ESN Introduction Week – დღე პირველი

პარასკევს ESN-ის გაცნობის კვირა დაგვეწყო.

ESN-ი ერასმუსის სტუდენტების საერთაშორისო ქსელია, რომელიც 36 ქვეყანაში ფუნქციონირებს. ESN-ი მუშაობს მოქნილი და მობილური სასწავლო გარემოს შექმნაზე. გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ადგილობრივ გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ESN მთელი წლის მანძილზე აწყობს სხვადასხვა კულტურულ, სოციალურ, სპორტულ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებს.

ჩვენი გაცნობის კვირის განრიგი ასე გამოიყურებოდა:

29 აგვისტო – პარასკევი

  • 18:00 – ჯგუფის გაცნობა

ჯგუფში #62 ათამდე ადამიანია. მეთაურ-გიდები ალექსი და მარკუსი არიან – ბრაზილიიდან. ჯგუფის სხვა წევრების სახელები და წარმომავლობა ბლოკნოტში ჩავიწერე და პირველივე დღეს დავიმახსოვრე:

ჯულიანი საფრანგეთიდან – ნაზი, ლამაზი, დახვეწილი ყმაწვილია. მუსიკა, ცეკვა და ხელოვნება უყვარს. მე კი მისი აქცენტი მომწონს. ერთმანეთს შევპირდით, რომ სიმღერის გუნდში ერთად გავწევრიანდებით.

ალექსი, ჯულიანი და მე

ალექსი, ჯულიანი და მე

რიკარდო იტალიიდან – გრძელ წვერს ატარებს და საგულდაგულოდ უვლის, კონდიციონერით იბანს და სპეციალურ ტონიკს ხმარობს სურნელის მისანიჭებლად. ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობს და თან სასაცილო აქცენტი აქვს.

სებასტიანო იტალიიდან – გარეგნულად ჩვეულებრივ თბილისელ “ინტელექტუალ” ბიჭს ჰგავს. ხრონინგენში მიკრობიოლოგიის სასწავლად ჩამოვიდა. ეტყობა, რომ ბევრს ფიქრობს სამყაროზე, ცხოვრებაზე, რელიგიაზე და ყველაფერზე საკუთარი, დასაბუთებული აზრი გააჩნია.

Sebastiano

მე და სებასტიანო

ალდი ინდონეზიიდან – ალდი გვარად ალიანდია. როგორც ამბობს, ინდონეზიაში ბავშვებს ისეთ სახელებს არქმევენ გვარს რომ გაერითმოს. თუ პირიქით – ისეთ გვარს აძლევენ, სახელს რომ გაერითმოს. ალდი ჭეშმარიტი სანგვინიკია – მუდამ მხიარული, პოზიტიური და მომღიმარი. ხრონინგენის უნივერსიტეტში ფარმაციას სწავლობს.

არტი ინდოეთიდან – ჩია, გამხდარი, სევდიანი გოგოა. ინდოეთში შეყვარებული ჰყავს დატოვებული. ისინი 7 წელზე მეტი ხანია ერთად არიან, თუმცა დაქორწინებას მშობლები უშლიან კასტებთან დაკავშირებული მიზეზების გამო. მშობლების წინააღმდეგ წასვლა კი არცერთს არ სურს.

არტი და მე

არტი და მე

კრისა საბერძნეთიდან – ყველაზე მეტად მას დავუმეგობრდი, თუმცა ყველაზე ნაკლები რამ შემიძლია მასზე ვთქვა.

მუნშენი ჩინეთიდან – აქტიური და კომუნიკაბელური გოგოა, აი, ისეთი, აზიელისგან რომ არ მოელი. ყველა სხვა აზიელი გოგო მორიდებული და მორცხვია, მუნშენი კი ბევრს ლაპარაკობს და აქტიურ ფიზიკურ კონტაქტშიც შემოდის (მაგალითად ხელს ხელზე გკიდებს, ხელკავს გიყრის, თმას გისწორებს და ა.შ.), რაც ცოტა მეუცხოვა.

Day 1 city tour

მარცხნიდან: მიჰა, ჯულიანი, არტი, კრისა, მაიკი, სებასტიანო, ალექსი, მუნშენი, მე, იონე, მარკუსი, როული, ალდი, რიკარდო.

მაიკი უნგრეთიდან – ერთი შეხედვით გგონია, რომ ჩვეულებრივი, სიმპათიური, ქერა უნგრელი ბიჭია, მოირლანდიურო აქცენტით. მერე კი, როცა აღმოაჩენ, რომ ენა აქვს გახვრეტილი, უეცრად ძალიან “Badass” ხდება შენს თვალში.

როული რუმინეთიდან, მიჰა სლოვენიიდან და იონე ესპანეთიდან ჯგუფის ყველაზე ჩუმი და “კარჩაკეტილი” წევრები არიან. მათ შესახებ ბევრი ვერაფერი შევიტყვე.

19:00 – ქალაქის დათვალიერება

ჯგუფის გაცნობის ცერემონიალზე დამაგვიანდა და ჩემს ჯგუფს შუა გზაზე დავეწიე, როცა ქალაქის დასათვალიერებლად მიდიოდნენ. ძირითადად ცენტრში ვიბოდიალეთ, რამდენიმე საინტერესო შენობა და დაწესებულება გვაჩვენეს. ბევრი ვერაფერი დავიმახსოვრე…

მარტინის კოშკი

მარტინის კოშკი

Groningen architecture

City Exterior Architecture Groningen

old building

20:00 – სადილი

საღამოს მარკუსმა ყველანი თავის საერთო საცხოვრებელში ვახშამზე მიგვიპატიჟა. მარკუსი ცოტა უცნაური ტიპია. თავიდან გეი მეგონა, მერე თავისი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ რამდენიმე ისტორია მომიყვა და აზრი შევიცვალე. რამდენიმე ეპიზოდში, გამკრა, ხომ არ მეფლირტავება მეთქი და მერე ეგეც გადავიფიქრე. ვერ ვიგებ გულში რა უდევს და ცოტა მაფრთხობს, მაგრამ საერთო ჯამში კარგი, საყვარელი ტიპი ჩანს.

City Tour

შემთხვევით, მარკუსის სიაში თვალი მოვკარი, რომ ჯგუფში კიდევ ორი წევრი ირიცხება, რომლებიც პირველ დღეს არ გამოცხადდნენ: ელა გერმანიიდან და კევინი კანადიდან. ყველაზე საინტერესო ფაქტი – კევინი 27 წლისაა. ჯგუფის ყველა სხვა წევრი ჩემზე 3-4 წლით უმცროსია, ხოლო ამ ქალაქში ძალიან ცოტა ადამიანია ჩემი ტოლი. გამიხარდა და იმედი მომეცა, რომ კევინი მეორე დღეს მაინც შემოგვიერთდებოდა.

ბიჭებმა მაკარონი მოხარშეს და რაღაც პომიდვრის სოუსი მოამზადეს. ბევრი არ მიჭამია, არც ისე გემრიელი იყო. ლუდს ვსვამდით. მარკუსმა მთავარ დიჯეიდ დამნიშნა. მე, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი “საშინელი” სიმღერები ჩავრთე – ABBA-ს რეპერტუარიდან, თან ცნობილი ჰიტებისგან ფლეილისტს ვაკეთებდი. მუსიკასთან დაკავშირებით აზრები გაიყო. ალექსს როკ მუსიკის ჩართვა უნდოდა, მიჰა რეგეის მოყვარული აღმოჩნდა. რიკარდომ ყურებზე ხელები აიფარა და თავისი დამტვრეული იტალიური ინგლისურით მევედრებოდა ABBA გამომერთო. ალდი გადაბჟირდა. მირჩია, პოპ-ჰიტების მიქსი ჩამერთო – 2012 POP Danthology – ეგ მეც ვიცოდი. საბოლოოდ მუსიკაზე მონოპოლია მაინც მე და ალდიმ დავამყარეთ.

Dinner at Marcus

წრეზე: ალექსი, იონე, არტი, მუნშენი, მარკუსი, ჯულიანი, მე, სებასტიანო, მიჰა, კრისა, ალდი, რიკარდო. წინ: მაიკი და როული.

23:00 – პაბებში ბოდიალი და ბოლო გაჩერება: კლუბი “კოკომო”

ვახშმის შემდეგ ყველანი ავიბარგეთ და ქალაქის ცენტრისკენ გავეშურეთ. იქ რამდენიმე პაბში უფასო სასმელი გველოდა, შემდეგ კი კლუბ “კოკომოში” გაცნობის კვირეულის გახსნითი წვეულება დაიწყებოდა. წესით, ყველა პაბში თითო უფასო “shot”-ი გვერგებოდა და ყველას იმედი ჰქონდა, სასმელი მოგვეკიდებოდა, “კოკომო”-ში კი ფულს აღარ დავხარჯავდით. სამწუხაროდ “შოთები” თითქმის უალკოჰოლო წვენი აღმოჩნდა.

კლუბამდე რომ მივაღწიე უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი. ღამის პირველი საათი ხდებოდა. ხოლო, როცა აღმოვაჩინე, რომ გასახდელში ქურთუკისა და ჩანთის დატოვება მომიწევდა და თან გარდერობის მომსახურებაში 2 ევრო უნდა გადამეხადა, გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი.

ხვალ შაბათია და ღონისძიებები 1 საათიდან იწყება. კარგად უნდა გამოვიძინო.

3 Comments

  1. მშურს ^_^ ნეტავ მეც მინდებოდეს საზღვარგარეთ წასვლა და მსგავს აქტივობებში ჩართვა.

Leave a Reply