1 წელი ევროპაში

It’s official! 2014-1015 სასწავლო წელს ჰოლანდიაში, ქალაქ გრონინგენში გავატარებ.

ALRAKIS II ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამაა, რომლის დახმარებითაც მოვიპოვე 10 თვიანი სტიპენდია და შემიძლია 2 სემესტრის განმავლობაში გრონინგენის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დავასრულო ჩემი მაგისტრატურა, რომელიც აქ, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში დავიწყე.

გრონინგენის უნივერსიტეტის ისტორიული შენობა

როგორ მოვხვდი ამ პროგრამაში?

შარშან შემოდგომაზე CU-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ერასმუსის რამდენიმე გაცვლითი პროგრამის შესახებ. გადავწყვიტე ბედი მეცადა და ჩავაბარე TOEFL-ის გამოცდა, რომელიც ყველა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა. აპლიკაცია სამ მათგანში – MID, ALRAKIS II და HUMERIA – გავაგზავნე.

თავიდან სამივე პროგრამამ უარი შემომითვალა და რეზერვების სიაში ჩამსვა. მეგონა ეს შედეგი საბოლოო იყო და აღარაფერი მეშველებოდა, მაგრამ თურმე რეზერვში მოხვედრაც დიდი კონკურენციის დამარცხებას ნიშნავს.

საბოლოო პასუხების გამოცხადებიდან 2 კვირაში ALRAKIS II-ის კოორდინატორმა მომწერა, რომ რეზერვიდან შერჩეულების სიაში გადამიყვანეს და 10 თვიანი სტიპენდია დამინიშნეს გრონინგენის უნივერსიტეტში სასწავლებლად.

alrakis

მოლოცვის წერილი. მაჯისცემა 120.

ეს წერილი 1 თვის წინ მივიღე, თუმცა ჯერ კიდევ მახსოვს, მისი წაკითხვით გამოწვეული ემოციები. სახლში მე და დედაჩემი ვიყავით. ის ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ოთახში ყურებამდე გახეული ღიმილით შევვარდი და სული ძლივს მოვითქვი, რომ ამომეღერღა: “გრონინგენის უნივერსიტეტმა მიმიღო!”

ამის შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და შევუდექი დეტალების გარკვევას.

  • მოვაგროვე საბოლოო საბუთები;
  • დავრეგისტრირდი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე;
  • დავჯავშნე ოთახი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში;
  • შევუკვეთე TOEFL-ის ტესტის პასუხების ოფიციალური დოკუმენტი (თუკი ამ ტესტს ოდესმე ჩააბარებთ, აუცილებლად თავიდანვე შეუკვეთეთ თქვენთვისაც);
  • გავარკვიე ვიზის საკითხები, რომელსაც თურმე მთლიანად უნივერსიტეტი მიგვარებს;
  • დავიწყე ფიქრი იმაზე თუ როგორ უნდა გავანაწილო სტიპენდია, რაც €1000 შეადგენს. პროგრამის დაფინანსებაში მგზავრობა, სწავლა, დაზღვევა და სტიპენდია შედის. შესაბამისად საცხოვრებლის ფული სტიპენდიიდან გამომექვითება;
  • ჩუმ-ჩუმად დავიწყე ევროპის იმ ქვეყნების Google Map-ზე დათვალიერება, რომელთა ნახვაც ყოველთვის მინდოდა;
  • დავიწყე სიის ჩამოწერა, თუ რა საქმეები მაქვს მოსამთავრებელი, სანამ ერთი წლით გავემგზავრები – როგორიცაა, მაგალითად, მეგობრებისთვის წიგნების დაბრუნება, სტომატოლოგთან ვიზიტი და დიჯიპასის აღება ინტერნეტ ბანკისთვის.
გრონინგენის უნივერსიტეტი -ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შენობა

გრონინგენის უნივერსიტეტი -ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შენობა

რას ნიშნავს გაცვლითი პროგრამა?

არსებობს ორი ტიპის პროგრამა – გაცვლითი (exchange) და სადიპლომო (degree).

გაცვლითი პროგრამა ნიშნავს ერთი ან ორი სემესტრის გატარებას რომელიმე სხვა უნივერსიტეტში (მასპინძელი), იმის მაგივრად სადაც ჩააბარე (მშობლიური). მასპინძელ უნივერსიტეტში გავლილი საგნების კრედიტები მშობლიური უნივერსიტეტში გავლილად გეთვლება და წელი არ გეკარგება. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას დიპლომს იღებ მშობლიური უნივერსიტეტიდან და სწავლის საფასურსაც ჩვეულებრივად საქართველოში იხდი იმ საგნებზე, რომლებიც გინდა რომ ჩაგეთვალოს. განსხვავება ისაა, რომ საგნებს სწავლობ უცხოეთში და სტიპენდიის დამსახურებით პრაქტიკულად უფასოდ ცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი უნივერსიტეტი დიპლომს არასდროს იძლევა, მსგავსი პროგრამები ბევრ სტუდენტს იზიდავს და კონკურენცია მაღალია.

სადიპლომო პროგრამა ნიშნავს მთლიანი სასწავლო კურსის უცხოურ უნივერსიტეტში გავლას და იქაურ დიპლომს. სწავლის საფასურს არ იხდი და სტიპენდია, როგორც წესი, ასეთი პროგრამებზე იშვიათად ცხადდება, მასში მოხვედრა უფრო რთულია და კონკურენციაც გაცილებით მაღალია.

გრონინგენი ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ზამთარში არხებში წყალიც კი იყინება.

გრონინგენი ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ზამთარში არხებში წყალიც კი იყინება.

როგორ მოხვდე ერასმუსში?

მე რადგან გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, მოგიყვებით, რა არის საჭირო მასში მოსახვედრად:

  1. სურვილი, რაც იმედია უკვე გაქვს, თუკი ამ პოსტს კითხულობ;
  2. დრო – იმისათვის, რომ მოძებნო სასურველი პროგრამები, მოაგროვო საბუთები და შეავსო აპლიკაციები;
  3. TOEFL-ის (ან IELTS) გამოცდის ჩაბარება – სასურველია 90 ქულაზე მეტის მიღება 120-დან (მე ავიღე 111);
  4. აუცილებელია უკვე ირიცხებოდე რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე;
  5. აუცილებელია მინიმუმ 1 წელი გქონდეს დარჩენილი სწავლის დასრულებამდე.

ერასმუსის პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ ამ ბმულზეც იხილოთ და დაელოდოთ მომდევნო წლისთვის ახალ კონკურსებს.

გამგზავრებასთან და სხვა ემოციებთან დაკავშირებით მომდევნო პოსტებში დავწერ.

7 Comments

  1. გილოცავ !რა მაგარია… წელს ზუსტად მაგიტომ ჩავაბარე მაგისტრატურაზე, რომ მომავალი წლისთვის ერასმუსით წავიდე :)
    იცი რა მაინტერესებს? რას აქცევენ ყველაზე მეტად მაინც ყურადღებას – სამოტივაციო წერილს, სივის, აკადემიურ მოსწრებას… და კიდევ ბაკალავრიატის GPA აინტერესებთ ამ შემთხვევაში, როცა უკვე მასტერზე ხარ?

    1. მადლობა. შენც წარმატებებს გისურვებ.
      რაც შეეხება ყურადღების მიქცევას, ყველა პროგრამას თავისი კოეფიციენტები აქვს. ჩემს პროგრამაში მთავარი პრიორიტეტი (50%) აკადემიური მოსწრება იყო, შემდეგ ენის ცოდნა მოდიოდა (30%), ბოლოს კი სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები (20%).
      თუკი გადაწყვეტ გაგზავნას, წინასწარ გაარკვიე შეფასების კრიტერიუმები როგორ ნაწილდება აპლიკაციის შემადგენელ ელემენტებზე. ნიშნები კი ბაკალავრიატის უნდა გააგზავნო, რადგან მაგისტრატურის ნიშნები ჯერ არასაკმარის ინფორმაციას იძლევა შენს შესახებ. იმედია მაღალი GPA გაქვს.

      1. nope :( არ მაქვს მაღალი GPA და ზუსტად ეგაა ჩემი პრობლემა )) ენის და მოტივაციის ხარჯზე თუ გავქაჩავ, ვნახოთ… ნუ, ვცდი მაინც და თუ არ გამოვიდა, ისეთ ქვეყნებს მივაწვები, სადაც თვითდაფინანსებას გავქაჩავ :)
        მადლობა ამომწურავი პასუხისთვის!

  2. 2.89 არცისე სახარბიელო GPA ქულაა ალბათ არა მე-3 კურსელისთვის :S თან პორობლემა ისაა რო ახალ გამომცხვარ უნიში ვსწავლობ და ამათი დიპლომით რას ვიზავ არ ვიცი :S თან ინგლისური ფილოლოგიით რა პროგრამაზე შეიძლება სწავლის გაგრძელება. პირადად შენგან გარდა TOFLის სერთიფიკატისა რამე ხარჯები კიდევ მოგიწია?

    რამდენი კითხვა დაგისვი :S . შეძლებისდაგვარად იქნებ მიპასუხო :D წინასწარ მაინც მადლიბა.

    PS: მომწოინს შენაირი ადამიანები ნამდვილად საჭირო ინფორმაციაა სხვას ძალითაც ვერ გამოსძალავ ინფორმაციას :D

Leave a Reply