სან ფრანცისკო: 14.11.2016

#Greenland

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Travel✌️Write😇 (@belladore) on

თვითმფრინავში ვზივარ, გრენლანდიის თავზე მივფრინავ და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის. ბოლო დროს ემოციებთან კავშირს ვეღარ ვამყარებ. ვცდილობ გავაანალიზო, რა მჭირს. მგონი ასე მაშინ მემართება, როცა ყველაზე ბედნიერი ვარ. ამ დროს ვიწყებ ხოლმე საკუთარი ცხოვრების გამოტირებას.

*

ერთხელ Curious Apes-ის რედაქტორს იმეილი მივწერე:

“[…] მეშინია სიკვდილის. ყველა სირთულეს გავუძლებს რასაც ცხოვრება ჩემს მხარეს მოისვრის. ყველაფერს გარდა სიკვდილისა. ეს ჩემს სიკვდილზე კი არა, იმ ადამიანებზე უფროა, ვინც მიყვარს. მზაფრავს ის ყინულოვანი ფაქტი, რომ ერთ დღესაც ყველა მიმატოვებს და ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ან ერთ კვირაში. არ ვიცი, ამისთვის როგორ მოვემზადო.

ხანდახან ამაზე ფიქრი ცივს, რაციონალურს და მიუტევებელს მხდის. სხვა დროს კი თანაგრძნობით და ემოციებით ვივსები, ან გავშმაგდები ხოლმე და მზად ვარ ყველა პრობლემას შევებრძოლო. თუმცა ყველაზე ხშირად მაინც უმწეოდ და უიმედოდ ვგრძნობ ხოლმე თავს, ცხოვრება კი ავტოპილოტზე მიექანება – ეს ის პერიოდებია, რომლებიც ყველაზე მეტად მძულს.

ყურადღების ხელოვნება (Mindfulness) წამის სრულად გაცნობიერებას გვასწავლის, მაგრამ რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ან რაღაცას გადავამეტე. ძალიან ხშირად სრულად ვაცნობიერებ იმას, რომ ვცოცხლობ და ყოველ ასეთ მომენტში შეძრწუნებული ვარ იმით, რომ უნდა მოვკვდე.

მე ვგლოვობ საკუთარ ცხოვრებას, მაშინ როცა ცოცხალი ვარ. მე ვზეიმობ საკუთარ ცხოვრებას, მაშინ როცა ვგლოვობ მას. […]”

*

People sleeping in the streets… 😭

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Travel✌️Write😇 (@belladore) on

აეროპორტიდან BART-ით (Bay Area Rapid Transit) 9 დოლარად მოვედი და 16th Street Mission Street-ზე ამოვედი. პირველი შთაბეჭდილება არც ისე სასიამოვნო იყო. ქუჩები ბინძურია, მიწისქვეშებში შარდის სუნი დგას, უსახლკაროებს პირდაპირ ტროტუარზე სძინავთ, ყველაფერი მარიხუანის კვამლის სუნითაა გაჟღენთილი. როგორც ავტობუსის გაჩერებაზე თეთრკანიანმა გოგომ მითხრა, “ეს უბანი შედარებით ეთნიკურია, თუმცა საშიში არაა, რადგან აქ დიდი მოძრაობაა”. მერე რუკაზე ის ადგილები მაჩვენა, სადაც შეღამებულზე გავლას არ მირჩევს. მე სადაც ვრჩები, იმ უბანზე მითხრა, ძალიან სუფთა და ძვირიანი უბანია, მანდ ნუ შეგეშინდებაო. მართლაც ავტობუსით ძალიან ელეგანტურად მოვედი.

ვზივარ ჰოსტელის საერთო ოთახში, ახლახანს ვივახშმე, ტექ-მოწყობილობებს ვმუხტავ, სხვა მდგმურები ტრივიას თამაშობენ. სუფთა, კარგი, ახალგაზრდული ჰოსტელია.

რანაირი ხალხია… 👻 #california #sanfrancisco

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

ყოველ 15 წუთში ერთხელ მახსენდება, რომ ყველა იმ ადგილიდან, რომელსაც სახლს ვეძახი, ძალიან შორს ვარ, რომ ასე შორს არასდროს ვყოფილვარ, და რომ სრულად საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული. ეს როცა მახსენდება, ყოველ ჯერზე შიშისგან ხელისგულები მიოფლიანდება.

არ მჯერა, რომ ასე უეცრად, მოუმზადებლად, დავადე თავი და სან ფრანცისკოში ჩამოვედი. არასდროს არ ყოფილა ეს ქალაქი ჩემი საოცნებო ადგილი. არავითარი ტურისტული გეგმა არ მაქვს. მხოლოდ საქმიანი შეხვედრები მაქვს დაგეგმილი რამდენიმე ადამიანთან (რომელთაგანაც ზოგს სულაც მხოლოდ ტვიტერიდან ვიცნობ). ყველა მათგანთან შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე. რაც ყველაზე მთავარია, რის გამოც ჩამოვედი, იმ ტურს უნდა დავესწრო და სებასტიან მარშალი გავიცნო. ტურის მეორე დღეს რაღაც ექსკლუზიურ სპიკერების ვახშამზე დამპატიჟეს. იქ შეიძლება მაგარ ხალხს შევხვდე. მიხარია. ვზეიმობ. თავს არაქისის კარაქის ორცხობილის მირთმევის ნებაც კი დავრთე. :)

ახლაც არ მჯერა, როგორ მოვახდინე ეს ყველაფერი.

Leave a Reply