HOME SWEET HOME

რა არის ჩვენი სახლი?

უკვე რამდენი ხანია, ძალიან მინდა მქონდეს საკუთარი ბინა. დიდი, ნათელი და ჩემი გემოვნებით მოწყობილი. მინდა, რომ საღამოობით სამსახურიდან გამოსულს და დაღლილს, სახლში წასვლა არ დამეზაროს. მინდა, რომ იქ თავი ყველაზე მყუდროდ ვიგრძნო. ისევე, როგორც ახლა თავს სამსახურში ვგრძნობ ხოლმე.

დედაჩემი მეკითხება, შენი საკუთარი ბინა რად გინდა, განა ეს სახლიც შენი არ არისო? ძირითად შემთხვევებში პასუხი არ მაქვს. ამიტომ ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე.

რა გამოარჩევს მშობლების სახლს ჩვენი სახლისგან? საერთოდაც, რა არის ჩვენი სახლი? მხოლოდ ოთხი კედელი, რომელში არსებობის უფლება და სურვილი გვაქვს, თუ რაღაც კიდევ უფრო მეტი? რას ნიშნავს “გრძნობდე თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში”?

 

ალბათ ჩვენი სახლი ის არის, სადაც ყველა ნივთი, რაც ამ სახლში არსებობს, ჩვენი საკუთრებაა და ყოველ მათგანთან რამე მოგონება ან საჭიროება გვაკავშირებს.

ალბათ ჩვენი სახლი ის არის, რომლის დალაგება და მოვლა ჩვენივე პასუხისმგებლობაა. როდესაც სახლთან დაკავშირებული საქმეების გამო არავის წინაშე არ ვართ ვალდებული, გარდა საკუთარი თავისა და ჩვენს გარდა არც არავის აქვს პრობლემა იმის გამო, რომ “ჭურჭელი დასარეცხია”, “სარეცხი გასაფენია” და “ნაგავი გადასაყრელია”. ალბათ თავს ვგრძნობთ საკუთარ სახლში მაშინ, როცა ასეთი საქმეების გასაკეთებლად დღის ან ღამის კონკრეტულ მონაკვეთს თავად გამოვყოფთ და ზუსტად იმდენ დროს და ენერგიას ვუთმობთ, რამდენიც საჭიროა. ხოლო თუ ჭურჭელს არ გავრეცხავთ, არც სინდისი შეგვაწუხებს, რომ “დედა მოვა, ნახავს და ეწყინება”.

ალბათ ჩვენი სახლი არის ის, რომელიც ჩვენივე გემოვნებით არის მოწყობილი, რომლის კომუნალურ გადასახადებსაც თავად ვიხდით, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავპატიჟოთ სტუმრები ან თავად წავიდეთ სადმე და არავის ჩავაბაროთ ანგარიში, თუ როდის დავბრუნდებით შინ.

ჩვენი სახლი არის ის, სადაც “ჩვენ ვართ უფროსი”. ჩვენი სახლი არის ის, სადაც ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებლები და სრულად შევიგრძნობთ სიმარტოვეს.

სიმარტოვეს და სიცარიელეს.

“ამქვეყნად არის ადგილი, სადაც ჩვენი ჭეშმარიტი სახლი დგას და სადაც ერთ მშვენიერ დღეს მივალთ; სახლი, სადაც მშვიდად დაველოდები მის დაბრუნებას; სადაც სკოლის შემდეგ მოირბენს გოგონა ან ბიჭი და ბედნიერებით ამავსებს…” – პაულო კოელიო, ” რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”

ჯერ-ჯერობით არც გოგონა მყავს და არც ბიჭი, არც ვინმეს დაბრუნებას ველი და ჭეშმარიტი სახლიც არ მიპოვნია, მაგრამ როგორც ყოველთვის, უკეთესი მომავლის იმედი მაქვს.

ახლა კი წავალ, ჭურჭელი მაქვს გასარეცხი, თორემ დედა მოვა, ნახავს და ეწყინება…

მანეკენი

Pinterest-ზე წავაწყდი ამ ორიგინალურ მანეკენს და უცებ უამრავი იდეა დამებადა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩემი მომავალი საძინებელი.

ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე ბინა ვიყიდო. რამე ხალვათი, ერთისთვის სამყოფი, 70-80 კვადრატული მეტრი ფართის მქონე. დიდი აივნით და ჭერიდან იატაკამდე ფანჯრებით. ასეთ ბინაში აუცილებლად მექნება ღია სამზარეულო და ოთახი-გარდერობი (walk-in-closet). ჰოდა, ასეთ ჭრელ მანეკენსაც თუ სადმე წავაწყდი, საძინებელში ფანჯარასთან დავდგამდი.

Source: etsy.com via Jordan on Pinterest

ფილარმონიასთან მდებარე “სუპერში” ვიპოვე ორი მსგავსი მანეკენი, ერთი თეთრი, მხარზე დამაგრებული ვარდით, თუმცა ძალიან მოკლე ფეხი ჰქონდა და სავარაუდოდ იატაკზე დასადგმელად არ იყო გამიზნული. მეორე კი რკინისგან იყო დაწნული. ორივე 200 ლარზე მეტი ღირდა. ძვირია…

In the Closet

წინა პოსტში ვწერდი, რომ ოთახის დალაგებას მივყავი ხელი. ამ დალაგების პროცესს ძალიან გლობალურად მივუდექი. შევეცადე განმესაზღვრა, თუ როგორ უნდა დავალაგო კარადა ისე, რომ მომავალში აღარ ამერიოს.

ამის შესახებ ვეძებე ინტერნეტშიც: წავიკითხე უამრავი სტატია ონლაინ–ჟურნალებიდან სახლის კეთილმოწყობის შესახებ, ვიძრომიალე ბლოგებზე და ა.შ. ბოლოს მივაგენი საოცარ ნივთებს, რომლებიც შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენო ტანსაცმლის კარადაში, დაზოგო ადგილი და რომლებიც აქ საქართველოში ჯერ არცერთ მაღაზიაში არ მინახავს (თუ თქვენ გინახავთ, აუცილებლად მომწერეთ – სადაა!!!).

ქამრების საკიდი

ქამრების საკიდი

ქამრები

რამდენი ტანსაცმლის კარადა, უჯრა თუ კომოდი მქონია, მთელი ცხოვრება ქამრებს ადგილს ვერასდროს ვუჩენდი. დაკეცილი – ფუჭდება, დახვეული – იშლება, გაშლილი – ბევრ ადგილს იკავებს, კარადის შიდა კაუჭებზეც ვერ დაკიდებ – ძალიან ბევრია და ამდენ კაუჭს ვერსად მიამაგრებ.

ჰოდა, თურმე ამ დილემის გადასაწყვეტათ გენიალური ნივთი გამოუგონიათ… შესაბამის ინსტანციებს. :D

ქამრების გარდა ასეთ კაუჭზე შეგიძლია მომცრო ზომის ჩანთებიც ჩამოკიდო. Continue reading

ოთახი

ვსვამ ლიმონიან ჩაის და ვუსმენ ჯაზს ინტერნეტ რადიოზე (შემომიერთდით).

ოთახთან ერთად მგონი საკუთარ ცხოვრებასაც ვალაგებ. უამრავი ნივთი მოვისროლე ნაგავში.

ფენ შუის ოქროს წესია, ის რაც არ გჭირდება, არ ფუნქციონირებს ან უსიამოვნო წარსულს გახსენებს სახლში არ უნდა გააჩერო.

დიდი ხანია თავი ასე კარგად არ მიგრძვნია.

ბაკურიანიდან ჩამოტანილი, ჯერაც ამოულაგებელი ჩემოდანი

ბაკურიანიდან ჩამოტანილი, ჯერაც ამოულაგებელი ჩემოდანი

იცოდით, რომ თუ მთელი წლის "კოსმოპოლიტენის" ნომრებს ერთმანეთზე თანმიმდევრობით დააწყობ, უკანა მხარეს ფოტოსურათი გამოისახება?

იცოდით, რომ თუ მთელი წლის "კოსმოპოლიტენის" ნომრებს ერთმანეთზე თანმიმდევრობით დააწყობ, უკანა მხარეს ფოტოსურათი გამოისახება?

მაინც რამდენი მობილურის, ფოტოაპარატის, ვიდეო-კამერის, მაუსის და სხვა მსგავსი მოწყობილობების ძველი კოლოფი გაქვთ სახლში შენახული?

მაინც რამდენი მობილურის, ფოტოაპარატის, ვიდეო-კამერის, მაუსის და სხვა მსგავსი მოწყობილობების ძველი კოლოფი გაქვთ სახლში შენახული? ან კაბელები? უსარგებლო კაბელები, მობილურის დამტენები და გადამყვანები ყველა უადგილო ადგილზე ყრია.

Moving on…

“все, что не убивает, делает меня сильнее!”

დედამიწა თავის ჩვეული ღერძიდან 8 სანტიმეტრით გადაიხარა! მე უბედური კი იმაზე ვდარდობდი, სად და როგორ დამექირავებინა ბინა უახლოეს მომავალში.

აბსოლუტური უმწეობის შეგრძნება არ მასვენებს! ასე მგონია სამყაროში სრულიად მარტო ვარ გამოკიდებული და მიზიდულობის ძალაც კი არ მოქმედებს ჩემზე. უჰაერო სივრცეში ვცურავ…

ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. თანაც – ნულიდან!

ბოლო რამოდენიმე დღე არ ვეგუებოდი ამ აზრს, დეპრესიის ნიშნებიც მქონდა, შანსიც კი ვითხოვე, მაგრამ არ მომეცა. აღმოჩნდა, რომ ზოგ შეცდომას ვერ გამოასწორებ, ან არ გაპატიებენ.

ჰოდა, სხვა გზა არ მაქვს! ფეხზე უნდა დავდგე. მარტომ უნდა მოვახერხო ცხოვრების გაგრძელება. არავინ მჭირდება. თუნდაც იმ დრომდე, სანამ ჩემს ახალ ნულოვან ცხოვრებას არ შევეგუები…

ყოველთვის მინდოდა, ოჯახისგან დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს ჩემი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ, მაგრამ იმდენად მინდოდა ჩემი გათხოვების გადაწყვეტილების მიღებაში ამან თავისი მცირეოდენი როლიც კი ითამაშა. Continue reading