შო(კ)ის მეთორმეტე ღამე

by Sweety on 14 მარტი, 2010 · 16 comments

in დღიური

ზურიუსმა და გაბომ რომ თეატრში წასვლის იდეა წამოაყენეს და მეც მიმიპატიჟეს მთელი გულით გამიხარდა. ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თეატრი მომენატრა მეთქი და ამ წინადადებამაც არ დააყოვნა…

მერე facebook-ზე ამ შეხვედრის განხილვისას სხვა ბლოგერებიც შემოგვიერთდნენ და როგორც იქნა გუშინ საღამოს 6 საათზე ოპერის წინ მე, თინი, ზურიუსი, გაბოლანდიშა, თაზო, ენდი და ზურიუსის ორი მეგობარი ერთმანეთს შევხვდით.

სპექტაკლი 8-ზე უნდა დაწყებულიყო, ამიტომ იქამდე “Near Opera”-ში სამუსაიფოდ ჩამოვსხედით.

andy, tiny, sweety

andy, tiny, sweety

დავლიეთ ზოგმა ჩაი, ზოგმა ყავა, ზოგმა ლუდი, ზოგს არაფერი არ დაულევია… ვისაუბრეთ ქართულ ბლოგოსფეროზე, იმაზე თუ “ამ ბოლო დროს” როგორ გვეზარება ყველას წერა, როგორ ვეღარ ვკითხულობთ ერთმანეთის ბლოგებს დროის უქონლობის გამო, მაგრამ მაინც გაკვრით თუ ისე ყველამ ვიცით რა ხდება ერთმანეთის ბლოგურ და არა-ბლოგურ ცხოვრებაში…

მეგონა რომ ერთ-ერთი იმ საღამოთაგანი გამოგვივიდოდა, რომელიც ძალიან დიდი ხანი გახსოვს, მაგრამ მოვლენების უეცარმა შემოტრიალებამ, სულ მთლად დაუვიწყარი გახადა საღამოც, სპექტაკლიც და ყველა ის ემოცია რაც იმ მომენტებში დაგვეუფლა.

თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო, შექსპირის უკვდავი პიესა, მსახიობების არაჩვეულებრივი თამაში, ლამაზი დეკორაციები, ემოციური რეპლიკები და მუსიკა…

თანაც პირველ რიგში ვისხედით და განსაკუთრებით შევიჭერით სპექტაკლის მსვლლელობაში…

ერთი ხელის გაწვდენაში მყოფი მსახიობები

ერთი ხელის გაწვდენაში მყოფი მსახიობები

სპექტაკლის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში, უკნიდან შრიალი და ჩურჩული მომესმა, ვიფიქრე ალბათ ვიღაცეები გარეთ გადიან. ყურადღება არც მივაქციე…

ნელ-ნელა ეს შრიალი და ჩურჩული გაიზარდა, აზვირთდა, ტალღასავით მოედო ყველას, ხალხი ჩამქრალ დარბაზში ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა, აშკარა იყო მსახიობებს აღარავინ უყურებდა…

ჩვენც კისრები უკან მიგვექცა, ვერ გავიგეთ რა მოხდა. ერთმანეთს შეშინებული თვალებით ვუყურებდით, და ვიმეორებდით, “რა ხდება, რა ხდება?”

მსახიობებმა თამაში შეწყვიტეს. ერთ-ერთმა ხმამაღლა იკითხა სცენიდან, გაგვაგებინეთ რა ხდებაო…

ამ დროს დარბაზში ხმა გავრცელდა – “სააკაშვილი მოკლეს, ომი დაიწყო!”

შო(კ)ის მეთორმეტე ღამე

შო(კ)ის მეთორმეტე ღამე

ატყდა მობილურების წიწინი, რეკვა, ყველა გასასვლელებს მიაწყდა. მსახიობები კულისებში გაუჩინარდნენ…

ვიჯექი გამოშტერებული. თავში მარტო ერთი აზრი მიტრიალებდა – “საწყალი სააკაშვილი… საწყალი სააკაშვილი…”

ვუყურებდი თინის გაოგნებულ სახეს. არ ვიცოდი რით მენუგეშებინა.

ყველას ვიღაც ურეკავდა, ყველა სადღაც რეკავდა. მე კი დავაშტერდი მობილურს და ველოდებოდი რომ აი ახლა დარეკავს ვინმე მეტყვის, რომ ეს ყველაფერი საშინელი ტყუილია და არაფერზე არ უნდა ვინერვიულო…

ან იმას მაინც მეტყვის რომ დავმშვიდდე, პანიკას არ მივეცე და რომ რაც არ უნდა მოხდეს ის ჩემთან იქნება…

ან იმას მაინც მეტყვის, რომ აი სწორედ ახლაა პანიკის დრო!!!

ტელეფონი კი არა და არ რეკავდა. თავი ისე მარტო ვიგრძენი კინაღამ ავტირდი.

ადგილიდან დაძვრაც არ მიფიქრია. რატომღაც თავი დავირწმუნე, რომ ეს საშინელი ტყუილი იყო და ველოდი როდის გამეღვიძებოდა.

დარბაზი ხალხისგან დაიცალა. დავრჩით ჩვენ ყველანი, თაზოს გამოკლებით, რომელიც ვერ გავიგეთ სად გაქრა, ალბათ მასში ჟურნალისტურმა იმპულსებმა გაიღვიძეს.

ამ დროს თინიმ თავის მობილურში ტელევიზორი ჩართო და ყველა ქართულ არხს ჩამოუარა. არსად არანაირი ცნობა არ იყო ომის ან რაიმე სხვა საშიშროების შესახებ. რუსთავი 2 სერიალს აჩვენებდა, მაესტროზე მუსიკალური კლიპები გადიოდა.

მივხვდით რომ ვიღაცამ მწარედ მოგვატყუა. გადარეკეს, გადმორეკს და გაარკვიეს რომ ყველაფერი ტელეკომპანია “იმედის” დადგმული სიუჟეტის გამო მოხდა. ძალიან გაბრაზებული ვარ “იმედზე”. ეგეთი რაღაც ხალხს როგორ უნდა გაუკეთო… :(

კიდევ გაუმართლათ იმათ, ვინც სახლში იყო, საკუთარ ოჯახთან და შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, ვიდრე ჩვენ, ვინც რუსთაველის თეატრის დარბაზში ვიყავით, აბობოქრებულ ბრბოსთან ერთად, რომელიც ისე მოიცვა პანიკამ, ვინ საით აწყდებოდა და სად გარბოდა თვალს ვერ მიაწვდენდი.

ნელ-ნელა ყველა დამშვიდდა, ხალხის ნაწილი დარბაზში დაბრუნდა და აპლოდისმენტებით გამოიხმეს მსახიობები.

მსახიობები – გაფითრებულები, დაბნეულები, შეშინებულები, ძლივას გამოლასლასდნენ სცენაზე…

ცოტა ხანს გვესაუბრებოდნენ.

ეს მომენტები ზურიუსმა მობილურით გადაიღო. გენიალური კადრებია…

ზაზა პაპუაშვილი გვეკითხება, “გახსოვთ საიდან უნდა გავაგრძელოთო?” :D

მერე კი სპექტაკლი გაგრძელდა.

ძალიან მაგარია!

მე მეორედ ვნახე, ზურიუსმა კი გუშინ მთელი ათეული ნახვა შეასრულა!

მეთედ ნახა! მეათედ! გილოცავ ზურიუს! ეს ნამდვილი იუბილეა :) )

ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ეწვიეთ რუსთაველის თეატრს და ნახეთ “შობის მეთორმეტე ღამე”!

დიდი იმედი მაქვს, რომ “იმედის” წყალობით ის “შოკის” მეთორმეტე ღამედ თქვენთვის მაინც არ გადაიქცევა!

{ 3 trackbacks }

13 მარტი • Landish.Ge
15 მარტი, 2010 at 1:45 am
Global Voices Online » Georgia: Mock news report causes panic
15 მარტი, 2010 at 3:41 am
Global Voices em Português » Geórgia: Noticiário-zombaria causa pânico
22 მარტი, 2010 at 10:07 pm

{ 13 comments… read them below or add one }

1 gabo 14 მარტი, 2010 at 9:41 pm

ძალიან მაგარი საღამო იყო მართლაც რომ დიდხანს დამამახსოვრდება . რატომღაც არ დავიჯერე მეგონა რომ ხუმრობა იყო. თუმცა ადრენალინის გარკვეული დოზა მივიღე რა თქმა უნდა :) სპექტაკლი ძალიან მაგარი გამოვიდა . და მსახიობებმაც ძალიან კარგად გაართვეს თავი.

პასუხი

2 ქრისტინე 14 მარტი, 2010 at 9:42 pm

ეჰ, მეათედ კი არა ერთხელაც არ მაქვს ნანახი და საერთოდ,თეატრში წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ..

პასუხი

3 Head 15 მარტი, 2010 at 12:37 am

უძლიერესი სპექტაკლია “შობის მეთორმეტე ღამე”.

რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო არ მომბეზრდება… მალვოლიო…

პასუხი

4 zurriuss 15 მარტი, 2010 at 1:37 am

არა და არ მბეზრდება ეს სპექტაკლი. ძალიან საყვარელი ფილმივით ან მუსიკასავითაა, რომ ამოიჩემებ :) )
მადლობა ყველას, ვინც იქ ვიყავით და ერთად გადავიტანეთ ის ტკბილ–მწარე და დაუვიწყარი წუთები!
ვფიქრობ ამან უფრო დაგვაკავშირა და მაგრად შეგვანჯღრია.
…ისე, მართლა რა იყო, არა? :) ))
მადლობა სვით :*:*

პასუხი

5 Taa 15 მარტი, 2010 at 3:46 pm

Near Opera

:ლოვე: :ლოვე: :ლოვე: :ლოვე: :ლოვე: :ლოვე:

მაზე თუ “ამ ბოლო დროს” როგორ გვეზარება ყველას წერა, როგორ ვეღარ ვკითხულობთ ერთმანეთის ბლოგებს დროის უქონლობის გამო

მე არ მეზარება წერა :)
მაგრამ კითხვით მართლა ვეღარ ვკითხულობ ისეთი აქტივობბით დროის უქონლობის გამო

პასუხი

6 AngelDilo 15 მარტი, 2010 at 4:31 pm

აუუ ის ვითომდა ქრონიკა რა სისულელე იყო :P ეს პოსტი როგორც ყველა შენი პოსტი მარ შაუდარებელი იყო :*

პასუხი

7 როდრიგო სანტორო 15 მარტი, 2010 at 5:12 pm

მაგარია, უკვე მესამე პოსტი :) ) კარგები ხართ

პასუხი

8 Curly Eko 15 მარტი, 2010 at 5:23 pm

აუ ის საიდან უნდა გავაგრძელოთო რა სასაცილო იყო…ლოლ… :D

პასუხი

9 fiamifero 15 მარტი, 2010 at 11:06 pm

მერის ისევ ლორთქიფანიძე თამაშობდა???
რა უბედურებაა….

პასუხი

10 შამილი 16 მარტი, 2010 at 11:54 pm

I saw you and TINY on real tv

პასუხი

11 Violet Girl 17 მარტი, 2010 at 10:12 pm

მაგარი იქნებოდა ^_^

პასუხი

12 NaTka 19 მარტი, 2010 at 1:17 am

nanaxi maqvs es spektakli sharshan win :) dzalian momewona :) )

პასუხი

13 Zurriuss 5 ივლისი, 2010 at 10:26 pm

შემთხვევით გადავაწყდი… რა კარგი თავგადასავალი იყო, არა? :)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</