Moving on…

“все, что не убивает, делает меня сильнее!”

დედამიწა თავის ჩვეული ღერძიდან 8 სანტიმეტრით გადაიხარა! მე უბედური კი იმაზე ვდარდობდი, სად და როგორ დამექირავებინა ბინა უახლოეს მომავალში.

აბსოლუტური უმწეობის შეგრძნება არ მასვენებს! ასე მგონია სამყაროში სრულიად მარტო ვარ გამოკიდებული და მიზიდულობის ძალაც კი არ მოქმედებს ჩემზე. უჰაერო სივრცეში ვცურავ…

ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. თანაც – ნულიდან!

ბოლო რამოდენიმე დღე არ ვეგუებოდი ამ აზრს, დეპრესიის ნიშნებიც მქონდა, შანსიც კი ვითხოვე, მაგრამ არ მომეცა. აღმოჩნდა, რომ ზოგ შეცდომას ვერ გამოასწორებ, ან არ გაპატიებენ.

ჰოდა, სხვა გზა არ მაქვს! ფეხზე უნდა დავდგე. მარტომ უნდა მოვახერხო ცხოვრების გაგრძელება. არავინ მჭირდება. თუნდაც იმ დრომდე, სანამ ჩემს ახალ ნულოვან ცხოვრებას არ შევეგუები…

ყოველთვის მინდოდა, ოჯახისგან დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს ჩემი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ, მაგრამ იმდენად მინდოდა ჩემი გათხოვების გადაწყვეტილების მიღებაში ამან თავისი მცირეოდენი როლიც კი ითამაშა.

ალბათ იმიტომ რომ არასდროს შემეძლო… განა უფლება არ მქონდა, უბრალოდ… არ ვიცი… ზედმეტად ზარმაცი ვარ იმისთვის, რომ საკუთარ თავზე თავად მეზრუნა. ყოველთვის გავურბოდი პასუხისმგებლობებს, არადა ისინი მუდამ თავისკენ მექაჩებოდნენ და მიზიდავდნენ.

ჰოდა, ახლა მინდა პირველად ცხოვრებაში გავრისკო და საკუთარი თავი საკუთარ თავს მივაბარო მოსავლელად, თუნდაც რამოდენიმე თვით.

ჩემზე უფრო არა-ორგანიზებული და უთავბოლო ადამიანი არ მოიძებნება! ყოველ შემთხვევაში ასე მამკობს დედაჩემი (კიდევ ბევრი სხვა „კომპლიმენტითაც“ მამკობს ხოლმე, მაგრამ აქ დაწერისგან თავს შევიკავებ… გაიგე, დედა? მართლა ყველაფერს კი არ ვწერ ამ ბლოგზე!).

ამის გათვალისწინებით ჩემი ექსპერიმენტი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. საკუთარ თავთან ჭიდილის ერთი თვე! (ან ორი, ან მეტი!)

დღეს ერთ გოგოს შევუთანხმდი. მე მაინც თითქმის სულ დაკეტილი მაქვს ეგ ბინა და უმეტეს შემთხვევაში მარტოს მოგიწევს ყოფნაო.

იდეალური ვარიანტია… თუ მომეწონება მისი ბინა, ქირის გადახდაში ჩავეზიარები.

მინდა ერთ რომელიმე შაბათ დღეს არავინ გამაღვიძოს, თუნდაც საღამომდე მეძინოს, ტელეფონმა არ დარეკოს, არავინ შემაწუხოს, ფარდებსაც არ გადავწევ, ვიწვები სიბნელეში, ბალიშში თავს ჩავრგავ, პიჟამოსაც არ გავიხდი… უფრო მეტი დრამატულობისთვის ორი ზომით დიდ პიჟამოს ვიყიდი და იმას ჩავიცვამ!

მერე როცა ძილით დავიღლები, გამოსაფხიზლებლად ყავას მოვიდუღებ, ლეპტოპს მოვიჩოჩებ და დავბლოგავ იმაზე, რომ სიყვარული არ არსებობს, მაგრამ მე მაინც მჯერა!

მინდა რომ მქონდეს ოთახი, სადაც თავს უცხოდ არ ვიგრძნობ.

მშობლების სახლში რაც დავბრუნდი, მას შემდეგ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჩემს სახლში კი არა სტუმრად ვარ… ყველა ჩემი საყვარელი და აუცილებელი ნივთი ძველ სახლში დავტოვე. გადმოტანა კი ჯერ ვერ მომიხერხებია.  ჩემს ძველ ვარდისფერ კედლებიან ოთახში მძინავს. დილაობით რომ ვიღვიძებ, თავი ხანდახან ისევ 14 წლის მგონია, სანამ გამახსენდება რომ უკვე ოცდამესამეში გადავდგი ფეხი….

კედლებზე პოსტერები მქონდა გაკრული… ახლა ეგეც აღარ არის.

და თანდათან ვხვდები, რომ ჩემი ოთახი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც წასვლამდე დავტოვე. მეც აღარასოდეს ვიქნები ისეთ როგორიც წასვლამდე ვიყავი!

რამდენი რამე შეიცვალა…

ვგრძნობ, რომ მარჯვენა ლოყაზე ცხელი ცრემლი ჩამომიგორდა.

ესე იგი ცოცხალი ვარ!  : )

24 Comments

  1. ბოლო ორი წინადადება რომ არ წამეკითხა, ზარ-ზეიმით მარტომცხოვრებთა კლუბში გაწევრიანების მოლოცვას ვაპირებდი. მარა ვინ დაგაცადა:) რაც არ უნდა იყოს, მარტო ცხოვრება მაგარია და ამას მე ჩემი 4-წლიანი სტაჟიდან გამომდინარე ვამბობ:)

  2. მე მაინც მგონია რომ მარტო ცხოვრებასაც გარკვეული ხიბლი აქვს ცუდია რომ ჯერ ყველაერი ისე არაა როგორც შენ გინდა თუმცა ესეც ცხოვრებისეული გამოცდილებაა და ეს ყველაფერი რომ გაივლის ბევრად უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანი იქნები. ბედნიერებას გისურვებ

  3. სვით, ძალიან კარგი პოსტებია რაღაც ბოლო რამოდენიმე. კარგად გადმოსცემ საკუთარ შინაგან მდგომარეობას.

    რაც შეეხება მარტო ცხოვრებას, მშვენიერია. ასევე მშვენიერია, რომ შენ ამის შანსი მოგეცა :) გამოიყენე, თავიდან დაიბადები და თავიდან გაიცნობ შენს თავს :)

  4. პირდაპირ გულში მომხდა, სვით :((
    ვიღაცამ თქვა და ვინაიდან არ მახსოვს ვინ, ისევ მე მივისაკუთრებ: ფეხზე ადგომის ძალას ვერასდროს შეიგრძნობ, თუკი დაცემის სიმწარე არ გამოგიცდია.
    ცხოვრება ამაზრზენიც არის და გასაგიჟებლად მშვენიერიც. იმიტომ, რომ ასეთმა ადამიანებმა შექმნეს იგი. გააჩნია, რომელი კუთხიდან შეხედავ.
    ადამიანებს კიდევ ერთი გვჭირს: გაივლის დრო და ყველაფერი გვინელდება. ეს გარდამავალი პეროდი ძალიან რთულია, მაგრამ მთავარია, ამის დასრულებისას შენ დარჩე უფრო გამოცდილი და უფრო ძლიერი ;)

  5. როგორ მესმის შენი :)
    მეც მქონდა ზუსტად ამდაგვარი პერიოდი, როცა ყველაფრის დაწყება თავიდან მომიწია, მარტოსაც, უჩვეულად და ადრეულს ასაკში, მაგრამ იმ გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და რუსებს აქვს კაი გამოთქმა “закаляеться”, მერე დამიჯერე ცოტა რამ იარსებებს რომ დაგანგრიოს და ისევ თავიდან დაგაწყებინოს ყველაფერი ისეთი ძლიერი იქნები, ბავშობაში რომ მემსოდა რო იძახდნენ ძნელია ცხოვრებაო ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდნენ, და აი ზუსტად ამაშია სიძნელე, მაგრამ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო და ეს დამტკიცებულია 100 %.
    და ის აზრი რომ უფრო ძლიერი იქნები, მეტად გაგაძლიერებს :)

    1. მაგ გამოთქმას პოსტს წავუმძღვარებ… როგორ დამავიწყდა :)

  6. დრო გავა და შენ თვითონ გაგგიკვირდება რა ძლიერი ვყოფილვარო

    ეს დეპრესია მეპრესიები დროებითია

    თუ დაგჭირდები შეგიძლია ნებისმიერ დროს გამომიარო :)

    ისე ეგეთი მდგომარეობა ხო იცი ადამიანს ბევრად უფრო შემოქმედებითს ხდის :)
    ასე რომ გამოიყენე :)

    1. ხო ეგ მართალია… შემოქმედებითი ნამდვილად გამხადა.

      მადლობა თა, მხარდაჭერისთვის :*

  7. სვიით, დედამიწის გადახრა შენ არ ინერვიულო, გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ NASA შეცდა, ასე რომ არაფერიც არ გადახრილა :))
    ხოლო რაც შეეხება მარტო ცხოვრებას, მაგაზე უკეთესი არაფერია. მეათე წელია მხოლოდ მე ვარ საკუთარი თავის პატრონი და ძალიან კარგად ვართმევ თავს ყველაფერს, თუმცაღა ყოველთვის “დედისკალთასჩამოკიდებულის” იმიჯი მქონდა. მაგრამ ერთხელაც გავრისკე და, ჰოი საოცრებავ, თურმე რა კარგი ყოფილა :)) ასე რომ გირჩევ ნაკლები ინერვიულო, იყავი შენს თავში დარწმუნებული და დატკბი ცხოვრებით :))
    ჰოდა კიდე, მალე დაწერე რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ახალი მობილურით, მეც მინდა ვიყიდო და ვერ გადამიწყვეტია რომელი. იქნებ შენი რეკომენდაცია დამეხმაროს ;)

  8. მარი, არავითარ შემთხვევაში არ ჩააბნელო ოთახები და არ იძინო მთელი დღრრბი1 უფრო დაგგრუზავს და გამოგფიტავს! საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები! უკვე დათბა! მოკიდე შენს მეგობრებს ხელი და გადით სადმე ბუნებაში, ან 1 კვირიანი შვებულება აიღე და სადმე ქალაქგარეთ გადი. ბუნება ასეთ დროს ყველაზე კარგი მკურნალია!

    ყველაფერი მოგვარდება და ბრწყინვალედ ინება! შენ ხომ ვარდისფერი და წარმატებული ხარ! :* :* :* :*

  9. ყოველთვის მინდოდა მარტო ცხოვრება. და ჰოი საოცრებავ, ერთ მშვენიერ დღეს მშობლებმა ბინა დამიტოვეს და ახალ საკუთარ სახლში გადაბარგდნენ. ასე ვიცხოვრე ერთი წელი, მერე საკუთარი სურვილით ჩავკეტე კუთვნილი სამოთახიანი და გადავბარგდი ჩემებთან. ყველა ადამიანს სჭირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამოუკიდებელი ცხოვრება. პირადად მე მომბეზრდა. კიდევ იმას მივხვდი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბრუნდებოდე სავსე სახლში და არა ცარიელში ელოდებოდე სხვის გამოჩენას.

    GOOD LUCK WITH NEW EXPERIENCES :)

  10. ძნელია თავიდან, მერე ისწავლი და აეწყობი.
    შეეცადე წახვიდე მანდედან, სადმე ან სასწავლებლად, ან ხანგრძლივ კურსებზე.
    შენი თავის გარდა უბრალოდ ვერავისზე იქნები დამოკიდებული, და სასწაულ ძალას იპოვი საკუთარ თავში.

    ახლა ძნელია შენთვის, მაგრამ ნახავ დრო გავა და ამ პოსტის წაკითხვაზე გაგეღიმება. ახალგაზრდა ხარ, ჭკვიანი და ლამაზი ყველაფერი წინაა.

  11. ძირზაი დეტკა საღოლ შენ
    მე ჯერ კიდევ ვერ ვრისკავ კიარადა მეზრება ამ ნოლში გადავრდნა
    რეპექტ იუ

  12. წინ იარე.
    უნდა მოახერხო.
    მეც ეგრე ვარ.
    მარტო მინდა ცხოვრება, მაგრამ ვერ ვახერხებ ამ ეტაპზე.
    მოვა დრო და აუცილებლად ვიცხოვრებ მარტო და ვიქნები ბედნიერი.
    მე მაშინაც ვიცოდი, რომ გათხოვება ადრე იყო შენთვის.

  13. რაღაცნაირად გულზე მომხვდა :( დარწმუნებული ვარ ცალკე რომ გადახვალ ბევრად მეტ ძალას იპოვი შენს თავში. მაგარია ცალკე :) წარმატებები

  14. ნეტა იქირავე თუ არა ბინა?აუცილებლად სცადე რა!მეც ძალიან მინდოდა და გავთხოვდი და ვეღარ მოვახერხებ!
    თუმცა იცი რაა? ალბათ საერთოდ მარტო ცხოვრება მოსაწყენია. კარგია roommate-თან, ოღონდ ისეთთან, მარტო რომ მოგინდეს ყოფნა, ოთახიდან რომ გავა.
    ხალხი მგონი იმიტომ თხოვდება რომ თავისთვის იყოს. მერე მშობლებს ქმარი ცვლის და ნერვებს უშლით.
    ამიტომ სცადე და მერე თუ ვინმესთან გადასვლა მოგინდება,you’ll know it’s for real!

  15. მარტო ცხოვრება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე საჭიროც კი არის, რათა მიხვდე რას წარმოადგენ . . .

Leave a Reply