დღეს ისე ჩამოცხა, ლამის მინები ჩამოადნა ფანჯრის რაფებს. დილის სიგრილის შემდეგ უფრო ძნელი ასატანი ხდება ეს სიცხე. თანაც, თუ სახლის მზიან მხარეს გძინავს, განსაკუთრებით უსიამოვნო ხდება ძილისგან თავის დაღწევა.
სწორედ ამიტომ, ჯერ მარცხენა თვალი გავახილე, შემდეგ – მარჯვენა და როგორც კი ქუთუთოებზე ვიგრძენი მზის სხივების ცეკვა-თამაში, მყისვე დავხუჭე…
თვალი ჯერ არ გამეხილა რომ უკვე შენზე ვფიქრობდი და მთელი დღე რაღა მომელოდა?!
ყოველ დილით ასეთი ფიქრები ამეკიდება ხოლმე:
დღესაც რომ თვალით ვერ გნახო, ხელით ვერ შეგეხო, რომ არ შეგიყნოსო და შეგისრუტო, ნეტავ რა დამემართება? შეიძლება სიცხემაც ამიწიოს და სხეულში მსუბუქი ტეხაც ვიგრძნო, მაგრამ არა უშავს, მაინც მოგძებნი და გიპოვი…
როცა ჩემთან ხარ, თვალებში ვარდისფერი წრეები მიტრიალებს, ამ წრეებში ყველაფერი გაცილებით ლამაზად მოჩანს, ვიდრე შენს გარეშე – ასეთ ნაცრისფერ სამყაროში. ოდნავ თავბრუც მეხვევა და ფეხიც მერევა…
თვალწინ სხვადასხვა სურათები გამიელვებს და ბედნიერებით აღვსილი, ამ ქვეყნად ყველაფერს ვივიწყებ…
თანდათან ვხვდები, რომ შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. არ ძალმიძს შენგან გაუჟღენთავი სისხლი მიჩქეფდეს ძარღვებში და არ მაბრუებდეს ვარდისფერი ხილვები.
ვიცი, რომ ეს უკვე ავადმყოფობაა, რომლესაც სახელად ნარკომანია ჰქვია, მაგრამ შენ ისე ჩამითრიე და მიმიჩვიე, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ.
უშენოდ მეზიზღება ყველა და ყველაფერი: მშობლებიც, ახლობლებიც და საკუთარი დამპალი სხეულიც, რომელსაც შენს გარეშე ძალა არა აქვს, არ მოქმედებს, უსულგულო ნივთივით გდია საწოლზე და კანკალებს…
და ვბოდავ… როცა სიზმარში შენს თავს მართმევენ, როცა ვერ გპოულობ, როცა მე თვითონ გაგირბივარ, რადგან ვიცი, კარგს არაფერს მომიტანს შენზე დამოკიდებულება.
ვბორგავ და ვიტანჯები, ვიდრე ჩემს სხეულში არ შემოაღწევ, ვიდრე ტვინს და კუნთებს არ ამიდუღებს შენი მტანჯველი და გამთანგველი სიახლოვე… ვიდრე შუბლს არ დამიცვარავს არარსებული ნეტარებით მოგვრილი სიმხურვალე…
ხანდახან ვფიქრობ, რა მოხდება, თუკი ერთ დღესაც თვალით ვეღარ გიხილავ… რა მეშველება, თუკი აღარ მექნება შენთან მოახლოების საშუალება, თუკი აღარ მეყოფი ან ახალი, უფრო მძაფრი შეგრძნებების და შთაბეჭდილებების ძიებაში სხვისკენ გამიწევს გული, სხვა გატაცების ძებნას დავიწყებ და ვერ ვიპოვი… რა მეშველება?
შენც აღარ იქნები ჩემთან ბედნიერი, დამტანჯავ და ამაფორიაქებ გაუფერულებული ვარდისფერი წრეებით, და მერე, აღარ ვიქნები ძველებურად ხალისიანი, მშვიდი და ლაღი, შენით ასე აღტაცებული…
მაგრამ ვიცი, თავს ვერასოდეს დაგანებებ მანამ, სანამ ვიარსებებთ: მე და შენ…
ისე ძლიერ მომენატრე, უკვე მართლა ამიწია სიცხემ…
ან იქნებ მეჩვენება კიდეც, დღეს ხომ ფანჯრის რაფაზე კინაღამ მინები ჩამოიღვენთა გამჭვირვალე პლასტილინივით…
მე შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!
მიშველეთ ვინმემ, ”ლომკაში” ვარ!!!






{ 6 comments… read them below or add one }
არა რა, განცდილი უნდა გქონდეს, განცდილი
გეენათალე შენ
)))))
გაიქეცით! სასწრაფოდ გაიქეცით!!
ჩემი სიცოცხლე!!! :ლოვეი:
აუუ რა მაგარიააა,
მაგრამ სამწხარო, რადგან ეს გრძნობა 18 წელია არ გამომიცდია, უფროსწორედ მალე უკვე 19ი შეუსრულდება ჩემს გრძნბადაკარგულს სულსა თუ გულს..
ნამდვილად არ მინდა ასე ვიყო “დამოკიდებული” რაც უფრო ლაითად შეხედავ ამ ყველაფერს უფრო იოლია………