შენ ზღვაში ჩამავალი მზის ფერი თმა გქონდა

შენ ზღვაში ჩამავალი მზის ფერი თმა გქონდა. მე კი მისი თითებზე დახვევა შემეძლო.

შენ თვალებით იცინოდი. მე კი თვალები მენისლებოდა.

მე შენ გიმალავდი, რომ მეძვირფასებოდი. ყველას ვუმალავდი. საკუთარ თავსაც.

ალბათ იმიტომ, რომ მეგონა რამდენჯერაც არ დავმალავდი, იმდენჯერ გული მატკენდნენ.

შენზეც – გულს გატკენსო – გამაფრთხილეს. ყველაზე ახლო ადამიანებმა. ყველაზე ძვირფასებმა. არ დავუჯერე… როგორ შემეძლო… მაგრამ გულში მაინც დავეჭვდი…

როგორ მჭირდებოდა მაშინ მტკიცებულება…

მხოლოდ ის მინდოდა, რომ ერთადერთი და მთავარი ვყოფილიყავი შენთვის. მაშინ მეც ერთადერთად და მთავრად გაგხდიდი. მაგრამ არ გჭირდებოდა, ისედაც იყავი.

მეგონა, მეორეხარისხოვნობაზე უარესი არაფერი იქნებოდა. მერჩივნა საერთოდ არ ვყოფილიყავი.

შენ მითხარი ასე რამ გაგაბოროტაო, კეთილი, თბილი და საყვარელი მეგონეო.

ხანდახან ისე ვსუსტდები, რომ ჩემს ჩრდილთან საუბრისას ვმარცხდები. შენც ხომ გყავს ჩრდილი. ჰოდა მეც მყავს… სულ ვესაუბრები.

დღეს მითხრა – შენ გატკინეს, შენ არავის ახსოვდი, შენზე არავინ ფიქრობდა, ატკინე შენც, ნუ დაინდობ.

მე ვუთხარი – ეგ რომ გავაკეთო, სამყარო დამსჯის. ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ.ყოველთვის ისე უნდა მოვექცე სხვებს, როგორც მინდა რომ მომექცნენ, ეს ჩემი მორალია, ნუ დამაძალებ ბოროტებას.

ის – თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ!

მე – არ მინდა ეგრე მოვექცე ადამიანებს.

ის – ადამიანები გადაგივლიან… მე მიყვარხარ შენ. ჩემს გარდა არავის უყვარხარ.

და მერე მე მოვკალი, ის რაც შენთვის ძვირფასი იყო. ხელი მიკანკალებდა. ვიცოდი რასაც ვაკეთებდი. თვალებში ცრემლი მედგა. მაგრამ მაინც მოვკალი. მეგონა არავის ვუყვარდი მის გარდა.

როგორ მჭირდებოდა მტკიცებულება…

მე მართალი აღმოვჩნდი. სამყარომ დამსაჯა. არასდროს აღარ მოვექცევი ადამიანებს ისე, როგორც არ მინდა, რომ მომექცნენ.

იმიტომ კი არა, რომ მერე დავისჯები, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია გავექცე სინდისის ქენჯნას.

ახლა აღარ ღირს. აღარ ხარ. აღარ ვართ.

გუშინ დავემალე ყველას და ყველაფერს. თავი მუხლებში ჩავრგე, ყველაფერს გავექეცი. დღის განმავლობაში დაგროვილ ემოციებს, შენს სხვისკენ მიწეულ ტუჩებს, სიზედმეტის შეგრძნებას, არავინ და არაფერი მჭირდებოდა შენს გარდა. შენც მინდოდა შენით მოგეძებნე. და მერე ერთად გავექცეოდით ყველაფერს. ბავშვურად გამომივიდა. ყველაზე მიამიტურად…

მე ვხედავდი, როგორ  მეძებდი და საკუთარ ჩრდილს ვუმტკიცებდი ჩემს მნიშვნელოვნებას.

შენ კი მოაგენი ჩემს სამალავს და იმდენად გეტკინა, რომ არც მოხვედი ჩემთან.

მე მინდოდა შენთან ერთად სიგიჟეები ჩამედინა. შენ არცერთხელ არ მომეცი ამის საშუალება. ვგრძნობ, რომ ესეც ჩემი ბრალია…

მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ვიცი, შენ არასდროს აღარ მაპატიებ, მე მაინც ჩავიდენ სიგიჟეებს.

მე მხოლოდ მტკიცებულება მჭირდებოდა… რომ სამყაროსთვის მეთქვა – მას ვეძვირფასები.

დამნაშავე ვარ.

11 Comments

  1. მარი
    ძალიან ძალიან გაგიგე
    როგორ განუგეშო – სიტყვები ზედმეტია
    გთხოვ ნახე http://secret4life.net/online-prosmotr-the-secret
    რომ აღარასოდეს გეტკინოს შენი ლამაზი გული
    ჩაგეხუტე…
    ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეს ამის :*:*

  2. “მე შენ გიმალავდი, რომ მეძვირფასებოდი. ყველას ვუმალავდი. საკუთარ თავსაც.” :( რა ნაცნობია….

  3. ზოგჯერ როგორ გვინდა რომ ვინმეს დავაჯეროთ “მას ვეძვირფასები…”, ვინმეს კი არა პირველ რიგში საკუთარ თავს!… :| რა ნაცნობია ჩემთვის..

    “შენც მინდოდა შენით მოგეძებნე. და მერე ერთად გავექცეოდით ყველაფერს…”

    და მერე გერბინათ სულ ერთად.. ჰო ბავშვურად გამოგივიდა, ყველაზე მიამიტურადაც.. მაგრამ გულწრფელად!.. <3

    ძლიერი ხარ მარ… :*

  4. არასდროს მომიწერია.. ხანდახან ვკითხულობ შენს ბლოგს.. მართლა ძალიან კარგად მესმის :X :( ხანდახან ადამიანებს არ აქვთ ძალა რაღაც გამოხატონ რაღაც დაამტკიცონ უბრალოდ სჭირდებათ გვერდით ის… ცუდია როცა ,,ის” ვერ ხვდება, ვერ გრძნობს და მიდის.. :X

  5. მოგცლიათ ერთი თქვენც რა! ეცადეთ შეხედოთ ლაითად!

  6. I appeared to be extremely pleased to find this web-site.I desired to thanks for your effort for the great read!! I surely enjoying every single little it all and I have you saved as a favorite to check out latest thing you article.

Leave a Reply