მატირეთ

by Sweety on 20 ივლისი, 2006 · 1 comment

in დღიური

ვკვდები.
ყოველ დღე, წუთიერად, განუწყვეტლივ, შეუჩერებლად ვკვდები.
ყოველი უჯრედი ემზადება ღრმა ბურუსში ჩასაწოლად და ახალი უჯრედი – სამზეოზე გამოსასვლელად. თუმცა ილიც უნდა მოკვდეს მალევე, როგორც მთელი ჩემი სხეული, დაინთქას უკუნ სიბნელეში, წყვდიადმა შეჭამოს და აღგავოს მიწის პირიდან.
ვკვდები.

თავისუფალი ვარ, საოცრად! ფრთების სიგანეზე გაშლა მიჭირს, თორემ, როცა ჰაერში ავიჭრები, მაშინ თავისუფლების წყურვილით გათანგული, ბოლომდე ვეძლევი ხოლმე სურვილების ბნელ ხვეულებს.
მკლავს ჩემივე თავისუფლება და სილაღე. მახრჩობს, ყელში ბასრი ჭანგების წაჭერით. მანადგურებს. ყოველ უჯრედს იწირავს…
ვინთქმები საკუთარ თავისუფლებაში და ვკარგავ იმ სახეს რითაც დავიბადე, ვიკარგები და განვიბნევი ხალხში ისეთი, როგორიც დედას ვუყვარდი, როგორიც გამიცნეს მეგობრებმა და საკუთარი ევოლუცია ისე მაშინებს, რომ გულის რევის მძაფრი, განუწყვეტელი შეგრძნებით ვივსები, ზიზღი იპყრობს ჩემს არსებას, საკუთარი თავის, გარესამყაროსა და ახლობელი ადამიანების მიმართ.
მე ვგრძნობ, რომ…
არა! არაფერს აღარ ვგრძნობ! აი, ამას ვგრძნობ მე…
მინდა სადღაც გავიქცე, თავი შევაფარო ბუნებას, უკაცრიელობას, ან მოვწყდე რეალობას და გადავიდე სხვა, უცნაურ და უაზროდ მომხიბლავ სამყაროში, რომ დავემალო ჩემივე თავისუფლების განივად გაშლილ ფრთებს…
არ მინდა სივრცე. მომეცით ნაჭუჭები! იქნებ დავთრგუნო სულში ჩასახლებული შავი თოლია… იქნებ მივაღწიო შინაგან ნათელს, რომ ერთხელ მაინც კვლავ შევიგრძნო ბედნიერება, გავიხსენო რას ნიშნავს იყო სპეტაკი და თეთრი თოლიასავით გავშალო ფრთები…

მძულს ეს ნივთები, მატერიალიზმის უმაღლესი გამოვლინებანი. ადამიანის თუ ბუნების მიერ შექმნილი ყველა ატრიბუტი… რაც ცხოვრებას ამშვენებს…

სადღაც შორეთში, ხომ არდებობს უდაბნოები…
იქ ზემოთ, ხომ მოძრაობენ მეტეორები…
ან წყალქვეშ ხომ იბრძვიან გეიზერები სიცოცხლისათვის…

მე კი არ მინდა. აღარ მინდა უსულგულო, ყალბი სახეები. აღარ მიტაცებს დიდებული სიტყვა-კაზმანი… თვალთმაქცობა და ფარისევლობა.
მინდა რაღაც წმინდა, რასაც ვერასდროს ვეღარ მივაღწევ.
მინდა ამოვძვრე ამ ორმოდან, ოღონდ ისე, რომ სხვაში არ ჩავვარდე უნებურად.

მინდა ვიყვირო, ვიკივლო, ვიტირო, მეტკინოს, განვიცადო, შევიყვარო.
ან ვინმეს გული ვატკინო…
ხელში მიკლავს ჩემი უსისხლო, უმისამართო, უგრძნობი ალტრუიზმი ყოველი ცოცხალი არსების მიმართ… არადა უმისამართოა… უგრძნობიც… უსისხლო ხომ არის და არის…
ესეც ფარსია, ესეც არ არსებობს…
მე ხომ სიყვარულიც არ შემიძლია…
ხოდა მატირეთ…

პ.ს. ”მაინც სხვა რაღაა სიყვარული, თუ არა ღმერთი? ღმერთი კი არა, სიკვდილი. რადგან მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით შეუსყიდნია იგი…”
/კონსტანტინე გამსახურდია, “დიდოსტატის მარჯვენა”/

პ.პ.ს. ისეთი მამაციც არ აღმოვჩნდი, სიკვდილს შევხვედროდი პირისპირ!…

{ 1 comment… read it below or add one }

1 BigCrow 13 აგვისტო, 2006 at 4:24 pm

რა ამბავში ხარ, პატარა ქალბატონო? რა დროს დეპრესიაა, ამ გაგანია ზაფხულში? მიდი, გაშალე ფრთა და გადაეშვი წყალში, გაგრილდები და ადუღებული სულიც ჩაგიცხრება :)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</