რამდენს ვმუშაობთ?

დაფიქრდი, რამდენ საათს მუშაობ ყოველ დღე? 8? 9? 10? ძალიან კარგი.

ახლა, უფრო კარგად დაფიქრდი და გულწრფელად უთხარი საკუთარ თავს, რამდენ საათს მუშაობ რეალურად? რამდენ დროს ატარებ ოფისში ან კომპიუტერთან და რამდენი საათია აქედან ნამდვილად პროდუქტიული? 6? 5? იქნებ 4?

დაახლოებით 3 წელია, რაც RescueTime-ის გამოყენება დავიწყე და ყურადღებას ვაქცევ ჩემი შრომის ნაყოფიერებას. მას შემდეგ ვცდილობ, ჩემს მიერ კომპიუტერთან გატარებული დრო მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. სინდისი იმ შემთხვევაში მაწუხებს, თუ RescueTime-ის მიხედვით ჩემი PP (“პროდუქტიულობის პულსი”) დღის განმავლობაში 65%-ზე ნაკლებია. როდესაც ენერგიისგან ვიცლები, ვცდილობ გარეთ გავიდე, ვივარჯიშო ან სოციალურ აქტივობებში ჩავერთო. კომპიუტერთან უქმად გატარებული დრო შრომის ნაყოფიერების მაჩვენებელს აქვეითებს.

ამ ხნის განმავლობაში ერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე.

როგორც წესი, ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში, როცა 8-9 საათს ვმუშაობ, 75%-იანი PP მაქვს. იმ განსაკუთრებულ დღეებში, როცა 89-90% პროდუქტიულობას ვაღწევ, კომპიუტერთან 8 საათზე ნაკლები მაქვს გატარებული. ისეც ხდება, რომ გამონაკლის დღეებში სამუშაო საათების რაოდენობა 10-ზე მეტია და პროდუქტიულობაც 80%-ზე უფრო მაღალია, თუმცა ასეთი დღეების შემდეგ ვერასოდეს ვაღწევ 65%-ზე მეტ PP-ს.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი?


მეტისმეტი მუშაობა არ ნიშნავს მეტისმეტ პროდუქტიულობას და ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.

კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც კვირაში 49-54 ან მეტ საათს მუშაობენ, დამბლის დაცემის 33%-ით მეტი შანსი და გულის თრომბული დაავადებების განვითარების 13%-ით მეტი შანსი აქვთ. დაბალ-შემოსავლიანი მუშაკებისთვის 55+ საათიანი სამუშაო კვირა მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებსაც ზრდის. გარდა ამისა, ბევრი მუშაობის შემდეგ თანამშრომლები მეტისმეტად მიდრეკილი ხდებიან ჭარბი ალკოჰოლის მოხმარებისკენ, დეპრესიისკენ და ქრონიკული უგუნებობისკენ.

2014 წლის DeskTime-ის კვლევამ აჩვენა, რომ მომუშავე ადამიანების ყველაზე პროდუქტიული 10%, სულაც არ მუშაობს სხვებზე მეტს. უფრო მეტიც, ისინი დღეში 8 საათზე ნაკლებს მუშაობენ. აღმოჩნდა, რომ პროდუქტიულობა სულაც არ არის ოფისში ან კომპიუტერთან გატარებული საათების რაოდენობის პროპორციული. მისი მთავარი გასაღები შესვენებების რაოდენობაში ყოფილა. კვლევის დროს შესწავლილი ჯგუფის წევრები (ეფექტიანი ტოპ 10%) საშუალოდ ყოველ 52 წუთის შემდეგ 17 წუთით ისვენებდნენ.

სტენფორდის კვლევების მიხედვით, სამუშაო საათების დამატება სულაც არ ზრდის შრომის ნაყოფიერებას. პირიქით, კვირაში 50 საათიანი მუშაობის შედეგ პროდუქტიულობა მკვეთრად იკლებს. მეტისმეტი მუშაობა საზიანო გავლენას ახდენს ძილის რეჟიმზე. მოუწესრიგებელი ძილი კი თავის მხრივ ამცირებს შრომის ნაყოფიერებას. 2013 წლის ჰარვარდის კვლევამ აჩვენა, რომ ძილის ნაკლებობის გამო შემცირებული პროდუქტიულობის ხარჯზე ამერიკულმა კომპანიებმა $63,2 მილიარდის ღირებულების ზარალი ნახეს.

შრომის ნაყოფიერებაზე დადებითი გავლენა აქვს დასვენებას. 2006 წელს, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აუდიტორული ფირმის, ერნსტ&იანგის შიდა კვლევის მიხედვით, თანამშრომლების მიერ აღებული შვებულების ყოველ დამატებით 10 საათზე, მათი წლის ბოლოს მიღებული შრომის შედეგების შეფასება 8%-ით გაუმჯობესდა. იგივე კვლევის მიხედვით, ხშირი “დამსვენებლები” უფრო იშვიათად ტოვებდნენ კომპანიას ვიდრე ისინი, ვინც უფრო იშვიათად იღებდა შვებულებას.


2014 წელს Salary.com-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დასაქმებული ადამიანების 89% სამუშაო დღის უდიდეს ნაწილს უქმად ფლანგავს. არაპროდუქტიულ აქტივობებს სამუშაო დღის დაახლოებით 25% ეთმობა. აქედან – 12% ისეთი არაპროდუქტიული აპლიკაციების მოხმარებაში იფლანგება, როგორიცაა Facebook, twitter და Youtube (უფრო დეტალური სტატისტიკა).

კვლევებით ისიც გამოირკვა, თუ ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ დროს არასამსახურეობრივ აქტივობებზე. “მილენიალები”, ანუ ის ამერიკელები, რომლებიც 1982-2004 წლებში დაიბადნენ და ინტერნეტის და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში გაიზარდნენ, სამსახურში დღეში საშუალოდ 2 საათს ფლანგავენ. მათ ინტერნეტის მოხმარების მეტი მოთხოვნილება აქვთ. განსხვავებით წინა თაობებისგან, მათთვის ასევე აღარ არსებობს “სამსახურის” და “სახლის” გაყოფილი ცნებები, არამედ აუცილებელია, ეს ორი სივრცე იდეალურად დაბალანსებული იყოს (და თანაც – მთელი დღის განმავლობაში). “მილენიალებს” მიაჩნიათ, რომ მათ მეტი უფლება აქვთ სამსახურში დრო პირად ცხოვრებას დაუთმონ, რადგან ხშირად პირიქითაც იქცევიან – სახლში მიაქვთ სამუშაო.

2013 წლის მონაცემებით, სამუშაო დროის გაფლანგვის მიზეზები შემდეგია:

  • 34% ვერ ხედავს გამოწვევას სამსახურში
  • 34% ამბობს, რომ სამუშაო საათები მეტისმეტად გრძელია
  • 32% ამბობს, რომ უფრო გულმოდგინედ მუშაობისათვის მოტივაცია არ აქვს
  • 30% სამსახურით უკმაყოფილოა
  • 23% უბრალოდ მოწყენილია
  • 18% ამბობს, რომ დროის ფლანგვა დაბალი ხელფასების ბრალია.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სამყარო კიდევ უფრო დაკავშირებული გახდა. გახშირდა დისტანციური სამუშაო ადგილები და სტარტაპები, რომლებსაც მთელს მსოფლიოში გაფანტული, ონლაინ მომუშავე თანამშრომლები და გუნდები ჰყავთ.

მენეჯერები, რომლებსაც სხვა ადამიანების მართვა უწევთ, დაბნეულები არიან. ბიზნეს სამყაროს არსებული პარადიგმები, მენეჯმენტის პრაქტიკები, ოფისების მოწყობის სპეციფიკა, სამუშაო კონტრაქტების არსებული პირობები და ინტერნეტის საყოველთაო, მობილური ხელმისაწვდომობა განაპირობებს იმას, რომ ადამიანები იმდენს აღარ მუშაობენ რამდენსაც ადრე, ან შესაძლოა ახლა უბრალოდ უკეთ არის შესაძლებელი შრომის ნაყოფიერების მონიტორინგი. რეალობა კი ესაა: არ არსებობს ხელსაწყო, პროცესების ერთობლიობა ან ეფექტური ორგანიზაციული პოლიტიკა, რომელიც აიძულებს მათ, სამუშაო დღის განმავლობაში უფრო მეტი იმუშავონ.

დღეს ჩვენ ვმუშაობთ ზუსტად იმდენს, რამდენიც გვსურს.მენეჯმენტის მხრიდან ყოველგვარი კონტროლის მცდელობა მხოლოდ გაღიზიანებას და პროტესტის გრძნობას იწვევს.

შრომის ნაყოფიერების მართვა თანამედროვე ბიზნესის მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მის დასაძლევად ყველა მაღალი რგოლის მენეჯერმა საკუთარ თავს და კოლეგებს რამდენიმე შეკითხვა უნდა დაუსვას:

  • როგორ უნდა დავზოგოთ ორგანიზაციის სახსრები და წავაქეზოთ თანამშრომლები, მეტად პროდუქტიულები იყვნენ?
  • უნდა გავზომოთ თუ არა თანამშრომლების შრომა მათ მიერ ოფისში ან კომპიუტერთან გატარებული საათებით?
  • საჭიროა თუ არა ოფიციალური 8 საათიანი სამუშაო დღე, თუკი იგივე შედეგის მიღება ნაკლებ დროშიც შეიძლება?
  • როგორ გავზომოთ შრომის ნაყოფიერება?
  • როგორ წავახალისოთ განსაკუთრებულად პროდუქტიული თანამშრომლები?

ეს ჩემი დღევანდელი დღის პროდუქტიულობის მაჩვენებელია. თქვენ როგორ გაატარეთ კვირა დღე? :)

Screen Shot 2016-06-05 at 23.44.01

3 Comments

  1. ნამდვილად ეგრეა : ) საერთოდ არ არის საჭირო ოფისში იჯდე 8 საათი იმისათვის, რომ ყველა დედლაინი და ჩასაბარებელი საქმე ხარისხიანად გააკეთო და თანაც დროზე ადრე : )

    ჩემი გამოცდილებით თუ მე ვიცი რომ ჩემს დროს აფასებენ მეც უფრო უკეთ ვმუშაობ და დროზე ადრეც ვასრულებ ყველა დავალებას : ) თუ ვიცი, რომ როგორ კარგადაც არ უნდა ვიმუშავო, ჩემი დრო კონკრეტულად – 8 საათი “გაყიდულია” და ოფისის სკამზე ჯდომის ვალდებულება მაქვს, დროზე ადრე შესრულებული სამუშაოების რაოდენობა მკვეთრად იკლებს : ) (ისე კი ხარისხი სულ ერთი რჩება, სიდისის არსებობის ამბავში, მაგრამ დრო მიდის მეტი)

    1. მეც მგონია, რომ “თავისუფლების” შეზღუდვა ნეგატიურ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე.

  2. ჰოდა ძალიან მინდა, რომ შემოვარტყა ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ რომელ საათამდე დარჩება სამსახურში და ჰგონიათ, რომ შრომის ნაყოფიერემა ამით იზომება -_-

Leave a Reply