ჯამალი

ადგილობრივების მიერ მოცემული უპირველესი რჩევა გვეუბნება: მოერიდე შუაღამისას ბუჩქიდან გადმომხტარ კაცს, რომელიც ველოსიპედის ყიდვას 10 ევროდ გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ასეთი ველოსიპედი მოპარულია. მართალია, შეიძლება პოლიციამ ვერ იპოვოს, რადგან ხრონინგენში მილიონობით ველოსიპედია და რთულია დაკარგულის ძიება, მაგრამ თუ პატრონი შემთხვევით წააწყდება და იტყვის, ეს ჩემი ველოსიპედი იყოო, აუცილებლად შეგრცხვებათ.

* * *

3 სექტემბერი:

დღეს ველოსიპედი ვიყიდე. ლაჟვარდისფერი, მწვანე ჩანთიანი, დაბალ-დასაჯდომიანი ველოსიპედი. მასში €70 გადავიხადე.

chemi lurja

ჩამოსვლის დღიდანვე, ყველა გვაფრთხილებდა ველოსიპედში €50-ზე მეტი არ გადაიხადოთო. ჩემი ველოსიპედი მართლაც კარგი გამოდგა. იმედია ცოტა ხანი მაინც არ მომპარავენ.

თუ ოდესმე ხრონინგენში ველოსიპედის ყიდვა დაგჭირდებათ, Steentilstraat-ს შეგიძლიათ ეწვიოთ. აქ #50-ში ერთი მაღაზიაა, სახელად FietsenZo, სადაც გადარეული ჯამალი მუშაობს. ჩემი ლაჟვარდისფერი ველოსიპედიც მან მომყიდა. ის წარმოშობით მაროკოდან არის, მაგრამ ხრონინგენში დაიბადა და გაიზარდა. შავგრემანი, შავთვალება, უსიამოვნოდ უცნაური და მუზმუზელა (პირმოთნე) კაცია. მუდამ უნიათოდ და უტაქტოდ ხუმრობს და მუშაობის დროს მეტისმეტად მკვეთრ მოძრაობებს აკეთებს.

FietsenZo

ჯამალს მუშაობაში ყრუ-მუნჯი ბიჭი ეხმარება. მას მხოლოდ სამი ბგერის – “ა”, “უ” და “მ” – გამოცემა შეუძლია. ჯამალმა მითხრა, ჩემი ძმააო, მაგრამ ეჭვი შემეპარა – სრულიად სხვადასხვანაირად გამოყურებიან. ბიჭი აშკარად უფრო თეთრია, სხვანაირი სახის მოყვანილობა და გამომეტყველება აქვს. ბოლოს აღიარა, მამით ძმა კი არის, მაგრამ დედით არაო. ისიც დაამატა, ეგრე ალმაცერად ნუ უყურებ, ცოლი და სამი შვილი ჰყავსო.

ერთმანეთს როგორ აგებინებთ-მეთქი, ვკითხე. ჩემს ძმას თუ ვერ გავუგე, სხვას ვის უნდა გავუგოო, მიპასუხა. ჰმ, მე კიდევ მთელს დედამიწის ზურგზე ყველას ვუგებ, ჩემი ძმის გარდა (რომელიც საბედნიეროდ არც ყრუა და არც მუნჯი)… რა საოცარია.

ჯამალი 39 წლისაა, მაგრამ ისე გამოყურება, როგორც 29 წლისა. მისი ნამდვილი ასაკი რომ გავიგე, ვთხოვე გაემხილა, როგორ იკვებებოდა და როგორ ცხოვრების წესს მისდევდა. ისე შემომხედა, თითქოს მამოწმებდა, სერიოზულად ვეკითხებოდი თუ არა. როცა დარწმუნდა, რომ სანდო ვიყავი, თავის დამტვრეული ინგლისურით დაახლოებით ასეთი რამ მითხრა:

არ აქვს მნიშვნელობა რას ვჭამ. საკვები მეორე ხარისხოვანია. დაიმახსოვრე, მთავარი სამი რამაა:

პირველი, ეს არის სიყვარული და მისი ენერგია. თუ გიყვარს, მუდამ ახალგაზრდა იქნები. არ ვგულისხმობ მხოლოდ ქალის/კაცის სიყვარულს, არამედ სამყაროს სიყვარულს. გიყვარდეს ყველაფერი, რაც შენს გარშემოა, გიყვარდეს მზე, ბავშვები, ხეები, საჭმელი, ველოსიპედები; როცა რამეს აკეთებ, სიყვარულით აკეთე; ყველაფერში ჩააქსოვე სიყვარულის ენერგია; მაშინ იქნები მუდამ ახალგაზრდა.

მეორე, ეს არის გონიერება. ადამიანების უმეტესობა ბრბოს წარმოადგენს. ისინი მხოლოდ ჭამაზე და გართობაზე ფიქრობენ. შეეცადე გამორჩეული იყო. შეეცადე გონებით ყველაფერზე მაღლა დადგე. შეეცადე პირველყოფილი ცხოველური ინსტინქტებისგან გათავისუფლდე. თუ ასე მოიქცევი, სამყარო აუცილებლად დაგაჯილდოვებს.

მესამე, ეს არის სიმშვიდე. ყველაფერს წყნარად შეხედე. ყოველ დღე 10 წუთით მაინც დახუჭე თვალები და შეეცადე არაფერზე იფიქრო. ჩაიძირე საკუთარ თავში. დამშვიდდი და ყველა პრობლემას დამშვიდებული შეხვდი. ამას თუ შეასრულებ, დიდხანს არ დაბერდები.

მის მაღაზიაში სამ საათზე მეტი გავატარე. ჩემზე წინ მისულ ჩინელ სტუდენტებს ველოსიპედებს უკეთებდნენ და რიგში ჩამაყენეს. ისე მოხდა, რომ კომპიუტერთან აღმოვჩნდი და ჯამალს Facebook-ის პროფილის ბიზნეს გვერდად გადაკეთებაში დავეხმარე. მკითხა, შეგიძლია თუ არა ეს გვერდი ჩაიბარო და ყოველთვის შენ მართოო. ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა და ჩემიც ჩაიწერა. ამ დღეებში შემოგთავაზებ სამსახურსო.

* * *

4 სექტემბერი:

დღეს საშინლად წარუმატებელი დღე მქონდა. პროდუქტების საყიდლად უნდა წავსულიყავი. თან სარეცხის საშუალებები და საოჯახო ქიმია უნდა მეყიდა. გეგმის მიხედვით ველოსიპედით წავიდოდი, საყიდლებსაც ველოსიპედის ჩანთებში გავანაწილებდი და ისე მოვზიდავდი სახლში.

მაგრამ ველოსიპედების ფარეხში როცა ჩავედი, აღმოვაჩინე, რომ ჩემს ველოსიპედს ბორბალი ჰქონდა გამსკდარი.

გავბრაზდი. გუშინ ვიყიდე და დღეს უკვე პრობლემა შეექმნა! ერთი დღეც ვერ გამოვიყენე სრულყოფილად! ნეტავ როდის გასკდა ბორბალი? ნუთუ წუხელ სახლში რომ ვბრუნდებოდი, მაშინ – და ვერაფერი შევნიშნე? იქნებ ვინმემ სპეციალურად გამიხეთქა?

ამ დროს ფარეხში ჩემი ESN-ის გუნდელი ალექსი შემოვიდა თავის მეგობართან ერთად. მითხრა, რომ ხანდახან ველოსიპედების მაღაზიები სტუდენტებს ფულს უხდიან იმაში, რომ მათ სხვების ველოსიპედები დააზიანონ. ამით ხელოვნურად ზრდიან მოთხოვნას ველოსიპედების შეკეთებაზე და გაყიდვებზე.

ახალი ბორბლის დაყენება დაახლოებით €20-25 დაგიჯდებაო. შოკში ჩავვარდი. მართლა ასე თუ მომიხდა, აღმოჩნდება, რომ ველოსიპედში და მის გამართვაში €100-მდე დამეხარჯებოდა. მართალია, ალექსმა დროებით თავისი ველოსიპედით სარგებლობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. მისი სკამი მაღალზე იყო დაყენებული – მაინც ვერ გავატარებდი, თანაც საკუთარი ველოსიპედი მჭირდებოდა.

ჯამალს მივწერე – შენგან ველოსიპედი რომ ვიყიდე, ბორბალი გაუსკდა, მგონი თავიდანვე ცოტათი დაზიანებული იყო და თუ შეგიძლია შეკეთებაში დამეხმარე – მეთქი. დამირეკა – მოიყვანე და გაგიკეთებო. თუ შორს ხარ და ვერ მოგყავს, ვინმეს გამოვაგზავნი, წამოიყვანს, გაგიკეთებთ და ისევ უკან მოგიყვანთო, მისამართი SMS-ით მომწერე და ვინმეს გამოვუშვებ, როგორც კი მოიცლიანო. რამდენის გადახდა მომიწევს – მეთქი, ვკითხე. შენთვის უფასოაო – მიპასუხა. ცოტა ეჭვი შემეპარა. ალექსთან დარეკვა ვცადე, მაგრამ არ მიპასუხა და ბოლოს მარკუსს დავურეკე. მარკუსმა მოისმინა ჩემი ამბავი და ბოლოს მითხრა, ჩეკი თუ გაქვს და ნორმალური მაღაზია ჩანდა, ენდე, არაფერი არ მოხდებაო. მივწერე ჯამალს ჩემი მისამართი.

გადავწყვიტე სუპერპარკეტში ფეხით წავსულიყავი. როგორც წესი, სუპერმარკეტებში ცელოფნის პარკებს არ იძლევიან. თუ მაინც ძალიან გჭირდება, შეგიძლია 15-20 ცენტად შეიძინო. ამის გამო ყველა საკუთარი ჩანთით დადის. კიდევ კარგი, თან სამი ტილოს ჩანთა წავიღე: იმდენი რამ ვიყიდე, რომ ამ ჩანთებში და ზურგჩანთაში ძლივს ჩაეტია. სალაროსთან აღმოვაჩინე, რომ ბარათს არ იღებდნენ და საკმარისი ნაღდი ფული არ მქონდა. წავედი ბანკომატის მოსაძებნად – სადაც გამახსენდა, რომ GWK TRAVELEX-ის ბარათის პინკოდი აღარ მახსოვდა. ბოლოს ING-ს ბანკომატიდან “საქართველოს ბანკის” ბარათით გამოვიტანე €50. ალბათ უდიდესი საკომისიო ჩამომაჭრა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

სახლამდე ჩემი ნავაჭრი გაჭირვებით მივათრიე. 7-ის 15 წუთი იყო. ეზოში რამდენიმე სტუდენტი იდგა. მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რომ 6 საათზე ჩვენი სტუდენტური სახლის ჯგუფური ფოტოს გადაღება იყო დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ვერ მივუსწარი.

ჯამალი საღამომდე არ შემხმიანებია. გული ცუდს მიგრძნობდა. კიდევ ერთხელ მივწერე, ხვალ ველოსიპედის ტარების გაკვეთილი მაქვს და როდის წაიყვანთ ჩემს ველიკს, დაახლოებით მაინც მითხარი – მეთქი. მაშინვე დამირეკა და ბოდიში მომიხადა, ახლა ქალაქში არ ვარ და როგორც კი ჩამოვალ, მაშინვე შენთან მოვალ და სხვა ველიკს მოგიყვან, მაგას კი წავიღებო. ყბა ჩამომივარდა.

5 სექტემბერი:

მეორე დღეს მართლა მოვიდა. ახალი ველოსიპედი მომიყვანა, გაფუჭებული კი წაიყვანა. “კარგი გოგო ხარ და შენთვის ყველაფერი უფასოაო” – გამომიცხადა. მართალია, დააგვიანდა და ამის გამო გაკვეთილს ვერ მივუსწარი (ველოსიპედის გარეშე მაინც ვერ წავიდოდი), მაგრამ სულ არაფერს ჯობდა – თუ ჩემს პირველ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ, ველოსიპედის გარეშე მაინც არ დავრჩები-მეთქი, ვფიქრობდი. მეორე ველოსიპედი არც ისე ცუდი გამოდგა – ხელის მუხრუჭი ცუდად უმუშავებდა და ფეხის მუხრუჭის ხმარებასაც მივეჩვიე.

* * *

6 სექტემბერი:

მესამე დღეს ჩემს საბურავ გამოცვლილ ველოსიპედს მაღაზიაში მივაკითხე. უპრობლემოდ წამოვიყვანე. იმაზე უკეთ დადიოდა, ვიდრე მანამდე. დასაჯდომსაც პატარა პრობლემა ჰქონდა და ისიც შეეკეთებინათ. ამ ყველაფერში 1 ცენტიც კი არ გადამიხდია. უკეთესს ვერ ვინატრებდი.

ჯამალი იმ საღამოს ვნახე. დამირეკა და ჩემთან სტუდენტურ საცხოვრებელში თავი ძალით დაიპატიჟა. მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ ვერაფერი მაიძულებდა მის შემოშვებას, მაგრამ იმ მომენტში სამზარეულოში 5 კაცი ამზადებდა სადილს და გული მომეცა. ყოველი შემთხვევისთვის, სიმონეს ვთხოვე, მასთან მარტო არ დავეტოვებინე.

მოვიდა, ლუდი დალია, ჩემი მომზადებული კერძი შეჭამა. ჭამის დროს მითხრა, მინდა ჩვენი მაღაზიის Facebook-ის გვერდის ადმინისტრირება ჩაიბარო, ამის სათქმელად მოვედიო. 150 ევროს გადაგიხდიო. ვნახოთ-მეთქი. ამის მერე დიდხანს აღარ გაჩერებულა, სადღაც სასტიკად ეჩქარებოდა.

უცნაური. უსიამოვნოდ უცნაური კაცი. მეტჯერ აღარ მინახავს.

7 Comments

  1. დღეს სრულიად შემთხვევით შემოვიხედე ბლოგზე და ისე გამიხარდა ახალი პოსტები რომ დამხვდა ^^ ახლა ისევ ძველებურად ხშირად გესტუმრები ხოლმე.

Leave a Reply