ESN Introduction Week – დღე მეორე

წითელი წყვეტილი ხაზით ხრონინგენია შემოსაზღვრული.
წითელი წყვეტილი ხაზით ხრონინგენია შემოსაზღვრული.

ხრონინგენი ძალიან პატარა ქალაქია. ქალაქის ერთი კიდიდან მეორემდე ფეხით ზუსტად 2 საათში, ველოსიპედით კი – 30 წუთში მიაღწევ. მიუხედავად ამ სივიწროვისა, ქალაქი სრულყოფილად ჯერ არ დამითვალიერებია. გარეუბნებში გასვლა არაფერში მჭირდება. უნივერსიტეტის მთავარი შენობა ცენტრშია, ჩემი ჰოსტელი მისგან 10 წუთის სავალზეა. ლექციები ორშაბათს მეწყება, ასე რომ ზერნიკეშიც არ ვარ წასასვლელი. ჩემი ახალი ცხოვრება ხროტმარკტის (Grote Markt) გარშემო მიმდინარეობს.

Screen Shot 2014-09-10 at 18.33.52
ვარსკვლავებით მონიშნულია Grote Markt, Vismarkt, ხრონინგენის უნივერისტეტი და მარტინის ტაძარი
ვარსკვლავებით მონიშნულია Grote Markt, Vismarkt, ხრონინგენის უნივერისტეტი და მარტინის ტაძარი
ვარსკვლავებით მონიშნულია Grote Markt, Vismarkt, ხრონინგენის უნივერისტეტი და მარტინის ტაძარი

Grote Markt – ხრონინგენის მთავარი მოედანია. ამ მოედანზეა მარტინის კოშკი, რომლის დანახვაც შორიდანაც შესაძლებელია. მარტინის კოშკის უკან მარტინის ტაძარია, სწორედ აქ ჩატარდა ჩვენი უნივერსიტეტის მიღების ცერემონიალი.

GroteMarkt
მარტინის ტაძრის ხედი ხროტმარკტიდან. წყარო: Panoramio
Grote Markt 2
ხროტმარკტი. წყარო: Panoramio

ხროტმარკტიდან სამხრეთ-დასავლეთით 50 მეტრს თუ გაივლი, თევზის ბაზრის ქუჩაზე (Vismarkt) აღმოჩნდები. ეს ხრონინგენის ცენტრალური ბაზარია, სადაც უქმე დღეებში ხრონინგენის პროვინციაში მცხოვრები გლეხები თევზს, ყველს და ხილ-ბოსტნეულს ყიდიან. ფასები რა თქმა უნდა ყველაზე დაბალია. ფიშმარკტზე ჩვეულებრივ დღეებშიც უამრავი ხალხი ირევა. აქ ველოსიპედით გავლა ყოველთვის ძალიან მიჭირს.

30 აგვისტო – შაბათი

13:00 – კულტურული ღონისძიებები

1 საათზე ხროტმარკტზე შევიკრიბეთ და USVA-ს ოფისისკენ გავემართეთ. USVA ხრონინგენის უნივერსიტეტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრია. აქ შეგიძლია გაწევრიანდე სხვადასხვა წრეებში და კლუბებში.

Screen Shot 2014-09-10 at 22.01.13

ჩვენი ღონისძიების ფარგლებში შეგვეძლო ორი აქტივობა ამოგვერჩია და უფასო გაკვეთილი მიგვეღო. არჩევანი სიმღერის გაკვეთილზე და ქოშის მოხატვაზე შევაჩერე.

ვინც ცოტათი მაინც მიცნობს, ეცოდინება, როგორ მიყვარს სიმღერა. შესაძლოა ჩემი ვოკალური მონაცემები ღირსშესანიშნავი არაა, მაგრამ მაინც… კარაოკე ჩემი უსაყვარლესი გასართობია, მიუზიკლები კი – საყვარელი ჟანრი თეატრსა და კინოში. მას შემდეგ რაც GLEE-ს ყურება დავიწყე, ყოველთვის ვოცნებობდი მსგავს ქოროში (ინგ. Choir) გაწევრიანებაზე. მგონი, დრო დადგა, ეს ოცნება ავიხდინო. ხრონინგენში რამდენიმე ქორო არსებობს. ჩამოსვლის პირველივე კვირაში გამოვიკვლიე და არჩევანი პოპ-ქორო Estrellas-ზე შევაჩერე. მათი რამდენიმე ვიდეო ვნახე Youtube-ზე და ღია რეპეტიციაზეც დავრეგისტრირდი. დანარჩენი გუნდები კლასიკური მუსიკის ჟანრში მღერიან. მათ რეპერტუარს ალბათ ვერ შევეწყობი.

Nada te Turbe
Nada te Turbe

USVA-ში სიმღერის გაკვეთილზე ესპანური სიმღერა Nada te Turbe ოთხ ხმაში გავშალეთ. შთამბეჭდავი გამოვიდა. აუცილებლად ჩავწერები ქოროში.

სიმღერის გაკვეთილის შემდეგ ჰოლანდიური ქოშის მოხატვის სესიაზე შევედი. ცოტათი იმედი გამიცრუვდა – ხის ქოშს მოველოდი, იქ კი მუყაოსგან გამოსაჭრელი და დასაწებებელი ქოშები მოგვაჩეჩეს.

Dutch-Clogs-Model-Blue-Tulip_sm

ხის ქოში ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის ერთგვარი სიმბოლოა. ადრე ჰოლანდიელი გლეხები ხის ქოშებს მუშაობის დროს იცვამდნენ, ახლა უკვე მხოლოდ ტურისტებისთვის განკუთვნილ ნივთ-სიმბოლოდ იქცა.

გადავწყვიტე ჩემი ქაღალდის ქოში ცეცხლისფრად შემეღება. ორნამეტების დახატვაც მინდოდა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი.

ჩემთვის ყველაზე სულის შემძვრელი აღმოჩნდა ჩემს გვერდით მჯდომი ბრმა გოგო, რომელიც ქაღალდის ქოშის გაფერადებას ცდილობდა. გვერდით სხვა გოგო ეჯდა. ფერების არჩევაში და ფუნჯის გასუფთავებაში ეხმარებოდა. შოკში ჩავვარდი. ვერ მივხვდი, რატომ ჩაეწერა ბრმა გოგო ხატვის გაკვეთილზე. როგორც აღმოჩნდა, იმასაც ხის ქოში ეგონა, თითების დახმარებით აპირებდა მისი ფორმის შეგრძნებას და შემდეგ მოხატვას. შევეცადე, ჩემი შეძრწუნება დამეფარა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ კინაღამ ავტირდი.

Clog Painting
Clog Painting

19:00 – ვახშამი და კომედიის საღამო

USVA-დან სავახშმოდ რესტორან El Txoko-ში წაგვიყვანეს, სადაც ბუფეტის ტიპის სუფრა უკვე გაშლილი დაგვხვდა. მენიუ მაკარონისგან და ხორცის/თევზისგან შედგებოდა. ვახშმის დროს ერთმანეთს USVA-ს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. სებასტიანომ თქვა, მარტინის კოშკზე აგვიყვანეს და მთელი ხრონინგენი ხელისგულივით მოჩანდაო. ჯულიანს ჰოლანდიური ისტორიის გაკვეთილი აურჩევია. ყველამ რაღაც თავისთვის საინტერესო იპოვა.

Dinner and lips

ვახშმის შემდეგ კომედიის საღამო იყო დაგეგმილი. წარმოდგენაც არ მაქვს, რამდენი ხანი მივდიოდით, იმ პარკამდე რომ მიგვეღწია. ველოსიპედი ჯერ კიდევ არ მქონდა, ამიტომ ყველანი ფეხით წავედით. რომ მცოდნოდა, ამდენი უნდა გვევლო, ალბათ სახლში დავრჩებოდი.

Comedy Night

საღამო არც ისე მხიარული გამოდგა. შოუში ის ბიჭები მონაწილეობდნენ, ჩვენი მიღების ცერემონიალზე რომ ვნახე. მხოლოდ რამდენიმე ხუმრობაზე გამეცინა. ჩემს გვერდით ღობეზე ერთი უნგრელი ბიჭი იჯდა. გამომელაპარაკა. ჩემი ასაკის ჩანდა და საუბარი გავუბი (გდავწყვიტე, პატარებს თავი არ გავუყადრო). შანდორი რქმევია. დაინტერესდა, რის სასწავლად ჩამოვედი და ზოგადად რას ვსაქმიანობდი. რამდენიმე სამსახურის და პროექტის შესახებ მოვუყევი. ვუთხარი, ჩემს ქვეყანაში 8 წელზე მეტ ხანს ვმუშაობდი და პატარა სტარტაპიც დავიწყე-მეთქი. გაუკვირდა, რა წარმატებული ყოფილხარო; აქ მსგავსი გამოცდილებით ბევრს ვერ იპოვი და არა მგონია, ბევრი რამე ისწავლო ამ ერთ წელში, მთავარი – გამოცდილება – უკვე გაქვსო. მე ვუპასუხე, რომ უფრო საკუთარი თავის შესასწავლად ვარ ჩამოსული, ვიდრე კონკრეტული საგნების. მართლაც, ეს წელი განათლების წელი კი არა უფრო თვით-აღმოჩენის წელი მინდა გახდეს.

მინდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაფრისგან დავისვენო – გონებრივად, სულიერად, ფიზიკურად…

ჰოსტელში ავტობუსით დავბრუნდი. ფეხით ბლაყუნის თავი აღარ მქონდა.

ერთი სული მაქვს ორშაბათი როდის მოვა, რომ საერთო საცხოვრებელში გადავიდე.

Leave a Reply