Introduction Week v.2.0

დღეს იწყება მეორე სემესტრის შესავალი კვირა.

დაახლოებით 700 ახალი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა ხრონინგენში. ამ კვირაში ისინი ზუსტად იგივე გამოცდილებას მიიღებენ, რაც მე აგვისტოში მივიღე. ამჯერად ჩემი მონაწილეობა იმით განისაზღვრა, რომ ESN-ის წარმომადგენელი და ჯგუფის ლიდერი გავხდი. მე და ანდრე ერთად ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენი ჯგუფის ნომერი 31-ია. დაახლოებით 12-მდე სტუდენტი მოგვბარდება.

პირველი დღე შედარებით მარტივია: ჯერ ქალაქის ცენტრი უნდა დავათვალიერებინოთ, შემდეგ ჩვენთან საერთო საცხოვრებელში ვახშამი გავუმართოთ და ღამე – კლუბში წავიყვანოთ. მომდევნო დღეებში ექსკურსიები, სპორტული და კულტურული აქტივობები, წვეულებები და სხვა საინტერესო რამეებია დაგეგმილი.

ერთი სიტყვით, იდეა ისაა, რომ ძველმა სტუდენტებმა ახლებს გზა გაუკვალონ და ხრონინგენული სტუდენტური ცხოვრების ფერხულში ჩააბან.

The sexiest branded t-shirt i've ever worn ^^ #Groningen #GROIntroWeek #esnguide #esn #introductionweek

A photo posted by Mariam Sweet (@belladore) on

ეს ჩვენი ჯგუფია: ორი ამერიკელი, ორი ესპანელი, ერთი ავსტრიელი, ერთი შვეიცარიელი, ერთი პოლონელი, ერთი მალაიზიელი, ერთი ჩინელი და ერთი ბულგარელი. როგორც წინა პოსტებში ვახსენე, ანდრე ბრაზილიელია.

Intro Week 2

პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა, კლუბები მოვიარეთ. ბავშვებმა ბანძი კოქტეილები დალიეს – ვერცერთი ვერ დათვრა.
მე ვერ ვსვამ. 28 დღიანი უშაქრო დიეტა დავიწყე და არაფერს არ ვიღებ, რაც შაქარს შეიცავს – ამას სხვა პოსტში მოვყვები.

ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. მთავარი ეს არის. ასეთ ინტერნაციონალურ ჯგუფებში ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიური დამოკიდებულება. საბედნიეროდ დიპლომატია უხვად დამაბერტყა ბუნებამ. ნებისმიერ სიტუაციაში ფასილიტატორი ვხდები და ყველა კონფლიქტს უსისხლოდ ვაგვარებ. მთავარია, მე არავინ გამაბრაზოს. :)

Cute shots from last night. I didnt drink any though… ^^

A photo posted by Mariam Sweet (@belladore) on

აქვე უნდა ჩავინიშნო ერთ-ერთი ამერიკელი გოგოს, ალექსას ბლოგ პოსტი ინტრო-ვიკის შესახებ.

ერთ-ერთ დღეს კულტურული აქტივობები გვქონდა. მე ჰოლანდიის ისტორია და იმპროვ-კომედიის კლასები ავირჩიე.

იმპროვ-კომედია, ანუ იმპროვიზაციული თეატრი, ძალიან მაგარი რამეა. აქ არ არსებობს წინასწარი სცენარი, მსახიობები უშუალოდ სპექტაკლის მიმდინარეობისას იგონებენ რეპლიკებს და სიუჟეტს. მეგონა, განსაკუთრებული იუმორის/თეატრალური ნიჭით უნდა ყოფილიყავი დაჯილდოებული ეს რომ შეგძლებოდა, მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა. არსებობს სპეციალური წესები და ტექნიკები, რომლებიც შეგიძლია აითვისო და ამის შემდეგ იმპროვიზირება ყველას შეუძლია – თუმცა მე გამიძნელდა. ერთადერთი და უმთავრესი წესი, რასაც იმპროვი მოითხოვს, საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლაა.

როორც წესი, ყოველთვის ვცდილობ კომფორტის ზონიდან გავიდე ხოლმე. სწორედ ამიტომ მიყვარს მარტო მოგზაურობა, საკუთარ თავს არასტანდარტულ სიტუაციებში ვაგდებ და მომწონს დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ვიზრდები ამ სიტუაციებში. მაგრამ იმპროვის დროს უამრავი “მოწმე” გყავს და შეგრძნებები ათმაგად მძაფრია. ინგლისურ ენაზე იმრპოვიზირებაც გამირთულდა. ალბათ ოდესმე კვლავ მივუბრუნდები, მაგრამ ახლა არა, ისედაც ძალიან სტრესულ გარემოში მიწევს ცხოვრება…

ამ ფოტოზე ფრანგ ბიჭთან ვცდილობ იმპროვიზირებული დიალოგის გაბმას, სადაც მოსაუბრის ყოველი რეპლიკის ბოლო სიტყვები შეძლებისდაგვარად უნდა გაიმეორო და შენი იდეა დაამატო. ეს სავარჯიშო აქტიური მოსმენის უნარს ავითარებს. სათქმელად ადვილია, განსახორციელებლად – საკმაოდ რთული…

improv

იმპროვ-კომედიის დასი, რომელმაც ჩვენ ჩაგვიტარა მასტერ კლასი, გრონინგენის ინგლისურენოვანი დასია – Stranger Things Have Happened. მათი წარმოდგენების ნახვა დასის Youtube-ის არხზეც შეგიძლიათ.

2 Comments

  1. Sweet, just look at you!!! რა გამხდარი და ლამაზი ხარ.
    წარმატებებს გისურვებ!!!
    ახლა ძველ პოსტებსაც ჩავუყევი და მიხარია შენი ამბები. მაგარი გოგო იყავი ყოველთვის და ახლა უფრო უმაგრესი კიდევ. Rock on!!!

Leave a Reply