ნიჭიერი 2027 – მეჩვიდმეტე სეზონი

ყველა ბლოგერს მოგეხსენებათ, ახალი რეალური შოუ “ნიჭიერი” ბლოგერებს რომ ეძებს. თქვენს შორის ალბათ ბევრმა დაწერა საკონკურსო პოსტი და ზოგიერთი მათგანის წაკითხვაც უკვე მოვასწარი.

საკონკურსო ნაწერებმა საგონებელში ჩამაგდო. ვერ გადავწყვიტე, რომელი შოუ ამერჩია განსახილველად, რადგან ასე მგონია თითქოს უკვე საკითხი მაქსიმალურად ამოიწურა. ამიტომაც შევეცადე სიტუაციისთვის ცოტა იუმორით და ფანტაზიის მოშველიებით შემეხედა.

იმედია, ჟიური ამ პოსტს სარკაზმად არ აღიქვამს და ღირსეულად შეაფასებს, სხვა ბლოგერების ნაშრომების გვერდით.

***

მოგესალმებით ძვირფასო GurjTube-მაყურებლებო! ეთერში ისევ და ისევ თქვენი საყვარელი შოუ – “ნიჭიერია”!

მოგეხსენებათ აგერ უკვე ჩვიდმეტი წელია, სუპერ რეალური და სუპერ გასართობი შოუ “ნიჭიერი” წარმატებით იპყრობს თქვენს ცისფერ GurjTube-ეკრანებს და გულებს.

ამიტომაც, ამ ბლოგზე ჩვენს მეჩვიდმეტე სეზონს გახსნილად ვაცხადებ! არ დაგავიწყდეთ RSS-ის გამოწერა უახლესი კულუარული ინფორმაციის მისაღებად პირდაპირ შოუს კულისებიდან.

წარმოგიდგენთ ჩვენს წლევანდელ მონაწილეებს!

ჯუჯუ ჯიშკარიანი

ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ

ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ

აზიატი ტრანსსექსუალი.

ოსტატურად ასრულებს ძველი თაობის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორიცაა “ნასკი გამხადე ქალო”, “ამ სიყვარულში ჩავიწვები” და “სამი დალიე, შეგერგება”.

სურს თავის დამკვიდრება საზოგადოებაში. უყვარს შოკოლადის გემოიანი პომადები.

უიტნი ჰიუსტონი

“ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო” – უთქვამს ბრძენს და იქვე ჰორიზონტზე, სარეაბილიტაციო კლინიკიდან ახლად გამოგოგმანებული ქალბატონი უიტნი გამოჩენილა.

გასული საუკუნის ლეგენდარულმა ვოკალმა, ამ საუკუნეში გადაწყვიტა თავისი სხეულის პლასტიკურობით მოგვხიბლოს და “ნიჭიერი”-ს კონკურსისთვის საცეკვაო ნომერიც მოუმზადებია.

უიტნი ოცნებობს ძველი დიდების დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ მზად არის, ამისათვის სახეზე რამოდენიმე ნაოჭიც კი გადაიჭიმოს შუბლისა და ყვრიმალის მიდამოებში.

ელვისო პრესლიშვილი

შოუს ყველაზე უცნაური მონაწილე.

ჩემი დაკვირვებით იგი საოცარი ნიჭით არის დაჯილდოებული, იმუშაოს კამერაზე და მაყურებელზე. როგორც კი ვინმე მიაქცევს ყურადღებას ან ხელში მიკროფონი მოუხვდება, გაიძახის – ცოცხალი ვარ, ცოცხალიო!

მისი შემყურე დედაჩემი უჩუმრად თვალზე ჩამოგირებულ კურცხალს იწმინდავს და ამბობს, რომ ეს ადამიანი საოცრად ჰგავს გასული საუკუნის რომელიღაც მომღერალს, რომელიც თურმე ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე გასულა მარილზე.

დევიდ ბეკჰემი

სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ პენსიაზე გასული მისტერ ბეკჰემი აცხადებს, რომ შეუძლია 2027-ჯერ აკენწლოს ბურთი თავით და სწორედ ამიტომ იმსახურებს 2027 წლის ყველაზე ნიჭიერის ტიტულს.

ვნახოთ, რას იზამს ბატონი ბეკჰემი.

იმედია, ასპარეზობის პროცესში მას თავი არ გაუბრტყელდება და თავის საყვარელ მეუღლეს კენწვლა კენწვლით მიურბენინებს ოქროს სალამანდრის ტროფეის, რომელიც “ნიჭიერის” მესვეურებმა მთავარ ჯილდოდ 6 წლის წინ შემოიღეს (სხვათაშორის, იმწლევანდელი გამარჯვებულის საპატივსაცემოდ, რომელსაც ვირტუოზულად შეეძლო სალამანდრისებური სახის მიღება და დროდადრო კიდეც მწვანდებოდა).

ჟყრლტ ოზბშკუ, იგივე “ოზიკა”

მისი სახელის გამოთქმა ჟიურის ყველა წევრს უჭირს, ამის გამო მას ყველა “ოზიკას” ეძახის. ის და მისი თანამემამულეები 2012 წლის 21 დეკემბერს ესტუმრნენ დედამიწას კოსმოსური ხომალდით “ზუკჟიპოსტარდკ ლულკმაწ” (რაც თურმე ქართულად ნიშნავს “შავი ხვრელისგან შეშინებული უცხოპლანეტელი ვარ, გალაქტიკაში შემომიშვი, პლზ!”)

ოზიკას შეუძლია ყურებით სიარული, ოც წუთში ნოლზე გადაპარსული თმის 2 მეტრსა და 33 სანტიმეტრამდე გაზრდა, მარცხენა თვალის ჯიბეში ჩადება, 8 წამით ატმოსფეროდან გაქრობა და რაც მთავარია, ჯოტია ცაავას რეკორდის მოხსნა (7 კილოგრამიანი ქვა 22 მეტრზე!) ოღონდაც, თუკი მარინა ბერიძე შეაგინებს ჟიურიდან.

რაც შეეხება ჟიურის, ბოლო ხუთი წლის მანძილზე მონაწილეებს უცვლელად აფასებენ:

შორენა ბეგაშვილი –

ჟიურის ყველაზე ლმობიერი და ლამაზი წევრი.

მას შემდეგ, რაც სახელი გაითქვა ერთობ სკანდალური გადაცემით “ძილისპირული შორიდან” მასზე უამრავი ჭორი და მართალი დადის საზოგადოებაში.

მისი ჟიურიში გამოჩენისთანავე, რამოდენიმე “ბაბოჩკა დანის” ვირტუოზულად მქნეველი კაი ბიჭი “ნიჭიერის” კასტინგს ნებაყოფლობით გამოეთიშა, “მაგან როგორ უნდა შეგვაფასოს და მერე იმ პირით ბავშვებს როგორ უნდა ვაკოცოთო”.

ვნებიანი მარიო ჩიმარო

ვნებიანი მარიო ჩიმარო

მარიო ჩიმარო –

“ნიჭიერის” ყველაზე ნეიტრალური წევრი. იგი სპეციალური მოწვევით ჩამოიყვანეს ჩვენს დედაქალაქში და დიდი მონდომებით შეასწავლეს “გამრიცხავ ღილაკზე” ხელის დაჭერა.

მას არ ესმის რას ლაპარაკობენ მონაწილეები, თვითონაც ხმას არ იღებს. მხოლოდ შეუძლია “კი” და “არა” პასუხების გასაცემად თავი გაიქნიოს ან დააქნიოს.

სამაგიეროდ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, სუსტი სქესის წარმომადგენლების 82% ყოველ ორშაბათს ყიდულობს ბილეთს ლოტოსთვის “ღამე ჩიმაროსთან”.

კახა ბენდუქიძე –

ჟიურიში ყველაზე მკაცრი ბიძიაა. მასზე ამბობენ, თუ რომელიმე მონაწილე განსაკუთრებით არ მოეწონება, რუსეთში გააქვს და იქაურ შოუ-ბიზნესში იაფად ჰყიდისო.

მისი შიშით ერთ “ნიჭიერმა” ბევრი კანკალის შემდეგ 12 წუთში ოთხკილო-ნახევრის დაკლების ნიჭი განივითარა და 2015 წლის “ნიჭიერის” გამარჯვებულიც გახდა.

დადგა დრო შოუს ბრწყინვალე წამყვანები გაგაცნოთ, რომლებადაც წელს კოლუმბიელი შაკირა და თბილისელი რეპერი ტოქსი გვევლინებიან.

ტოქსი

სხვათა შორის, ხალხის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ეს დუეტი ბევრად უფრო სახალისო და თვალისათვის სასიამოვნოა, ვიდრე შარშანდელი – ოსიაურელი ზვიო რადიო 105-დან და მრავალჭირვარამგადანახადი მადონა მიჩიგანიდან.

ასე და ამგვარად, ვარსკვლავური შემადგენლობითა და აღელვებული დარბაზით, გახსნილად გამოგვიცხადებია ყველა დროის საუკეთესო, სუპერ-ბუპერ რეალური და გასართობი შოუს – “ნიჭიერი”-ს მეჩვიდმეტე სეზონი!!!!

ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს, ვინ გახდება ოქროს სალამანდრის მფლობელი და ვის აუსრიალდება ბანანის ქერქზე ფეხი!

არ გამოტოვოთ არც ერთი კადრი, არც ერთი ნომერი, არც ერთი ჟიურის შეფასება!

მე კი ამასობაში კულისებში მივიმალები, იქნებ ცხელ-ცხელ ინფოებს მოვკრა ყური.

21 Comments

  1. ძააან მაგარიააა!ბანანის ქერქზე ფეხის ასრიალება მომეწონა!.:)

  2. პოსტი უნდა ეხებოდეს რუსთავი2-ის პროექტს, „ჯეოსტარს“. შეგიძლია დაწერო ნებისმიერი სახის მიმოხილვა (review) — დადებითი, უარყოფითი, მთელი შოუს ან მხოლოდ ერთი გადაცემის, ერთი ნომრის ან მონაწილის შესახებ.
    აქ სად წერია რომ სხვა შოუებიც შეიძლებოდა? :-შ რას გადავაკვდი მე ამ ჯეოსტარს :)) მაგრამ მომეწონა, კარგი გამომივიდა :P

    1. ჰო მანდ არ წერია :) გამორჩა ეტყობა ტექსტის ავტორს :) მაგრამ კონკურსის ორგანიზატორებებმა თავიან ბლოგებზე დაწერეს, რომ მოსულა რევიუ ყველა შოუზე. მთავარი შოუ არაა, მთავარია პოსტის ხარისხი და წერის სტილი :) ეს ინფო შეფეძლო მიგეღო დოდკას ბლოგზე ან ნიჭიერი ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქზე :)

      პ.ს. ცხადია ეს პოსტი მიღებულია საკონკურსოდ :)

  3. ეს არის საკონკურსო პოსტი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა აქამდე წაკითხულებს შორის. ნუ, ეგ სხვა საქმეა, რომ კონკურსის მთავარ პირობას არ აკმაყოფილებს. მე ვთვლი, რომ ეს დიდი ტრაგედიაა არაა, ბლოგერის პროექტისთვის ვარგისიანობა სხვა თემაზე დაწერილი პოსტითაც მშვენივრად გაირკვევა.

    აი, მე იმიტომ არ დავწერე საკონკურსო პოსტი, რომ ჩემი ორგანიზმი შინაგანად მთელი ძალით ეწინააღმდეგება ყოველგვარ კონკურსს. მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და იქაც პირველი ადგილი ავიღე. მიუხედავად ამისა, კონკურსებს ვერ ვიტან. :)

    1. მადლობა რომ მოგეწონა! <3

      დოდკას ბლოგზე წავიკითხე რომ რევიუ გამოგონილი პროექტის შესახებაც შეიძლებოდა ჰოდა, ფანტაზიას გზა მივეცი.

      აი საბამაც მომწერა ზემოთ, მიღEბულია საკონკურსოდო...

  4. აუ სურათები არ მქონდა ნანახი, ჯუჯუ რა მაგარიაა :D :D
    მოვკვდი სიცილით ამ დილაადრიან :D

    პოსტი კიდევ, როგორც არაერთხელ აღვნიშნე- გენიალურია!

    :love:

  5. იუმორი გარდაიცვალა, ნელ-ნელა ამ ბლოგს უფრო და უფრო იშვიათად ვნახულობ. უნიჭო ხდება imho.

  6. მე გავაუქმე ჩემი ბლოგი მაგრამ ახლო მოავალში გავაკეთებ. ახლა მთლიანად სწავლაზე ვარ რეაგირებული და ბლოგისთვის უბრალოდ არ მრჩება დრო… :( სამწუხაროა მაგრამ რას ვიზამთ. რაც შეეხება პოსტს. მომეწონა :D სასაცილო და კარგია :) დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგ შემაფსებას მოგცემენ სვით. წარმატებებს გისურვებ :*

    1. გაუქმება რა საჭირო იყო :(

      როცა მოიცლიდი მიბრუნებოდი… :(

      მადლობა!

      1. რავიცი ვიფიქრე მერე აღარავინ შწმოვა თქო და… :) მარა გავაკეთე კარგი უკვე და ნახეთ მერე მართლა სვით ბლოგროლზე დავრეგისტრირდი და სმს არ მომდის მეილზე :(

  7. dzalian gtxovt mitxarit rogor davregistrirde tqventan…registracias vavseb da mailze cxerili agar momdis. ukve ramdenjer vecade qartuli postidac emailidac da ar gamodis((((((

    1. რეგისტრაცია აქ არ ხდება. რისთვის გჭირდებათ აქ დარეგისტრირება? :)

    1. ბლოგი თუ გინდა, ზემოთ მარჯვენა მხარეს დიდი ასოებით წერია “შენც გინდა ბლოგი?” მაგას დააჭირე და მითითებებს მიჰყევი :)

  8. ოზიკამ თუ იცის შავი ხვრელისგან შეშინებული რომაა- ))))

    კაი იყო სვით..
    წარმატებები :*:*:*

Leave a Reply