკვეული მოლოდინები მქონდა. ბარსელონასგან განსხვავებით, რომლისგანაც მართლა არაფერს მოველოდი, რომის მიმართ ძალაუნებურად მეტი მოთხოვნა გამიჩნდა.

თუმცა მაინც ვცდილობ ეს მოლოდინები ჩავახშო და უბრალოდ დავისვენო. წინა თვეები თავიდან ბოლომდე სწავლას დავუთმე და ახლა ცოტა ხნით გონების გათიშვა მესაჭიროება. ფრენის წინ ყოველთვის ვნერვიულობ ხოლმე. მთავარია ყოველდღე გავაკეთო ჩანაწერები. It’s all good.

* * *

At Eindhoven Airport

აინდჰოვენის აეროპორტში – აფრენამდე

At Ciampino

ჩამპინოს აეროპორტში – დაფრენის შემდეგ

ჩამპინოს (Ciampino) აეროპორტში მშვიდობით ჩამოვფრინდი. დაჯდომისას თვითმფრინავი ცოტათი შეირყა, მაგრამ ცხადია კატასტროფას გადავრჩით. ავტობუსს ველოდები და ხალხს ვაკვირდები.

მომწონს იტალიური ენა, ყურს სასიამოვნოდ ხვდება ყოველი სიტყვის გაწელილი ბოლო მარცვალი. და იტალიელი ბიჭები?! ჰოლანდიელებს ვაქებდი მთელი 6 თვე, მაგრამ იტალიელებს სხვა ეშხი ჰქონიათ. ლიზი მართალი იყო Eat Pray Love-ში, როგორც იტალიური ენის, ისე – იტალიელი ბიჭების შესახებ. დღეს არანაირი გეგმა არ მაქვს, უბრალოდ სასეირნოდ წავალ, ქუჩებში ვიბოდიალებ. სადილად კარბონარას ან რამე უკეთესს შევჭამ; 10 000 ნაბიჯს გავივლი და სახლში მალევე დავბრუნდები.

ყველა ვიტრინაში ჩემს გამოსახულებას ვაკვირდები და მიკვირს, როგორ მცვლის მოგზაურობა. ახლა ბევრად უფრო ბედნიერი და შთაგონებული სახე მაქვს. დაღლილი, გაცრეცილი – მაგრამ საშინლად ბედნიერი.

At Rome

რომში

უფრო მეტი უნდა ვიმოგზაურო. თავს ყველგან ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მოგზაურობა არის ჩემი სახლი და ჩემი ადრენალინი.

* * *

არაფრის თავი აღარ მაქვს, მშია! წესით ნახევარ საათიან რიგში ორ საათიანი დგომის შემდეგ როგორც იქნა, ავტობუსში აღმოვჩნდი და რომისკენ მიმავალ გზას დავადექი. ამასობაში რამდენიმე იტალიური სიტყვა ავითვისე, მათ შორის – Ferma – რაც კონტექსტურად ნიშნავს, “შეჩერდით”, “მოითმინეთ”, “დამშვიდდით”, “დაწყნარდით”.

ამ ქვეყანაში მხიარულება მელის! :)

ხედი ჩემი ჰოსტელის ფანჯრიდან

ხედი ჩემი ჰოსტელის ფანჯრიდან

* * *

ზუსტად როგორც ლიზი წერდა თავის წიგნში, მეც ასე დამემართა: ჩემი პირველი ვახშამი რომში დიდი არაფერი იყო.

Antipasti

Crostino Salmone

 

ტირამისუ

ტირამისუ

აპეტაიზერად ორაგულის ბრუსკეტა, ძირითად კერძად სალათი Primavera, Insalata Mista შევარჩიე, დესერტად ტირამისუ, ხოლო დასასრულს – როგორც ჭეშმარიტ იტალიელებს სჩვევიათ – ლიმონჩელო დავაყოლე. ლიმონჩელო ზუსტად ის “ჯადოსნური” სასმელია, რომელზეც ლიზი წერდა, და რომელიც უცებ გთენთავს და კიდევ უფრო მეტად გაშიებს. დაღლილ-დაქანცულს მეც უცებ მეკიდება, ამიტომ რესტორანში ანგარიშს ვასწორებ და ნელ-ნელა ჩემი ჰოსტელისკენ ვიღებ გეზს.

ქუჩაში მიმავალი, კმაყოფილი და ბედნიერი ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ – რომში ვარ!

მე რომში ვარ!
სრულიად მარტოდ მარტო – რომში!
თავისუფალი ყველასგან და ყველაფრისგან! გამოცდები, ვალდებულებები და დედლაინები უკან დარჩა, წინ მხოლოდ სასიამოვნო მოვლენები და შთაბეჭდილებები მელის!
საითაც გული გამიწევს, შემიძლია თამამად გავეშურო! შემიძლია მზეს მივეფიცხო, ბევრი ვისეირნო! თუ მომინდება, უბრალოდ პარკში ჩამოვჯდე და წიგნი წავიკითხო – არავის წინაშე ვალდებული არ ვარ, ეს დრო “ეფექტიანად” გამოვიყენო.

ასეც ვიზამ!

სადმე ჯანდაბაში გადავკარგავ ბოლო ხანებში დაგროვილ, სტრესის შედეგად გაჩენილ ნაოჭებს, დიდ ღიმილს ავიფარებ სახეზე და ქვეყნიერების სანახავად გავეშურები.

ახლა და აქ, მსოფლიოს ამ მარადიულ ქალაქში, ხელახლა ვიპოვი საკუთარ თავს, აღვიდგენ შინაგან წონასწორობას და, ბოლოს და ბოლოს, გავიგებ მნიშვნელობას ფრაზისა – Dolce Vita!

DolceVita

Poker

მესტია by kenzonb

ვიღვიძებ იმ განწყობით, რომ მესტიაში მივფრინავთ 2 დღით. ბილეთები ნაყიდია, სასტუმროს ნომრები დაჯავშნული, ფოტოაპარატები და მობილურები ბოლომდე დამუხტული, ჩანთები ჩალაგებული…

აეროპორტში დილის 10 საათზე თანამშრომლებთან ერთად მივედი და აღმოვაჩინე, რომ 10 საათიანი ფრენა 1 საათამდე გადაიდო. შეწუხებულმა იმაზე ფიქრით, თუ როგორ უნდა გამეყვანა ეს მოსაწყენი სამი საათი, აეროპორტის კაფეში Best of Georgia-ს რამდენიმე გამარჯვებული დავინახე, რომლებიც ასევე ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ და ჩვენსავით გადადებულ რეისს ელოდნენ.
თუმცა დროის გასაყვანად მათ კარტი მაინც წამოუღიათ. მაგიდას ვახლოვდები და ყინულს ვამსხვრევ:

– მეც მინდა კარტი რა…
– პოკერი იცი?
– ტეხასური…
– ო, ჯიგაარ!

ერთი სიტყვით… აეროპორტში ვზივარ და პოკერს ვეთამაშები 15 წუთის წინ გაცნობილ ადამიანებს.

სანამ კახა არიგებს, ფოტოკონკურსის გამარჯვებული – გელა – მოგებული ფოტოაპარატით გვიღებს სურათებს. ნინიმ თამაში არ იცის და წეღან შევპირდი, რომ ქალების ღირსებას მის მაგივრადაც დავიცავდი.

ყოველ ჯერზე, როცა სტრეიტით ვიგებ ამაყად გადავხედავ ხოლმე და ვამბობ, “ხომ გითხარი”,თან მაგიდაზე კარტებს შორის მიმოფანტულ დაჭრილი ძაფის ნაწილებს ისე ვწევ ჩემსკენ, თითქოს ნამდვილი პოკერის ფიშკები იყოს.

პოკერი ყველაზე საინტერესო თამაშია კარტით. მახსოვს დაახლოებით 4 წლის წინ, ბათუმის ერთ-ერთ კაზინოში 9,000 დოლარი წავაგე დაქალებთან ერთად.
უფრო სწორად 5-ით დავიწყეთ, 9-მდე ავიყვანეთ და მერე All-In-ით წავაგეთ. კინაღამ ინფარქტმა გვხია ოთხივეს. თან ერთ-ერთის ოჯახის მეგობრის ფული იყო.
არა, შარში არ გავხვეულვართ, იმ კაცმა თვითონ წაგვიყვანა კაზინოში და ჩიპები გვიყიდა და ის All-In-იც სულ მისი ბრალი იყო! არადა რამდენი ვეხვეწე 9000-ზე, “ავდგეთ და წავიდეთ”-მეთქი. არ დამიჯერა, გინდა თუ არა 10k უნდა გავიტანო აქედანო. ჰოდა გაიტანა 0.

იმ ღამეს დავიფიცე, რომ ფულზე არანაირ აზარტულ თამაშს არ ვითამაშებდი, არასდროს!
მაგრამ აი დღეს, ამ მოღრუბლულ აეროპორტის კაფეში, უცნობ ადამიანებს თითო ლარზე ვეთამაშები ტეხასურ ჰოლდემს.

დღეს აშკარად მიმართლებს. გელამ უკვე ყველა ძაფის ნაჭერი წააგო და თამაშს მე და კახა ვაგრძელებთ.

უცნობ ადამიანებთან თამაში ძალიან რთულია, სანამ გაიგებ როგორი სტილის მოთამაშეა და რა უტრიალებს თავში… – ვამბობ მე და მეფეების წყვილით ვუგებ ახლად დარიგებულ ხელს.
კი, რთულია, მაგრამ საინტერესო! – გაღიმებული მპასუხობს მოწინააღმდეგე, კარტს ჩეხავს და Blind-ს ჩამოდის.

სინამდვილეში ვიტყუები. ჩემი მოწინააღმდეგე ზუსტად 2 ხელში გავშიფრე. თავიდან ბოლომდე – ბლეფია. როცა კარტი არ მოსდის და ტყუილუბრალოდ მიწევს ფსონებს ეგრევე სახეზე აწერია. ამიტომ თითქმის ყველა ხელზე მივყვები და ვუგებ.

პოკერის თამაშსაც ნების ყოფა და ინტელექტი უნდა, მარტო იღბალი არაა მთავარი.

დრო ისე გადის ვერც კი ვამჩნევთ და ვთამაშობთ მანამ, სანამ აეროპორტის ოპერატორი აცხადებს:
“საჰაერო რეისი თბილისი-მესტია გაუქმებულია.”

P.S. სხვათა შორის თვალი მოვკარი, იმედზე ახალი გადაცემა, პოკერ-რინგი გადის, სადაც სატელევიზიო ეთერში ეთამაშებიან ერთმანეთს სელებრითები და ჩვეულებრივი ადამიანები… მგონი ჩაჯდომად ღირს…