როგორ დავიწყოთ ბიზნესი? ნაწილი I: რეგისტრაცია

ყველაფერი 2007 წელს ერთი ძალიან ბავშვური და ერთი შეხედვით სულელური იდეიდან დაიწყო – რამდენიმე ფორუმელმა გოგომ საერთო ბლოგი გავაკეთეთ. 4 წლის შემდეგ ეს წამოწყება PINK.ge-ში გადაიზარდა. რამდენიმე დღის წინ კი როცა ჩემი საკუთარი კომპანიის ბეჭედი ჩავდე მაგიდის ზედა უჯრაში, გავიფიქრე – ახლა შემიძლია დავწერო პოსტი სახელად “როგორ დავიწყოთ ბიზნესი”.

ბიზნესის დაწყების და მართვის ყოველგვარი დეტალების აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამ პოსტში მხოლოდ რეგისტრაციის ფორმალურ მხარეზე შევჩერდები. მომდევნო პოსტებში კი სხვა საკითხებზეც ვისაუბრებ.

ნაბიჯი #1: ბიზნეს იდეა

რაღა თქმა უნდა, ყველაფერი ბიზნეს იდეიდან იწყება. თუ იდეა და ბიზნეს მოდელი მოფიქრებული არ გაქვთ, ყველაფერი წყალში ჩაყრილია. რაც მთავარია, ამ იდეის ძალიან უნდა გჯეროდეთ.

ნაბიჯი #2: ბიზნესის სახელწოდება

კარგად იფიქრეთ კომპანიის სახელზე, იგი გამოჩნდება თქვენს ბეჭედზე, ოფიციალურ დოკუმენტებში, ხელშეკრულებებში და ვებგვერდებზე.

ნაბიჯი #3: ბიზნესის სამართლებრივი ფორმის განსაზღვრა

მე იმთავითვე შპს-ს რეგისტრაცია გადავწყვიტე, რადგან ჩემს ფეისბუქ სტატუსს “ინდმეწარმე თუ შპს? საკითხავი აი ეს არის…” ერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა…

ცნობისთვის არსებობს რამდენიმე სამართლებრივი ფორმა: შპს – მეწარმე იურიდიული პირია და ყველაზე მეტად არის გავრცელებული

სხვა ტიპების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: იუსტიციის სახლი

ასევე აუცილებლად წაიკითხეთ სტატია: კანონი და ონლაინბიზნესი

ნაბიჯი #4: რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს რომელიც მდებარეობს თბილისში, ძველ უბანში, სანაპიროზე (ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ სოკოსებრი შენობა ახალ ხიდთან).

რა უნდა იქონიოთ თან:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პასპორტი ან ID ქარდი
  2. ყველა პარტნიორის/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული შეთანხმება/წესდება: წესდების ნიმუში შეგიძლიათ გადმოწეროთ საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან და ჩაწეროთ თქვენი მონაცემები, წითელი ტექსტები კი უნდა წაშალოთ.
  3. თან იქონიეთ 100 ლარი, რეგისტრაციის მომსახურების საფასური. გადახდას შეძლებთ ადგილზე.
  4. იურიდიული მისამართი: თუ ბიზნესს არეგისტრირებთ საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ჩაწერილი ხართ, უბრალოდ წარადგენთ პირადობის მოწმობას. ხოლო თუ ჩაწერილი არ ხართ, დაგჭირდებათ ბინის მფლობელის მიყვანა რეგისტრაციის მომენტში. თუ ოფისს ქირაობთ, დამატებით უნდა წარადგინოთ მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა);
  5. რეგისტრაციის მომენტში განაცხადის შევსების დროს შეგეკითხებიან, რომელი ბანკის მომსახურება გსურთ მონიშნოთ და მონიშნეთ ყველა. ბანკები თავად დაგიკავშირდებიან და წარმოგიდგენენ პირობებს.

მე პირადად დიდი შეცდომა დავუშვი და არ მოვნიშნე არცერთი, ამიტომ უფრო მაღალი ტარიფებით მომიწია ანგარიშების გახსნა და ახალდარეგისტრირებული ბიზნესებისთვის განკუთვნილი შეღავათებით ვეღარ ვისარგებლე.

ნაბიჯი #5: ბეჭედი

ბიზნესის წარმოებისას ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაგჭირდებათ ბეჭედი. მე დავამზადებინე stamps.ge-ს 24 ლარად. შეკვეთა შეგიძლია სკაიპით, ლოგოს გადაუგზავნი, ისინი გადმოგიგზავნიან ნიმუშებს, აარჩევ, დაადასტურებ და 1 საათში ბეჭედი მზად იქნება. მისვლა მხოლოდ წამოსაღებად მოგიწევთ.

PINK

თუ ბეჭდის საფასურის გადახდას თქვენი კომპანიის ანგარიშიდან საბანკო გადარიცხვით აპირებთ, აუცილებლად წამოიღეთ ზედნადები!

ა, ხო, შეგიძლიათ აირჩიოთ მელნის ფერი – მოითხოვეთ ნიმუშები. მე პირადად წითელი ავირჩიე, ჩემი ორგანიზაციის კორპორატიულ ფერებს უფრო შეესაბამება :)

pink media stamp

მომდევნო პოსტებში გავივლით:

  • ბანკთან ურთიერთობა
  • ბუღალტერია და შემოსავლების სამსახური
  • ონლაინ დაბადება
  • ორგანიზაციული სტრუქტურა

7 Comments

  1. მიკვირს აქამდე ფინქ-ტაქსის რეკლამა რომ არ გიდევს საიტზე )

  2. ძალიან კარგი, ოღონდ ბეჭდი სისულელეა. თან ყოველ ფეხის ნაბიჯზე…..ჩვენ ისე გავაკეთეთ ფირმა რომ არ აგვიღია ბეჭედი და საერთოდ გავკარით ყველას ვინც ამას გვირჩევდა. ეს უკვე აღარ არის საჭირო)

  3. მეც ვაპირებდი მსგავსი პოსტის დაწერას… ძალიან კარგია საკუთარი ბიზნესი, განსაკუთრებით ისეთი ხარჯი რომ არ აქვს.

  4. ძალიან კარგად არის ახსნილი და შენი ბიზნეს იდეაც ძალიან საინტერესოა!

  5. ბიზნესის დაწყება კარგია მაგრამ მთავარია მომგებიანი ბიზნესი იყოს, ეგრე ძვირად იყიდო და იაფად გაყიდო ყველას შეუძლია :D და არა მგონია PINK.ge რამე მოგება მოჰქონდეს

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.