გადავწყვიტე აღარასოდეს ვიმოგზაურო

There is no place like home.

გადავწყვიტე აღარასოდეს ვიმოგზაურო.

ამიერიდან ყოველ ახალ ქალაქს საკუთარი სახლივით შევიყვარებ და იქ ისე დავფუძნდები, თითქოს აღარსად მაქვს წასასვლელი, იქამდე მაინც, სანამ ახალ ქალაქში მომიწევს გადანაცვლება.

ყოველ ახალ ქალაქში მოვაშენებ სახლს, და დავრგავ ხეს, და გავაკეთებ ცოტა სიკეთეს.

ყოველ ახალ ქალაქში ზუსტად ისე, როგორც მშობლიურში, ძილისწინ წიგნებს წავიკითხავ, ზოზინა საუზმეებს მივირთმევ და კვირაობით ვიზარმაცებ, თითქოს არსად მეჩქარებოდეს.

არც ბევრ ფოტოს გადავიღებ, რადგან მეცოდინება, რომ ყოველი ახალი ქალაქი ჩემი ქალაქია და ფოტოსურათები არ მჭირდება, რადგან ჩემი ქალაქები მუდამ ჩემთან ერთად იქნებიან. ჩემს ქალაქებში ისევ ყოველთვის დავბრუნდები. მაშინაც კი დავბრუნდები, როცა მეცოდინება, რომ აღარასოდეს დავბრუნდები. კი არ დავბრუნდები, არამედ სამუდამოდ იქ დავრჩები, რადგან ჩემდაუნებურად ვისწავლე, როგორ უნდა ვიყო სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად.

ყოველ ახალ ადგილას შენობებს ჩავუვლი ისეთივე აღტაცებით, როგორც მშობლიურ ქალაქში ჩავუვლიდი და პირიქით, მშობლიური ქალაქით აღვტაცდები ისე, თითქოს აქ ადრე არასდროს ვყოფილვარ.

რადგანაც მე უკვე ვნახე ახალი ქალაქები. და ადამიანებიც და შენობებიც ყველგან თვისობრივად ისეთივენი იყვნენ, როგორიც სახლში.

საკვებიც თვისობრივად ისეთივე იყო, როგორიც სხვაგან.

მზეც ისეთივე იყო, ოდნავ მეტად ან ნაკლებად მწველი, მაგრამ მაინც ისეთივე.

ჰაერიც, წყალიც და ხეებიც ისეთივე ფუნქციას ასრულებდნენ.

ყველგან იმდენივე მეგობარი შევიძინე, რამდენიც მშობლიურ ქალაქში და ყველგან ისევე მარტო ვგრძნობდი თავს, როგორც ყოველთვის.

ნაცვლად იმისა, რომ გავმხდარიყავი დერვიში, სამყაროს მოქალაქე გავხდი.

გადავწყვიტე აღარასოდეს “ვიმოგზაურო”, რადგან მოგზაურობა თავის მოტყუება აღმოჩნდა. ჩვენ მგზავრებად ვიბადებით და მთელ ცხოვრებას მოგზაურობაში ვატარებთ.

ყველგან გზა არის.

მე ვეღარასოდეს დავბრუნდები სახლში,

რადგან არსად აღარ მაქვს სახლი,

რადგან ყველგან ჩემი სახლი ყოფილა.

There is no place like home.

Home film

4 thoughts on “გადავწყვიტე აღარასოდეს ვიმოგზაურო”

Leave a Reply